მადლობა უფალს, პარასკევია!

        ერთ ჩვეულებრივ თბილისურ დილას, არა შაბათს და არა კვირას, 8 საათისთვის გამოვდივარ სახლიდან. საბურთალოზე ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ჯერ დილის 5 ან 6 საათია. კანტი კუნტად თუ გაივლის მანქანა. ფეხით მოსიარულეებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მაღაზიები დაკეტილია. ავტობუსები და «მარშრუტკები» არ მოძრაობენ. ან კი რატომ იმოძრავონ: ცარიელი ხომ არ ივლიან ბენზინის უსაშველოდ გაძვირებისას?
        ძალიან ნელა იღვიძებს თბილისი, - ზანტად, ზარმაცულად, მცონარედ და უხალისოდ. რაღაცნაირად უღონოდ, თითქოს სიცოცხლის ეშხიც დაუკარგავს და გაღვიძებაში აზრს ვერ ხედავს.
        მხოლოდ 10-11 საათისთვის თუ იგრძნობა ნამდვილი გამოღვიძება, რაც წესით მილიონიანი ქალაქისთვის ალიონიდანვე უნდა იყოს დამახასიათებელი. მაგრამ მაინც არ არის ის, რაც უხვადაა დასავლურ ქალაქებში: ცოცხალი სულისკვეთება და მჩქეფარე რიტმი.
        დილის 8 საათისთვის ლონდონის, პარიზის, ნიუ იორკის თუ ჩვენსავით მილიონიანი ბრიუსელის ქუჩები უკვე დუღს. Lლონდონის სიტისკენ მიმავალ ხიდზე ადამიანთა მდინარე არ წყდება. ქუჩაში ნელა ვერ გაივლი, - ეს დინება გაგიტაცებს და ჩაგითრევს. იძულებული ხარ თითქმის ირბინო, თუმცა კი არსად გეჩქარება. მაგრამ ქალაქს ეჩქარება, - იგი სუნთქვას და ბორგავს, სიცოცხლეს გაიძულებს და ენერგიით აღგავსებს.
        ახლა საღამოს თბილისი ვნახოთ და კვლავ შევადაროთ: სრულიად არ არის შეცვლილი. იგივე გულგრილობა და უღონობა. რაღაცნაირი უენერგიობა და უხალისობა. ჩვენში ბარი, კაფე, რესტორანი, კინო და თეატრიც კი არა დასვენების და სულიერად გამდიდრების საშაულებაა, არამედ მხოლოდ დროის გაყვანისა. ერთი და იგივე არ გეგონოთ: უმეტესწილად ერთობა ის, ვისაც სხვა საქმე არა აქვს და არც უნდა რომ ჰქონდეს.
        ამერიკასა და ევროპაში ხშირად შენიშნავთ აბრას წარწერით T.G.F. ეს საშუალო ფენის წარმომადგენლებზე გათვლილი რესტორნებისა და «ფაბ»-ების ქსელია Thank God it's Friday ან, შემოკლებით Friday,s.
        იცით რას ნიშნავს? – მადლობა ღმერთს, რომ დღეს პარასკევია! ესე იგი, სამუშაო კვირა დამთავრდა, უიქ-ენდი იწყება და ჯოჯოხეთური შრომის შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ დაისვენონ.
        ჩვენ გვგონია, რომ დასავლეთი მარადიული ზეიმია. სინამდვილეში, პირველ რიგში ფანატიკური შრომაა და მხოლოდ ამის შემდეგ - «მანჩესტერ იუნაიტედი» და «ჰაროდსი», «მერსედესი» და «გრანდ პლაცი». შრომობენ თავაუწევლად, შრომობენ ტკივილამდე, მაგრამ მაინც სიხარულით და შემოქმედებითად, რათა კვირის ბოლოს უფალს მადლობა შესწირონ და ლუდის კათხით ხელში უყურონ პრემიერ-ლიგის თამაშს, რომლის მონაწილეები უკვე მათთვის შრომობენ. ოღონდ ასევე – სიხარულით და შემოქმედებითად.
        შრომა იქ ლამის რელიგიაა: რასაც არ უნდა აკეთებდნენ - ინჟინერი იქნება, სანტექნიკოსი თუ ბროკერი.
        «იმათ სამუშაო აქვთ და მე რომ არა მაქვს, როგორ ვიშრომოო». საოცარია, რა მყარად არის ჩვენში გამჯდარი საბჭოთა კავშირი. Aარც გექნება არასდროს! სინამდვილეში, ისინი იმიტომ კი არ შრომობენ ასე, რომ სამუშაო აქვთ, არამედ პირიქით: იმიტომ აქვთ სამუშაო, რომ ასე შრომობენ!!!
        თუ ხელი და ტვინი არ გაანძრიე, მუდამ უმუშევარი იქნები. საბჭოთა კავშირი და სოციალიზმი დალპა, დაინგრა და აღარ არსებობს. თავისუფლება კი არ ნიშნავს არაფერს, გარდა თავისუფლებისა! თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც მხოლოდ იმას გულისმობს, რომ ადამიანი თვითონაა საკუთარი ბედის შემოქმედი. შრომისა და პირადი პასუხისმგებლობის გარეშე კი წარმატება არ მიიღწევა.
        »ბიზნესი როგორ დავიწო, ბიზნესს ხომ კრედიტი სჭირდება, კრედიტს – გარანტია, გარანტია კი რისკიაო». აბა, დალოცვილო, რისკის გარეშე ბიზნესი სად გაგონილა? ბიზნესი დიდი ლატარიაა და ყოველთვის რისკია – შრომასთან ერთად.
        როგორც ჩანს, ერთადერთი ბიზნესი, რისთვისაც ჩვენში არიან მზად, ტაქსის მძღოლობაა. სოფელში ცხოვრობს მიწაზე, რომელზეც «საძულველი» სამხრეთ აფრიკელი ფერმერი წელიწადში ორ მოსავალს მაინც მოიყვანდა. მაგრამ ხელებს როგორ გაისვრის – «გლეხი» ხომ არ არის: უფრო სახლს დააგირავებს, მანქანას იყიდის და თბილისში, ბათუმში ან ქუთაისში «იტაქსავებს». მანქანაში რომ ჩაუჯდები, გრძნობ, საშინლად განიცდის – სძულხარ იმის გამო, რომ გემსახურება. თან იღრინება და ხელისუფლებას ლანძღავს: უმუშევარი ვარო.
        NDI-ს ბოლო გამოკვლევამ საოცარი სურათი დადო: ზრდასრული მოსახლეობის 70 პროცენტს მიაჩნია, რომ უმუშევარია. Eეს, რასაკვირველია, სრული აბსურდია: მართლა 70 პროცენტი რომ იყოს უმუშევარი, არც პური გამოცხვებოდა, არც მაღაზიები იმუშავებდა და არც ტრანპორტი ივლიდა. საქმე ისაა, რომ იმ ტაქსის მძღოლსაც და მაღაზიის გამყიდველსაც, რაკი ოდესღაც მიღებული სპეციალობით არ მუშაობს, თავი უმუშევრად მიაჩნია: «სახლში ორი დიპლომი მიდევს. ერთი ინჟინრის და მეორადი – კინომცოდნის, ახლა კი შენ გემსახურებიო». თითქოს ჩემი ბრალი იყოს ან დანაშაული ჩავიდინე, ტაქსს რომ ხელი დავუქნიე.
        2008 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა ხელისუფლებამ უმოკლეს ვადაში კოტეჯები აუშენა ლტოლვილებს და ავეჯითაც მოამარაგა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ერთი ჩიოდა: «სარეცხი რაზე გავფინო არ ვიცი, ნუთუ ამის გაკეთებაც არ შეგეძლოთო». დალოცვილო, იპოვე ორი ლურსმანი, - ქუჩაში ეგდება, - მიაჭედე ქვით ხეზე ან კედელზე, გააბი თოკი მათ შორის და ჩამოკიდე სარეცხი. ესეც ხელისუფლებამ უნდა გაგიკეთოს?
        იქნებ სწორედ ეს მენტალიტეტია გაუთავებელი გაჭირვების მიზეზი და არა ეკონომიკური პოლიტიკა ან საგადასახადო კოდექსი? ნამდვილად არაფერი გვეშველება, ასი ხელისუფლებაც რომ შეიცვალოს, ათასი რევოლიციაც რომ მოხდეს, სანამ არ გავიგებთ, რომ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ყოველი წუთი ფასობს, ყოველი დღე გადამწყვეტია. ამიტომ, დილის 6 საათზე უნდა ავდგეთ, ცივი შხაპი მივიღოთ, ყოველ დღე ვეძიოთ ახალი და კვირის ბოლოს მადლობა შევწიროთ უფალს, რომ მცირე ხნით დასვენება გვარგუნა.
        სხვა გზა არ არის და არც იქნება.

მთელ გვერდზე