ავლაბრელი სერიოჟა და «რუსული მიუნხენი»

    გერმანიის ყველაზე საინტერესო და ყველაზე «გერმანულ» ქალაქ მიუნხენში (თუმცა, ბავარიელებს რომ ჰკითხო, «გერმანელები საერთოდ არა ვართო») დასრულდა 51–ე საერთაშორისო კონფერენცია უსაფრთხოების საკითხებზე. ეს ფორუმი 1963 წლიდან ტარდება და მთლიანად გერმანიის მთავრობა აფინანსებს. იგი იმ გენიალური (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) საგარეო პოლიტიკის პროდუქტია, რომელსაც ბონი ათწლეულების განმავლობაში (კონრად ადენაუერიდან – ჰელმუტ კოლამდე) ატარებდა და, საბოლოოდ, გერმანიის გაერთიანებას ანუ მთავარი მიზნის აღსრულებას მიაღწია.
    განსხვავებით დავოსის ფორუმისგან, სადაც სხვადასხვა ჯურის შოუ–მენებსა და შოუ–ვუმენებს იწვევენ, რათა ბრძნული გამომეტყველებით ათასი სისულელე ილაპარაკონ გეოპოლიტიკურ პრობლემებზე (რაშიც, სინამდვილეში, არაფერი გაეგებათ), მიუნხენის კონფერენცია წარმომადგენლობითია: მასში ის ხალხი მონაწილეობს, ვისაც, ქართულად თუ ვიტყვით, «ჭკუა მოეკითხება», ანუ, როგორც დასავლეთში უწოდებენ «გადაწყვეტილებათა მიმღებები».
    საბჭოთა ბლოკის დაშლამდე, მიუნხენის კონფერენცია «ნატო» – ს შიდა ღონისძიება იყო. მაგრამ 1990–იანი წლებიდან, მასზე რუსებსაც იწვევენ. 2007 წელს, ეს ტრიბუნა ვლადიმერ პუტინმა იმისათვის გამოყენა, რათა დასავლეთი გაეფრთხილებინა, რომ ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოვებას და მოსკოვისათვის ტრადიციული დომინირების სივრცეთა «წაგლეჯას» კრემლი დიდხანს აღარ მოითმენდა და საპასუხო დარტყმასაც განახორციელებდა.
    «შეუსრულა» კიდეც (უფრო ზუსტად, შეგვისრულა) – 2008 წელს.
    მიუნხენის კონფერენციის მუდმივი «მთავარი მომხსენებლები» – ამერიკელები - არ იმჩნევენ, თორემ «აგვისტოს ომი» მათთვის ძალიან მწარე წკიპურტი იყო.
    სწორედ იმ «ხუთდღიანი» (სინამდვილეში «დღენახევრიანი») ომის შემდეგ თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ამბარცუმის ძე ლავროვმა ისტორიული ფრაზა: «ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ უკვე პოსტამერიკულ ხანაში ვცხოვრობთ!»
    არც მაშინ, არც შემდეგ მისთვის არავის უკითხავს: თუ «პოსტამერიკული ხანა» დადგა და ამერიკის შეერთებული შტატები დეგრადაციის გზაზეა, - განსხვავებით «აღმავალი რუსეთისაგან», - მაშინ სერგეი ამბარცუმის ძე ლავროვის მთელი ოჯახი (ცოლ–შვილისა და წარმოშობით ავლაბრელი ახლო ნათესაობის ჩათვლით) რატომ ცხოვრობს არა «გაბრწყინებულ რუსეთში», არამედ იმ დეგრადირებულ ამერიკაში? ვითომ მასთან ერთად უნდათ დაიღუპონ გმირულად?
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სერგეი ლავროვი, რა თქმა უნდა, თამაშობს. ოღონდ, თამაშობს ძალიან ოსტატურად. თან არც ისტორიულ სამშობლოს და მშობელ ერს ივიწყებს: მიუნხენის კონფერენციაზე მის სიტყას რომ ვუსმენდი, მეჩევნებოდა, თითქოს არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მამა–დამფუძნებელი, რობერტ კოჩარიანი ლაპარაკობდა. ოღონდ ამჯერად არა ყარაბაღზე, არამედ ყირიმზე: «ერთა თვითგამორკვევა», ეროვნული უმცირესობის უფლებათა პრიორიტეტი სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობაზე» და ასე შემდეგ.
    ნურავის ეგონება, თითქოს სერგეი ლავროვისთვის ამ მომენტებს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ იგია ნამდვილი ავტორი იმ ხელშეკრულებისა, რომელიც 1993 წელს გაფორმდა აფხაზ სეპარატისტებთან რუსეთის «შუამავლობით» და საქართველოს სასტიკი დამარცხებაც განაპირობა.
    ამ და სხვა მრავალ შემთხვევაშიც, «ლავროვ-კალანტარიანი» «სასარგებლო პრეცედენტებს» ქმნიდა. 2004 წლიდან, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ყველაფერს აკეთებდა, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეცედენტები შეექმნა, რომელიც, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნებოდა «მთიანი ყარაბაღისთვის».
    მაგრამ ამ «პატარა ამოცანების» გადაჭრისას, ის ძალიან ოსტატურად ახორციელებდა და ახორციელებს «დიდი რუსეთის» ინტერესებს: ამჯერადაც, ლავროვის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე ნამდვილი ულტიმატუმი გამოდგა – ლამის ომის გამოცხადება, თუ დასავლეთი არ შეურიგდება ახალ «სტატუს–ქვოს» პოსტსაბჭოურ სივრცეზე. ეს «სტატუს–ქვო» კი იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვმა სცნო საქართველოს რეგიონები, შეიერთა ყირიმი, მაგრამ ამით არ კმაყოფილდება და სურს, თანდათან მიიერთოს მთელი უკრაინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ყირიმი დარჩება ანკლავად, რომლის მომარაგება რუსეთს გაუჭირდება.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ლავროვი ევროპას დაემუქრა, იყო საშუალო სიშორის რაკეტათა აკრძალვის შესახებ ფუნდამენტური ხელშეკრულებიდან გამოსვლა. საშუალო სიშორის რაკეტებად ითვლება ბალისტიკური რაკეტები მოქმედების სიშორით 500 კილომეტრიდან – 5 000 კილომეტრამდე. ამ რაკეტების აკრძალვით, თავის დროზე, ევროპამ მშვიდად ამოისუნთქა და ცივი ომი დასრულებულად ჩათვალა. ასეთი კლასის რაკეტები, პირველ რიგში, სწორედ ევროპის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
    კალინინგრადში «ისკანდერების» გამო ცახცახებდა ეს საბრალო მოხუცი ევროპა (მათი რადიუსი სულ 500 კილომეტრია) და «საშუალო სიშორის» რაკეტები ხომ სულ კოშმარად ეჩვენებათ!
    აქ არის პასუხი კითხვაზე, რატომ ვერ ბედავენ უკრაინის არმიისათვის თანამედროვე იარაღის მიწოდებას: იმიტომ, რომ მოსკოვი ამას გამოიყენებს, რათა ოფიციალურად გავიდეს «საშუალო რაკეტების» შესახებ ხელშეკრულებიდან.
    გარდა ამისა, ლავროვს უსაყვედურეს: «თქვენი ბომბდამშენი საერთაშორისო სივრცეში კინაღამ სამოქალაქო თვითმფრინავს შეეჯახა და ასეთ პროვოკაციულ ფრენებს როდის შეეშვებითო»: «არც არასოდესო» – უპასუხა ლავროვმა. ანუ «კიდევ მეტს იფრენენ და უფრო ნაკლები უსაფრთხოებაც გექნებათო».
    ყირიმთან დაკავშირებით კი საერთოდ საოცრება თქვა: «თქვენ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ გერმანია ისე გაერთიანდა, რეფერენდუმი არ ჩაუტარებიაო». ამ ფრაზას დარბაზში აღშფოთების გმინვა მოჰყვა, მაგრამ ყურიც არ შეუბერტყავს!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მიუნხენის კონფერენციაზე გამოჩნდა, რომ რუსეთი უკრაინაში საერთოდ არაფერს დათმობს: ყირიმს და დონეცკს კი არა, თვით კიევსაც არ შეელევა! ეკონომიკური სანქციები არ ჭრის: ბევრს ენიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც არაყი გააიაფა! ეს ხუმრობა არ გეგონოთ: იმას ნიშნავს, რომ რუსი ხალხი ყველაფერს მოითმენს, იქნებიან კარტოშკასა და არაყზე, ელიტას კი, შეუძლია სადაც უნდა იქ წავიდეს.
    თუმცა, დღევანდელი რუსეთი ნამდვილად აღარ არის ბრეჟნევისდროინდელი საბჭოთა კავშირი, რომელსაც ასანთის და საპონის წარმოებაც კი უჭირდა: რა ბლოკადაშიც არ უნდა მოაქციონ (არადა, დასავლეთს შესაბამისი რესურსები არა აქვს), რა სანქციებიც არ უნდა შემოიღონ, რუსეთი უკვე ყველაფერს აწარმოებს, რაც არსებობისთვისაა საჭირო. საბჭოთა კავშირი პურს ყიდულობდა, რუსეთი კი ყიდის. საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გათიშვა მტკივნეული ნაბიჯი იქნება, მაგრამ ეს დასავლეთსაც დაარტყამს – რუსეთი ხომ მისი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია.
    რუბლის დევალვაცია და ნავთობზე ფასების დაცემა რუსეთს ვერ დაანგრევს, რადგან ბოლო 15 წლის განმავლობაში, პუტინმა სერიოზული რეზერვები შექმნა, რაც კიდევ დიდხანს ეყოფა იმ პირობებში, როდესაც მზადა მიიღოს საპასუხო ზომები: შეუწყვიტოს ევროპას გაზის მიწოდება (საერთო მოხმარების თითქმის მესამედი!) ერთბაშად გაყიდოს ამერიკის სახელმწიფო ობლიგაციები (ანუ დასცეს მათი ფასი), მიაწოდოს ბალისტიკური რაკეტები ირანს და ა.შ და ა.შ.
    მოგვწონს თუ არა, რუსეთი ბირთვული ზესახელმწიფოა და უამრავი კოზირი აქვს. როგორც ჩანს, ამას ხვდება საფრანგეთის ექს–პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელმაც, სწორედ მიუნხენის კონფერენციის დღეს განაცხადა, რომ დასავლეთი უნდა შეურიგდეს რეალობას და აღიაროს ყირიმის უფლება, – მიუერთდეს რუსეთს.
    ჯერ–ჯერობით არ ჩანს არავითარი ნიშანწყალი იმისა, რომ დასავლეთი მზადაა გადადგას ერთადერთი რეალური ნაბიჯი, რაც შეაჩერებს რუსულ აგრესიას უკრაიანში: შეიყვანოს ჯარი და უშუალოდ ჩაებას საბრძოლო მოქმედებებში. ამის გარეშე, უკრაინას გარდაუვალი კრახი ელის, ხოლო უკრაინის დაცემა, კიევში რეჟიმის შეცვლა და უკრაინის ინკორპორირება «ევრაზიულ კავშირში» გარდაუვალს გახდის ერთიანი «მოსკოვური სახელმწიფოს» აღდგენას ყოფილი საბჭოთა კავშირის უკიდეგანო სივრცეზე.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    და რატომრაც მგონია, რომ ამ დიდი გეოპოლიტიკური გარდატეხის შესახებაც, მსოფლიოს ის უნიჭიერესი ავლაბრელი ბიჭუნა ამცნობს, რომელიც თბილისში, არარატის ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა.
   
   
   

    მთელ გვერდზე