ქართველ პოლიტიკოსთა უკულტურობის კულტურული წინამძღვრები

    რამდენიმე წლის წინ, თბილისში ყოფნისას, ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ჯონ მელენსონმა მითხრა: წარმატებულ და გავლენიან ქართველ პოლიტიკოსებს ერთი თვისება აქვთ - ძალიან ბევრი ეშლებათ, უამრავ სისულელეს აკეთებენ (ამბობენ), ზოგჯერ საერთოდ სიგიჟეებზე მიდიან, მაგრამ ძალიან იშვიათად ეშლებათ, თუ რა ფერის ჰალსტუხი მოუხდება კონკრეტულ მომენტში მათ კოსტიუმსო.
ეს დაკვირვება ბევრად ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, „სტილი - ადამიანია“. თუ გავითვალისწინებთ, რომ წმინდად ევროპულ ტერმინში Style მოცემულობათა მთელი კომპლექსი იგულისხმება, მაშინ ქართველ პოლიტიკოსთა „სტილზე“ საუბრისას, ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ: ქცევის უნარ-ჩვევებიდან, ანუ ბიჰევიორისტული თვისებებიდან - ჩაცმამდე. ხოლო თუ ამ ორ „პოლუსს“ შორის კორელაცია არ ჩანს, არ ჩანს მხოლოდ დამკვირვებლის მიზეზით!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ქართველ პოლიტიკოსთა „სტილის“ პირველი ნიმუში იყო 1989 წლის ეპიზოდი, როდესაც ერთ დროს ძალიან გავლენიანმა ქართველმა პოლიტიკოსმა, - მეორეს შუბლთან მიუტანა საჩვენებელი თითი და შეუღრინა: „მე შენ გაგიხვრიტავ შუბლს“.
    „დაუსაბუთებლად“ არა, რასაკვირველია: „კრემლის („სუკ“-ის) აგენტი ხარ და ამიტომ უნდა გაგიხვრიტო შუბლიო“. თუმცა აგენტობის „დასაბუთება“ კონკრეტულ ფაქტებს კი არ ეყრდნობოდა, არამედ ამგვარ განსჯას: რაკი ისე არ იქცევა, როგორც მე მომეწონებოდა, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ და სწორად (ქვეყნისთვის?-ავტ) მაშასადამე აგენტია, აბა სხვაგვარად როგორ შეიძლება იყოს? ან მე ვცდები ჩემს პოზიციაში, ან ის არის აგენტი (კრემლის, КГБ-ს, ГРУ-ს და ა.შ) მე კი როგორ შეიძლება ვცდებოდე, როცა თავად ისე ვიქცევი, როგორც თავად მიმაჩნია სწორად და მიზანშეწონილად?
    ანუ, პირველი „მარკერი“ (სამედიცინო ტერმინით) ან მათემატიკური ტერმინოლოგიით „საერთო მნიშვნელი“, რაც ქართველ პოლიტიკოსთა ტიპოლოგიას, უმცირესი გამონაკლისების გარდა სრულად ესადაგება, განსხვავებული აზრისა და შეხედულების მიუღებლობაა. „ვინც ჩემთან არ არის ჩემი მტერია“, „ვინც არ მეთანხმება, აგენტია!“.
    რეალურად, ამ ფსიქოლოგიური განცდის მიღმა (იგი უმრავლეს შემთხვევაში გულწრფელია, მაგრამ ამით ნაკლებ შიზოიდური და, ზოგადად, ნაკლებ კლინიკური როდი ხდება) იგივე „ეგო“ იმალება, რაც „სტილის“ სხვა გამოვლინებებში. მათ შორის ისეთ თითქოსდა წვრილმანში, როგორც გარეგნობა და „ჰალსტუხის შერჩევაა“. ორივე ორგანულია და პერსონალური, ხოლო თუ გარეშე დამკვირვებელს პათოლოგიად ეჩვენება, მით უარესი იმ დამკვირვებლისთვის - თუნდაც ამერიკელი ან ევროპელი იყოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    აღსაწერი პათოლოგის უფრო ღრმა შრე კი „კომპრომისის კულტურის“ საშინელი ნაკლებობაა. თითქმის სრული, ანუ აბსოლუტური!
არადა, კომპრომისის უნარი ზოგადად, პოლიტიკური (სახელმწიფოებრივი) კულტურის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. კომპრომისის კულტურის გარეშე პოლიტიკური კულტურა საერთოდ არ არსებობს. დიდმა ერებმა მხოლოდ იმიტომ შეძლეს არა მხოლოდ ეთნიკური თავისთავადობის შენარჩუნება და დღემდე მოტანა, არამედ მდგრადი სახელმწიფოებრივი ტრადიციის გამომუშავება, რომ ამ ნიშან-თვისებას კულტივირებდნენ და შემდეგ მისითვე საზრდოობდნენ საუკუნეთა განმავლობაში.
    „ყველაფერი ან არაფერი“, ანუ, zero sum game (თამაში ნულოვანი შედეგით) უდიდესი უკულტურობის გამოვლინებაა.....პერმანენტული სამოქალაქო ომისა და შესაბამისი მარაზმის ფსიქოლოგიური და მენტალური „ტრიგერია“, რაც ესოდენ უხვად მოიძევება საქართველოს უახლეს იტორიაში.
    ამიტომაც, 2012 წელს ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. აშკარა შემთხვევითობაა, რომელიც სხვადასხვა ფაქტორთა წარმოუდგენელმა თანხვედრამ განაპირობა და უკვე ნათელია, რომ შესაძლოა აღარც განმეორდეს ოდესმე, რაკი ქართული ელიტა იმავე „კომპრომისის კულტურას“ მაინც ვერ ამჟღავნებს, zero sum game კი ძველებური ვნებითა და ბოღმით გრძელდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამ კულტურული „ზედნაშენის“ ფსიქოლოგიური შინაარსი მაინც ეთნოფსიქოლოგიის სფეროშია საძიებელი. სხვაგვარი ახსნა იმ უცნაურობისა, რომ ბევრმა მეზობელმა ხალხმა ამ კულტურული „კორელანტის“ მახასიათებლები არაერთგზის გამოავლინა, ხოლო ჩვენ ეს ჯერ ერთხელაც ვერ მოვახერხეთ, უბრალოდ არ არსებობს: ისტორია, გეოგრაფია, ეკონომიკა, ხშირად იდენტური გვაქვს, ან დახლოებით იდენტური და შეთავსებადი, პოლიტიკური კულტურის „მარკერები“ კი (მათ შორის კომპრომისის უნარი) კატასტროფულად განსხვავებული.
    იმავე „მარკერის“ ნებისმიერ სხვა შემადგენელს თუ ავიღებთ (მანერა, მეტყველება, არტიკულირება და ა.შ) შედეგი იგივე იქნება. და, რაც ყველაზე უარესია, დროთა განმავლობაში არათუ უმჯობესდება, არამედ კიდევ უფრო ღრმავდება და უარესდება: ვამაყობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ან, პირობითად მიშას პარტია პირველი პოლიტიკური ძალაა, რომელიც „დამარცხების შემდეგ კი არ გაქრა, არამედ თავი შეინარჩუნა“. ოღონდ, თუ ურთიერთსიძულვილისა და ბოღმის მზარდ „კინეტიკურ ენერგიას“ გავითვალისწინებთ, ეს შესაძლოა, ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთქმედების მომასწავებელი კი არ იყოს, არამედ კიდევ უფრო მრისხანე და გამანადგურებელი სამოქალაქო დაპირისპირების რესურსთა დაგროვებისა. ყოველ შემთხვევაში, იმავე სოციო-ფსიქოლოგიური და კულტურული მიზეზების გამო, ამ პოტენციალის რაიმე კონსტრუქციულ პროცესში „სუბლიმირება“ ვერა და ვერ ხერხდება, ნეგატიური პოტენციალი კი სულ უფრო ძლიერდება. ისევ და ისევ zero sum game – „ან ჩვენ, ან ისინი“.
აბა ოდესმე თუ მოგისმენიათ ქართველი პოლიტიკოსისგან, რომ საძულველი პოლიტიკური ძალა, რომლის სრულ განადგურებას და პოლიტიკური სცენიდან „აღგვას“ ცდილობს, მოსახლეობის რაღაც ნაწილის ინტერესებს გამოხატავს და თუნდაც ამიტომ აქვს არსებობის უფლება? გამორიცხულია: ამ აზრს ქართველი პოლიტიკოსი არასდროს შეურიგდება: „ხალხი“ ის არის, ვინც მე მიჭერს მხარს, თორემ ზვიად გამსახურდიას, მიშა სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს „გონებდაბნელებულმა ბრბომ“ მისცა ხმა“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    საოცარია: დღეს ინგლისში მოქმედ პოლიტიკურ ძალთა „პროტოტიპები“ არა მხოლოდ XIX საუკუნის ინდუსტრიულ ეპოქაში, არამედ შუა საუკუნეების „ალისფერი და წითელი ვარდების“ ომშიც კი შეიძლება მოვიძიოთ და იმ სიღრმეებში მიმავალ სოციალურ ფესვებს თვალი მივადევნოთ, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებს და მათთან აფილირებულ პოლიტიკურ ძალებს არანაირი სოციალური და ისტორიული „ფესვები“ არ გააჩნიათ.
ერთ-ერთი შეხედულებით, ამის მიზეზი კომუნისტური რეჟიმია, რომელმაც ნორმალური სოციუმი მოსპო; თუმცა, კვლავ და კვლავ, სხვა ერებმა (მოლდოველებმა, უკრაინელებმა, სომხებმა) რაღაც მეტისმეტად სწრაფად შეძლეს ისეთი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბება, რომლებიც კონკრეტულ სოციალურ „სტრატთა“ ინტერესებს გამოხატავენ. საქართველოში კი ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია: ხელისუფლება - ოპოზიცია. მმართველი პარტია და მისი „მოსისხლე მტერი“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თანაც, დავაკვირდეთ საინტერესო ნიუანსს: „მმართველი პარტიაც“ და მისი ოპონენტიც ყოველ ახალ ისტორიულ ეტაპზე სხვადასხვაა, რაკი „წინანი“ გაქრენ და მოისრენ. ქართული პოლიტიკა ამ „ცარიელ დიხოტომიას“ ვერ გასცდა უკვე ლამის 30 წელია: აღარ არის „ზვიადის პარტია“ და აღარ არის „მოქალაქეთა კავშირი“. დღევანდელ მოწინააღმდეგეებს კი, ამა თუ იმ პოლიტიკოსის პერსონალური „ბექგრაუნდის“ გარდა, წინამორბედთან არც არაფერი აკავშირებს ტიპოლოგიურად და შინაარსობრივად.
    იმავე ავადმყოფობის სხვა გამოვლინებაა ლამის პათოლოგიური პერსონიფიცირება - „ლიდერის“ არაჯანსაღი მოთხოვნილება, ამ „ლიდერებისადმი“ დამოკიდებულების ელვისებური ცვლა ზვიად გამსახურდიას 87%-დან - ედუარდ შევარდნაძის 96%-მდე სულ რაღაც 16 თვის შემდეგ.
    საქართველოში ქარიზმატული ლიდერი ან „ატიპური ფენომენია“, ესე იგი, მარტივად თუ ვიტყვით, „გიჟი“, ან ძალიან დიდი ფულის პატრონი. სხვა „კონსისტენციის“ ქარიზმას ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია, ყოველ შემთხვევაში ბოლო 30 წლის მანძილზე, სამწუხაროდ, არ იცნობს.
    შევარდნაძე? არც გიჟი იყო და არც მილიარდერი. მაგრამ საქმეც ესაა, რომ შევარდნაძეს არანაირი ქარიზმაც არ გააჩნდა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რა არის ამ უცნაური, აშკარად ავადმყოფური დეგენერაციის მიზეზი? უფრო სწორად მიზეზები, რადგან ესოდენ ღრმა პრობლემას ერთი რაიმე მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს - მთელი კომპლექსია. თუმცა ერთ-ერთი მათგანი უდავოდ ქართული საზოგადოების თვისებრიობაში უნდა ვეძიოთ:
    ჩვენში ხშირად ამაყობდნენ და ძალიან ბრიყვულადაც, რომ „საქართველოში არასდროს ყოფილა სოციალური ანტაგონიზმი“. ეს საამაყო კი არა სამარცხვინოა, რადგან საზოგადოებაში სოციალური ტრანსფორმაციისათვის აუცილებელ ძალთა თუ რესურსთა ნაკლებობაზე მეტყველებს. სინამდვილეში, სოციალური ანტაგონიზმი პროგრესის აღმძრავი მექანიზმია. ამიტომაც, სახელმწიფოებრივი კულტურითა და მდგრადობით დღეს სწორედ ის ევროპელი ერები გამოირჩევიან, ვისაც ძალზე ღრმა და მრავალგანზომილებიანი, ხშირად სისხლიანი და „ვნებიანი“ სოციალური ანტაგონიზმის გამოცდილება აქვთ.
    შესაძლოა ამ მიზეზითაც, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება სუსტი და არა სტრატიფიცირებულია. სოციალური შრეები კი ჩამოუყალიბებელი, - საკუთარი ნიშის გარეშე. ყველას „ელიტარულობა“ უნდა. ოღონდ სოციალურ „ლიფტთა“ გაუვლელად: ძროხას რომ ყიდის ადამიანი, ასწავლის შვილს და უცბად სურს ბიუროკრატად აქციოს, რადგან თანამდებობა ერთადერთი მისთვის გასაგები და მისაღები სოციალური ლიფტია.
იმავე დისკურსში: არა „განათლება“, არამედ „სწავლა“ - ფორმალური დიპლომით. სინამდვილეში კი სრული უწიგნურობა და სიბნელე. თაობიდან - თაობაში.
    უწიგნურობა - აი, მთავარი მიზეზი და წყარო ყველა მანკიერებისა, რაც გვჭირს. განათლება საქართველოში ცივილიზაციის დამკვიდრების არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. წიგნს „შევუამხანაგდეთ“, თვალებში გამოვიხედოთ და ყველაფერი „დალაგდება“. ესე იგი, საბოლოოდ, კარგად იქნება. მაგრამ ამ სიკეთემდე, როგორც ჩანს, ევოლუციის დიდი გზაა გასავლელი. იმავე „წიგნით“ ხელში.
ახალი ყაიდის პოლიტიკოსები კი ახალი ტიპის საზოგადოებიდან გამოიძერწებიან.
   

    მთელ გვერდზე