პატარა საჭადრაკო დაფა

        ცნობილი გამონათქვამის შესაბამისად, იმისათვის, რათა გააკონტროლო ევრაზია, განსაკუთრებით კასპია-შავი ზღვის აუზი, აუცილებელია გააკონტროლო კავკასია; იმისთვის, რათა გააკონტროლო კავკასია, უნდა გააკონტროლო საქართველო, ხოლო საქართველოს გასაკონტროლებლად აუცილებელია დაამყარო კონტროლი შიდა ქართლზე.
        გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს საკმაოდ ზუსტი ფორმულაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ კასპია-შავი ზღვის აუზი ევრაზიის გულია, ხოლო ამერიკელმა «გეოპოლიტოლოგმა» ზბიგნევ ბჟეზინსკიმ მთელ ევრაზიას «დიდი საჭადრაკო დაფა» უწოდა და მასზე კონტროლი მსოფლიო ჰეგემონიის აუცილებელ პირობად გამოაცხადა, გამოდის, რომ «მსოფლიო ჰეგემონიისათვის» აუცილებელია აკონტროლებდე ტერიტორიას ცხინვალსა და გორს შორის. ესე იგი, შიდა ქართლსა და მასზე გამავალ კომუნიკაციებს, რომლებიც ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს უმოკლესი გზით ევროპასთან აკავშირებენ.
        აქ არავითარი გადაჭარბება არ არის: ზოგიერთს კიდეც უკვირს, რატომ გადაიხადა რუსეთმა ისეთი «ფასი» საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში, როგორიც «დადო» 2008 წლის აგვისტოში (საერთაშორისო რეპუტაცია, კაპიტალის გაქცევა, მისთვისვე საშიში პრეცედენტი სეპარატიზმის მხარდაჭერისა და სხვა), მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ შიდა ქართლის კონტროლი გლობალური გავლენის ტოლფასია, მაშინ ეს ფასი «მეტისმეტად» არც ჩვენ მოგვეჩვენება, - არათუ რუს პოლიტიკოსებს, რომლებიც ახალ რუსულ «ნაციას» აშენებენ.

ომი სრუტეებისთვის

            კავკასიისთვის გლობალური ბრძოლა ჯერ კიდევ მე-18-მე-19 საუკუნეებში დაიწყო. მაშინ რუსეთმა ამ რეგიონის უწინდელი მეპატრონენი – თურქეთი და ირანი ისტორიული ასპარეზიდან «გვერდზე გასწია», მაგრამ რაკი მეტისმეტი მოინდომა, საქმეში ევროპა ჩაერია, ყირიმის ომში (მე19 საუკუნის შუახანები) რუსეთი სასტიკად დაამარცხა და ბოსფორ-დარდანელის სრუტეებზე, ესე იგი კონსტანტინეპოლზე (სტამბულზე) კონტროლის მცდელობისაგან ხელი ააღებინა.
        თუ დავაკვირდებით, ომი მაშინაც კომუნიკაციებისათვის მიმდინარეობდა. უბრალოდ, იმ დროს ნავთობსადენები და გაზსადენები ჯერ კიდევ არ არსებობდა, მაგრამ ბოსფორის სრუტე მაშინაც ითვლებოდა საკვანძო პუნქტად ევრაზიაში რესურსების მოძრაობისათვის.
        რუსეთის იმპერია კავკასიას ყოველთვის განიხილავდა «პლაცდარმად» იმ რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად, რასაც ამერიკის პრეზიდენტმა ბუშმა, უკვე ჩვენს დროში «დიდი ახლო აღმოსავლეთი უწოდა». Aამ მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ მე-19 საუკუნის შუახანებისათვის მთელ კავკასიას უკვე «ორთავიანი არწივი» აკონტროლებდა.
        ეგრეთ წოდებული «საბჭოთა კავშირის» დაშლის შემდეგ ზემოჩამოთვლილი გეოპოლიტიკური თამაში არ შეწყვეტილა. პირიქით, კავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნასთან ერთად დაპირისპირებამ ახალი ძალით იფეთქა და 90-იანი წლების დამდეგიდან, გეოპლიტიკურ ძალთა შეჯახების შედეგად, კავკასიაში რამდენიმე ძირითადი მოთამაშე ჩამოყალიბდა.
        ფორმალურად პირველ ეშელონში შედიან მხოლოდ საქართველო, Aაზერბაიჯანი და სომხეთი, როგორც დე-იურედ აღიარებული სახელმწიფოები. სინამდვილეში, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა ამ რიგს დამატებოდა დე-ფაქტო წარმონაქმნები: ჯერ მთიანი ყარაბაღი, შემდეგ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.
       
       

ფანჯარა კავკასიაში

        90-იანი წლების განმავლობაში დასავლეთი (პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები) სულ უფრო აქტიურად «შემოდიოდა» კავკასიაში პოლიტიკურად, ფინანსურად, კომუნიკაციების მშენებლობით, ეკონომიკური ინვესტიციებით, მაშტაბური პროექტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, პროდასავლური ელიტის მხარდაჭერით, კულტურული გავლენით და ასე შემდეგ.
        მაგრამ ზოგადად დასავლეთის (მათ შორის ამერიკის) შეცდომა ის გამოდგა, რომ ამ ყოველივეს თან არ მოსდევდა უსაფრთხოების გარანტიები, ესე იგი დასავლეთი რეგიონში ყველა თვალსაზრისით «შემოდიოდა» და ზრდიდა გავლენას გარდა უმთავრესის – სამხედრო სტრატეგიული კომპონენტისა!
        სწორედ ამ «ფანჯრით» ისარგებლა მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ცხინვალის რაიონში ოსტატური (გბშ-ნიკური) პროვოკაცია მოაწყო, ეს რეგიონი მთლიანად დაიპყრო, კოდორის ხეობაში ეთნოწმენდა მოაწყო და ორი დე-ფაქტო რეგიონი უკევ დე-იურედ აღიარა. ანუ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იქითკენ, რომ მსოფლიომ სამხრეთ კავკასიაში უკვე არა სამი, არამედ ხუთი მოთამაშე აღიაროს «პირველი რიგის» აქტორებად: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.
        ამავდროულად, მედვედევმა ილჰამ ალიევთან ბოლო შეხვედრაზე მკაფიოდ «ჩაუნამიოკა» აზერბაიჯანელ კოლეგას, რომ თუ ბაქო ჭკუით არ იქნება, რეგიონში კიდევე ერთი «ლეგიტიმური» მოთამაშე გაჩნდება – ყარაბაღის სახით.
        მართალია დასავლეთი კვლავინდებურად მხოლოდ სამს აღიარებს, მაგრამ რუსული დიპლომატია ნემსის ყუნწში ძვრება, რათა «ჟენევის მრავალმხრივი» მოლაპარაკება ამ წარმონაქმნების ლეგიტიმაციის წყაროდ აქციოს, რაც, ჯერ-ჯერობით, არ გამოსდის.
        «პირველი ეშელონის» გარდა, კავკასიაში კიდევ სამი რეგიონული მოთამაშეა, რომელთაც «რეგიონულ ზესახელმწიფოებს» უწოდებენ. Eესენია ირანი, თურქეთი და თვით რუსეთი
        .ამ უკანასკნელს გლობალური ზესახელმწიფოს პერტენზია კი აქვს, მაგრამ საამისოდ რესურსები არ ყოფნის და ისტორიული რევანშის აღებას იმ რეგიონში (ჩვენს ხარჯზე) მაინც ცდილობს, სადაც მისი გავლენა და შესაბამისი რესურსები თუ ბერკეტები კვლავაც შემორჩენილია.
        თურქეთის გეოპოლიტიკური მიზანი საქართველოზე ცენტრალური აზიისაკენ მიმავალი კომუნიკაციების აგება-შენარჩუნებაა, რაც თურქულენოვან ხალხთა ერთობას უზრუნველყოფს.
        ირანი პირიქით, - ამ გეგმის ჩაშლას ცდილობს, რადგან სეკულარისტული თურქულენოვანი სამყარო ისლამური ირანის არსებობას მომავალში საფრთხეს შეუქმნის. სწორედ ამიტომ, ირანის ისლამური რესპუბლიკა სომხეთს უჭერს მხარს აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში.
        რაც შეეხება გლობალურ მოთამაშეებს, ამჟამად კავკასიაში ორი ასეთი «აქტორია»: ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. აქვე უნდა ითქვას, რომ რაკი უშუალო დაპირისპირებისათვის მოსკოვს რესურსები არ ეყოფა, მათი გავლენის განეიტრალებას რუსეთი ევროკავშირისა და ამერიკის დაპირისპირებით ცდილობს - თუნდაც ამ რეგიონში და თუნდაც მხოლოდ საქართველოს საკითხში მაინც, რაშიც მას გერმანიის ამჟამინდელი მმართველი ელიტა ძალიან ეხმარება.

ჭადრაკი თუ შაში

        ამრიგად, კავკასია, კვლავ ზბიგნევ ბჟეზინსკის ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, «პატარა საჭადრაკო დაფაა», რომელიც მოსკოვს სურს «შაშის დაფად» გადააქციოს.
        მოგეხსენებათ, შაში მარტივი თამაშია (ყოველ შემთხვევაში, ჭადრაკთან შედარებით) და მისი არსი ერთგვაროვანი ფიგურების შეწირვაში მდგომარეობს.
        ჩვენს რეგიონში რუსეთი დასავლეთს სწორედ შაშს ეთამაშება და არა ჭადრაკს – შემოგვწირეთ ესა თუ ის ფიგურა და მიიღებთ უპირატესობას სხვა მონაკვეთზე. Aან პირიქით, - რუსეთი შესწირავს «შტოკმანის» კოლოსალურ გაზის საბადოს დასავლეთისათვის უაღრესად ხელსაყრელ პირობებზე და, სამაგიეროდ, საქართევლოს საბოლოო «ჩაბარებას» მოითხოვს.
        თუმცა, რაკი ესოდენ პრიმიტიული «გაცვლები» ყოველთვის არ გამოსდით (რაც აგვისტოს ომმაც დაადასტურა), კრემლი არც პირდაპირი აგრესიის განხორციელებაზე იტყვის უარს. თუ, რასაკვირველია, ამის საშუალება მიეცა.
        სწორედ დასავლეთის შესაძლო რეაქციის «გამოცდაა» პროვოკაციები, რომლებიც მუდმივად ხორციელდება კონფლიქტის ზონებში. მაგალითად, მოზარდების მოტაცება და განცხადებები საქართველოს მხრიდან «ალ-ყაიდას» მხარდაჭერის შესახებ. დასავლეთში კი მრავლად არიან იდიოტები, რომლებიც ამასაც კი «ჭამენ», ოღონდ აუტკივარი თავი არ აიტკივონ.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსეთი «ჩამოჩოჩების» ტაქტიკას ირჩევს და იქამდე წავა, სანამდეც მიუშვებენ და სადაც სერიოზული პოლიტიკური ან სამხედრო წინააღმდეგობა შეხვდება.
        რა ფორმულები არ შეიქმნა ბოლო 20 წლის განმავლობაში რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად: «3+2+2» (სამი კავკასიური სახელმწიფო, პლუს თურქეთი და რუსეთი, პლუს ამერიკა-ევროკავშირი»), «სამხრეთ კავკასიური უსაფრთხოების პლატფორმა»; «კისლოვოდსკის დეკლარაცია» და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        სინამდვილეში, ფორმულა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: თუ დასავლეთს რეალურად სურს და მზადაა არ დაუშვას ამ რეგიონის სრული ინკორპორირება პუტინის მიერ აღორძინებულ «დერჟავაში» და შეინარჩუნოს ცენტრალური აზიის ენერგორესურსებთან უშუალო კავშირი (რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად), მან კეთილი უნდა ინებოს და კავკასიაში (პირველ რიგში საქართველოში) სამხედრო-სტრატეგიული უსაფრთხოების სისტემებით შემოვიდეს.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ «ენ-ჯი-ო»-ები და სავალუტო ფონდის დოლარები რუსულ ტანკებს გორთან ვერ შეაჩერებენ.

მთელ გვერდზე