ქართული ოპოზიცია ხალხს დემოკრატიას აძულებს

        მრავალი წლის წინ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დასაწყისში, მისმა თავგადაკლულმა მომხრემ, თემურ ქორიძემ საჯარო კამათის დროს განაცხადა: «ჩვენში ზოგიერთი ოპოზიციას იმიტომ ქმნის, რომ რაკი პოზიცია არსებობს, ესე იგი ჰგონიათ, ოპოზიციაც აუცილებლად უნდა არსებობდესო».
        ბუნებრივია, საბჭოთა ეპოქის დისიდენტებს გულწრფელად მიაჩნდათ, რომ ოპოზიცია მხოლოდ თავად იყვნენ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც ოპოზიციად (იგივე დისიდენტებად) უნდა დარჩენილიყვნენ, ჰოდა «ოპოზიციის- ოპოზიცია» როგორ შეიძლება?!
        ანუ მაშინვე, ესე იგი ქართული დემოკრატიის «გარიჟრაჟიდანვე» გაჩნდა დამახინჯებული წარმოდგენა ოპოზიციის არსზე. შედეგად კი მივიღეთ ვითარება, როდესაც «რა ოპოზიციაცაა, ისეთივე ხელისუფლებაა» და პირიქით.
        თავიდანვე გაუგებარი იყო და ახლაც გაუგებარია, საერთოდ რა არის და რას ნიშნავს ოპოზიცია საქართველოში? შეიძლება თუ არა ოპოზიცია ეწოდოს ხელისუფლებიდან გაბუნძულებულ – გაპანღურებულ, ამის გამო გაავებულ და გაანჩხლებულ პოლიტიკანებს, რომლებსაც სინამდვილეში არაფერი ამოძრავებდათ და არც ახლა ამოძრავებთ ბოღმისა და სიძულვილის, შურისძიების წყურვილის გარდა?
        შურისძიებისა - საშინელი «შეურაცხყოფისათვის» იმით, რომ ხელისუფლებიდან «ჰკრეს», თორემ რაიმე განსხვავებული ხედვა თუ პოლიტიკური პროგრამა არც არასდროს ჰქონიათ.

თენგიზ სიგუადან – ნინო ბურჯანაძემდე

        მაგალითად, რა განსხვავებული პროგრამა გააჩნდა თენგიზ სიგუას, რომელიც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ფანატიკურად იბრძოდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობიდან მოხსნეს და ტყეში გაიჭრა კიტოვანთან ერთად?
        დავაკვირდეთ, როგორ ჰგავს თენგიზ სიგუა ამ თვალსაზრისით (რასაკვირველია მხოლოდ ამ თვალსაზრისით) ქალბატონ ბურჯანაძეს – ლექსიკითაც კი, გამოთქმებით, ჟესტიკულაციით, თვალთა ფანატიკური ელვარებით და «შეურიგებლობით».
        ეს ოპოზიციაა თუ პიროვნული «შეურაცხყოფის» გამო დაბოღმილი და გაბოროტებული ადამიანების ერთობა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფრისთვისაა მზად, ყველაფერზე ხელის მომწერი და წამსვლელია (თუნდაც დაიქცეს ქვეყანა) ოღონდ კი საძულველი მტერი ნახოს დამცირებული და გასრესილი?
        მაგრამ, რა გასაკვირია, თუკი «ოპოზიციას» 20 წლის წინ ე.წ. «მხედრიონის» ბანდასაც უწოდებდნენ. სავსებით სერიოზულად აცხადებდნენ, რომ ესეც ოპოზიციაა, ოღონდ, «ოპოზიციის შეიარაღებული ნაწილი».
        ესე იგი არის «შეუიარაღებელი ოპოზიცია» და «შეიარაღებული ოპოზიცია». ამას სავსებით სერიოზულად ამბობდა ის ხალხი, ის (მათ შორის) «ინტელიგენცია», რომელიც დღემდე გვარიგებს ჭკუას და არ აღიარებს, რომ ეს ქვეყანა სწორედ მისმა უპასუხისმგებლობამ და პრიმიტივიზმმა დააქცია.
        ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი შეიძლება დემოკრატიას დამართო, სწორედ ისაა, რომ მოსახლეობის კოლექტიურ მეხსიერებაში და ცნობიერებაში ოპოზიციონერობა გააიგივო პირად ბოღმასთან, პიროვნულ სიძულვილთან, ბანდიტიზმთან, ყაჩაღობასთან და იარაღთან.

ნაძირალათა თავშესაფარი

        სიტყვა «დემოკრატიაც» ქართველმა პოლიტიკოსებმა შეაძულეს ხალხს, რაკი «დემოკრატიისათვის» ბრძოლა გაიგივდა ქვეყნის დაქცევასთან და განადგურებასთან. ასევე შეაძულეს ხალხს სიტყვა «ოპოზიცია», რადგან «ოპოზიციონერობა» ნაძირალათა უკანასკნელ თავშესაფრად იქცა ამ ქვეყანაში.
        ხშირად გაიგონებ – «ამ ქვეყანაში ნორმალური ხელისუფლება არ გვეღირსაო». არ გვეღირსა, რადგან არც ნორმალური ოპოზიცია გვღირსებია. მაგალითად: ოპოზიცია, რომელიც უბრალო, საცოდავ, გაჭირვებულ ადამიანებს ქუჩებს უკეტავს და თან ანამუსებს («ქუჩაში რომ ხალხს ხოცავდნენ რატომ ხმა არ ამოიღეთ – ამისთვის უნდა დაისაჯოთო») და ამ დროს «ვერ ამჩნევს», რომ მისი ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონი მაშინ (როცა «ხალხს ხოცავდნენ») პარლამენტის თავმჯდომარე იყო და «ხმა არ ამოუღია»!
        ასეთმა ოპოზიციამ რომც გაიმარჯვოს, მისი ხელისუფლება ისევე ხანმოკლე და სამარცხვინო იქნება, როგორც ნებისმიერი წინამორბედისა.
        გავიხსენოთ თუნდაც მოკლე ისტორია საქართველოს «ოპოზიციური ფენომენისა» და მისი უზნეო ალიანსები: გუშინწინ «მხედრიონთან შეკვრა», რუსული ჯარის მხარდაჭერით ხელისუფლების დამხობა, სამოქალაქო ომის გაჩაღება და მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტა; გუშინ მრავალწლიანი ვაჭრობა სხეულით და ასლან აბაშიძის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან შეკვრა – პარლამენტში «სატივტივოდ»; დღეს ოლიგარქიული კლანების დაფინანსებით ხელისუფლებასთან ბრძოლა . . . . . . . . და ყოველთვის – მტრის კარზე სირბილი ანუ «მაესტროებთან», რომლებიც ოპოზიციას ყოველთვის დაეხმარებიან, რათა მტრული ქვეყანა მაქსიმალურად დაასუსტონ.
       
       

ოცნება ოპოზიციაზე
       
       

    რას ნიშნავს «ოპოზიცია» ნორმალურ დემოკრატიაში? ეს რის «მწარე წამალი» (წამალი და არა საწამლავი) ხელისუფლებისათვის; ეს არის მუდმივი დემოკრატიული და პატრიოტული ალტერნატივა, რომელიც ყოველთვის შეიძლება მხსნელად მოევლინოს ქვეყანას, თუკი ხელისუფლებამ არ ივარგა; ეს არის არა ხელისუფლებიდან გაძევებით გაბოროტებულ, პიროვნული ბოღმითა და სიძულვილით გონებადაჩლუნგებულთა თავშესაფარი და იარაღი, არამედ მოსახლეობისათვის პოზიტიური ალტერნატიული პროგრამის შეთავაზების უნარის მქონე ძალა, რომლის პატრიოტიზმსა და მტერთან «შეუკვრელობაში» ეჭვი არავის ეპარება.
        დიდ ბრიტანეთში, წელიწადში ერთხელ, როცა დედოფალი საპროგრამო სიტყვას კითხულობს ლორდთა პალატაში (ამ სიტყვას პრემიერი უწერს) ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ლიდერები ფეხზე დგანან ლორდთა და დედოფლის წინაშე, რათა უმთავრეს საკითხში ერთობა დაადასტუროს.
        როდის გვეღირსება ასეთი სურათი საქართველოში? როდის გვეღირსება ნორმალური ოპოზიცია, რომელიც კრიმინალებს არ შეეკვრება, მტრის კარზე არ ირბენს, ხელისუფლების დაკარგვით დაბოღმილებს არ მიიღებს საკუთარ რიგებში დაფინანსების სურვილით?
        სამწუხაროდ, არაფერი მსგავსი არ ჩანს – ე.წ. «არასაპარლამენტო ოპოზიცია» ისევ რადიკალიზმის გზას ადგას და «საპარლამენტო ოპოზიციის» დისკრედიტაციას ახორციელებს.
        ესე იგი, «საპარლამენტო ოპოზიცია» სამარცხვინოა, არავაჟკაცურია, ხოლო «ვაჟკაცური» და «ღირსეული» ქუჩების ჩახერგვა და ქვეყნის დაქცევაა. მერე უკვირთ, რომ ხალხში «დემოკრატიული ღირებულებები» ვერ მკვიდრდება ან კი როგორ დამკვიდრდება, როდესაც არც ერთხელ ამ ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნებით არ შეცვლილა ან თავისი ვადა არ დაუსრულებია?
        ეს ოპოზიციის დისკრედიტაცია კი არ არის მხოლოდ, არამედ თვით დემოკრატიისა! დემოკრატია ხელისუფლებათა ნორმალურ ცვლას გულისხმობს და არა გაუთავებელ გადატრიალება – გადმოტრიალებებს, როდესაც ქვეყნის ცხოვრება კარუსელს ემსგავსება, ხოლო ამაზრზენი სანახაობით თვალებაჭრელებული ადამიანები სწრაფად მბრუნავი «კარუსელის» მონაწილეებს ვეღარც არჩევენ –რომელი ოპოზიციაა და რომელი «პოზიცია» - ერთი მასაა, რომელიც ერთნაირად სძულს, «დემოკრატიასთან» ერთად, რაკი 20 წლის განმავლობაში სასიკეთო ვერაფერი მოუტანა – განუწყვეტელი მარაზმის გარდა.

 

მთელ გვერდზე