რაში სჭირდება საქართველოს NATO?

    «ჩრდილოატლანტიკური მინისტერიალის» შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO ოფიციალურად იწვევს მონტენეგროს (სლავურად ჩერნოგორია) თავის რიგებში, რაკი თვით ჩერნოგორიამ გამოთქვა ასეთი სურვილი რამდენიმე წლის წინ, შემდეგ კი, გაიარა ყველა ის პროცედურა, რომელსაც ალიანსის წესდება ითვალისწინებს. ანუ, თანამშრომლობის საწყისი ეტაპებიდან («პარტნიორობა მშვიდობისათვის», «ყოველწლიური პროგრამები» და ა.შ) გადავიდა მოსამზადებელ ეტაპზე, – მიიღო MAP, ანუ წევროსამოქმედომედო გეგმა, ესე იგი «ასპირანტობიდან» გადავიდა «კანდიდატის» რანგში და, ბოლოს, ოფიციალურად მიიწვიეს კიდეც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
    თუმცა ამის შემდეგაც, სრულ გაწევრებას და ყველა პროცედურის დასრულებას კიდევ 1–2 წელი დასჭირდება, სანამ მონტენეგრო ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება და NATO-ს წესდების ლეგენდარული მეხუთე პუნქტი ამოქმედდება, რომელიც ალიანსს ავალდებულებს, დაიცვას წევრი სახელმწიფო გარეშე აგრესიის შემთხვევაში.
    ავალდებულებს დაიცვას და არა იმის გარკვევა დაიწყოს, პუტინი უფრო მართალი იყო თუ ერდოღანი, როდესაც თურქულმა ავიაგამანადგურებელმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო.
    ამის აღნიშვნა აუცილებელია, რადგან თუ, განსაკუთრებით ევროპელ ლიდერთა განცხადებებს გადავხედავთ ამ ცნობილი ინციდენტის შემდეგ, ერთობ უცნაური შთაბეჭდილება გრჩება ადამიანს.
    მაგრამ ეს მაინც სხვა თემაა. დავუბრუნდეთ ისევ მონტენეგროს: სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიის ხარისხით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებათა ცვალებადობის ფუძემდებლური ნიშნით (25 წელია ავტორიტარი მილო ჯუკანოვიჩი მართავს) დღეს ნამდვილად ჩამორჩება საქართველოს. რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს – შედარებაც კი არ შეიძლება: სიმბოლური არმია ჰყავს და ამ თვალსაზრისით გინდა ყოფილა ალიანსის წევრი, გინდა არა.
    ანუ, ალიანსმა მიიღო 100%–ით პოლიტიკური (გეოპოლიტიკური) გადაწყვეტილება. მოსალოდნელია, რომ ანალოგიური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული სხვა ბალკანური სახელმწიფოების თაობაზეც.
    არ არის გამორიცხული, სერბეთიც მიიღონ NATO–ში, რაც ისტორიული ანეგდოტი კი იქნება (1999 წლის მოვლენათა შემდეგ) მაგრამ ისტორია ბევრ ასეთი ანეგდოტს იცნობს. სხვადასხვა ხარისხისას რასაკვირველია.
    მათგან არც თუ ყველაზე რაფინირებულად ჩაითვლება საქართველოს ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის, ღირსპატივცემული თინიკო ხიდაშელის კომიკური განცხადება: ჩვენ MAP–ი კი არა, NATO-ს წევრობა გვინდაო. ასევე სასაცილოდ ჟღერდა მისი ულტიმატუმები იმავე სტოლტენბერგის მიმართ და იმით დაშინების მცდელობა, რომ, თურმე ნუ იტყვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვონ, თუკი საქართველო ვარშავის სამიტზე MAP-ს ვერ მიიღებს!
    და რაღა ეშველება მაშინ NATO–ს? ხომ დაიქცა ევროატლანტიკური ცივილიზაცია?!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ის დებულება, რომ თითქოს საქართველო შეიძლება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი MAP–ის გარეშე, არის ცრუპენტელობა და პირწმინდა დემაგოგია! MAP საწესდებო ინსტიტუტია, ამიტომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდებოდა და ვერც გახდება ალიანსის წევრი, ამ ეტაპის გავლის გარეშე. ისევე, როგორც საწესდებო ინსტიტუტია, რომ NATO–ს წევრი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება ქვეყანა, რომელსაც აქვს ტერიტორიული პრობლემები ან მოუგვარებელი სასაზღვრო დავები მეზობლებთან.
    ეს პირდაპირ, შავით თეთრზე წერია ჩრდილო–ალტანტიკური ალიანსის წესდებაში. ჯერ კიდევ მისი მამა–დამფუძნებლების, ფრანკლინ დელანო რუზველტის და უინსტონ ჩერჩილის დროიდან. «გერმანია ხომ მიიღესო» -ხშირად მოისმენ ამ დისკურსში. დასავლეთ გერმანია, ბატონებო, აღიარებდა აღმოსავლეთ გერმანიის არსებობას! უსამართლობად კი მიაჩნდა, მაგრამ იურიდიულად აღიარებდა. რაც იგივეა, საქართველომ რომ აფხაზეთი აღიაროს.
    აი, სწორედ ამიტომ არ გვაძლევენ MAP–ს ესე იგი კანდიდატის სტატუსს: დღეს, სამწუხაროდ, საქართველო ვერ აკონტროლებს თავისი ტერიტორიის დაახლოებით 20% და ზღვის სანაპიროს 61%–ს. მონტენეგროს რომ ასეთივე მდგომარეობა ჰქონოდა, არც მას მიიღებდნენ ალიანსში, თუმცა მილა ჯუკანოვიჩის რეჟიმის თავისებურებებზე კი დახუჭავდნენ თვალს.
    იმიტომ, რომ NATO, ბოლოს და ბოლოს, სამხედრო–პოლიტიკური ორგანიზაციაა და «ღირებულებების» თაობაზე ლამაზი ფრაზების მიუხედავად, უპირველეს ყოვლისა, მოქმედებს პრაგმატული, რაციონალური პოსტულატიდან გამომდინარე: რა გაზრდის და რა შეამცირებს ევროატლანტიკური სივრცის დაცულობას?
    მონტენეგროს მიღება – გაზრდის. საქართველოს მიღება, ხსენებული მიზეზებისა და რუსეთის ფაქტორის გამო, – შეამცირებს. მორჩა და გათავდა.
    სხვათა შორის, ეს პირდაპირ გვითხრა ალიანსის ლეგენდარულმა გენმდივანმა ხავიერ სოლანამ: თქვენ რომ მიგიღოთ, უნდა დაგიცვათ და თქვენი დაცვის თავი კი არა გვაქვსო, ანუ უსაფრთხოების ნაცვლად რისკებს გავზრდითო. ნიკოლა სარკოზის თქმით, «NATO არ აპირებს პრობლემათა იმპორტს საქართველოს ალიანსში მიღებით», ხოლო პრეზიდენტმა ობამამ პირდაპირ გვაჯახა, როგორც ექიმი გაჯახებს «სიმსივნე გაქვსო»: «საქართველო იმ გზაზეც კი არ დგას, რომელიც NATO-სკენ მიდის».
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მაშასადამე, თუ არ გვინდა დავემსგავსოთ სიზიფეს, რომელიც უაზროდ აგორებდა მთაზე უზარმაზარ ლოდს ან (აღმოსავლური მეტაფორით) მოლა ნასრედინის სახედარს, რომელსაც ცხირწინ სტაფილო ჩამოუკიდეს, აუცილებელია, ბოლოს და ბოლოს, განვასხვავოთ მიზანი საშუალებისაგან და ვაღიაროთ, რომ NATO–ს წევრობა კი არ არის მიზანი, არამედ ქვეყნის დაცულობა, მისი უსაფრთხოება! თუნდაც იმისათვის, რათა კიდევ მეტი არ დავკარგოთ და სირიაში დამარცხებით დაბოღმილმა პუტინმა ისევ ჩვენზე არ იყაროს ჯავრი - რუსულ საზოგადოებაში საკუთარი რენომეს შესანარჩუნებლად. საამისოდ კი არსებობს ერთადერთი გზა: უნდა ვცადოთ ორმხრივი ურთიერთობებით, სტრატეგიულ პარტნიორებზე დაყრდნობით მივაღწიოთ უსაფრთოების გარანტიებს!
    აი, სწორედ აქ არის უმთავრესი პრობლემა; ამერიკის შეერთებულ შტატებს, სინამდვილეში, არანაირი NATO არ სჭირდება იმისათვის, რათა საქართველსოთან გააფორმონ ორმხრივი შეთანხმება უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თაობაზე, - როგორიც გაფორმებული აქვთ მსოფლიოს 50–მდე სახელმწიფოსთან NATO-ს გარეშე, - თუნდაც «სარკოზი–მედვედევის» ხელშეკრულების გარატირების (და არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის) პირობით და, ვთქვათ, გორთან, ზუგდიდთან, თელავთან განალაგოს სამხედრო ბაზები, ხოლო ფოთში– სამხედრო–საზღვაო შენაერთი.
    მაგრამ ამას არ აკეთებს, რაკი ჯერ ერთი, «არ უღირს» და არ სჭირდება (თურქეთშიც გააჩნია შესაბამისი სამხედრო ინფრასტრუქტურა) და, მეორეც, რუსული საპასუხო რეაქციის, ანუ შესაძლო რისკების თავზე აღება არ სურს. რუსული გენშტაბი რომ გულხელდაკრეფილი არ დაელოდება მოვლენათა ამგვარ განვითარებას, – ცხადია.
    მეორე თეორიული შესაძლებლობაა რეგიონული ალიანსი თურქეთთან და აზერბაიჯანთან, მაგრამ ამგვარი ალიანსი სომხეთთან ისტორიულ წაკიდებას ნიშნავს, რაც ნამდვილად არ შედის საქართველოს არც გრძელვადიან, არც მოკლევადიან ინტერესებში.
    თეორიული ალბათობაა, სწორედ ორმხრივი ურთიერთობებით იმდენად დავაინტერესოთ მძლავრი სახელმწიფოები (იგივე თურქეთი და აშშ), რომ ისინი საქართველოს NATO-ში გაწევრების «ლობისტებად» იქცნენ, თუმცა არანაირი «ლობიზმით» არაფერი ეშველება იმას, რომ ალიანსის წესდება პირდაპირ კრძალავს ორგანიზაციაში ისეთი სახელმწიფოს მიღებას, რომელიც საკუთარ საზღვრებს, ზღვისპირეთს და ტერიტორიის დიდ ნაწილს ვერ აკონტროლებს.
    ეს იქნება საშიში პრეცედენტი, რომელსაც არავინ დაუშვებს და, რაც მთავარია, პოლიტიკურ ლიდერებს გაუჭირდებათ უპასუხონ საკუთარ საზოგადოებათა კითხვას: «რატომ?» «რატომ ვიტკივებთ თავს შორეული და გაუგებარი ქვეყნისთვის?»
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    «ბალტიის შემთხვევაშიც ხომ ასეთივე კითხვას სვამდნენო». კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ 2000 წელს, როდესაც ეს საკითხი ისტორიულად გადაწყდა, რუსეთი სულ სხვა შესაძლებლობების და დასავლეთზე ბევრად მეტად დამოკიდებული, დავრდომილი სახელმწიფო იყო, დღეს კი, პირველად, საკუთარ ისტორიაში, იყენებს არმიას ახლო აღმოსავლეთში. ანუ 15 წლის წინ, მით უმეტეს ბალტიის რეგიონში, პირდაპირი აგრესიული პასუხის რისკი ნამდვილად არ არსებობდა.
    მიუხედავად ზემოთთქმულისა, ერთადერთი გამოსავალი და შანსი საქართველოსთვის, თუ გვსურს უსაფრთხოების თუნდაც რაიმე რეალურ გარანტიათა მოპოვება, ისევ და ისევ «ორმხრივ პარადიგმაში» გადასვლაა, ანუ პარტნიორი სახელმწიფოების დაინტერესება საქართველოსთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სისტემათა განვითარებით.
    არც ერთ სახელმწიფოსთან ასეთი ხელშეკრულება საქართველოს რეალურად არ გააჩნია და არც კოლექტიური უსაფრთოების რომელიმე საერთაშორისო სისტემაში შედის. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის და რისკთა ხარისხის გათვალიწინებით კი, ამგვარი «ჰაერში გამოკიდებული» მდგომარეობა სამკვდრო–სასიცოცხლო საფრთხის შემცველია. ასე ეს ქვეყანა უბრალოდ დაიღუპება ან ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო გაძლიერდება აზრი (რომლის კულტივირება უკვე თვალნათელია), რომ რაკი «ჰაერში გამოკიდებულნი» დაგვტოვეს და არც ორმხრივი ვალდებულებების თავზე აღება სურთ, ერთადერთი გამოსავალია, მოვურიგდეთ მტერს! არა «გავურიგდეთ», არა «შევურიგდეთ», არა «დავნებდეთ», არამედ «მოვურიგდეთ» – ქართული ენის სიმდიდრე გვაძლევს სხვადასხვა სემანტიკური შუქ–ჩრდილისა და აზრობრივი კონოტაციის გადმოცემის საშუალებას.
    თუკი დასავლეთი ჩვენს ზურგს უკან არ არის გარიგებული მოსკოვთან, არ დაუბრუნებია მისთვის საქართველო «ხურდად» გეოპოლიტიკური ვაჭრობისას და არ სურს მოვლენათა ამგვარი განვითარება, მაშინ პირველ რიგში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც დასავლური ცივილიზაციის ლიდერმა, თუნდაც NATO–ს ინსტიტუტთა მიღმა, უნდა გააძლიეროს სამხედრო თანამშრომლობის ორმხრივი სისტემები საქართველოსთან და გააფორმოს შესაბამისი, იურიდიულად დამავალდებულებელი ხელშეკრულებები ისევ და ისევ ორმხრივ საფუძველზე (თუნდაც სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების ჩათვლით), რაკი NATO და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა თვითმიზანი, არამედ, უსაფრთოების უზრუნველყოფის მექანიზმია! უსაფრთხოება კი დემოკრატიული და ლიბერალური მომავლისთვის გვჭირდება.
    ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუკი მოინდომა, ამგვარი განვითარების უზრუნველყოფა არანაკლებ (თუ უკეთ არა) შეუძლია ორმხრივ საფუძველზე, ვიდრე ეს ძალუძს, კოლექტიურად, «ჩრდილო –ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას».

        მთელ გვერდზე