OmegaGate - როგორ გაება ოცნება საკუთარ მახეში

        მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ეშმაკურად ცდილობენ „ომეგას“ საქმე წარმოგვიდგინოთ, როგორც „უმარტივესი“ და „ყველაფერიგასაგებია“, რეალურად ამ ძალიან ბინძურ საქმეზე არის „დაუსმელი კითხვები“ და ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით სჩანს.
        „მარტივი“ და „გასაგები“ მხოლოდ ისაა, რომ რა კითხვებიც არ უნდა დაისვას, უმთავრესი არ შეიცვლება: ე.წ. „მმართველი პარტია“ გაება საკუთარი „ნარატივის“ მახეში, რომლითაც იგი მოვიდა 2012 წელს. ამას დაემატა (მაგრამ მხოლოდ დაემატა) არაფორმალური მმართველობა, რასაც აუცილებლად, ყველა შემთხვევაში თან სდევს ასეთივე არაფორმალური „მეფის კარი“, რომლის წევრებს მიაჩნიათ, რაკი „უზენაეს მმართველთან“ დაახლოებულნი არიან, აქვთ უფლება, მინიმუმ, მთავრობასთან ერთად ან მის გარეშეც კი გადაწყვიტონ მნიშვნელოვანი საკითხები.
        კიდევ ერთი ფაქტორი გახდა ქართული საზოგადოებისთვის ჩვეული „ნათელ-მირონი“, ანუ „ნაცნობ-ძმაკაც-ნათესავ-დედმამიშვილ-სკოლელ-უნივერსიტეტელ-უბნელ“-ის სინდრომი, რასაც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში „ნეპოტიზმი“ ეწოდება და დემოკრატიული მმართველობის უპირველეს მტრად აღიქმება, როგორც ბნელი და მხრწნელი კორუფციის წყარო.
        აქვე: დასავლეთში ყველაზე მეტ წარმატებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში სწორედ იმ საზოგადოებებმა მიაღწიეს, სადაც მოხდა „ოჯახის“ სოციალური ინსტიტუტის ტრანსფორმაცია და მისი დაქვემდებარება დემოკრატიულ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობას.
        თუმცა ეს სხვა თემაა.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        ახლა, რაც შეეხება კითხვებს. ერთი მათგანი უკვე დაისვა, თუმცა პასუხი არ ჩანს: ცხადია, ყველა ეს სკანდალური საუბარი თვით ზაზა ოქუაშვილმა ჩაიწერა ან თვითონ, ან ხელქვეითების მეშვეობით. მაშ რა უშლის ხელს, არა ფრაგმენტულად, არამედ მთლიანად დადოს ინტერნეტში ირაკლი ჩუბინაშვილთან, ლევან ყიფიანთან ან ივანიშვილის ძმასთან საუბარი? არა მხოლოდ ამ საუბრის ფრაგმენტი, არამედ საუბარი მთლიანად?
        არავითარ ეჭვს ამ საუბრების აუთენტურობა არ იწვევს. ანუ, ნამდვილად საუბრობენ სწორედ ისინი, ვინც დასახელებულია. მაგრამ საუბრები დიდხანს გრძელდება, გამოქვეყნებით კი მხოლოდ მცირე ფრაგმენტი გამოქვეყნდა ყველა საუბრისა. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ გამოქვეყნდა მხოლოდ ის ნაწილი, რაც ბიძინას არაფორმალურ მმართველობასა და მისი გარემოცვის თავხედობაზე მეტყველებს? და არ გამოქვეყნდა ის ნაწილი, რაც თვით ზაზა ოქუაშვილს არ აწყობდა?
        ახლა მეორე საინტერესო კითხვა: ზაზა ოქუაშვილი და მისი ხელქვეითები ამბობენ, რომ TBC ბანკიდან გაიტანეს 4 მილიონი დოლარი. შემდეგ აქცენტს ჰორორიზებულად აკეთებენ იმაზე, რომ „პერიმეტრი დაცული იყო....ავტომატიანები......“ და ა.შ. თუმცა არ აზუსტებენ, ვინ იყვნენ ეს „ავტომატიანები“ - ფარცხალაძის ხალხი? უჩას ხალხი? „ომეგას“ დაცვა? TBC ბაკის დაცვა?
        მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ არც არავინ ეკითხებათ და თავად ოქუაშვილიც არ ამბობს მთავარს: სად წავიდა ეს 4 მილიონი დოლარი? ვის გადასცა? - ფარცხალაძეს? ლევან ყიფიანს? ბიძინას? ბიძინას ძმას? უჩას? კვირიკაშვილს? გახარიას? ქუმსიშვილს? მათ საძმოს? სადმე გადარიცხა შემდეგ? ვინმეს ანგარიშზე დადო? „ქეშად“ მისცა?
        არ გეჩვენებათ უცნაურად? უცნაურია აბა რა არის - კაცი ამტკიცებს: „შევქმენი ოფშორული კომპანია, ჩავრიცხე ამ კომპანიის ანგარიშზე 4 მილიონი დოლარი....“ შემდეგ აღწერს, როგორ გამოიტანეს ამოდენა თანხა გვიან საღამოს „ავტომატიანების“ კონტროლით, როგორ ჩამოიყვანეს ბანკის მენეჯმენტი ლიკანიდან და ა.შ, მაგრამ....არც ერთი სიტყვა იმაზე, კონკრეტულად ვის გადაეცა ეს ფული, ვის ანგარიშზე ჩაირიცხა შემდეგ . . . . . . იქნებ პარტია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩაირიცხა? ან იქნებ ბიძინას რომელიმე ახლობლისა?
        ცნობილ ინტერვიუში ეკა კვესიტაძე ეკითხება (გადაახვიეთ და მოისმინეთ) „ვინ გაიტანა 4 მილიონი დოლარიო“ და. . . . . „ჩემმა ხალხმაო“. კი მაგრამ, იმათ გაიტანეს და მერე ვის გადასცეს? სად გადარიცხეს? ვის მიუტანეს?
        არავის!
        ბოლოს, მაინც რომ ჩაეკითხენ, ძალიან უცნაურ ფრაზას ამბობს: „ის 4 მილიონი მე კი არა ბანკს წაართვესო“. კი მაგრამ, ბაკს როგორ წაართვეს, თუ ბანკმა ოქუაშვილის მიერვე დაფუძნებული ფირმის მოთხოვნის საფუძველზე გასცა თანხა, რაც იმ ფირმის ანგარიშზე კანონიერად იდო?
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        ნებისმიერ შემთვევაში, როგორც კი დამტკიცდება: ეს ფული კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირის ანგარიშზე ან ხელში მოხვდა, მაშინვე ამუშავდება ელემენტარული საგადასახადო კანონი და ეს ადამიანი ან იურიდიული პირის დირექტორი მიდის ციხეში „ფულის გარეცხვის“ მკაცრი სისხლის-სამართლებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
        ამის მიუხედავად, „რატომღაც“ არ ამბობს, სად წავიდა, ან ვის მისცა კონკრეტულად ის 4 მილიონი დოლარი.
        ვიმეორებ „შემაწუხებელ“ კითხვას რატომ?
        პასუხი: იმიტომ, როგორც ჩანს, რომ გამოტანით კი გამოიტანა (გამოატანინეს) მაგრამ ვინც „გამოატანინა“, ისინი საბოლოოდ ხახამშრალი დატოვა და არაფერიც არ მისცა.
        სხვა ახსნა ამ უცნაურობისა არ არსებობს, რადგან პირველი, რაც უნდა ეთქვა მას შემდეგ, რაც აღწერა „დრამატული სცენა“ ბანკიდან ფულის გამოტანისა, ისაა, თუ შემდეგ სად (ვისთან) წავიდა ეს ფული კონკრეტულად - ვის ხელში, რომელ ანგარიშზე და ა.შ.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        სინამდვილეში კი მოხდა შემდეგი: 2004 წელს, რევოლუციური გზით მოსულ ხელისუფლებას არ აწყობდა ქვეყანაში ოპოზიციური ტელეკომპანიის არსებობა. მით უმეტეს ისეთი მედიასაშუალებისა, რომელიც ეკუთვნოდა ასლან აბაშიძესთან განუყოფლად დაკავშირებულ ბიზნესმენს. ამიტომ ბიზნესიც წაართვეს და ტელევიზიაც. ზაზა ოქუაშვილი ფაქტიურად საზღვარგარეთ გაიქცა. ოღონდ მანამდე ტელევიზიის დათმობაზე „ხელი მოაწერინეს“.
        2011 წელს იქმნება „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი ნარატივი ხდება „სამართლიანობის აღდგენა“. ამ დაპირების ავტორები ან ვერ ხვდებოდნენ, ან უპასუხისმგებლოდ ატყუებდნენ ხალხსაც და ბიზნესმენებსაც, რაკი უმალავდნენ, რომ „სამართლიანობის აღდგენა“ ისე, როგორც ამას ელოდნენ მათგან და სურდათ „9 წლის მანძილზე დაზარალებულ“ ბიზნესმენებს, აბსოლუტურად შეუძლებელი იქნებოდა: ჯერ ერთი, ქონება ცხრა წლის განმავლობაში რამდენჯერმე „გადაყიდული“ იყო და უკვე „კეთილსინდისიერ მყიდველებს“ ეკუთვნოდათ; მეორეც, რაიმე „კომპენსაციას“ მათ ვერავინ მისცემდა.
        რაკი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო, რაღაცნაირად მოახერხეს ზაზა ოქუაშვილისთვის მისი ბიზნესის, ესე იგი თამბაქოს ფაბრიკის დაბრუნება. ასევე დაუბრუნეს ტელევიზია. მაგრამ დაზარალებული ბიზნესმენი ბევრად მეტს მოითხოვდა: იგი მოითხოვდა, ჯერ ერთი 25 მილიონს - ზარალის ანაზღაურების ანგარიშში, ესე იგი იმ თანხას, რასაც 2004-2012 წწ მოგების სახით მიიღებდა მიშას და ირაკლის მისთვის ფაბრიკა რომ არ „აეხიათ“ და, რაც მთავარია, ან ამ 25 მილიონთან ერთად ან ამის პარალელურად, ხელისუფლებისგან მოითხოვდა დაეწესებინა ბაჟი იმპორტირებულ სიგარეტზე ისე, რომ მას ადგილობრივი თამბაქოს წარმოებისთვის კონკურენცია ვერ გაეწია.
        იმ მიზნით, რათა „ზემოთ“ მყარი კომუნიკაცია ჰქონოდა, ზაზა ოქუაშვილმა დაიქირავა (!) მინისტრობიდან უკვე გადამდგარი ლევან ყიფიანი, ვისაც „ნაცნობ-ძმაკაც-ნათესავ-დედმამიშვილ-სკოლელ-უნივერსიტეტელ-უბნელ“-ობით „მიესვლებოდა“ ბიძინას კარზე „გადაწყვეტილებების მიმღებებთან“.
        ოღონდ ეს „გარემოცვა“, მისი მენტალობიდან გამომდინარე, რასაკვირველია თავადაც შეეცდებოდა და „ქართული ოცნების“ ლიდერშიპსაც დაარწმუნებდა, მსხვილი ბიზნესმენის ამ დაინტერესებით ხელი მოეთბოთ თუნდაც პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ „თბილისური გაგებით“: „მაგ .....ს ამხელა ქონება დავუბრუნეთ და ახლა .......ს მაყუთი ტო!“
        მაგრამ ოქუაშვილი მათზე ბევრად ჭკვიანი და წინდახედული აღმოჩნდა: ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მან ამ „საძმოსთან“ საუბრების ჩაწერა დაიწყო და მთელი „ბაზა“ შექმნა. ხოლო როდესაც, ბოლოს და ბოლოს, თვით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მიაღწია, შესაძლოა ის საუბარიც ჩაიწერა, მილიარდერი რომ „ოთხ თითს უჩვენებს“.
        ამის მიუხედავად, მთავარი საკითხი, რისთვისაც წამოიწყო ოქუაშვილმა მთელი ეს ამბავი, ანუ ამერიკელი კონკურენტების ჩამოცილება ადგილობრივი ბაზრიდან, ძალიან ნელა და „ღრჭიალით“ მიდიოდა: ამერიკა- ამერიკაა!
        ბოლოს, პირველი ინსტანციის მოსამართლე .......„დაარწმუნეს“ ამერიკელი კონკურენტი დაეჯარიმებინა, მაგრამ ამას, როგორც მოსალოდნელი იყო, ვაშინგტონისა და ამერიკის საელჩოს უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. სახელმწიფო დეპარტამენტმაც კი გააკეთა უმკაცრესი განცხადება. შედეგად, მეორე ინსტანციის სასამართლომ წინა გადაწყვეტილება გააუქმა და „ომეგა“ ისევ უძლიერესი კონკურენტის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც მას ფასების დაწევით მუდამ აჯობებდა, რასაკვირველია.
        ამის შემდეგ „ომეგამ“ დაიწყო დავალიანების დაგროვება იმ იმედით, რომ ამით მაინც დასჯაბნიდა ზემძლავრ კონკურენტს, რაკი ეს უკანასკნელი გადასახადებს იხდიდა, სიგარეტზე კი დემპინგურ ფასებს აწესებდა. თუმცა კონკურენტებმა ესეც შენიშნეს, ისევ იჩივლეს ვაშინგტონში და ახალმა ფინანსთა მინისტრმა „ომეგა“-ს სააქციზო მარკების მიწოდება შეუწყვიტა. ანგარიშების დაყადაღება ვერ გაბედა, რადგან ეს ტელეკომპანია „იბერიას“ დაყადაღებაც გამოვიდოდა, რაც არჩევნების წინ „ოცნებას“ ნამდვილად არ აწყობდა.
        ეს ბოლო დარტყმა იყო და......სკანდალმაც იქუხა: გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერები, რომლებმაც „ოცნება“ და ქვეყნის ხელისუფლება ტალახში ათრია.
        მმართველი პარტიის ლიდერებმა ახლა 2012 წლის საკუთარ ნარატივში უნდა ეძიონ ამ სასტიკი, სისტემური მარცხის მიზეზი, რადგან როცა ხელისუფლებაში მოდიხარ აბსოლუტურად არარეალისტური, პოპულისტური დაპირებებით (ელექტროენერგიისა და კილო შაქრის ფასიდან - ბიზნესმენთა მრავალმილიონიანი „ზარალის“ ანაზღაურებამდე) მაშინ ეს დაპირება წარსულში როდი დარჩება! - ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგხვდება წინ.
        დახვდათ კიდეც.

            მთელ გვერდზე