კავკასიური საჭადრაკო დაფა

        ზბიგნევ ბჟეზინსკის ცნობილი განსაზღვრებით, ევრაზია «დიდი საჭადრაკო დაფაა, რომელზეც პლანეტის ბედი წყდება». იგულისხმება, რასაკვირველია, გეოპოლიტიკური თამაში, რომელშიც ევრაზიული სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები არიან ჩართულნი. თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენები (მათ შორის აგვისტოს აგრესია) ადასტურებს, რომ ამ «დიდი საჭადრაკო პარტიის» მთავარი ეპიზოდი სწორედ კავკასიაში თამაშდება.
        თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დავითოღლუს ვიზიტი თბილისში ზოგიერთებმა აფხაზეთის საზღვაო აკვატორიაში ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანის, მეჰმედ ოსთურქის გათავისუფლების მცდელობით ახსნეს. არადა სინამდვილეში ეს მხოლოდ შირმა იყო.
        რაც განსაკუთრებით საინტერესოა, თურქული დიპლომატიაც ყველანაირად უწყობდა ხელს იმ შეხედულების გაღვივებას, თითქოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მხოლოდ ვინმე კონტრაბანდისტ ოსთურქის ბედის გადასაწყვეტად ჩავიდა. ეს თემა მართლაც განიხილებოდა, ოსთურქიც გათავისუფლებულია, მაგრამ თურქი დიპლომატის მთავარი მიზანი იყო საიდუმლო მოლაპარაკებების გამართვა პრეზიდენტ სააკაშვილთან იმ დიდი შეთანხმების თაობაზე, რომელიც თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მზადდება და რომლის განხორციელება საქართველოს მხარდაჭერის გარეშე პრობლემატურია.

საიდუმლო ოქმი

        რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა და სომხეთმა შეათანხმეს და ხელმოსაწერად გაამზადეს ოქმის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ანკარასა და ერევანს შორის, აგრეთვე საზღვრის გახსნას და სომხეთის მონაწილეობას ენერგეტიკულ პროექტებში
        მოსალოდნელია, რომ ამ შეთანხმებას მხარეები ხელს მოაწერენ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მომავალი შესარჩევი მატჩის დროს. Pპირველი საიდუმლო მოლაპარაკებაც მაშინ გაიმართა, როდესაც ერევანში, საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად, თურქეთის პრეზიდენტი ჩავიდა. ის თამაში სომხებმა ორით-ნოლი წააგეს. სამაგიეროდ, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი თურქ კოლეგას შეუთანხმდა, რომ «ასე გაგრძელება არ შეიძლება» და სომხეთი მზად არის შეურიგდეს თურქეთს.
        ბუნებრივია, სომხები შერიგების ხასიათზე შემთხვევით არ მოსულან: მათთვის უკვე მართლაც გაუსაძლისი ხდება მდგომარეობა, როდესაც ერთის მხრივ ჩაკეტილია საზღვარი თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ხოლო მეორეს მხრივ, (საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო), არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მოსკოვი შეძლებს სამხედრო ტრანზიტის განხორციელებას (ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით) სომხეთის დასახმარებლად - ყარაბაღის ომის განახლების შემთხვევაში.
        უფრო მეტიც: სომხეთის ეკონომიკა სულს ღაფავს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ჩაკეტა ლარსის სასაზღვრო პუნქტი და კატეგორიულად უარს აცხადებს ეს გადასასვლელი გახსნას არა მხოლოდ სომეხთისთვის, არამედ საქართველოსათვის, რასაც ქართული მხარე რასაკვირველია არ დაეთანხმება. Fწინასწარი კონსულტაციებისას რუსები ამბობენ, რომ გაატარებენ სომხურ ტვირთებს, მაგრამ არ შეუშვებენ რუსეთში ქართულ ბორჯომსა და ღვინოს.
        ეს წინაპირობა თვით სომხებსაც იმდენად აბსურდულად მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა სარგსიანმა «რუსების ჯინაზე» პრეზიდენტი სააკაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა ერევანში ვიზიტისას, რამაც მოსკოვის აშკარა გაღიზიანება გამოიწვია.
                                                                                                                                               

                                                                                                                                        ამერიკული გეგმა

        მთავარი საკითხი ისევ და ისევ ყარაბაღის პრობლემაა. თურქები და აზერბაიჯანელები მზად არიან სომხეთთან ურთიერთობა აღადგინონ, კომუნიკაციები გახსნან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერევანი დათანხმდება ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის «ამერიკულ გეგმას».
        ეს გეგმა, რომელზეც ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტ ბრაიზა მუშაობს უკვე მრავალი წელია, ითვალისწინებს სომხური ჯარების გაყვანას ე.წ. «ბუფერული ზონიდან», აზერბაიჯანელი ლტოლვილების დაბრუნებას და ყარაბაღის სტატუსის გადადებას რამდენიმე ათეული წლით. ასეთ შემთხვევაში, Aაზერბაიჯანი მზად არის საერთაშორისო სამშვიდობო ძალებს გადასცეს «ლაჩინის კორიდორი», რომელიც სომხეთს ყარაბაღთან აკავშირებს.
        ყველაზე საინტერესო კი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაა. მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე მოსკოვში რასაკვირევლია ყველაფერი იციან, მედვედევმა ალიევს და კოჩარიანს შესთავაზა კიდეც, რომ რუსეთი იქნება მიღწეული შეთანხმებების გარანტი, მაგრამ ბაქოსაგან მტკიცე უარი მიიღო: სამშვიდობო ძალები არ უნდა დაკომპლექტდეს მეზობელი სახელმწიფოების კონტინგენტებით – ასეთია აზერბაიჯანის პოზიცია.
        ანუ, არც თურქეთი და არც რუსეთი. მაშ ვინ? რასაკვირველია ნატო!!!! მხოლოდ ამ სამხედრო ბლოკს, ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერით, აქვს უნარი, სამხედრო ძალით უზრუნველყოს სამმხრივი შერიგება. Eეს კი მთლიანად შეცვლის გეოპოლიტიკურ ძალთა განლაგებას რეგიონში. მათ შორის საქართველოსთვისაც.
        მოსკოვში ყველაზე მეტად ის აღიზიანებთ, რომ სომხეთი შეიძლება კიდეც დათანხმდეს ამ პირობებს. რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებიდან პუტინს სრული ინფორმაცია აქვს საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ; შესაბამისად, მისი ბრძანებით, «მოულოდნელად აფეთქდა» მოზდოკი-თბილისი-ერევნის გაზსადენი, რომლითაც სომხეთი რუსული ბუნებრივი აირით მარაგდება.
        საქართველოს ეს ტერაქტი უკვე არაფრით ემუქრება, რაკი გაზს აზერბაიჯანიდან ვიღებთ, მაგრამ სომხეთი ზამთრის დადგომისთანავე შეიძლება კატასტროფულ ვითარებაში აღმოჩნდეს.
        იმავდროულად, გაზპრომი (რომელსაც სომხეთის გაზსადენი ეკუთვნის) უარს აცხადებს ირანიდან გაზის იმპორტზე და ირანის ხელისუფლებასაც «უსისინებს» არ მიაწოდოს გაზი სომხეთს (რაკი სომხები რეგიონში ნატოს შემოსვლას თანხმდებიან), რათა რაც შეიძლება მეტი სომეხი ბავშვი გაიყინოს ზამთარში და სომხეთი მკაცრად დაისაჯოს «სეპარატული» მოლაპარაკებების წარმოებისათვის.

მოსკოვი თამაშს აგებს

        თუმცა, ეს ყოველივე შეიძლება ძალზე დაგვიანებული აღმოჩნდეს. ახლო მომავალში სომხეთმა და თურქეთმა შესაძლოა მართლაც მოაწერონ ხელი ოქმს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ამ ოქმში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ყარაბაღის პრობლემაზე, მაგრამ იგულისხმება, რომ თურქეთის პარლამენტი მას დაამტკიცებს (და, შესაბამისად, საზღვარიც გაიხსნება) მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი დაეთანხმება ყარაბაღის თაობაზე ამერიკული დიპლომატიის მიერ შემუშავებულ გეგმას.
        ამით ამერიკაც სამაგიეროს გადაუხდის რუსეთს - საქართველოში შარშან განცდილი მარცხისათვის. მოსკოვი კი გააფთრებით იბრძვის საიმისოდ, რათა ისტორიული შეთანხმება არ დაუშვას. ან, ყოველ შემთხვევაში, იგი მხოლოდ თურქეთ-სომხეთის პრობლემატიკით ამოიწუროს, საზღვარი გაიხსნას და ყარაბაღის საკითხს კი არ შეეხოს.
        რუსი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები დემაგოგიურად აცხადებენ კიდეც: «რაკი თურქეთი ხელს მოაწერს ოქმს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ, იძულებული იქნება საზღვარიც გახსნას ყარაბაღის პრობლემის მიუხედავად - აბა სად გაგონილა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა არსებობდეს და საზღვარი კი ჩაკეტილი იყოსო?»
        «სად გაგონილა» და თვით რუსეთში! 2006 წლიდან - 2008 წლამდე რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობას ინარჩუნებდა, მაგრამ საზღვარი ჩაკეტილი ჰქონდა.
        ამ დიდ თამაშში ჩვენს ქევყანას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ეს შესანიშნავად იციან ბაქოშიც, ერევანშიც და ანკარაშიც. რასაკვირველია იციან მოსკოვშიც. ამიტომ დიპლომატიური აქტივობის ეპიცენტრი სწორედ თბილისი ხდება და ამ პირობებში ქართული დიპლომატიის ოსტატობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
        მთავარია ჩვენი პარტია კარგად ვითამაშოთ.

მთელ გვერდზე