სააკაშვილის ახალი პოლიტიკა: მაცივარი – ტანკის ნაცვლად

        მიხეილ სააკაშვილმა «შრომითი კოლექტივების» წინაშე გამოსვლებს მოუხშირა. ამდენი შეხვედრა «მუშათა კლასთან» საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელ ედუარდ შევარდნაძის შემდეგ ალბათ არავის ჰქონია.
       პრეზიდენტი შევარდნაძე ამას ერიდებოდა – წარსულში დაბრუნება არ დამაბრალონო. პრეზიდენტ სააკაშვილის მოქმედება კი ზოგიერთს წინასაარჩევნო აქტივობას ახსენებს და ისმის კიდეც ვარაუდები «თუნდაც საპარლამენტო არჩევნების» დანიშვნის შესახებ.
       საქართველოში შეუძლებელი არაფერია და სააკაშვილმაც შეიძლება დაარღვიოს საკუთარი პირობა – მორიგი «მილიარდიანი» არჩევნების არდანიშვნის შესახებ. ყოველ შემთხვევაში 2012 წლამდე. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ პრეზიდენტს ამჟამინდელი «ფი-არ» კამპანია თავისი ახალი პოლიტიკის პრეზენტაციისათვის სჭირდება და არა საარჩევნო პროპაგანდის საწარმოებლად.
       ამ ახალი პოლიტიკის კონტურები კი «ვაგონშემკეთებლებთან» შეხვედრისას გამოიკვეთა, როდესაც სააკაშვილმა პოლიტიკოსებს (ოპოზიციასაც და საკუთარ თავსაც) მოსახლეობის მაცივრებზე ზრუნვისკენ მოუწოდა. ამ განცხადებებს ხსენებულ ოპოზიციონერთა გულისამაჩუყებელი განცხადებები მოჰყვა: «ჩვენ სამშობლოს ინტერესებზე ვფიქრობთ და არა მაცივრებზეო». ერთი სიტყვით, ოპოზიციის ეს ნაწილი ჩვეულ უნიჭობას ამჟღავნებს და სააკაშვილისაგან განსხვავებით, არ ფიქრობს იმაზე, რა პრიორიტეტს აღიარებს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა – ანუ რა არის ხალხისთვის მთავარი.
       სამაგიეროდ, ამას შესანიშნავად ხვდება მიხეილ სააკაშვილი. გავიხსენოთ: რა იყო მისი მთავარი საარჩევნო ლოზუნგი გასულ წელს როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნების დროს? არავითარი გულისამაჩუყებლად პატრიოტული ლოზუნგები მას არ ჰქონია - «საქართველო სიღარიბის გარეშე!». სწორედ ეს გახდა სააკაშვილის საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი სლოგანი. იგულისხმებოდა 100 დოლარიანი საპენსიო პაკეტი და სხვადასხვა სოციალური პროექტები.
       რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ «გაყალბებაზე», იმაზე, რომ «ოპოზიციამ მთლიანობაში მოუგო სააკაშვილს» (არადა ოპოზიციური კანდიდატების ხმათა ასე მექანიკურად შეკრება არსად ხდება და ბევრს არაფერს ნიშნავს), ცხადია, რომ სააკაშვილმა უკვე მაშინ «დაიჭირა» ის მთავარი ინტერესი, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (ნახევარზე მეტს ყოველ შემთხვევაში) ამოძრავებდა. შედეგიც შესაბამისი აღმოჩნდა; ოპოზიციამ კი იმ ხალხს, ვინც მმართველ პარტიას სწორედ ამ სლოგანის გამო დაუჭირა მხარი «ათ ლარზე გაყიდული უბადრუკი საქონელი» უწოდა.

       პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლებიც იმავე ტრენდის გაგრძელებაა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აგვისტოს ომმა სააკაშვილი უბრალოდ დაარწმუნა საქართველოს პირობებში სხვაგვარი პოლიტიკის უპერსპექტივობაში. იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს არა გაუთავებელი ომი (თუნდაც წმიდათა წმიდა მიზნებით) არამედ მშვიდი და მაძღარი ცხოვრება.
       შესაბამისად, «სავსე მაცივარი» პრეზიდენტ სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადის უმთავრეს სლოგანად იქცევა - ნაცვლად ადრე დეკლარირებული «დავით აღმაშენებლისეული» ლოზუნგებისა.
       აქედან გამომდინარე კი, სულაც არ არის გასაკვირი ინფორმაცია, რომელიც «თვალს» კომპეტენტურმა წყარომ საქართველოს პარლამენტიდან მიაწოდა: პრეზიდენტის ინიციატივით, მმართველი პარტია აპირებს სამხედრო ხარჯების განუხრელ შემცირებას 2009-20012 წლებში.
       წინა 5 წლის განმავლობაში სამხედრო მიზნებისთვის დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. «ნაციონალურ მოძრაობაში» უკვე თვლიან, რომ თუ ეს თანხა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდებოდა, საქართველო დღეს ამ თვალსაზრისით აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა დონეზე იქნებოდა. მაგრამ უფრო ჯარსა და იმ იარაღის შესყიდვაზე იხარჯებოდა, რომლის დიდი ნაწილი აგრესორებმა აგვისტოში წაიღეს; ანუ საქართველოს გადასახადის გადამხდელთა თანხები რუსული 58-ე არმიისა და სეპარატისტული არმიების შეიარაღებას მოხმარებია.
       ამგვარი შეცდომის განმეორებას კი ხელისუფლება აღარ აპირებს. შესაბამისად, მომავალ წლებში დაგეგმილია არა მხოლოდ იარაღის შესყიდვის შეწყვეტა, არამედ თვით შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის (ე.წ. «კონტრაქტორების») თანდათანობით შემცირება.
       შესაბამისად, პრეზიდენტის რიტორიკაშიც სულ უფრო ნაკლები ადგილი დაეთმობა უკვე არარეალურ დაპირებებს და სულ უფრო მეტი – იმ პრობლემატიკას, რაც სინამდვილეში (როგორც აგვისტოში დადასტურდა) აღელვებს ხალხს. ყოველ შემთხვევაში, მის გადამწყვეტ უმრავლესობას. ანუ მშვიდი და მაძღარი ცხოვრების დაპირებას.
       საქართველოში «სავსე მაცივარი» ბევრად მომგებიანი პოლიტიკური სიმბოლოა, ვიდრე ტანკი.

 

მთელ გვერდზე