მერდოკის იმპერია ინგრევა

    თავისუფალი პრესის სამშობლო – დიდი ბრიტანეთი – გრანდიოზულმა სკანდალმა მოიცვა. მილიარდერ რუპერტ მერდოკის კუთვნილი ბრიტანული News International შეიძლება საერთოდ დაიხუროს და თან წაიყოლოს ინგლისური ჟურნალისტიკის ისეთი ფლაგმანი, როგორიცაა, მაგალითად The Times. აგრეთვე ტაბლოიდები The Sunday Times, The Sun და News of the World.
    ბუნებრივია, მსოფლიოში უძველესი გაზეთის – Times-ის დახურვას არავინ დაუშვებს, მას მყიდველი გამოუჩნდება, მაგრამ სხვა დანარჩენი კი საბოლოოდ იძირება. ამ კატასტროფის მიზეზი გახდა მერდოკის კუთვნილ ტაბლოიდთა მიერ სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენა და პოლიციელების მოსყიდვა.
    როგორც გამოძიებამ დაადგინა, The Sunday Times-მა სპეციალურად მსახიობიც კი დაიქირავა, რომელიც ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ Gგორდონ ბრაუნს ხმით ბაძავდა, რეკავდა ბანკში და პრემიერ-მინისტრის საბანკო ანგარიშების დეტალებს ამ გზით იგებდა, შემდეგ კი გაზეთში «ჟურნალისტური გამოძიება» ქვეყნდებოდა. ასეთივე უკანონო გზით მოიპოვეს ინფორმაცია ბრაუნის ახლადშობილი შვილის გარდაცვალების მიზეზებზე, მის სამედიცინო ბარათზე და ა.შ.
    თუმცა, მთავარი მეთოდი მაინც სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენა იყო. მობილური ტელეფონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთი მოსმენების ორგანიზება საკმაოდ იოლია. შესაბამისი აპარატურაც მეტისმეტად ძვირი არ არის და ტაბლოიდებს «უღირდათ» კიდეც ეს ხარჯები, ოღონდ კი სენსაცია გამოეცხოთ.
    უსმენდნენ ყველას – დეპუტატებს, მინისტრებს, ფინანსისტებს, ბანკირებს, სპორტსმენებს, დედოფალს, პრინცებს და ა.შ. არადა გაზეთის პროფესიონალიზმი იმაში გამოიხატება, სენსაცია კანონიერი გზი მოიპოვოს, თორემ უკანონო მოსმენებით ეს ბევრად ადვილია. სასამართლოს თანხმობის გარეშე, ნებისმიერი ადამიანის საუბრის ჩაწერა ან მოსმენა კანონის დარღვევაა. ამ ბრალდებით ტაბლოიდ News of the World-ის მთავარი რედაქტორი, ენდი კოულსონი უკე ზის კიდეც ციხეში. ისევე როგორც გაზეთის «სამეფო ოჯახის განყოფილების» გამგე კლაივ გუდმანი და კერძო დეტექტივი გლენ მალკეირი, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრთა პირად ცხოვრებაში იქექებოდნენ და უკანონო მოსმენებს მიმართავდნენ.
    როგორც ჩანს, «ტრადიცია» ჯერ კიდევ 1996 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ამ ბიჭებმა პრინცესა დიანას საყვარელს, ჯეიმს ჰიუიტს საკრედიტო ბარათის მონაცემები მოპარეს და მისი მეშვეობით დაადგინეს, სად იხდიდა იგი ფულს ბარათით, ანუ სად იმყოფებოდა კონკრეტულად «ლედი-დი». აღმოჩნდა, რომ ესპანეთში ისვენებდნენ. მერე იქ ჩაუსაფრდნენ და სხვა პიკანტური დეტალებიც გამოაქვეყნეს.
    დაპატიმრებულებმა აღიარეს, რომ მოსმენის ყოველი სეანსი 500 დოლარი უჯდებოდათ. Aარადა, ბრიტანული, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობით, რამდენად პატივსაცემიც არ უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება ზოგადად, ადამიანის პირად ცხოვრებაში უკანონოდ შეჭრა სისხლის სამართლის დანაშაულია. თუნდაც საქმე მოქმედ ან ყოფილ პოლიტიკოსს და საჯარო მოხელეს ეხებოდეს.
    ჟურნალისტები იმდენად ღრმად შეძვრენ ექს-პრემიერ Gგორდონ ბრაუნის პირად მონაცემებში, რომ მოიპოვეს ცნობები მისი 5 წლის შვილის ქრონიკული ავადმყოფობის თაობაზე. ამის შემდეგ სკანდალმა ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ რუპერტ მერდოკი იძულებლი გახდა თავისი ბრიტანული კორპორაცია საერთოდ დაეხურა. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მერდოკის ამერიკული NewsCorp საერთოდ დამთავრდა და მისი იმპერია რომის იმპერიასავით უკვე დაინგრა: მერდოკს უამრავი ასეთი ჰოლდინგი აქვს მთელს მსოფლიოში, მაგრამ საქმე ისაა, რომ ბრიტანული News International მერდოკის გლობალური კორპორაციის მარგალიტი იყო. Dდა მისი დაღუპვა შეიძლება მთელი იმპერიის დანგრევის დასაწყისი გამოდგეს.
    News of the world საერთოდ დაიხურა, არადა მსოფლიოს უძველესი ტაბლოიდია. –პირველი ნომერი 168 წლის წინ გამოვიდა. დაიხურა იმიტომ, რომ ასეთი სკანდალის შემდეგ მყიდველიც აღარ ეყოლებოდა.
    რუპერტ მერდოკი და მისი შვილი ბრიტანეთის პარლამენტშიც დაიბარეს სპეციალურ მოსმენებზე. მილიარდერს ძალიან არ უნდა იქ მისვლა და ვერც ვერავინ დააძალებდა, რადგან ამერიკის მოქალაქეა, მაგრამ საქმე ისაა, რომ News of the world-ის დახურვის შემდეგ მერდოკი ცდილობს, სხვა აქტივები რაიმე ფასად მაინც გაყიდოს. ამას კი, ბრიტანეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გარეშე ვერ შეძლებს. ამიტომ, როდესაც პრემიერ-მინისტრმა კემერონმა დაურეკა და სთხოვა, მოსმენებს დასწრებოდა, უარის თქმა აღარ შეეძლო.
    ძნელი სავარაუდო არ არის, რას იტყვის მერდოკი ამ მოსმენებზე: მე მხოლოდ მფლობელი ვარ და სარედაქციო საქმეებში არ ვერევიო. მაგრამ მისი ბიზნესი ხომ ზუსტად იმიტომ იყო ასე მომგებიანი, რომ სენსაციები არ აკლდებოდა?! სენსაციურ მასალას კი ჟურნალისტები თურმე უკანონი გზით იპარავდნენ. ესე იგი შემოსავლების კანონიერებაც ევქვეშ დგება. Aარადა, სულ ცოტა ხნის წინ მერდოკს ბრიტანეთში საქმეები ისე კარგად მისდიოდა, British Sky Broadcasting ტელევიზიის ყიდვასაც კი აპირებდა.
    რეალურად მერდოკის მთავარი პრობლემა დღეს გამოძიება კი არ არის (საეჭვოა პირადად მას რაიმე დაუმტკიცონ) არამედ პრესტიჟის შელახვა, რადგან სხვა ბრიტანული გამოცემები, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ რუპერტის ტაბლოიდებისთვის კონკურენცია გაეწიათ, - ოღონდ სენსაციებზე კანონიერი გზებით ნადირობდნენ, - ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რათა თამაშის წესების დამრღვევი მეტოქე საბოლოოდ ჩაძირონ და მრავალწლიანი აუტსაიდერობისთვის შური იძიონ.

მთელ გვერდზე