„კეპკა“ საქართველოში და პუტინის „ჰიბრიდული ომი“

    შორეულ 1989 წელს, „ეროვნული მოძრაობის“ ერთ-ერთ მიტინგზე, ირაკლი ბათიაშვილმა პირველად გამოიყენა ტერმინი „კრემლის ლაბორატორიები“. მოგვიანებით, ეს ტერმინი ქართულმა „ინტელიგენციამ“ დაგმო, როგორც „რუსაფობიული“ და „კონსპიროლოგიური“, ანუ არავითარი „ლაბორატორიები“ არ არსებობს და ეს ყოველივე მხოლოდ პათოლოგიური აზროვნების ნაყოფიაო.
    ჰოდა, სანამ იური ლუჟკოვის „უცნაურ“ ვიზიტზე ვიტყოდეთ ორიოდე სიტყვას, იქნებ „ვკითხოთ“ ამერიკული FBI დირექტორს, ახლახანს თანამდებობიდან სკანდალურად გადაყენებულ ჯეიმს კომის, ასევე, ჰილარი კლინტონს ან ტრამპის ადმინისტრაციის იმ წევრებს, რომლებმაც ნამდვილად აღარ იციან რა იღონონ და როგორ გამოძვრნენ იმ ოსტატურად მოქსოვილი ბადედან, რომელშიც რუსეთის საიდუმლო სამსახურმა გაჰხვია ყველანი.
    თითქოს რა კავშირია მოსკოვის ყოფილი მერის, გარკვეულ წრეებში „კეპკად“ ცნობილ იური ლუჟკოვის - „ასურელი მამა“ სერაფიმეს ტაძარში მოლოცვასა და ჰილარი კლინტონის ერთ-ერთი ჭკაუთხელი თანაშემწე-ქალის კომპიუტერიდან მოპარულ მეილებს შორის? საერთო მხოლოდ ისაა, რომ ორივე შემთხვევაში ეტყობა ჭკვიანური პროვოკაციის „ხელწერა“.
    პუტინი, რასაკვირველია, თავად არ ზის და არ იგონებს მორიგ ოპერაციებს: მან შექმნა (აღადგინა) სპეცსამსახურები, დააფუძნა „ინტერნეტ-არმია“, ასევე „საინფორმაციო ჯარები“, რომელთა ოფიცრები დილით მიდიან სამსახურში, სხდებიან მრგვალ მაგიდასთან და ისევე გეგმავენ ამგვარ პროვოკაციებს, როგორც სამხედრო ოპერაციებს. თანაც, „მოწინააღმდეგის“ ყველა შესაძლო, ალბათური საპასუხო ნაბიჯის გათვალისწინებით.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    დავაკვირდეთ: ვინ მოიპატიჟა იური ლუჟკოვი საქართველოში? აბსოლუტურად უცნობია! „მამა სერაფიმე“, რომლის „არამეულ“ ტაძარშიც იმყოფებოდა მოსკოვის ყოფილი მერი, გაგულისებული ამტკიცებს: „მე არ მომიწვევიაო“ და მართალსაც ამბობს. „ბიძინამ მოიწვიაო“ სისულელეა. სავარაუდოა, რომ არც არავის მოუწვევია. უფრო ზუსტად, ვინმემ კი არ „მოიწვია“, არამედ „გამოაგზავნეს“. გარკვეული მისიით, რაც „კეპკასათვის“ წვრილმანი იყო, მაგრამ საქართველოს საკითხზე მომუშავე „ლაბორატორიისთვის“ - რაღაც უფრო დიდი ოპერაციის მნიშვნელოვანი შემადგენელი.
    როგორც რუსი ჟურნალისტები წერენ, თვით იური ლუჟკოვი, - „ძველბიჭური“ ზედმეტსახელით „კეპკა“, - განსაკუთრებულ რელიგიურობაში „შემჩნეული“ არასდროს ყოფილა. ასურეთთან მისი რაიმე ისტორიული თუ თანამედროვე კავშირიც სასცილოა და ისიც საეჭვოა, არამეულ ენას ქართულისგან არჩევდეს.
    ხომ თითქოს რა სხვაობა იყო, სვეტიცხოველში მივიდოდა თუ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ასურული მრევლის ტაძარში? მაგრამ არა: ვინც ოპერაცია დაგეგმა, ზუსტად იცოდა, რა შედეგი მოჰყვებოდა ლუჟკოვის ვიზიტს და მათთვის მნიშვნელოვანი იყო აერჩიათ „მიზნობრივი ჯგუფი“, რომელიც განსაკუთრებით სენსიტიური, ანუ მოწყვლადი იქნებოდა საპასუხო რეაქციის შემთხვევაში: ასურელები, ჯერ ერთი, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობაა; გარდა ამისა, სირიაში მათ წინააღმდეგ განხორციელებულმა გენოციდმა ისინი მსოფლიო მედიის „ტოპ-ნიუსთა“ გმირებად აქცია. შესაბამისად, ბუნებრივი აღშფოთებისა და კრიტიკის პასუხად ამ მტკივნეული თემით სპეკულირება გარდაუვალი იყო და გათვლა მართლაც საოცრად ზუსტი აღმოჩნდა. გავიხსენოთ რა თქვა „მამა სერაფიმემ“: „......როცა მესმის საყვედური, აბა ასურელები ამოეხოცა, როგორც ქართველები ამოხოცეს.......“.
    ანუ, შედეგი მიღწეულია და ლუჟკოვმა მისია პირნათლად შეასრულა. იგი კვლავ „პროექტის“ შემადგენელია მიუხედავად გადადგომის და რუსეთის სახელისუფლებო ელიტისგან ჩამოშორებისა. „ყოფილი თანამშრომლები“ კი არ არსებობენ. მით უმეტეს მულტიმილიონერ ლუჟკოვის შემთხვევაში.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    გავრცელებული გულუბრყვილო მოსაზრების მიუხედავად, საზღვარზე „არშემოშვება“ საქმეს ვერ უშველის და ამგვარი პროვოკაციებისგან ვერ დაგვიცავს: „ლაბორატორიებში“ ნებისმიერი საპასუხო ნაბიჯი გათვლილი აქვთ, რაკი ურჩიეს, არავითარ შემთხვევაში არ წამოეღო ის პასპორტი, რომელშიც „აფხაზური“ და „ოსური“ სასაზღვრო შტამპები ექნებოდა ჩარტყმული.
    მერედა, „განა ყველამ ისედაც არ იცის, რომ ნამდვილად იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე?“: კი, იცის, მაგრამ ადამიანური და იურიდიული ლოგიკა ერთმანეთს ხშირად როდი ემთხვევა. პოლიტიკური ინტერესები და პოლიტიკური ლოგიკა კიდევ მესამეა: „ღამის მგლების“ შეჩერების შემდეგ სუსტი და ფრთხილი ხელისუფლება მოერიდებოდა მორიგი რადიკალური და რეზონანსული გადაწყვეტილების მიღებას.
    თანაც, ნახეთ საიდან შემოვიდა: სომხეთიდან! სადახლოს საზღვარზე გაჩერება ქართულ-სომხურ დისკურსსაც შექმნიდა.
    სინამდვილეში, ერთადერთი გამოსავალი ამგვარი პროვოკაციებისაგან თავის დასაცავად საზოგადოების შეგნებაა.
    აი, მაგალითად, ბოლო რამდენიმე დღეა ბევრი სერიოზული დასავლელი მკვლევარი სვამს კითხვას: რატომ ვერ მოახერხა პუტინმა საფრანგეთში იგივე, რაც ამერიკაში? რატომ მოიგო (თანაც დამაჯერებლად მოიგო) მაკრონმა და წააგო ლე პენმა? „პუტინის საიდუმლო არმია“ იქაც ხომ იმავე ტექნოლოგიებს იყენებდა: ინტერნეტ-ქსელის შექმნა, ყალბი ექაუნთები ფეიკ-ნიუისების „გადასავრცელებლად“, BOT-ების მთელი ლეგიონი, მასალების მოპარვა და მერე იმ სასარგებლო იდიოტთა საკრებულო „უიკილიქსისთვის“ გადაცემა, საგანგებო „მემ“-ების (მაგალითად „ბაყაყი პეპე“) კლონირება და ა.შ და ა.შ.
    მაინც არაფერი გამოვიდა. „არ გამოვიდა“ იმ აზრით, რომ სერიოზული საზოგადოებრივი კონფლიქტის პროვოცირება ვერ მოხერხდა, თორემ ლე პენი რომ იმანუილ მაკრონს ვერ დაამარცხებდა, იმთავითვე ნათელი იყო.
    რატომ არ გამოვიდა? - სვამენ კითხვას მკვლევარები. პასუხი: იმიტომ, რომ ფრანგული საზოგადოება, მთლიანობაში, უფრო მეტად „აცრილი“ აღმოჩნდა პოპულიზმზე და პროვოკაციაზე, ვიდრე ამერიკული! ამიტომაც, რამდენს არ ეცადნენ, მაგრამ ფრანგული საზოგადოების უმეტესობა მაინც სოლიდურ წყაროებს ანიჭებდა უპირატესობას ამა თუ იმ ცნობის გავრცელებისას და ნაკლებად სჯეროდა საინფორმაციო დივერსიებისა.
    ძლიერი, მიზანმიმართული და შეგნებული საზოგადოების მიმართ, ვისაც მტკიცე ღირებულებები აქვს, „კრემლის ლაბორატორია“ უძლურია. ამას ისტორია და თანამედროვეობა მთლიანად ადასტურებს.
   

        მთელ გვერდზე