Must carry პირველ პრობლემებს წააწყდა

    როგორც მოსალოდნელი იყო, Must carry-ს ამოქმედებას პრობლემებისა და სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. „მეცხრე არხი“ - „სილქნეთმა“ დაუყოვნებლივ ჩართო. ოღონდ ჩართო საგანგებო წერილის საფუძველზე. მაესტროს კი პრობლემები შეექმნა, რადგან მამუკა ღლონტმა „ზარალასათვის“ წერილით მიმართვა იუკადრისა და მოითხოვა, ყოველგვარი წერილის გარეშეც ჩაერთოთ ყველაზე პრესტიჟულ და გავრცელებულ საკაბელო ქსელში.
    კანონით სრულებით არ არის განსაზღვრული, რომ ტელევიზიის მესვეურებს ოპერატორებისთვის საგანგებოდ უნდა მიემართათ. უბრალოდ წერია, რომ პროვაიდერები ვალდებულნი არიან განახორციელონ ტრანზიტი. მაგრამ თუ ტელევიზიას არ მიუმართავს? თეორიულად ხომ შეიძლება არ უნდოდეს და მერე უჩივლოს, - „ვინ გეხვეწებოდაო“. ბუნებრივია, ასეთი რამ რეალურად არ მოხდება, მაგრამ კანონმა თეორიული შესაეძლბლობებიც უნდა გამორიცხოს.
    სინამდვილეში, მამუკა ღლონტი აქ იმ მომავალ სიტუაციასაც ითვალისწინებს, რომელიც მას შემდეგ შეიქმნება, როცა Must carry-ს პრინციპის მოქმედება ამოიწურება და პროვაიდერთან ხელშეკრულება უნდა გააფორმოს ჩვეულებრივი ფასიანი ტრანზიტის შესახებ. ბევრჯერ ითქვა, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ტრანზიტი უმრავლეს შემთხვევაში არ გაითიშება, ოღონდ ეს უკვე ფასზე მოლაპარაკებასა და შეთანხმებას მოითხოვს, ამიტომ მხარეები უკვე დღეს „იბევებენ პოზიციებს“ (თბილისური ჟარგონით თუ ვიტყვით, პრავებს აკაჩავებენ) და ეს სკანდალიც ამით არის გამოწვეული. თუმცა მეორეს მხრივ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად საშიშია სიჩქრესა და ფაცი-ფუცში უხარისხო კანონს მიღება: აი, სწორედ ესაა უხარისხო კანონი, რომელიც ყველა შესაძლო სიტუაციას არ ითვალისწინებს და იურიდიულ კოლიზიებსაც ქმნის. იურისტები ასეთ კანონებს „ნედლს“ უწოდებენ.
    კანონის ნაკლოვანი იურიდიული ტექნიკის კიდევ ერთი მაგალითი: როგორ უნდა გაავრცელოს, ვთქვათ, ქუთაისის ან თელავის პროვაიდერმა ტელეკომპანია „კავკასიის“ სიგნალი, თუკი ის თანამგზავრიდან არ გადმოიცემა? „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ სატელიტიდან მაუწყებლობენ, კავკასია კი არა. მაგრამ კავკასია ისეთივე ლიცენზირებული მაუწყებელია, როგორც სხვა ტელევიზიები. ჰოდა, ფორმალურად, აქუს სრული უფლება აქვს ყველა პროვაიდერს უჩივლოს, ვინც მის სიგნალს არ ჩართავს: კანონში ხომ ერთმნიშვნელოვნად, ანუ როგორც ჩვენში ამბობენ ხოლმე, „ცალსახად“ წერია, რომ პროვაიდერი „ვალდებულია ჩართოს“. ტელევიზიის ვალდებულებაზე კი (სიგნალის მიწოდებოს თვალსაზრისით) იქ არაფერია ნათქვამი.
    ჯერ-ჯერობით, „ალტერნატიული ტელევიზიების“ აუდიტორიამ დაახლოებით 200-300 ათას ოჯახს მიაღწია. ეს მინიმუმ ნახევარი მილიონი ამომრჩეველია, ანუ ცოტა ნამდვილად არ არის. ოპოზიციამ სერიოზული რესურსი შეიძინა, მაგრამ „რუსთავი-ორისა“ და „იმედის“ შესაძლებლობებს ეს ჯერ მაინც ვერ შეედრება, რადგან ამ ტელევიზიების და საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის მიღება ე.წ. „ჩვეულებრივი ანტენითაცაა“ შესაძლებელი თბილისში და ზოგიერთ სხვა ქალაქში. ამ პრივილეგიით კი ალტერნატიული სამეულიდან მხოლოდ „კავკასია“ სარგებლობს. თუმცა აქუს არც საკაბელო ტელევიზიებთან ჰქონდა რაიმე პრობლემა, რადგან უკვე მრავალია წელია საკმაოდ ჭკვიანურ პოლიტიკას ატარებს, „არც მწვადს წვავს, არც შამფურს“ და ყველაზე დაბალანსებული საინფორმაციო გადაცემა აქვს. შედეგად, დღეს მისი აუდიტორია ბევრად ფართოა (ყოველ შემთხვევაში, Musct carry-მდე ასე იყო) ვიდრე მისი ორი იმპოზანტური და მდიდარი კონკურენტისა.
    ასეთი სიტუაცია კი 2015 წლამდე გაგრძელდება

 

    ახალი საკანონმდებლო ნორმის ამოქმედებასთან დაკავშირებით „Experti“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს, ირაკლი მოსეშვილს ესაუბრა.

    ბატონო ირაკლი, რა მდგომარეობაა ამჟამად Must carry-ს პრინციპთან დაკავშირებით, ამოქმედდა თუ არა ეს ნორმა?

    ნორმა ამოქმედდა. მართალია ეს არ არის იდეალური Must Carry, როგორც ბევრ სხვა ქევყანაში (თუმცა ყველა სახელმწიფოში მას გარკვეული თავიოსებურებები ნამდვილად აქვს), მაგრამ იგი ასე თუ ისე უკვე ამოქმედდა იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა.
    მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა პრეზიდენტის ბრძანებულება არჩევნების დანიშვნის თაობაზე, ჩაირთო ის 60 დღიანი პერიოდი, როდესაც კანონი ავალდებულებს საკაბელო ოპერატორებს (ე.წ. „ტრანზიტორებს“, როგორც მათ ჩვენ ვუწოდებთ) ჩართონ თავიანთ ქსელში საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელევიზიები. კონკრეტულად ის ტელევიზიები, რომელთაც აქვთ საინფორმაციო გადაცემები და პოლიტიკური „თოლქ-შოუები“. კანონის ამოქმედების მომენტიდან ტრანზიტორებს სამი დღის ვადა ჰქონდათ საიმისოდ, რათა ჩაერთოთ ქსელში ის ტელევიზიები, ვინც ამის სურვილი გამოთქვა. ეს ვადა 3 აგვისტოს 24 საათზე ამოიწურა. 4 აგვისტოს დილიდან კი ყველა ტელევიზიის ტრანზიტი უნდა ამოქმედებულიყო, ვისაც სურვილი ჰქონდა ჩართულიყო საკაბელო ქსელში. ძირითადმა საკაბელო ოპერატორებმა მთავარი არხები უკვე ჩართეს. ბოლო დრომდე ერთადერთ პრობლემად რჩებოდა ურთიერთობა „მაესტროსა“ და „Silktv“-ს შორის, რაც ძველი დაპირისპირების გაგრძელებაა. „მაესტრო“- მ უარი განაცხადა წერილით მიემართა „Silktv“- სთვის. „Silktv“ კი აცხადებს, რომ თუ მიმართვა არ იქნება, „მაესტროს“ ქსელში არ ჩართავს. საკომუნიკაცოო კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი განმარტავს: ასეთი მიმართვა აუცილებელია. აქ გარკვეულ გაუგებრობასთან, უფრო ზუსტად ე.წ. „ჯინიანობასთან@ გვაქვს საქმე, რადგან სულ ადვილად შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება ყოველგვარი კონფლქიტის აგრეშე.
    თუ რომელიმე ტელევიზიას ქსელში არ ჩართავენ, მას უფლება აქვს მომართოს კომისიას, რომელიც 2 დღის ვადაში განიხილავს ამ საკითხს, ხოლო დარვევის დადასტურების შემთხვევაში, ასეთი საკაბელო ოპერატორი (ტრანზიტორი) ჯერ გაფრთხილებასა და ორდღიან ვადას მიიღებს დარღვევის გამოსასწორებლად, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში 1 წლით ჩამოერთმევა ავტორიზაცია, ესე იგი მაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზია. თუმცა, არა მგონია საქმე აქამდე მივიდეს და საკაბელო ოპერატორებმა რაიმე სერიოზული პრობლემა შეუქმნან მაუწყებლებს.

        რამდენად დიდია საკაბელო ოპერატორთა დაფარვის არეალი საქართველოში?

    ტრანზიტორებს მოცული აქვთ ძირითადი ქალაქები: თავისთავად თბილისი და რეგიონული ცენტრები, როგორიცაა ზუგდიდი, თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ლანჩხუთი . . . . . თუმცა სხვა დასახლებებშიც არსებობს ეს ინფრასტრუქტურა. აბონენტების რაოდენობა, უხეში დათვლით, 750 ათასს არ აღემატება. პროცენტულად გაცილებით უფრო დიდი შეღწევადობა ჩვენს ქვეყანაში ინტერნეტს აქვს: შარშანდელი კვლევის მიხევით, რომელიც კომისიამ ჩაატარა, ინტერნეტს 1 მილიონ 200 ათასი მომხმარებელი ჰყავს. ოღონდ ამაში მობილური ინტერნეტიც ითვლება. თავად განსაჯეთ, ბევრია ეს თუ ცოტა: როდესაც ზოგიერთი ორგანიზაცია და პარტია ითხოვდა Must Carry-ს, მე მათ ვურჩიე, ჯერ შეესწავლათ, რამდენად დიდი დაფარვის არეალი ჰქონდათ საკაბელო ოპერატორებს. ისინი კი აცხადებდნენ, თითქოს ეს პრინციპი გადაარჩენდა სიტყვის თავისუფლებას საქართველოში.
    მეორეს მხრივ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დღეისათვის შედარებით უკეთესი წინასაარჩევნო სიტუაციაა და ამაში Must Carry-საც მიუძღვის წვლილი. ოღონდ ბოლომდე ობიექტურნი უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ სრულიად საქართველოს მოცვამდე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი: სოფლებში ხომ საკაბელო ქსელები საერთოდ არ არსებობს?!

    რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ტელევიზია არ ვრცელდება თანამგზავრით, მაგრამ აქვს საერთო მაუწყებლობის ლიცენზია და გადაიცემა, ვთქვათ, მხოლოდ თბილისში?

    გააჩნია, ასეთ მაუწყებელს თავის დროზე რისი ლიცენზია აქვს მიღებული. ზოგიერთ მაუწყებელს აქვს ლოკალური ლიცენზია: მაგალითად, „თრიალეთი“ მაუწყებლობს მხოლოდ გორის რაიონში, ხოლო „იმედი“ და „რუსთავი 2“ მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქ უნდა გავითვალიწინოთ, რომ 2015 წლის ზაფხულიდან საქართველო გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც ამის სურვილი და საშუალება ექნება, შეძლებს მაუწყებლობას. ყველა შეზღუდვა მოიხსნება და მათ ვეღარავინ ეტყვის, რომ „ეს რესურსი გათავდა“, „აღარ არის ტექნიკური საშუალება“ და ასე შემდეგ.
    თუმცა აქ ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ გადასაწყვეტია: განსაკუთრებით სოფლად, სადაც მოსახლეობას აქვს ძველი გამოშვების ტელევიზორები, რომლებიც ციფრულ სიგნალს უბრალოდ ვერ მიიღებენ!
    ვინ გადაიხდის ახალი ტელევიზორების, აგრეთვე ახალი, ციფრული გადამცემების რეგიონებში დამონტაჟების ფულს? როგორ განხორციელდება ერთიანი არმინისტრირება? არადა დრო ცოტაა - ვალდებულება ციფრული მაუწყებლობის შესახებ ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს ძალიან გავლენიანი საერთაშრისო ორგანიზაციების წინაშე. არსებობს აგრეთვე სახელმწიფოთშორისი შეთანხმებებიც. ამჟამიდნელმა ანალოგურმა სიგნალმა თავისი დრო მოჭამა ტექნოლოგიურადაც და მრავალი სხვა თვალსაზრისითაც. მომავალი ციფრულ მაუწყებლობას ეკუთვნის, რაც უამრავ პრობლემას მოხსნის და ახალ სატელევიზიო ეპოქას დაუდებს სათავეს.

მთელ გვერდზე