«ოსეთის სამხედრო გზა»

    ისტორიული «საქართველოს სამხედრო გზა» კვლავ ჩაკეტილია. მეწყერმა გაანადგურა თბილისი–სტეფანწმინდა–ვლადიკავკაზის საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთი, რომლის აღდგენას რამდენიმე კვირა დასჭირდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მეზობელი სომხეთი, რომელსაც რუსეთთან დამაკავშირებელი სხვა სახმელეთო გზა არ გააჩნია. თანაც იმ ვითარებაში, როდესაც ამგვარი კომუნიკაცია საქართველოზე ბევრად მეტად ესაჭიროება.
    რამდენიმე კვირაში გზის აღდგენა კი მოხერხდება, თუმცა ყველას ესმის, რომ ეს პრობლემას კარდინალურად ვერ წყვეტს, ვინაიდან კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მნიშვნელოვანი გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს, ხოლო ამ პროცესთა შეჩერება ფიზიკურად არ ძალუძს არავის. სამაგიეროდ, თვით ეს პროცესები უკვე უდიდეს გავლენას ახდენენ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე, რისი მაგალითიცაა, თუნდაც, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის წინადადება ცხინვალისა და როკის გვირაბის გავლით საავტომობილო მოძრაობის აღდგენის თაობაზე.
    ამ წინადადებას საქართველოს ხელისუფლების ნიშანდობლივია რეაქცია მოჰყვა: პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ფაქტიურად, დაადასტურა, რომ გარკვეული კონსულტაციები (როგორც ჩანს კარასინ–აბაშიძის ფორმატში) ნამდვილად მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა, ვინაიდან, მისი თქმით, რუსეთმა პოლიტიკური მოთხოვნები წამოგვიყენა ოკუპირებული რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით
    სიმართლე კვლავ ისე ოსტატურადაა შენიღბული, რომ ერთი შეხედვით თითქოს ძნელია მიხვდე, რა მოხდა სინამდვილეში და რა კონსტულტაციები მიმდინარეობდა, ან რა «წინასწარ შეთანხმებას» მიაღწიეს მხარეებმა, რას მოითხოვდა მოსკოვი, რა წინადადებას აყენებდა თბილისი და ასე შემდეგ. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ღია წყაროები – ფასეული ინფორმაციით, რომლის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დასაბუთებულად ვივარაუდოთ, როგორ განვითარდა მოვლენები
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მაგალითად, ცნობილი ხდება, რომ სწორედ იმ დღეებში, როდესაც სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა რუსეთ–საქართველო–სომხეთის კონსულტაციათა თაობაზე, მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა (ანუ, სინამდვილეში, «გამოიძახეს») «სამხრეთ ოსეთის» პრეზიდენტი ანატოლი თიბილოვი. იგი შეხვდა რუსეთის სპეცსამსახურთა უფროს ალექსანდრე ბორტნიკოვს, ვიცე–პრემიერ ალექსანდრე ხლოპონინს და ჩრდილო კავკასიის საქმეთა მინისტრ ლევ კუზნეცოვს.
    მოგვიანებით, ამ შეხვედრებზე საუბრისას, «სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი» საინტერესო ფრაზას ამბობს: «ვისაუბრეთ იმის შესახებაც, თუ როგორ ამოქმედდეს სამხრეთ ოსეთზე გამავალი გზა, მაგრამ ამ თემაზე ჩვენი სახელმწიფოსთვის სომხეთს ოფიციალურად არ მოუმართავს, ხოლო საკითხის გადაწყვეტა მთლიანად დამოკიდებულია ორ სახელმწიფოს (ესე იგი სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს-გ.კ) ურთიერთობათა ნორმალიზებაზე».
    «ნორმალიზებაში» იგულისხმება შემდეგი: საქართველომ ჯერ უნდა აღიაროს «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობა, სცნოს მისი ხალხის გენოციდი 1989 წლიდან, შემდეგ გამართოს მოლაპარაკება დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ და, ამ კონტექსტში, შეიძლება განიხილებოდეს ისეთი «წვრილმანებიც», როგორიცაა სომხური სატვირთო ავტომობილებისთვის სატრანზიტო გზის გახსნა.
    როდესაც რუსმა მინისტრებმა ეს პასუხი მოისმინეს, დაუკავშირდნენ თბილისს და ქართველ კოლეგებს ურჩიეს: «კი ბატონო, «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობას ნუ სცნობთ, მაგრამ სამმხრივი (რუსეთ–საქართველო–სომხეთის) შეთანხმება უპერსპექტივოა, ვინაიდან ოსები არ თანხმდებიან და იქნებ ცხინვალთან გამართოთ მოლაპარაკებაო». სწორედ ამას გულისხმობდა გიორგი კვირიკაშვილი, როდესაც მიანიშნებდა, რომ მოსკოვმა «პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენა «სამხრეთ ოსეთის» სტატუსთან დაკავშირებით».
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ბუნებრივია, ცხინვალის გზის აღდგენა, სამმხრივი შეთანხმების საფუძველზეც კი, ქართული ოპოზიციის მძვინვარე რეაქციას გამოიწვევდა, ხოლო ეს რეაქცია გაასმაგდებოდა, თუ რაიმე ხელშეკრულება არა სამმხრივ, არამედ ოთხმხრივ («სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის» ჩათვლით) საფუძველზე გაფორმდებოდა.
    მაგრამ ცხინვალი სწორედ ამას ითხოვს გზის აღდგენის წინაპირობად: თუ სომხეთს უნდა ჩვენი გზის გამოყენება, ოფიციალურად უნდა მოგვმართოსო, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.
    რა თქმა უნდა, ერევანი ამას ვერ გაბედავს, რადგან ასეთ შემთხვევაში, თბილისი მასთან ყოველგვარ მოლაპარაკებას შეწყვეტს. ამიტომ, მოსკოვს რჩება ორი გამოსავალი: აიძულოს თბილისი, გამართოს პირდაპირი დიალოგი ცხინვალთან, ან აიძულოს ცხინვალი, დათანხმდეს მოძრაობის აღდგენას ისე, რომ «სამხრეთ ოსეთი» საერთოდ არ მონაწილეობდეს პროცესში.
    პირველი გზა უპერსპექტივოა, რადგან მოსკოვს ახლა არანაირად არ აძლევს ხელს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობათა ზედმეტი დაძაბვა, როდესაც უკრაინასთან კონფლიქტი ამოწურული არ არის. რაც შეეხება მეორე ალტერნატივას: ჩვენში დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ბრიყვული შეხედულების თანახმად, საკმარისია მოსკოვმა უბრძანოს და ოსები (ისევე, როგორც აფხაზები) ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც რუსებს სურთ. არადა, საქმე ასე მარტივად და პრიმიტიულად არაა – სეპარატისტები მოქმედებენ იმ ჩარჩოებში და იყენებენ იმ «სამანევრო სივრცეს», რასაც მათი რესურსები უტოვებენ: რასაკვირველია, თუ რუსეთს იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია ამ გზის ამოქმედება, რომ პირდაპირი, ღია ზეწოლა მოახდინოს ცხინვალზე, მას შეუძლია კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. მაგალითად, როკის გვირაბი ჩაკეტოს. მით უმეტეს, რომ სამხრეთ ოსეთი 100 და 1000 პროცენტით რუსეთზეა დამოკიდებული ყველა თვალსაზრისით.
    მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ოს სეპარატისტებსაც აქვთ თავისი კოზირები ამ თამაშში: თუ მოსკოვი სანქციებს დაუწესებს, გზას გადაუკეტავს როკის გვირაბთან და ასე შემდეგ, მათი ლობისტები (პირველ რიგში ჩრდილო ოსეთიდან) ატეხავენ ყვირილს, რომ ვლადიმერ პუტინი, ან მისი ადმინისტრაციის ჩინოვნიკები, აბარებენ ოს ხალხს ნაცისტურ, ანტირუსულ, პროდასავლურ საქართველოს და უარს ამბობენ 2008 წლის ბრწყინვალე ისტორიული გამარჯვების მონაპოვარზე. რუსი ექსპერტებისა და ჟურნალისტების მრავალრიცხოვან არმიაშიც მოიძებნებიან ისეთები, ვინც ამ ნარატივს აუცილებლად აიტაცებს.
    სწორედ ამიტომ, პირდაპირი ზეწოლის განხორციელება მოსკოვს არ აწყობს. მით უმეტეს, ეს გზა და სომხეთის ინტერესებიც დღეს არ უღირს იმდენად, კიდევ ახალი თავის ტკივილი გაიჩინოს. თუმცა, დავაკვირდეთ: რაღაც ნაბიჯებს მაინც დგამს. მაგალითად, იგივე ლეონიდ თიბილოვი წუწუნებს, რომ მოსკოვი უცნაურად აფერხებს როკის გვირაბის გავლით ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას; არადა ის ხაზი, რომელიც კავკასიონის მთავარ ქედზე გადმოდის, ზამთრობით ხშირად ფუჭდება. «ვერაფერრით გავიგე, რატომ აფერხებენ მოსკოველი ჩინოვნიკები ამ პროექტის განხორციელებასო» – თვალთმაქცურად აცხადებს სეპარატისტთა ლიდერი.
    სინამდვილეში ძალიან კარგად ესმის ყოველივე: მოსკოვს სურს დაიტოვოს ზეწოლის რაღაც ბერკეტი, რადგან არსებული ეგხ–ის ზამთრობით მწყობრიდან გამოსვლა ძალიან ძნელია «გააპიარო» როგორც «სამხრეთ ოსეთის გმირი რესპუბლიკის საქართველოსთვის ჩაბრების» მცდელობა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რაც შეეხება საავტომობილო გზას, რომელიც ცხინვალზე გადის, სეპარატისტები მას «ოსეთის სამხედრო გზას» (Военно - осетинская дорога) უწოდებენ «საქართველოს სამხედრო გზის» ანალოგიით, რაც სრული აბსურდია: ისტორულად არანაირი «ოსეთის სამხედრო გზა» არ არსებულა თუნდაც იმ მიზეზით, რომ როკის გვირაბი მხოლოდ 1988 წელს ამოქმედდა.
    მაგრამ ამ მაგალითმა ერთი რამ უნდა გვასწავლოს: მცდარია აზრი, თითქოს მოსკოვის, ცხინვალისა და სოხუმის ინეტრესები მუდამ ემთხვევა და უწყვეტ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ასევე მცდარია აზრი, რომ გარკვეულ ზღვრამდე, სეპარატისტებს არ შეუძლიათ იმოქმედონ დამოუკიდებლად, ესე იგი მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც იქმნება ინტერესთა კონფლიქტი რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან.
    სინამდვილეში, აქ სიტუაცია ბევრად რთულია. და სანამ ქართული პოლიტიკა ვერ აღიქვამს ამ სირთულეს, სანამ არ ვისწავლით ამგვარ წინააღმდეგობებზე ოსტატურად თამაშს საკუთარი გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე, სანამ იარსებებენ ტაბუირებული თემები და ნაბიჯები, მანამ ვიქნებით მუდმივად დამარცხებულნი.
    სხვათა შორის, წინა ხელისუფლებას, რომლის წარმომადგენლები (დღეს ოპოზიციონერებად წოდებულნი) ცოფიანად აკრიტიკებენ ამჟამინდელი მთავრობის ნებისმიერ გონივრულ ნაბიჯს ამ მიმართულებით, ეს შესანიშნავად ესმოდათ. ამის უტყუარი მაგალითია მემორანდუმი, რომელიც 2008 წლის ომიდან რამდენიმე კვირის შემდეგ (!) სააკაშვილის მთავრობამ გააფორმა ანატოლი ჩუბაისის კომპანიასთან – ენგურჰესის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით. ხსენებული მემორანდუმის შესრულება ჩაიშალა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთს, რამაც გამოააშკარავა ინტერესთა კონფლიქტი მოსკოვსა და სოხუმს შორის.
    ანუ, სააკაშვილის ეს ნაბიჯი იყო სწორი მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკური სვლა იმ ვითარებაში, როდესაც ენგურჰესის სამართავ პულტს (მაშასადამე თვით ელექტროსადგურს, გარდა კაშხლისა), სოფელ საბერიოში, ასი პროცენტით სეპარატისტები აკონტროლებენ.
    «რა მნიშვნელობა აქვს ვინ იდგება საბერიოს პულტთან, მაინც ხომ რუსები წყვეტენ ყველაფერსო» –ამბობდნენ და ამბობენ პრიმიტიული სქემების მოყვარულნი. არადა, თუ «არა აქვს მნიშვნელობა», სოხუმი ასეთი გააფთრებით რატომ წავიდა მემორანდუმისა და შესაძლო ხელშეკრულების წინააღმდეგ?
    განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მიშას მთავრობას არ ეშინოდა ამგვარი ნაბიჯების გადადგმის, როდესაც ეს მიზანშეწონილად მიაჩნდა, ხოლო დღევანდელ მთავრობას, როგორც ჩანს, ამის პოლიტიკური ნება, შნო და უნარი არ გააჩნია.

        მთელ გვერდზე