საქართველო კავკასიური მიმართულებით აქტიურდება

        მას შემდეგ, რაც პრესაში გამოქვეყნდა პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულება ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკების მაცხოვრებლებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: «საერთაშორისო პოლიტიკაში პარტნიორები ასე არ იქცევიან და ამგვარ გადაწყვეტილებას ცალმხრივად არ იღებენო».
        ზოგადად, დიპლომატს რომ სირცხვილის გრძნობა არ უნდა ჰქონდეს – საყოველთაოდ ცნობილია, რადგან დიპლომატია ისეთი პროფესიაა, სხვაგვარად საქმეს ვერ გააკეთებ. მაგრამ რუსული დიპლომატია და კონკრეტულად სერგეი ოვანესოვიჩ ლავროვი (სხვათა შორის თბილისელია წარმოშობით – რა დავაშავეთ ასეთი?) მაინც რაღაც განსაკუთრებული «სქელკანიანობით» გამოირჩევა. თითქოს შუბლის ძარღვის ნაცვლად («სირცხვილის ძარღვს» რომ ეძახიან) – სხეულის რომელიღაც სხვა ნაწილიდან აიღეს კუნთი და იქ გადაუნერგეს. აბა საერთოდ ნამუსგარეცხილი არსების გარდა იმის თქმას ვინ გაბედავდა, რომ საქართველო თურმე «არაპარტნიორულად მოიქცა», როდესაც ეს საკითხი წინასწარ რუსეთთან არ შეათანხმა?
        2001 წელს, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად შემოღების დროს, მოსკოვმა თბილისს საერთოდ არაფერი ჰკითხა, როცა აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან» სავიზო რეჟიმი გააუქმა. ესე იგი, ფაქტობრივად, უკვე მაშინ აღიარა საქართველოსგან ამ ავტონომიების დამოუკიდებლობა. ახლა კი აქეთ «გვანამუსებს»: ჩვენ რატომ არ გვკითხეთ – პარტიორები ასე არ იქცევიანო. სამაგიეროდ, «პარტნიორები როგორ იქცევიან», რუსეთმა აგვისტოში დაამტკიცა: «პარტნიორები» მეზობელი ქვეყნის 20 პროცენტს იპყრობენ, ქვეყანას ბომბავენ და მერე დაპყრობილი ტერიტორიების დამოუკიდებლობას ცნობენ. თუმცა, რას ვერჩით ლავროვს? ბედნიერია სახელმწიფო, რომელსაც ასეთი უნამუსო და სინდის-სირცხვილისაგან გარეცხილი დიპლომატიური მამამთავარი ჰყავს. მით უფრო წარმატებული იქნება მისი საგარეო პოლიტიკა.
        ლავროვს არც ეშმაკობა აკლია. საქართველოს გადაწყვეტილებას მან «პროვოკაცია» კი არ უწოდა, არამედ «პროპაგანდისტული ნაბიჯი». იმიტომ, რომ ძალიან ძნელია ახსნა, რატომაა «პროვოკაცია» ვიზების გაუქმება? აი, მისი უწყების რომელიღაც უჩინარმა ჩინოვნიკიმა კი, «კომერსანტისთვის» მიცემულ ინტერვიუში თქვა «ეს პროვოკაცია და ჩრდილოეთ კავკასიის რუსეთისგან მოწყვეტის მცდელობააო». გარდა ამისა, მისთვის გაუგებარია, «ქართველი მესაზღვრეები «იმენნა» ჩრდილოკავკასიის მაცხოვრებლებს როგორ გაარჩევენ, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტებში ჩაწერის ადგილი არ აქვთ მითითებულიო».
        ეს კომენტარი უეჭველად იმას ნიშნავს, რომ გაიძვერებთან ერთად, სმოლენსკის მოედანზე მდებარე სტალინურ ცათამბჯენში კლინიკური იდიოტებიც მუშაობენ: თუ უვიზო მიმოსვლა მთელი ჩრდილო კავკასიის რუსეთისგან მოწყვეტის საშიშროებას ქმნის, მაშინ ეს რეგიონი რუსეთი არც ყოფილა და «კბილით უჭირავთ» თურმე. «ჩრდილო კავკასიელებს როგორ გაარჩევენო» – ამაზე ადვილი რა არის? თუკი ყაბარდოელს ან ინგუშს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ სურს, გარდა საზღვარგარეთის პასპორტისა, ე.წ. «შიდა პასპორტსაც» წამოიღებს, სადაც მითითებულია, სად ცხოვრობს და სად არის ჩაწერილი.
       

ლარსის ფანჯარა

        პირველ რიგში ამ შეღავათით ის კავკასიელები ისარგებლებენ, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა სამხედრო გზით, ესე იგი ყაზბეგის გავლით უნდათ. როდესაც სომხეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის ხელახალი გახსნის შესახებ, რუსმა დიპლომატებმა უცნაურად დაიჟინეს: ამ პუნქტზე რუსეთის მოქალაქეებისთვის პასპორტები არ გასცეთო. ყველა სხვა სასაზღვრო პუნქტზე შეეძლოთ მათ მოქალაქეებს ვიზის მიღება, ლარსის გარდა. ესე იგი, მოსკოვში მაშინვე არ აწყობდათ, კავკასიელებისთვის საქართველოსთან მიმოსვლა გაადვილებული ყოფილიყო.
        რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიზანს, იოლი ამოსაცნობია: ჩრდილო კავკასიაში პოლიტიკის გააქტიურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე!
        გაეროში გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, კავკასია განიხილონ, როგორც ერთიანი კულტურული ფენომენი და ერთიანი ცივილიზაცია. როგორც მინიმუმ, ეს ნიშნავს, რომ კრემლს აღარ უნდა ჰქონდეს საშუალება, ჩრდილო კავკასიელები და ქართველები ერთმანეთს დაუპირისპიროს.
        საამისოდ კი აუცილებელია ჩრდილო კავკასიაში საქართველოს დადებითი იმიჯის შექმნა, რაც ასე აშინებთ მოსკოვში. იმდენად აშინებთ, რომ ჩრდილო კავკასიის საფეხბურთო კლუბებიდანაც კი გამოყარეს ქართველი ფეხბურთელები – კავკასიელებში ქართველებისადმი სიმპატიას აღძრავენო. რაც უფრო მეტი კავკასიელი ჩამოვა საქართველოში – თბილისში, ბათუმში, სიღნაღში, - მით უფრო გაიზრდება ჩრდილო კავკასიაში საქართველოს «რბილი გავლენა». აი, ამერიკელები რომ Soft Power-ს უწოდებენ.
        რა თქმა უნდა, საქმე ეხებათ არა ბოევიკებს, ბანდიტებს, «ვახაბიტებსა» და გილაევის მსგავს მეამბოხეებს, არამედ ჩვეულებრივ ჩრდილო კავკასიელ ობივატელებს, რომლებიც სულაც არ არიან განწყობილნი აგრესიულად არც რუსეთის, არც საქართველოს მიმართ, მაგრამ ეძებენ ალტერნატივებს პირადი ცხოვრების უკეთ მოსაწყობად, უკეთესი პირობების შესაქმნელად თავისი შვილებისთვის და ა.შ.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, სააკაშვილმა – პუტინს ჯერ გაეროს ტრიბუნიდან, შემდეგ კი ამ ბრძანებულებით შესთავაზა ნორმალური, ჯანსაღი კონკურენცია ჩრდილო კავკასიელთა გულებისთვის. ვინ უფრო მოიგებს მათ გულს – რუსეთი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთი გენოციდი მოუწყო, თუ საქართველო, რომელსაც მათ მიმართ არანაირი იმპერიალისტური გეგმები არა აქვს?
        ბუნებრივია, რუსული პროპაგანდა შეეცდება იმის «გაპიარებას», რომ «საქართველო სეპარატიზმს უჭერს მხარს», მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც თვითონ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს «პიარი» არ იმუშავებს. გარდა ამისა, რუსეთს ძალიან ადვილად შეუძლია (თითქოს) ლარსზე უბრალოდ არ გამოატაროს ჩრდილო კავკასიელები. მათ ხომ ჯერ რუსულის სასაზღვრო პუნქტი უნდა გამოიარონ? მაგრამ ეს მეტისმეტად აშკარა დემონსტრირება იქნება დისკრიმინაციისა საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
        საქართველომ, უბრალოდ, ჩრდილო კავკასიელებს მესიჯი გაუგზავნა, რომ მზად არის მათთვის იქცეს «ალტერნატიულ ფანჯარად მსოფლიოში» და რომ უკვე საკმარისად კონკურენტუნარიანია, რათა უფრო მიმზიდველი მოდელი შესთავაზოს.
        ხოლო თუ იმ ფანჯარას რუსეთი მიუხურავთ – მათ იცოდნენ და რუსეთმა!

მთელ გვერდზე