მიშა: „მე მოვალ თქვენთან“
    „ნაციონალთა“ წინასაარჩევნო მესიჯები

    „მე მოვალ შენთან. . . . “ - ცხონებული „მეფე“ ირაკლი ჩარკვიანის, სიცოცხლეში დაუფასებელი „ლიბერალური ჰიმნით“ და მუსიკალური შედევრით დაიწყო სააკაშვილმა თავისი ვიდეო-მიმართვა ოდესის სანაპიროზე დადგმული პიუპიტრიდან.
    მნიშვნელოვანი დეტალია, რომ სწორედ ჩანაწერი იყო და არა მისთვის ჩვეული პირდაპირი ეთერი. წინათ მაინც უფრო Live-ს ამჯობინებდა; თუმცა, ამჯერად, ისეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მიმართვას, რომ გადაწყვიტა, არ გაერისკა.
    „სამ დღეში ზღვას გადმოვცურავო“ - ჩვეული სიგიჟის ნორმებიდან გასული მხატვრული მეტაფორა იყო, ხოლო „სფიჩის“ უმთავრესი მესიჯი: „ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს“.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    2013 წელს, სანამ საქართველოდან გაასწრებდა პროკურატურას, სხვა მესიჯი „გაახმოვანა“ ბოლო მიმართვაში: „მოვიდა დრო, თქვენ დაისვენოთ ჩემგან“. თუმცა, მაშინ თვითონაც ძალიან დაღლილი იყო, თორემ ისეთ სისულელეს არ იტყოდა იმ ბოლო მიმართვაში, რაც თქვა - 300 მილიონიანი სასახლიდან მიმართავდა ხალხს და უყვებოდა: „შევარდნაძის კაბინეტში რომ შევედი, ისეთი შმორის სუნი იდგა, კინაღამ ცუდად გავხდიო“.
    იგულისხმებოდა (სწორედ ეს იგულისხმა - არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით!), რომ შევარდნაძეს, თურმე, იმის შნო, უნარი და გემოვნება არ ჰქონდა, რომელიმე ბიზნესმენისთვის, პროკურორ ბიბილაშვილის მეშვეობით ათიოდე მილიონი „აეხია“ და თუ 300 მილიონიან სასახლეს არ ააშენებდა, ხეირიანი ავეჯი მაინც ეყიდა, რათა სააკაშვილისა და ჟვანიას აზიზ ყნოსვას შმორის სუნი არ ჰკროდათ პრეზიდენტის კაბინეტში.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ასეა თუ ისე, მიშას უკვე მიაჩნია, რომ ხალხმა საკმარისად „დაისვენა“. ამიტომ მზადაა დაბრუნდეს და ძველი შემართებით შეუდგეს საქმეს.
    რასაკვირველია, პოლიტიკოსმა სწორედ ასე უნდა ილაპარაკოს: „ჩვენ ვიგებთ და ჩვენი დაბრუნება გარდაუვალიაო“. მაგრამ სრულიად აშკარა იყო, რომ მიშას თვითონ ნამდვილად სჯეროდა ის, რასაც ამბობდა: „ნაციონალური მოძრაობა“ შაბათს გაიმარჯვებს და ხელისუფლება შეიცვლებაო.
    ანუ, პირველად მოხდება არათუ საქართველოს, არამედ მთელი პოსტსაბჭოური რეგიონის ისტორიაში, რომ პარტია, რომელმაც არჩევნებით და მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით დაკარგა ძალაუფლება, არჩევნებითვე იბრუნებს მას!
    სააკაშვილს ამის სჯერა და როგორც 2012 წელს „აბავდა“ დასავლეთს „ძალაუფლების ნებაყოფლობით, მშვიდობიანად გადაბარების პრეცედენტით“, ახლა უნდა ისევ „დააბას“ უკვე იმით, რომ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი რეგიონული პრეცედენტი შეიქმნა: ჩვენს პოსტსაბჭოურ სამეზობლოში ის კი მომხდარა, პარტიას არჩევნები წაეგო და ხელისუფლება მშვიდობიანად დაეთმო, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, მკვდარი გაცოცხლებულიყო და მეორედ მოსულიყო.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამ ვნებიან სწრაფვაში მიშასა და მის გუნდს ხელისუფლების სრული არაკომპეტენტურობაც უწყობს ხელს: რა იყო ეს - მეტროს გამორთვა მიტინგის დაწყებამდე? შემთხვევითობა? თუ რომელიღაც საშუალო დონის ჩინოვნიკის იდიოტიზმი?
    სწორედ ამ რანგის ჩინოვნიკები, თავიანთი ბრიყვული აღტკინებით, ღუპავენ ხოლმე ხელისუფლებებს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მაინც რამდენი ხალხი მივიდა? სხვადასხვა ციფრი სახელდება: 15 000-დან - 50 000-მდე. თუმცა ის კი ფაქტია, რომ ამ მასშტაბისა და „დრაივის“ აქცია „ოცნებამ“ დღემდე ვერ ჩაატარა. ეს არის ნიშანდობლივი (თუმცა არა გადამწყვეტი) და არა ის, რამდენი ხალხი მივიდა „მიშას მიტინგზე“.
    კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტი კი ისაა, რომ „ოცნებას“ არც ერთი (არც ერთი!) ხეირიანი ორატორი არა ჰყავს, ვისაც მიტინგზე გამოსვლა „ფურცლის“ გარეშე შეეძლოს. არადა, თანამედროვე პოლიტიკაში, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია.
    სამაგიეროდ, მიშას ლიდერობით, თვით „ნაციონალებს“ ჰყავთ რამდენიმე მაღალი კლასის ორატორი. მათ შორის დათო ბაქრაძე. და ნურავის უკვირს მისი მაღალი რეიტინგი. ამ საზოგადოების ერთ-ერთი თვისება ისაა (რაც იმედს ტოვებს მისი მომავალი „გაევროპულებისა“), რომ ასე თუ ისე აფასებს პოლიტიკოსებს, ვისაც არტიკულაციის უნარი გააჩნია.
    და პირიქით. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც მართლა უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის (მარტო C-ჰეპატიტის პროგრამა რად ღირს!), ერთი გონიერი მრჩეველი რომ ჰყავდეს გვერდით, აუცილებლად ურჩევდა, რომ ჯერ ერთი თავად არ ელაპარაკა და მეორეც, ეს სიკეთენი „გაეპიარებინა“. ოღონდ არა პირადად არამედ ტელევიზიების მეშვეობით. თუნდაც ფასიანი რეკლამით. ან „ხელზე მოჩვეული“ ჟურნალისტებით. ამათზე მეტი რა არის?
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სააკაშვილს დასაცინზე მეტი რა აქვს? გავიხსენოთ თუნდაც გორის სამარცხვინო, ისტორიული ეპიზოდი; ან „ჰალსტუხის ღეჭვა“, რომელიც, ყოველგვარი ჟურნალისტური ეთიკის დარღვევით, პირდაპირ რომ ვთქვათ ნაძირლურად გაუშვა ეთერში (ჯერ კიდევ Live- ჩართვის დაწყებამდე) რატომღაც „ჟურნალისტიკის ეტალონად“ მიჩნეულმა BBC-მ.
    მაგრამ ამჯერად სააკაშვილმა რაფინირებულად იხუმრა: ხელისუფლებაში რომ დავბრუნდები, ივანიშვილს სახელმწიფო ხარჯზე სასწავლებლად გავუშვებ დასავლეთის რომელიმე უნივერსიტეტშიო.
    ალბათ ნიუ - იორკის „ქალამბიას“ გულისხმობდა, რომელშიც თავად სწავლობდა. ეს ბევრად მნიშვნელოვანი მესიჯია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: „დავიჭერო“ არ უთქვამს მიუხედავად იმისა, მიტინგი ტაშს დაუკრავდა. არც ის გაუმეორებია „ქონებას უკანასკნელ ცენტამდე წავართმევო“, რადგან როცა თქვა, ამისთვის „შენიშვნაც“ მიიღო.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    „ჩინოვნიკებმა ლექსუსები იყიდეს . . “ მღეროდა ლექსენი მიტინგის დაწყებამდე. ბერა ივანიშვილისთვის „გადაჯოკვრა“ მას არ გამოსდის. და ამის მიზეზი მხოლოდ ფულის ნაკლებობა არ უნდა იყოს. თუმცა, „ნაციონალები“ ამგვარ მომენტებს მუდამ ითვალისწინებენ და სწორედ ამიტომ ითვლებიან თანამედროვე პოლიტ-ტექნოლოგიათა კარგ მცოდნედ.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ცაში მოფარფატე „ცოცხიანი დრონი“ კი ვერავინ შენიშნა. ეს არგუმენტი ამ არჩევნებზე ვერ იმუშავებს ისევე, როგორც ცოცხის მოტივებზე გადაღებული „(ხერ)ოკრატია“. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უნიჭო სერიალია. სულაც არა. საკმაოდ ნიჭიერადაა გაკეთებული და რეგიონული თეატრებიდან მოწვეული ზოგიერთი მსახიობიც უბრალოდ შესანიშნავია. მაგრამ „ოცნებამ“ და მისმა უნიათო PR-ჯგუფმა უნდა გაიგოს, რომ ეს თემა უკვე „გადაღეჭილია“. უფრო მეტად, ვიდრე „გაცვეთილი“, რაც ერთი და იგივე არც არის.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    გივი თარგამაძის აფეთქების თემა კი ცხელია და ქმედითი. თვით „გივივანიჩმა“ გაიხსენა, რომ მისი ბაბუა, რომელსაც აგრეთვე გივი ერქვა, ზუსტად იმ ადგილას დახვრიტეს ოკუპანტებმა. „ოკუპანტებში“ რუსებს გულისხმობდა და არა ქართველ ბოლშევიკებს. მაგრამ არა მგონია ის ეგულისხმა, რომ პუტინმა ბრძანა მისი აფეთქება. არადა, ეს ვერსია ყველაზე მეტად ჰგავს სიმართლეს: პუტინი უბრალოდ გაცოფებული იყო მიშასა და გივის მცდელობით, მოსკოვში, „ბოლოტნაიას მოედანზე“ რევოლუციური მიტინგი დაეფინანსებინათ და სხვების ჭკუის სასწავლებლად ამგვარი ბრძანება, შესაძლოა, კიდეც გაეცა. საქართველოში საარჩევნო დაპირისპირება კი მის ინტენციას „გადაფარავდა“ - ქართველები ერთმანეთს დააბრალებდნენ და აბრალებენ კიდეც..
    ჭკუა დაუშლიდა? თუ ვერ შეძლებდა? ბათუმში ხომ სწორედ რუსულმა სპეცსამსახურმა ააფეთქა (პუტინის პირდაპირი ბრძანებით!) იმ ქართული „სპეცდანის“ მეთაური, რომელმაც ორი რუსი ინსტრუქტორი ჩაცხრილა აფხაზეთში - „კოდორის ოპერაციის“ დროს?
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მიშას არც ერთი სიტყვა არ უთქვამს აფხაზეთზე, ოსეთზე, „ტერიტორიულ მთლიანობაზე“.
    „ტერიტორიული მთლიანობა“ არც სხვა „ნაციონალ“ ორატორებს უხსენებიათ. არ უხსენებიათ არც „რუსული ოკუპაცია“.
    ეს ყოველივე ძალიან ჰგავს 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების წინა სიტუაციას: მიშას მთავარი მესიჯები მაშინ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კორუფციონერთა დაჭერა იყო; „ტერიტორიულ მთლიანობა“ არც მაშინ უხსენებია. ანუ „თითქმის არ უხსენებია“ კი არა, საერთოდ არც ერთ გამოსვლაში არ უხსენებია საარჩევნო კამპანიის მანძილზე - არც ერთ მიტინგზე, არც ერთი „ქვების სროლისა“ თუ ინტერვიუს დროს.
    მაგრამ როგორც კი გაინაღდა ძალაუფლება (ანუ, უკვე 22 ნოემბრის შემდეგ) მერე - იცოცხლე! სწორედ ეს გახდა მთავარი თმა და „ძალაუფლებრივი არგუმენტი“.
    ახლაც ასე იქნება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ: როგორც კი ძალაუფლებას გაინაღდებს (თუკი გაინაღდებს) ისევ დაუბრუნდება „ოკუპაციისა“ და „ტერიტორიული მთლიანობის“ ნარატივს. იმიტომ, რომ „კორუფცია“ და ლამაზი, ფერადი ტურისტული პროექტები ხელისუფლებაში მოსვლის ნარატივია, ხოლო „ტერიტორიული მთლიანობა“ - ხელისუფლების შენარჩუნებისა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სანდრა კითხულობდა, რაკი ქართული იმდენად კარგად არ იცის, ზეპირად ილაპარაკოს. ამის მიუხედავად, ძლიერ სლოგანს მაინც მიაგნო: „. . . . გულით და არა ფულით!“.
    თუ „სფიჩრაიტერმა“ კი არ დაუწერა (მისი სფიჩრაიტერი მიშაა რა თქმა უნდა), არამედ თვითონ მიაგნო, ეს ამ ქალის ნიჭიერებას ადასტურებს.
    საკმარისი იქნება ეს ყოველივე მიშას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად? მხოლოდ ისეთივე ალბათობით, როგორც ფრანკფურტის ავტოსასაფლაოზე ატეხილი ქარბორბალადან შეიძლება იშვას ცინცხალი „მერსედესი“.
    თეორიულად კი, მაგრამ პრაქტიკულად - არა. თუმცა, პარლამენტში რომ ძლიერი ფრაქცია ეყოლებათ, - ეს ფაქტია.
    მიშას ერთხელ წამოცდა: „ჩვენი ნამდვილი არჩევნები 2020 წელს იქნებაო“.
   

         მთელ გვერდზე