გახსოვდეს საქართველო!

        ამერიკელებმა როგორც იქნა გაიგეს, რომ მათი Georgia და საქართველო ერთი და იგივე არ არის. თუმცა, ამჟამადაც ხშირად აზუსტებენ ხოლმე: «ქვეყანა - საქართველო», რათა ტელემაყურებელს არ აერიოს «შტატ Georgia-ში».
        სულ რამდენიმე წლის წინ კი, ამ შტატის დედაქალაქ ატლანტაში დემონსტრაციები ტარდებოდა: «სადღაც ეშმაკებში ყოფილა ასეთი ქვეყანა, რომელიც ბედავს და ჩვენი ულამაზესი შტატის სახელის მითვისებას ცდილობს - მოვითხოვთ სახელი გამოიცვალოს და თუ არ დათანხმდება, კონგრესმა სანქციები დაუწესოსო».
        90-იან წლებში, ნიუ-იორკში მაღაზიის გამყიდველს ვუთხარი – «საქართველოდან ვარ, ოღონდ არა თქვენი შტატიდან».
        «შენ გგონია ეგ ქვეყანა არ ვიცი – იქ ხრუშჩოვი დაიბადაო». ესე იგი ყურმოკვრით იცოდა, რომ სსრკ რომელიღაც ხელმძღვანელი საქართველოდან იყო, მაგრამ ხრუშჩოვში აერია.
        შემდგომ წლებში ამერიკელებმა კიდევ ერთი კლიშე მოიგონეს - ხშირად ახსენებენ (ალბათ მეტისმეტად ხშირადაც) რეი ჩარლზის შედევრს georgia on my mind.
        ახსოვდა თუ არა საქართველო ამერიკის პირველ აფროამერიკელ პრეზიდენტ ბარაკ ჰუსეინ ობამას? ფიქრობდა თუ არა საერთოდ საქართველოზე? Georgia ახსოვს რასაკვირველია, რაკი ეს შტატი მე - 19 საუკუნეში მონობის გაუქმებისათვის მიმდინარე ბრძოლის ეპიცენტრი იყო. აკი თქვა კიდეც რუსული ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში: ჩემი იდეალი არა რონალდ რეიგანი, ფრანკლინ დელანო რუზველტი ან ჯორჯ ვაშინგტონი, არამედ აბრაჰამ ლინკოლნიაო.
        გასაგებია რატომ: რომ არა ლინკოლნი, ვინც მონობა გააუქმა ამერიკაში, ბარაკ ჰუსეინ ობამა ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გახდებოდა და რუსეთსაც ოფიციალური ვიზიტით ვერ ეწვეოდა.

მედვედევის ჰალსტუხი და პუტინის ჩექმა
       

    მოსკოვში გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე დიმიტრი მედვედევს და ბარაკ ობამას ერთნაირი წითელი ჰალსტუხები ეცვათ. დამკვირვებლებმა ეს თავდაპირველად უბრალო დამთხვევად აღიქვეს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი მაშინვე ეჭვობდა, რომ ასეთი დამთხვევები დიპლომატიაში იშვიათად ხდება და, როგორც ჩანს, პროტოკოლის სამსახურებმა წინასწარ წაიმუშავესო.
        მაგრამ მეორე დღეს ორივე რომ ზუსტად ერთნაირი ტონალობის ლურჯი ჰალსტუხით გამოცხადდა საუზმეზე – საეჭვო აღარაფერი დარჩა. დიპლომატიურ ენაზე ეს ყოველთვის იმას ნიშნავს, რომ მხარეები მზად არიან სტრატეგიულ საკითხებში ერთმანეთის ინტერესები გაითვალისწინონ.
        აღწერილი ჰარმონია კი პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის სალდაფონურმა დიპლომატიამ დაარღვია: მან დახვეწილი არისტოკრატიული მანერების მქონე ობამა ვერანდაზე ჩაის სასმელად დაპატიჟა და სამოვარი დაახვედრა, რომელსაც, ძველი რუსული საარმიო ტრადიციით, ზემოდან ჰაერს ჯარისკაცის ჩექმით «უქიშინებდნენ».
        ეს ჩექმა მსოფლიოს ყველა ტელეკომპანიამ სხვადასხვა რაკურსში მრავალგზის უჩვენა. პუტინის და ობამას საუბრის შინაარსი იმდენად არ აინტერესებდათ, რამდენადაც ჩექმა და ის, თუ რა «გემრიელად» სვამდა ობამა ამ სამოვარიდან ჩამოსხმულ ჩაის.
        მრავლისმნახველი სოვეტოლოგები და რუსისტები მხრებს იჩეჩდნენ და საზოგადოებას ნიკიტა ხრუშჩოვის საქციელს ახსენებდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასსამბლეის სხდომაზე, როდესაც საბჭოთა «ზესახელმწიფოს» ხელმძღვანელმა, რაღაც რომ არ მოეწონა ერთ-ერთი ორატორის სიტყვაში, სხდომის მიმდინარეობისას ფეხსაცმელი გაიხადა და მაგიდაზე ბრახუნი ატეხა.
        როგორც ჩანს, მას შემდეგ ეს ქვეყანა დიდად არ შეცვლილა და ამერიკელი ჟურნალისტის კითხვა (ობამა-მედვედევის პრეს-კონფერენციაზე:) «დაადგინეთ თუ არა ვინ არის რუსეთის რეალური პრეზიდენტიო», - ყოველგვარ აზრს კარგავს.
        რა თქმა უნდა პუტინი! თუნდაც იმ უბრალო მიზეზით, რომ სწორედ იგი გამოხატავს ხალხის მისწრაფებებს და ადასტურებს კიდეც ამას ხალხური ანდაზებით (მისი ჰობია) თუ «სალდატსკი ჩექმით» სამოვარზე.

ობამას არაფრისმთქმელი განცხადება და მედვედევის მრავლისმთქმელი დუმილი

        ჩვენი ქვეყანა რომ ობამას «ახსოვდა» ან, ყოველ შემთხვევაში, «უფიქრია მაინც», პირველივე განცხადებით დადასტურდა. მან თქვა, რომ «საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით რუსეთის ხელმძღვანელობასთან ვერ შეთანხმდა».
        მაშასადამე, ობამა საქართველოს სცნობს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ხოლო მედვედევი – ე.წ. «ახალ საზღვრებში» ანუ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» გარეშე.
        მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო მომენტი ის კი არ არის, რა თქვა ობამამ, არამედ ის, რა არ თქვა მედვედევმა.
        ობამას სიტყვებზე მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. უბრალოდ ერთ ყურში შეუშვა თითქოს და მეორედან – გამოუშვა, რითაც დაადასტურა (ყოველ შემთხვევაში მას ასეთი შთაბეჭდილების შექმნა სურდა), რომ ამერიკის პრეზიდენტის ეს განცხადება უბრალო რიტუალია, რომელიც საქართველოსთვის და რუსეთისათვის არაფერს შეცვლის: ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის, - რუსეთი არც კი განიხილავს თავისი ჯარების გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მით უმეტეს სეპარატისტთა აღიარებას არ გააუქმებს, ხოლო ამერიკის განცხადებებს ყურადღებას არ მიაქცევს. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ამ განცხადებებს რეალური საქმე არ მოჰყვება: მაგალითად, ობამას რომ ეთქვა, «ამერიკა საქართველოში ბაზებს განალაგებს ამ ქვეყნის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადო» – მაშინ იცოცხლე, სკანდალი ატყდებოდა.
        მაგრამ ობამას გაჟღერებული განცხადება რეალურად რას ცვლის? – არაფერს!
        მაშასადამე, ჩვენი ქვეყნისათვის მოსკოვური სამიტი ერთადერთი შედეგით დასრულდა: ამერიკამ და რუსეთმა მოილაპარაკეს, არ შეეხონ საქართველოში ამჟამად ჩამოყალიბებულ სტატუს-კვოს. ობამას ხომ არც რუსული ჯარების გაყვანა მოუთხოვია (რომც მოეთხოვა, რას მიიღებდა?) და არც საერთაშორისო სამშვიდობო ჯარების შემოყვანა საქართველოს კონფლიქტურ ზონებთან!
        ეს არის და ეს.
        ანუ საქართველო უბრალოდ არ ითვლება ამერიკისათვის ისეთ პრიორიტეტად, რომ ამის გამო რუსეთთან სხვა საკითხებზე მოლაპარაკებები შეწყვიტოს. ესე იგი (სხვაგვარად თუ ვიტყვით) საქართველო ამერიკისათვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც . . . რუსეთისათვის!!!
        რუსეთთან სხვა საკითხებში თანამშრომლობა ამერიკისთვის სინამდვილეში ბევრად ღირებულია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

ჰაერში გაშეშება

        მაგალითად, მოსკოვში ხელი მოეწერა შეთანხმებას ავღანეთში ამერიკული სამხედრო ტვირთების ჰაერით ტრანსპორტირების შესახებ - რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით.
        დღემდე გაუგებარია: თუ ეს შეთანხმება ამერიკელებისათვის უბრალოდ რუსეთთან შერიგების საბაბი არ არის, რატომაა იგი მათთვის ესოდენ მნიშვნელოვანი? სარკინიგზო ტრანზიტი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული – გასაგებია. მაგრამ შეთანხმდნენ მხოლოდ და მხოლოდ საჰაერო ტრანზიტზე.
        კი მაგრამ, რა უშლის ამერიკას ხელს თვითმფრინავებით ტვირთები ავღანეთში წყნარი ოკეანის ბაზებიდან ან თუნდაც ალიასკიდან ჩაიტანოს პაკისტანის საჰაერო სივრცის გავლით? არც თუ ისე დიდი განსხვავებაა მანძილში.
        ხოლო რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენება ამერიკას სამომავლოდ იმ უხერხულობას უქმნის, რომ თუკი მოსკოვს რაიმე არ მოეწონება ამერიკის მოქმედებაში პოსტსაბჭოურ სივრცეზე (არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში) მას აქვს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი ამერიკული თვითმფრინავის დასმა აეროდრომზე და მისი შემოწმება, რასაც რუსები უეჭველად შანტაჟისთვის გამოიყენებენ.
        სხვათა შორის, ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი შარშან, ბაქოში ყოფნისას, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას სთხოვდა იგივეს: «საქართველოს უკვე მოველაპარაკეთ და თქვენც თანხმობა მოგვეცითო», მაგრამ უარი მიიღო: «სანამ ყარაბაღის საკითხში სომხეთის მხარდაჭერას არ შეწყვეტთ, არანაირ თვითმფრინავებს ჩვენს საჰაერო სივრცეში არ გავატარებთ» - უპასუხა ალიევმა
       

«თვალდახუჭობანა»

        ობამას მეორე წარმატება (ისევ საქართველოს ხარჯზე) გახდა დეკლარაცია სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ. იგულისხმება ტრანსკონტინენტური რაკეტები და ბირთვული მუხტები.
        რუსები დათანხმდნენ შემცირებას იმ დონემდე, რომ არა ხუთჯერ, არამედ ორჯერ შეეძლებათ დედამიწაზე ყოველივე ცოცხალის მოსპობა. ეს, როგორც ჩანს, ამერიკელებისათვის ისეთივე იდეა-ფიქსია, როგორც ავღანეთში ტვირთების ტრანსპორტირება მაინც და მაინც რუსული საჰაერო სივრცის გავლით.
        თუმცა «ურთიერთგაგების» დოკუმენტი ჯერ მხოლოდ ფარატინა ქაღალდია და დეკემბერში რუსები მას ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერენ (როგორც იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს), თუკი საქართველოსა და უკრაინის საკითხში ამერიკის «ჩაურევლობას» (როგორც მინიმუმ) მიაღწევენ.
        ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე თუ საქართველოში არა, ყოველ შემთხვევაში ყირიმსა და უკრაინაში რაღაც სერიოზული მოძრაობებია მოსალოდნელი.
        სამაგიეროდ, კვლავ ღიად რჩება აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღდმეგო სისტემების განლაგების საკითხი, თუმცა მოსკოვური სამიტის მთელი აურა (ჰალსტუხებიდან – ჩექმამდე) იმის დადასტურება იყო, რომ რუსები ამერიკელებს ყველაფერს დაუთმობენ: ირანსაც, აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტების განლაგების უფლებასაც, ავღანეთში სარკინიგზო ტრანზიტსაც (ასეთი შესაძლებლობა შეთანხმებაში ჩაიდო) და სხვა ბევრ რამესაც, - თუკი მიაღწევენ მთავარს: ამერიკელების «თვალდახუჭობანას» პოსტსაბჭოურ სივრცეზე, სადაც პუტინს 2020 წლისათვის ერთიანი სახელმწიფოს აღდგენა აქვს განზრახული. მათ შორის იმ მეთოდებით რასაკვირველია, რომელსაც სამოვარზე წამოცმული ჯარისკაცული ჩექმა განასახიერებს.
        ახსოვს ეს ყოველივე ობამას? არ ახსოვს, რადგან არ იცის და რაც არ იცის, როგორ ეხსომება?

მთელ გვერდზე