ნინო ბურჯანაძის დაბრუნება
   

    გასულ პარასკევს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და «ვარდების რევოლუციის» მთავარი საყრდენი, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე პირველად წარდგა საზოგადოების წინაშე სრულყოფილი ოპოზიციონერის ამპლუაში.
    მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა სათავეში ჩასდგომოდა «ნაციონალთა» საარჩევნო სიას (რაკი, რაოდენ უცნაური და დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ბოლო მომენტამდე ვერ მიიღო გარანტია, რომ ახალ პარლამენტში იგივე სტატუსი ექნებოდა, რაც რევოლუციის შედეგად შექმნილში), მისი ოპოზიციაში გადასვლა ლოგიკურად გარდაუვალი ჩანდა; თუმცა, რუსეთ-საქართველოს ომმა და აგვისტოს ტრაგედიამ ბევრი პროცესი დააჩქარა და შესაძლებლობათა მაქსიმუმი შექმნა პოლიტიკოსებისათვის, რომლებიც უკვე იძულებულნი არიან იმოქმედონ პრინციპით «დღეს ან არასდროს».
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ომმა სერიოზულ პოლიტიკოსებს ასპარეზი გაუთავისუფლა დემარშებისა და საკუთარი «პოლიტიკური პროექტების» განსახორციელებლად. მაშინ, როდესაც ამის გარეშე, ხსენებული ასპარეზის გათავისუფლებას და შესაბამისი შესაძლებლობების შექმნას წლები დასჭირდებოდა.
    არ არის გამორიცხული, სწორედ ამ მომენტის გათვალისწინებით, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ომის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ხშირად აფრთხილებდა კიდეც პრეზიდენტ სააკაშვილს, - ომი არ დაეწყო «მწარე დამარცხების» თავიდან ასაცილებლად.
    გულწრფელად თუ ვიტყვით, ძალიან უცნაური განცხადებაა!
    ზოგადად, პოლიტიკური ხელოვნების (და პოლიტიკის, როგორც მეცნიერების) ერთ-ერთი თვისება და თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი ცნობს მხოლოდ საჯარო სივრცეში შემდგარ ფაქტებს. იმ აზრით, რომ განცხადება – აგრეთვე პოლიტიკური აქცია და ფაქტია.
    ქალბატონი ბურჯანაძე ამჟამად აცხადებს, რომ იგი ეუბნებოდა და აფრთხილებდა პრეზიდენტს სააკაშვილს, არ ეცადა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრა, რადგან ეს კატასტროფული შედეგებით დასრულდებოდა.
    კეთილი და პატიოსანი. არანაირი საფუძველი არა გვაქვს ქალბატონი ნინოს გულწრფელობაში ეჭვი შევიტანოთ და არ დავიჯეროთ, რომ იგი მართლაც ეუბნებოდა და აფრთხილებდა (ოღონდ დახურულ კარს მიღმა) პრეზიდენტ სააკაშვილს; მაგრამ რაოდენ «მწარეც» არ უნდა იყოს თვით ყოფილი პარალამენტის თავჯდომარისათვის ამ გარემოებასთან შერიგება, სწორედ პოლიტიკის ზემოთხსენებული თვისებიდან გამომდინარე, დღეს მისი ეს მონაყოლი ნაკლებღირებულია, რადგან ვერც ერთი დამკვირვებელი ვერ გაიხსენებს უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში (მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე, უფრო ზუსტად კი საბრძოლო მოქმედებათა დაწყებამდე და დასრულებამდე) ნინო ბურჯანაძის თუნდაც ერთ განცხადებას (თუნდაც ძალზე ღრმა ქარაგმითა და მინიშნებით გამოთქმულს), რომელიც დაადასტურებდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ უჭერდა მხარს სახელმწიფოებრივ კურსს(!!!) – მიმართულს პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრისაკენ.
    ქვეყნის მთლიანობის აღდგენა რომ სახელმწიფოებრივი კურსი იყო ნებისმიერი ელემენტარულად ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისთვისაც ნათელი იქნებოდა.
    მით უმეტეს ქალბატონ ნინოსთვის, ვისაც, ჯერ ერთი, ამგვარად აზროვნების უნარი არ აკლია და, გარდა ამისა, ქვეყანაში მეორე პირი იყო, ფლობდა სრულ ინფორმაციას და მისი თავმჯდომარეობით პარლამენტი წლიდან – წლამდე ამტკიცებდა ბიუჯეტს, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი სამხედრო ხარჯების ზრდა და არმიის გაძლიერება-მომზადება გახლდათ.
    გაუგებარია, აბა რისთვის სჭირდება ქვეყანას არმია – აღლუმებისთვის ხომ არა?
    რუსეთ-საქართველოს ომი სწორედ ამ სტრატეგიის შედეგი გახდა და არა კონკრეტულად 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის ზონაში შექმნილი კონკრეტული ვითარების ან ტაქტიკური გადაწყვეტილებისა, რომელიც უკვე გრძელვადიანი პოლიტიკით შექმნილი ვითარების ლოგიკიდან უცილობლად გამომდინარეობდ.
    ანუ იმის მტკიცება, რომ ზოგადად ომის წინააღმდეგი არ იყავი, არამედ იყავი კონკრეტულად «აქ და ახლა – ამ სიტუაციაში», აგრეთვე არადამაჯერებელია, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის ადგილას ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანე ვერ წარმოიშობოდა და მისი სამხედრო პოტენციალი ისე არ დაკნინდებოდა – საქართველოს ვერ მორეოდა.
    როგორც ითქვა, პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი განცხადებები - ამ ტრენდის წინააღმდეგ - არავის გვახსოვს.
    სამაგიეროდ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე არანაკლებ და ხშირად ბევრად უფრო რადიკალურიც კი იყო რუსეთის მიმართ პოლიტიკის შემუშავება-გატარებისას, ვიდრე თვით პრეზიდენტი სააკაშვილიც კი.
    საკმარისია გავიხსენოთ მისი ყოვლად უკომპრომისო განცხადებები, ინტერვიუები, დემარშები – რუსეთის ბაზების გატანასთან დაკავშირებით; სტრატეგიული მილსადენის რუსეთისათვის მიყიდვის დაუშვებლობის თაობაზე; ნატოში გაწევრებაზე; იმავე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობის შესახებ; გავიხსენოთ თუნდაც ქალბატონი ნინოს უპრეცედენტო დემარში რუსეთის «გოსდუმის» საიუბილეო სხდომაზე, როდესაც მან ტრიბუნა რუსული პოლიტიკის უმკაცრესი კრიტიკისთვის გამოიყენა; გავიხსენოთ მისი განცხადება, რომ «ოსებს რუსული იარაღის შემოტანა ვერ უშველით», რომ «საკუთარ შვილებს გააგზავნის ომში» და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
    ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იყო თანაავტორი იმ გრძელვადიანი პოლიტიკისა, რომლის არსი შეიძლება გამოიხატოს გამარტივებული, თუმცა ზუსტი ფორმულით: «თუ არ დაგვიბრუნებთ აფხაზეთსა და ოსეთს, შევალთ ნატოში. თუ დაგვიბრუნებთ – აღარ შევალთ».
    არადა, უდავო ფაქტია, რომ პუტინის რუსეთი სწორედ ამ პოზიციებმა და გრძელვადიანმა პოლიტიკამ გააღიზიანა და არა «ოსი თანამემამულეების უბედურებამ».
    რუსეთ-საქართველოს ომი გახდა შედეგი იმ კურსისა (და არა კონკრეტული გადაწყვეტილებებისა 2008 წლის აგვისტოში), რომლის შემუშავებაში და გატარებაში ნინო ბურჯანაძე აქტიურად მონაწილეობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც მან «ვარდების რევოლუციის» გზით მოსული, რადიკალურად განწყობილი ხელისუფლების ლეგიტიმაცია განახორციელა და ამით თავადაც იკისრა პასუხისმგებლობა.
    ახლა ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება აღარ გამოვა, რაკი მიხეილ სააკაშვილს ვერავინ დასდებს ბრალს, რომ მას არ უთქვამს, ღიად არ განუცხადებია თავისი უმთავრესი მიზანი; და რომ ოდესმე დაუმალავს მზადყოფნა, აუცილებლობის შემთხვევაში ებრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის თუნდაც ძალისმიერი გზით.
    მიუხედავად ყოველივე ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საზოგადოების, პოლიტიკური ელიტისა და მასის თვისებრიობიდან გამომდინარე, დღეს ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილება, - იპოზიციონიროს, როგორც ხელისუფლების ოპონენტმა და «ბევრად უფრო შორსმჭვრეტელმა» პოლიტიკოსმა, საქართველოში უნაყოფო და უპერსპექტივო ნამდვილად არ იქნება – პოლიტიკა ხომ ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა.

GHN

ნიკა ვაშაკიძე


   
   

მთელ გვერდზე