ქველმოქმედება და გადასახადები

        საქართველოში დრო და დრო მწვავდება დისკუსია საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ. მართლაც, რატომ არ შეიძლება გავიზიაროთ დასავლური გამოცდილება და ბიზნესმენთა შემოსავლის ნაწილი, რომელიც ქველმოქმედებას ხმარდება, გადასახადებისაგან გავათავისუფლოთ?
        აქვე უნდა ითქვას, რომ ეს თემა ჩვენს ქვეყანაში ახალი არ არის: ჯერ კიდევ 2002 წელს, ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით შექმნილი «გადასახადის გადამხდელთა კავშირის» შეკრებაზე, ქართველმა მულტიმილიონერმა, ბიზნესმენთა სახელით, ედუარდ შევარდნაძეს განუცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოშიც ამოქმედდება «ქველმოქმედ ბიზნესმენთა» წახალისების დასავლური პრაქტიკა.
        ამ ინიციატივას დარბაზში მყოფ ქართველ ბიზნესმენთა იმდენად გულმხურვალე მხარდაჭერა მოჰყვა, ადამიანს თვალზე სასოების ცრემლი მოგადგებოდა: თურმე რამდენი კეთილი ადამიანია ჩვენს ქვეყანაში, რამდენი ღვთისნიერი ბიზნესმენი, რომელიც მზადაა შრომით მოპოვებული ლუკმა გაუყოს ქვრივ-ობოლსა და ინვალიდს.
        ბუნებრივია, ედუარდ შევარდნაძემ, რომელსაც ქართულ ელიტაში მიმდინარე არც ერთი პროცესი არ გამოეპარებოდა, ჩვეულ სტილში, ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ «აუცილებელია მივიღოთ კანონი ქველმოქმედებისა და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ». ამ თემას მან მთელი 15 წუთი მიუძღვნა – უამრავი საბუთიც მოიტანა თუ რატომაა საჭირო კანონის მიღება. თუმცა, რა თქმა უნდა, სინამდვილეში (რაც მისი სტილი იყო) ამგვარი კანონის მისაღებად თვითონ არაფერი გაუკეთებია, რადგან შესანიშნავად იცოდა, რა შედეგსაც გამოიღებდა იგი საქართველოში.
        ანუ შევარდნაძემ, სიტყვიერად თითქოს მხარი დაუჭირა, სინამდვილეში კი, ყველაფერი გააკეთა, რათა პარლამენტს ამგვარი კანონი არ მიეღო. საბოლოოდ ბიზნესმენები მასზე კი არ განაწყენდნენ, არამედ პარლამენტზე, ჟვანიასა და სააკაშვილზე, რომლებსაც, თითქოს, არ უნდოდათ ქველმოქმედების წამახალისებელი კანონის მიღება.
        აი, ამაში იყო მთელი შევარდნაძე – მისი ეშმაკობით, ინტრიგებით და სახელისუფლებო ტექნოლოგიებით.
       

    ატკატი და ინდულიგენცია

        ეს გასაგებია – შევარდნაძე – შევარდნაძეა და იგი ვერ შეიცვლებოდა 30 წლიანი მმართველობის დასასრულს. მაგრამ მთავარი კითხვა სხვაა: რატომ არ უნდოდა შევარდნაძეს კანონის მიღება? რაში ხედავდა საშიშროებას? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებთ, ერთი უცნაურობაც გავიხსენოთ, რომელიც ქართულ ქველმოქმედებას დასავლურისგან განასხვავებდა: ევროპასა და ამერიკაში ქველმოქმედება ესმით, როგორც უმწეო ადამიანებისათვის, ღარიბ-ღატაკტათვის, სასიკვდილოდ ავადმყოფებისთვის, ინვალიდებისთვის, უპატრონო ბავშვებისთვის გაწეული დახმარება.
        ბუნებრივია, იმ ქვეყნებში კანონმდებლობა ამას ყოველნაირად ახალისებს და იმასაც ეთანხმება, რომ რაკი ბიზნესმენმა ფული მაინც ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს, ხოლო ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ისედაც სოციალური პრობლემების გადაწყვეტაა, მაშინ სჯობს ბიზნესმენმა ფული პირდაპირ გაიღოს. Eეს ხომ საზოგადოებაში სოციალური ჰარმონიის დამკვიდრებასა და სოციალურ ფენათა შორის შუღლის შეწყვეტას შეუწყობს ხელს?!
        ქართველ ბიზნესმენებს კი, როგორც მაშინვე აღმოჩნდა, ქველმოქმედება ცოტა სხვაგვარად ესმოდათ: როგორც ე.წ. «ელიტარული ინტელიგენციის» დახმარება, ანუ თეატრების, კინოს, მწერლების, სპორტსმენების, მთლიანობაში კულტურის მხარდაჭერა. თუ გავიხსენებთ, იგივე ბადრი პატარკაციშვილი ამ მიზნით მილიონებს ხარჯავდა და გაცილებით ნაკლებს იღებდა ნამდვილი ქველმოქმედებისთვის.
        კაცმა რომ თქვას, კულტურისა და სპორტის სპონსორობა დიდებული საქმეა, მაგრამ ეს ქველმოქმედება არ არის!
        ედუარდ შევარდანძე კი შესანიშნავად იცნობდა ამ ე.წ. «ელიტარულ ინტელიგენციასაც» და იმ ფენასაც, რომელიც კომუნისტურ ეპოქაში «წითელი დირექტორი» ან «ცეხავიკი» იყო, ხოლო ნომენკლატურული კაპიტალიზმის პირობებში «ბიზნესმენი» დაირქვა. ისიც ახსოვდა, რომ მისი «ცკ»-ს მდივნობის დროს, მაშინდელ «ცეხავიკებს» და «კანონიერ ქურდებს» ხშირად შეჰყავდათ წილში ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები, მწერლები, პოეტები და ასე შემდეგ, რაკი იცოდნენ, რომ ისინი მათი არალეგალური ბიზნესის «კრიშა» იქნებოდნენ და აბა ხელს ვინ ახლებდა «ცეხს», რომელსაც საქვეყნოდ ცნობილი მსახიობი ან რეჟისორი მფარველობდა?
        პრეზიდენტი შევარდნაძე მაშინვე მიხვდა, რომ «ქველმოქმედება» დაახლოებით იგივე ხალხს იმავე მიზნით სჭირდებოდა, ანუ «ატკატების» მისაღებად. ასეთივე პროცესი იყო შევარდნაძის პრეზიდენტობისას ეკლესიების მშენებლობა - ფულში ჩაქცეული ყოფილი ჩინოვნიკებისა და სპეციალურად მათთვის დაწესებული შეღავათებით გამდიდრებული «ბიზნესემნების» მიერ.
        რა თქმა უნდა, ეკლესიის აშენება ნებისმიერ შემთხვევაში ღვთისნიერი საქმეა მაგრამ . . . ქართული მართლმადიდებელი ეკლესია რომის ეკლესია არ არის – კათოლიკეებივით ინდულიგენციები გაყიდოს წარსული ცოდვების მოსანანიებლად.
        მეორეს მხრივ, თუ საქართველოს ცივლიზებული ქვეყნის პრეტენზია აქვს, ქველმოქმედების წახალისება აუცილებელია. დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა რაიმე შეღავათს თითქმის არ ითვალისწინებს, რადგან ამ კანონმდებლობის შემოქმედებს მიაჩნდათ, რომ საქართველოს პირობებში ეს შეღავათები გამოყენებული იქნებოდა იმავე «ატკატებისა» და გადასახადების გადახდისაგან თავის დასაძვრეანად.
        აქ ალბათ მთავარი პრობლემა საზოგადოების მართლშეგნება, კულტურა და მენტალობაა: ევროპაში არავის მოუვა აზრად, ქველმოქმედებისთვის გამოყოფილი თანხიდან «ატკატი» მოითხოვოს, ან ეკლესია იმისთვის ააშენოს, რომ დანაშაულებრივად მოპოვებული ფული «გააპრავოს». ისევე, როგორც იქაური არისტოკრატიის არც ერთი წევრი არ იმეგობრებდა «კანონიერ ქურდებთან» - ასეთები ევროპაში რომც არსებულიყვნენ.
        ჩვენში კი ეს სავსებით მისაღებია და «მოსულა». ყოველ შემთხვევაში, პედოფილიისა და ჰომოსექსუალიზმისაგან განსხვავებით, განსაკუთრებულ ცოდვად არ ითვლება.
        ამის მიუხედავად, პარლამენტის პროფესიონალიზმი სწორედ იმაში უნდა გამოიხატოს, რომ ბოლოს და ბოლოს ქვეყანამ მიიღოს ნორმალური კანონი «ქველმოქმედების» შესახებ, რომელიც გაითვალისწინებს სწორედ გაჭირვებული ადამიანების, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების, უსახლკარო ლტოლვილების დახმარებას და არა «ატკატებს» ე.წ. «შემოქმედებითი ინტელიგენციისაგან». ესე იგი კანონი, რომელიც (ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში) სოციალური ფენების ურთიერთგაგებას და მშვიდობიან თანაცხოვრებას შეუწყობს ხელს.
       
        მთელ გვერდზე