დიადი და წმიდა კრების ბოიკოტი – უმწეობის მორიგი გამოვლინება თუ კრემლის შეკვეთა?

    საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, ქართული დელეგაცია არც ერთი ფორმით არ მიიღებს მონაწილეობას მართმადიდებელ ეკლესიათა «დიად და წმიდა კრებაში», რომელიც 50 წლიანი მზადების შედეგად უნდა გაიმართოს კუნძულ კრეტაზე, – პირველად ათასი წლის შემდეგ!
    თავისთავად ეს ფორმულირება უკვე აღძრავს კითხვებს და ქმნის წინაპირობებს, რათა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვართ და მრევლმა იხითხითონ მართლმადიდებელი ეკლესიის გაუთავებელი შიდა–ბრძოლების თაობაზე, რომელსაც სისტემური მიზეზი აქვს: აღმოსავლურმა ეკლესიამ ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევდა იმგვარ ადმინისტრაციულ ერთობას, როგორიც მოიპოვა დასავლურმა ქრისტიანობამ პაპიზმის მეშვეობით: კონსტანტინეპოლის პატრიარქი, ისევე, როგორც რომის პაპი, ითვლებიან «პირველად თანასწორთა შორის» (Primus inter pares), მაგრამ კონსტანტინეპოლის საეკლესიო საჭეთმპყრობელს, 1453 წლის ისტორიული კატასტროფის შემდეგ, არასდროს გააჩნდა ისეთი ძალა და გავლენა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებზე, როგორიც ჰქონდა და აქვს რომის პაპს სხვა ეპისკოპოსთა მიმართ.
    ამის ერთ–ერთი ისტორიული მიზეზი ისაა, რომ 1453 წელს დაინგრა დიადი ბიზანტია, ქვეყანას მუსლიმი, - თურქული ტომი დაეპატრონა, ხოლო რომი ინარჩუნებდა ერთობას «კეისარსა და ღმერთს» შორის, ანუ რომის ეკლესია სახელმწიფო ძალაუფლებას ეყრდნობოდა. უფრო მეტიც: თავად იყო სახელმწიფო ძალაუფლება
    რა თქმა უნდა, უდიდესი თემაა, თუმცა ამ შემთხვევაში ის უფრო საინტერესოა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია როგორ პასუხობს დროისა და პოლიტიკის გამოწვევებს, რომლებიც არ ილევა და არც დაილევა, თორემ ყველაფერი სხვა არა მხოლოდ და არა იმდენად ჩვენი თავის ტკივილია: ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ქართულ ეკლესიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა სახარების სიწმიდის დაცვაზე; მარტო ჩვენ არ უნდა ვიდარდოთ იმაზე, რომ კათოლიკენი ირონიულად აღიქვამენ მომხდარს: «50 წელი ემზადებოდით კრებისთვის, რომელიც 1000 წლის (ესე იგი ქრისტიანობაში დიდი განხეთქილების) შემდეგ პირველად უნდა გამართულიყო, მაგრამ პიროვნულ ამბიციათა გამო ლამის კომედიად გადააქციეთ ყველაფერიო».
    თუმცა, პაპისტებმა რამდენიც არ უნდა იქილიკონ, ცხადია, რომ მხოლოდ პიროვნულ ამბიციებშიც არ არის საქმე. უფრო ზუსტად, პიროვნებათა სახელისუფლებო ვნებანი ემატება (თუ საფუძვლად ედება) ძალიან სერიოზულ ინტერესთა კონფლიქტს სახელმწიფოებს, ან სახელმწიფოებსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    დიად და წმიდა კრებაში მონაწილეობის მიღებაზე უკვე უარი განაცხადეს ბულგარეთისა და სერბეთის ეკლესიებმა, ასევე ანტიოქიის საპატრიარქომ, რომელიც სრულყოფილად არასდროს სცნობდა კონსტანტინეპოლის პირველობას. ყველა შემთხვევაში მიზეზი (თუ საბაბი) თითქოს კანონიკურია და საბოლოო დოკუმენტებში დოგმატთა ასახვას ეხება, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ყოველთვის, დოგმატებზე ან დოკუმენტთა ფორმულირებებზე მეტი მნიშვნელობა სხვა მოტივებს ეკისრებათ.
    ჩვენს შემთხვევაში, საქართველოს წმიდა სინოდმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიაქრომ, რომელიც ამზადებს დოკუმენტებს კრებისთვის, არ გაითვალისწინა «მცხეთა–თბილისის» შენიშვნები რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომლებიც უზრუნველჰყოფდნენ მათ დოგმატურობას, ანუ «არაპროგრესულობასა» და «არარეფორმატულობას»: ეს განსაკუთრებით ეხება რეზოლუციას „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები». ქართულმა მხარემ მოითხოვა ერთ–ერთ დებულებაში ისეთი შესწორების შეტანა, რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა ჯვრისწერას მართმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის.
    იყო სხვა პრეტენზიები, რაც კონსტანტინეპოლმა არათუ არ გაითვალისწინა, არამედ პასუხიც არ გაუცია. როგორც ჩანს, აქ იმალება ერთ–ერთი პიროვნული მოტივი («კაცნი ვართ») ესოდენ ხისტი გადაწყვეტილებისა, რაც საქართველოს წმიდა სინოდმა, უპირველესად კი (ეს ყველას გვესმის) უწმინდესმა პატრიაქრმა მიიღო: სრული ბოიკოტი და მონაწილეობაზე უკანმოუხედავად უარის თქმა!
    აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პატრიარქ ილია მეორესა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა უპრობლემო. იმ მომენტიდან დაწყებული, როდესაც კონსტანტინეპოლი იძულებული გახდა (!) ეცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ეს კი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა გვეჩვენოს, მხოლოდ 1990 წელს მოხდა. მანამდე, კონსტანტინეპოლი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას არ სცნობდა.
    პატრიარქ ბართლომეს არაერთხელ გამოუხატავს არც თუ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჩვენი ეკლესიისა საჭეთმპრობლის მიმართ. ამისთვის უამრავი დიპლომატიური ხერხი, საშუალება თუ ხრიკი არსებობს და ეკლესიის წიანმძღვარნი ისტორიულად, დიპლომატებზე არანაკლებ ფლობენ ამ ხელოვნებას.
    შესაბამისად, გროვდებოდა წყენაც.
    ეს გასაგებია, ოღონდ არა გამამართლებელი იმისა, რაც მოხდა!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    და მაინც, უმთავრესი, რამაც გამოიწვია ამჟამინდელი განხეთქილება, ერთი შეხედვით ისაა, რომ კონსტანტინეპოლი ძალიან უხეშად, აგრესიულად და ანტიქართულად ერეოდა აფხაზეთის საქმეებში!
    პატრიარქი ბართლომე აფხაზეთის თვითმარქვია «მიტროპოლიტ» დოროთე დბარსაც კი შეხვდა. კონსტანტინეპოლი დაჟინებით მოითხოვდა მცხეთა–თბილისისგან, აფხაზეთის გადაცემას მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში; ასევე ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსის საკუთარ სატახტო სავანედ გამოცხადებას და ჯიუტად არ ისმენდა საქართველოს საპატრიარქოს გაფრთხილებას, რომ საეკლესიო სეპარატიზმის გაღვიძება–მხარდაჭერა, აგრეთვე ტანჯული, ლტოლვილი მრევლისა და სამშობლოდან დევნილ ღვთისმსახურთა ინტერესების იგნორირება ყოველგვარი კანონიკური წესის დარღვევაა.
    უნდა ითქვას, რომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვით პატრიარქ ბართლომეს პიროვნებას. იგი ცნობილია, როგორც უკიდურესად ჯიუტი, მარტივად თუ ვიტყვით, «თავისნათქვამა» და ავანტიურისტულად განწყობილი მოღვაწე!
    ეს ყოველივე გასაგებია, მაგრამ არის თუ არა ადეკვატური პასუხი კრებაში მონაწილეობაზე უარის თქმა? ვის აწყობს და ვის გაუხარდება ეს კონსტანტინეპოლის მთავარი მოწინააღმდეგის, ასევე საქართველოს ოკუპანტის – რუსეთისა და მისი ეკლესიის გარდა?
    იგივე აფხაზეთის საკითხში: კონსტანტინეპოლი და მოსკოვი უკვე არა საქართველოს, არამედ ერთმანეთს ეცილებიან. ახალი ათონის მონასტერი მოსკოვს სათავისოდ უნდა და წინამძღოლიც კი დანიშნა, რომელიც «პროდასავლურად» განწყობილმა დოროთე დბარმა მონასტერში არ შეუშვა.
    თუმცა, მანამდე, ეს თვითმარქვია სწორედ რუსულ ეკლესიაში მსახურობდა. მას საეკლესიო მსახურება მოსკოვმა მხოლოდ მას შემდეგ აუკრძალა, რაც დარწმუნდა, რომ დბარი კონსტანტინეპოლიდან იმართებოდა.
    ანუ, მოსკოვი ისევე არ ისმენს ქართული მხარის შეგონებებს, ისევე არ ითვალისწინებს ჩვენს ინტერესებს, როგორც კონსტანტინეპოლი. თუმცა მათ ერთმანეთშიც აქვთ გადაულახავი წინააღმდეგობანი.
    აქვე უნდა ითქვას, რომ მთელ ამ დიდ ინტრიგებში ძალიან ცუდ და ანტიქართულ როლს ასრულებს საბერძნეთის სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა და აქვს პრეტენზია მართლმადიდებელი სამყაროს მართვისა. არანაკლებ, ვიდრე რუსეთს. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ათონის მხარდაჭერის გარეშე, აფხაზი სეპარატისტები იმდენს ვერ მიაღწევდნენ, რასაც უკვე მიაღწიეს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რა გზა აირჩია ამ ყოველივე საწინააღმდეგოდ ქართულმა მხარემ, რომელსაც დიპლომატია და პოლიტიკური ხელოვნება მოეთხოვებოდა? – ყველაზე იოლი, თუმცა, იმავდროულად, ყველაზე უპერსპექტივო: «არწასვლის», «ბოიკოტის», «გამიჯვნის», «გაბუტვის», რაც მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის «საეკლესიო წისქვილზე» ასხამს წყალს, რადგან ხაზს უსვამს, რომ მსოფლიო საპატრიარქო ვერ მართავს მართლმადიდებელ სამყაროს, ხოლო მსოფლიო პატრიარქი არ სარგებლობს საყოველთაო აღიარებით, შესაბამისად, განსაკუთრებულია როლი მოსკოვის საპატრიარქოსი და «მესამე რომის» მესიანისტური იდეით შეპყრობილი პატრიარქ კირილისა, რომელიც პუტინის რეჟიმის ერთ–ერთი საყრდენია!
    ანუ, სამწუხაროდ, ამ სფეროში, ისევე, როგორც უამრავ სხვა სფეროში, სადაც ქართველ მოღვაწეებს მართებთ გამოიჩინონ პროფესიონალიზმი, დიპლომატიურობა, მოწინააღმდეგეთა (აქ ორი ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს) დაპირისპირების გამოყენება საკუთრი პოზიციის განსამტკიცებლად; ასევე მუდმივი მუშობა მოკავშირეებთან ისე, რომ გადამწყვეტ მომენტებში იქმნებოდეს კრიტიკული უმრავლესობები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, საქართველოს საპატრიარქომ ისღა მოახერხა, რომ სცადა ჩაეშალა კრება, რაც, სხვათა შორის სრულიად უპერსპექტივო მცდელობაა: მართალია «დიადმა კრებამ» გადაწყვეტილებები ერთსულოვნად უნდა მიიღოს, მაგრამ არწასვლის და არდასწრების შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს ისეც, რომ კრებამ დაადგინოს, ხოლო სხვა ეკლესიები შემდეგ გახდნენ იძულებულნი დაჰყვნენ უმრავლესობის აზრს თუ ხედვას.
    ამგვარი პრეცედენტები არსებობს საეკლესიო კრებათა ისტორიაში და არ არის გამორიცხული ახლაც ასე მოხდეს.
    გარდა ამისა, სრული კატასტროფა იქნება, თუ «საეკლესიო სახედარზე დაბრძანებულმა» პატრიარქმა ბართლომემ ქართული ეკლესიის დაუსწრებლობა იმისთვის გამოიყენა, რათა ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ სტატუსით მიიწვიოს ან თუნდაც კრეტაზე უბრალოდ გამოაჩინოს აფხაზეთის ე.წ. «წმიდა მიტროპოლიის წინამღძღვარი» დოროთეი დბარი.
    «აფხაზური ეკლესიის» ავტკოფალიას კონსტანტინეპოლი ჯერ ვერ სცნობს, რასაკვირველია, მაგრამ სეპარატისტებს არაერთგზის უთქვამთ, რომ არსად ეჩქარებათ. ანუ, კვლავ დადასტურდება მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს წინაშე, რომ აფხაზეთი კონსტანტინეპოლსა და მოსკოვს შორის გასარკვევი საკთხია, ხოლო საქართველო აქ «საერთოდ არაფერ შუაშია!»

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    დღევანდე ეტაპზე, თუ ეს ფაქტი დაფიქსირდა, სავსებით საკმარისი იქნება როგორც მოსკოვის, ასევე კონსტანტინეპოლისა და თვით აფხაზი სეპარატისტებისთვის.
    მაგრამ ამ ანტიქართული აქციის ორგანიზებას ბართლომე ვერ მოახერხებდა, იქ რომ ქართული ეკლესიის დელეგაცია ყოფილიყო, რადგან შეეშინდებოდა დემარშისა უშუალოდ კრების მსვლელობისას – ერთ ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიისა და მისი ავტორიტეტული წინამძღოლის მხრიდან
    გაუგებარია, ნუთუ ეს ელემენტარული დიპლომატიური წესები და ტექნოლოგია არ ესმით იმ მოღვაწეთ, რომლებიც ნებისმიერი რთული სიტუაციიდან ყოველთვის ყველაზე იოლ, (სინამდვილეში პრიმიტიულ), თუმცა ყველაზე უპერსპექტივო გამოსავალს ირჩევენ? ანუ ბოიკოტს, არწასვლას, რაც საკუთარი არაპროფესიონალიზმისა და უუნარობის დადასტურებაა?!
    შესაძლოა არ ესმოდეთ და არ შეეძლოთ, რაც არ იქნება გასაკვირი, რადგან ანალოგიური უნიჭობა–უუნარობა მჟღავნდება ყველა სხვა სფეროში, სადაც პროფესიონალიზმი და უნარიანი გარჯაა საჭირო: აფხაზეთში მსოფლიო ჩემპიონატიდან და მასზე FIFA-ს ინსპექტორთა დასწრებიდან – ევროკავშირთან უვიზო რეჟიმამდე და პოლონეთში გამართულ ძალიან პრესტიჟულ სამხედრო წვრნთებში მონაწილეობამდე.
    მაგრამ არსებობს მეორე, ბევრად უარესი ვერსია, რომ აქ საქმე მხოლოდ უუნარობასთან კი არა გვაქვს, არამედ საეკლესიო წრეებში მოსკოვის ლობისტთა სწორედაც ძალიან პროფესიულ და უნარიან მოქმედებასთან, რომლებიც მუდამ ახერხებენ ისეთი გადაწყვეტილებების «გატანას», რაც არა საქართველოს, არამედ მტრული სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება.

        მთელ გვერდზე