Sine ira et studio (გარეშედ რისხვის და მიკერძოებისა)
   
   

„ნეიტრალური“ პასპორტის ხიბლი

    საქართველოში ყოფნისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ერთობლივი კომისიის სხდომაზე, შემდეგ კი პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა მზად არის სცნოს ე.წ. „ნეიტრალური პასპორტები“ აფხაზებისა და ოსებისათვის. „უკვე ხვალინდელი დღიდან, ამერიკის ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო მთელს მსოფლიოში მიიღებენ დირექტივას იმის თაობაზე, რომ აღიარონ ლეგალურ დოკუმენტებად სტატუს-ნეიტრალური პასპორტები“ - აღნიშნა ქალბატონმა კლინტონმა.
    პირველ რიგში ყურადღება მივაქციოთ, რომ ჰილარის არ უხსენებია მხოლოდ საქართველოში ამერიკის საელჩო, არამედ „ამერიკის ყველა საკონსულო და დიპლომატიური წარმომადგენლობა მთელს მსოფლიოში“. ანუ, აფხაზი თუ ოსი, ვთქვათ, ავსტრალიაში რომ მივიდეს ამერიკის საელჩოში და სტატუს-ნეიტრალური პასპორტი წარადგინოს ვიზის თხოვნით, ამერიკის დიპლომატიური უწყება მას ისევე მოექცევა, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქლაქეს, ვისაც სრულფასოვანი პასპორტი აქვს.
    ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პასპორტების აღიარება ნამდვილად მნიშვნელოვანი და მეგობრული ნაბიჯია ამერიკის მხრიდან. ეს სულაც არ იქნებოდა მათთვის იოლი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამით ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქმნება, ხოლო ნებისმიერ გამონაკლისს აქვს ორი მხარე, რომელთაგან ერთი მუდამ პრობლემების კატალიზატორია.
    მთელს მსოფლიოში ახალგაზრდები ესწრაფიან მიღონ ვიზა ამერიკაში სასწავლებლად. რაკი ჰილარი კლინტონმა ამ კონტექსტში ამერიკული უნივერსიტეტები ახსენა, ეს იმას ნინავს, რომ ვაშინგტონი მზადაა, ჩართოს აფხაზი და ოსი სტუდენტები იმ „შორთ ლისტში“, რომლებსაც შეღავათიანი პირობებით აძლევენ ვიზას ამერიკაში სასწავლებლად. ეს სია კი არც ისე გრძელია სინამდვილეში, ანუ აფხაზებისთვის და ოსებისთვის ბევრს ნიშნავს: ისინი იღებენ საშუალებას, ისწავლონ ამერიკაში, თანაც ისე, რომ ამ პასპორტების აღება და ამერიკაში გამგზავრება აღიქმება (როგორც პირადად მათი, ასევე აფხაზური საზოგადოების მიერ), საქართველოსთან კომპრომისის გამოვლინებად და საქართველოს კეთილი ნების ჟესტად მათ მიმართ. ისევე, როგორც აფხაზების მკურნალობა ქართულ კლინიკებში, რაც აგრეთვე ზუსტი გადაწყვეტილება იყო და ამცირებს ანტიქართულ აგრესიას სეპარატისტულ რეგიონებში.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    შემთხვევითი არაა, რომ კლინტონის გადაწყვეტილებას ლამის ცოფიანი რეაქცია მოჰყვა მოსკოვის მხრიდან: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გვარად ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ ამერიკა თურმე ამით „ძირს უთხრის მშვიდობას კავკასიაში“.
    კი მაგრამ, როგორ? როგორ შეიძლება მშვიდობას „ძირი გამოუთხაროს“ იმან, რომ ახალგაზრდები ამერიკაში გაემგზავრონ სასწავლებლად თუნდაც „სტატუს-ნეიტრალური“ პასპორტებით? სინამდვილეში მოსკოვი გააღიზიანა, რომ აფხაზებს (პირველ რიგში აფხაზებს) უჩნდებათ ალტერნატივა (!). ანუ, საკუთარი პიროვნული მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე პირადი ოჯახური თუ სხვა პროექტების განსახორციელებლად (ბავშვის სწავლაზე მნიშვნელოვანი კი ოჯახს რა უნდა ჰქონდეს?) მხოლოდ რუსეთზე აღარ არიან დამოკიდებულნი.
    სტენფორდი, ჰარვარდი, მასაჩუსეთსი თუ კოლამბია ბევრად პრესტიჟულია, ვიდრე მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივესრიტეტი და თუ არჩევანზე მიდგა საქმე, აფხაზი ახალგაზრდები სწორედ მათ ამჯობინებებნ. აი, ეს იციან მოსკოვში და ამიტომ აცოფებთ ვაშინგტონის თავხედობა, - ლამის ომის გამოცხადებად რომ აღიქვეს და ამით საკუთარი პოზიციების სისუსტეც გამოამჟღავნეს იმავე აფხაზეთში.
    განსაკუთრებით (ვიმეორებ) აფხაზეთში, რადგან „სამხრეთ ოსეთში“ მოსახლეობა თითქმის აღარ დარჩა და ვინც ვლადიკავკაზში ან მოსკოვში გადასახლდა, იმასაც შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, გაემგზავრის შორეულ და სანატრელ ამერიკაში.
    დავაკვირდეთ იმასაც, რომ „სტატუს-ნეიტრალური“ პასპორტები პირველმა სცნო არა ევროკავშირმა, არამედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. რატომ? ჩვენ ხომ ამ თემაზე უპირველესად სწორედ ევროკავშირს ველაპარაკებოდით? ქართული მხარე ცდილობდა ეს პროექტი ჩაესვა ევროკავშირის პოლიტიკაში „ჩართულობა-აღიარების გარეშე“, რასაც ბრიუსელი ატარებს ორივე ოკუპირებული რეგიონის მიმართ და ზოგჯერ საქართველოსაც წამოაძახებს ხოლმე: „ოსებისა და აფხაზების იზოლაციას ნუ ეცდებითო“.
    ჰოდა არ ვცდილობთ. მაშ რატომ არ სცნობენ ისინიც (ამერიკის მსგავსად) „სტატუს-ნეიტრალურ პასპორტებს?“ იმიტომ, რომ განსხვავებით ამერიკისგან, თანამედროვე ევროპა და მისი ლიდერი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოსკოვთან ათანხმებს, მოსკოვის თანხმობის გარეშე კი რუსეთის პრიორიტეტული ინტერესების ზონაში შემავალი სუბიექტების მიმართ არავითარი გადაწყვეტილების მიღება არ სურს. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები (როგორც ბევრჯერ ითქვა) სწორედ იმიტომაა ზესახელმწიფო, რომ აქვს უნარი, ზოგჯერ ამ ზონაშიც გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც რუსეთს არ მოეწონება.
    ზოგიერთმა დამკვირვებელმა 1990-იანი წლები გაიხსენა: „მაშინაც ხომ გვთავაზობდნენ აფხაზებისა და ოსებისათვის გაგვეცა სტატუს-ნეიტრალური პასპორტები და იმდროინდელი ხელისუფლება თუ არ დათანხმდა, დღეს რატომ ვთანხმდებითო“.
    სინამდვილეში, როდესაც შევარდნაძის ადმინისტრაცია არძინბასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას ამ თემაზე, იგულისხმებოდა გაეროს „სტატუს-ნეიტრალური“ დოკუმენტები, რომელსაც უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია გასცემს იმ ტერიტორიათა მოსახლეობისთვის, რომლის დამოუკიდებლობა ჯერ ყველას არ უცვნია, მაგრამ ბევრიც არაფერი უკლია.
    ჩვენს შემთხვევაში კი საუბარია არა გაეროს „სტატუს-ნეიტრალურ“ პასპორტებზე, არამედ, ფაქტობრივად, იგივე საქართველოს პასპორტზე, რომელიც ჩვეულებრივი პასპორტისგან იმით განსხვავდება, რომ ზედ არ არის საქართველოს ღერბი და შევსებულია მხოლოდ ინგლისურ ენაზე. მაგრამ სინამდვილეში ეს საქართველოს დოკუმენტია, რადგან აქვს მთავარი: საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს საპასპორტო კოდი GEO. ეს კოდი გაეროს პასპორტს არ ექნებოდა. ამიტომ შევარდნაძე არ დათანხმდა და სწორადაც მოიქცა.
    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვალდაკვალ, რუსული ექსპერტებიც ბოღმით იხრჩობიან: სულ რამდენიმე ასეულმა აფხაზმა თუ აიღოო საქართველოს ნეიტრალური პასპორტები. მათი თქმით, ეს ძალიან ცოტაა და სიტუაციას არ ცვლის. სინამდვილეში კი, თუ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება და რამდენიმე ასეულმა აფხაზმა მართლაც აიღო „ნეიტრალური პასორტები“, ეს, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ძალიან ბევრია! ცოტა კი არა, კოლოსალური ციფრია იმ ვითარებაში, რაც ამჟამად აფხაზეთშია და ისტერიული ანტიქართული პროპაგანდის პირობებში.
    „რამდენიმე ასეული“ პატარა აფხაზეთისთვის ძალიან ბევრია!!! ნეტავ სიმართლე იყოს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რუსი ჟურნალისტები, რომლებიც კარგად იცნობენ აფხაზეთს, „მეტისმეტად ოპტიმისტურად“ მიჩნევენ თავისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ „აფხაზები ამ პასპორტებს არ აიღებენ“. მათ კარგად იციან, რომ როდესაც საქმე უბრალო ადამიანურ მისწრაფებას ეხება, მას ვერ ჩაახშობ - როგორი რეპრესიული რეჟიმიც არ უნდა დაამყარო აფხაზეთში.
    ეს არ ნიშნავს, რომ რუსულ პასპორტებზე უარს იტყვიან და მას უკან ჩააბარებენ. ამას არც ქართული მხარე მოითხოვს და არც ამერიკელებს დაუსვამთ ასეთი პირობა: თუ გინდათ ამერიკაში სწავლა და სტატუს-ნეიტრალური პასპორტებს აღება, მაშინ უარი თქვით რუსულ პასპორტებზეო. მაგრამ მოსკოვის პოზიციის სისუსტე იმაში მჟღავნდება, რომ მას ეშინია ალტერნატივის! თავის დტოზე რუსული იმპერიის „საბჭოთა გამოცემა“ სწორედ იმის შედეგად დაიშალა, რომ ალტერნატივების ეშინოდა და მათ ჩახშობას ცდილობდა. არადა, თუ ალტერნატივა მისაღებია, მას ვერასგზის ვერ მოსპობ და ვერ ჩაახშობ ფიზიკური ძალით.
    გამოსავალი არის მხოლოდ ორი: ან რუსული უნივერსიტეტები გახდეს ისეთივე პრესტიჟული, როგორცა ამერიკული, ან რუსეთმა დაიპყროს და გაანადგუროს ამერიკა. არც პირველი შეუძლიათ და არც მეორე. ამიტომაც ანთხევს ბოღმას მათი დიპლომატიური უწყების „სპოუქსმენი“. ჩვენთვის უკეთესი: რაც უფრო მეტი ხმაური იქნება, მით მეტ ყურადღებას მიიპყრობს ქართულ-ამერიკული ინიციატივა, რომელიც მთლიანად, თავიდან ბოლომდე შეესაბამება საქართველოს როგორც ტაქტიკურ, ასევე სტრატეგიულ ინტერესებს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხინთბამ უბრალოდ სამარცხვინო განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. მისი თქმით „ამერიკა აიძულებს აფხაზებს აიღონ საქართველოს სტატუს-ნეიტრალური პასპორტები, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აფხაზთის მოქალოაქეები სამშობლოს არ უღალატებენ და გამყიდველებად არ იქცევიანო“.
    არადა, როცა ამ კონტექსტში „სამშობლოს გამყიდველობაზეა“ ლაპარაკი, უკვე იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად აქვთ საქმე. როგორც ჩანს, სოხუმში უკეთ იციან, არის თუ არა უმნიშვნელო „რამდენიმე ასეული აფხაზი“, ვინც უკვე მიიღო ქართული ნეიტრალური დოკუმენტები. ამიტომ ჟღერს პანიკური ნოტები! შესაძლოა, დაპატიმრებები და საჩვენებელი პროცესებიც დაიწყოს, რაც მხოლოდ პრობლემებს გაუღრმავებთ. მაშასადამე, ამერიკის ინიციატივა ამწვავებს ისედაც არსებულ კონფლიქტს აფხაზეთში მცხოვრები პიროვნების მისწრაფებასა და „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ პროექტს შორის. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად გადაიზრდება „მოსკოვ-სოხუმის“ კონფლქიტში და აი, რატომ: რუსეთი არ არის დაკმაყოფილებული ამჟამად არსებული ვითარებით და აფხაზეთის „დიდი სოჭის გაგრძელებად“ ქცევა სურს.
    აფხაზეთის ხელმძღვანელები კი არ თანხმდებიან ყველაფრის „გაზპრომისთვის“ მიყიდვას. „ასე მანჰეტენელმა ინდოელებმაც გაყიდეს კუნძული 27 დოლარად და დღეს იქ ქალაქი ნიუ-იორკია, ძირძველი მოსახლეობა კი აღარავის ახსოვსო“ - იმეორებენ აფხაზი ჟურნალისტები. მოსკოვს, სინამდვილეში, ზეწოლის ერთადერთი ქმედითი ბერკეტი აქვს: ჩაკეტოს საზღვარი ფსოუზე. თუ დღემდე პუტინმა ეს არ გააკეთა (მას შემდეგაც კი, როცა საბჭოთა დროინდელი სანატორიუმების 1 რუბლად გადაცემაზე უარი უთხრეს) მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გაბედა.
    „ვერ გაბედა“ რადგან თუკი აფხაზეთს მეტისმეტად „მიაწვება“, სოხუმში საქართველოსთან კომპრომისის და ჩვენი ქვეყნის კომუნიკაციათა გახსნის „იშტაზეც“ შეიძლება მოვიდნენ. აი, მაშინ კი, ამერიკელების მიერ აღიარებული „სტატუს-ნეიტრალური პასპორტებიც“ სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენენ.

მთელ გვერდზე