ქართული დიალოგი

        ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების (ან დიალოგის) დაწყებას თან სდევდა ის სულისშემძვრელი სიმღერა, რომლითაც საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და თბილისში საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა, სალომე ზურაბიშვილმა «გაახმოვანა» დიალოგის ფენომენი: სატანა ჩაგვჩურჩულებს «დიალოგიოოოოოო. . . . . . დიალოგიოოოოოო».
        აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მისულმა სალომე ზურაბიშვილმა უბრალო მინერალური წყლის დალევაზე უარი განაცხადა – აქაოდა მოწამლული არ იყოსო.
        საეჭვოა ეხუმრა – ნამდვილად ასე ფიქრობდა და აქ კიდევ ერთხელ მჟღავნდება, როგორ ესმით ქართველებს «დიალოგი».
        საერთოდ, ცნობილი გამოთქმაა, რომ ადამიანი სხვა ადამიანს იმას მიაწერს, რაც თავად შესაძლებლად მიაჩნია. კოტე გაბაშვილმა სალომე ზურაბიშვილს «ფრანგული წარმოშობის ქართველი ქალბატონი უწოდა», რაშიც აშკარად შეცდა: ქალბატონი სალომე სწორედ ქართული წარმოშობისაა. თანაც ქიზიყური. ქიზიყელ უბატონო რაინდებს კი გენეტიკურად ახსოვთ, როგორ წამლავდნენ მათ წინაპრებს თელავში თუ გრემში კახელი მეფეები.

 

ორი ქართველის მონოლოგი

       

            რას ნიშნავს, ზოგადად დიალოგი? პირდაპირი მნიშვნელობით ორი ადამიანის საუბარს. მაგრამ არა მხოლოდ საუბარს, არამედ იმ ვითარებას, როცა ორი ადამიანი არა უბრალოდ საუბრობს (ლაპარაკობს) არამედ ესმის კიდეც ერთმანეთის.
        არსებობს ასეთი გამოთქმა: უსმენს, მაგრამ არ ესმის. საქართველოში ეს განსაკუთრებით ხშირია: უსმენენ ერთმანეთს, მაგრამ არ ესმით.
        აი, ხშირად გაიგონებ: «დიალოგი სხვაა და მოლაპარაკება - სხვა». სინამდვილეში მეორე პირველიდან გამომდინარეობს, ხოლო დიალოგი თავის თავში შეიცავს სწორედ იმას, რასაც «მოლაპარაკებას» ვუწოდებთ, რადგან როდესაც უსმენ, უნდა გესმოდეს კიდეც – გესმოდეს მოსაუბრის არგუმენტები, მიიჩნევდე მათ, როგორც მინიმუმ, ანგარიშგასაწევად; ითვალისწინებდე, რომ შენით არ იწყება და არ მთავრდება სამყარო; რომ სხვა ადამიანი შეიძლება ისე არ ფიქრობდეს, როგორც შენ და რომ მას აქვს ამის უფლება; რომ შენ არა ხარ ერთადერთი და განუმეორებელი; რომ შენი ინტერესების გარდა არსებობს კიდევ სხვისი ინტერესები და მათაც აქვთ არსებობის უფლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        როდესაც ამის უნარი არ გაგაჩნია, ანუ დიალოგს ვერ აწარმოებ, - უსმენ, თუმცა არ გესმის, მაშინ ვერც მოლაპარაკებას შეძლებ.
        რა არის მოლაპარაკება? ისევე, როგორც დიალოგის დროს, სხვისი არგუმენტების მოსმენის, შესმენისა და კომპრომისის უნარი! ანუ, არა აქვს მნიშვნელობა დიალოგი ფილოსოფიურ თემატიკაზე მიმდინარეობს, თუ პოლიტიკაზე – ამით არსი არ იცვლება.
        აი, აქ კი ყრუ კედელს ვაწყდებით ქართველები, რასაც საქართველოს შორეული და უახლესი ისტორია მთლიანად ადასტურებს.
       
       

მტანჯველი კომპრომისი

   

        საქართველოში მოლაპარაკების, დიალოგის ტრადიცია უბრალოდ არ არსებობს. ჩვენი ეროვნული ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ნებისმიერი დათმობა აღიქმება, როგორც გამოუსწორებელი მარცხი, საკუთარ ადამიანობაზე და «კაცობაზე» უარის თქმა, სიცოცხლის დასასრული.
        საოცარია – არსად სხვაგან ამას ასე არ აღიქვამენ. თანაც, მოლაპარაკება და კომპრომისი ხომ ორმხრივ დათმობას ნიშნავს?! ნორმალურ ქვეყნებში, ნორმალურ საზოგადოებებში ორმხრივი დათმობა გულისხმობს, რომ ორივე მხარე თავს გამარჯვებულად გრძნობს. საქართველოში კი პირიქით, - ორივე მხარე, კომპრომისის შემთხვევაში თავს სამარცხვინოდ დამარცხებულად მიიჩნევს! აქედან გამომდინარე, კომპრომისიც გამორიცხულია და ომი გრძელდება მტრის დამარხვამდე, სრულ განადგურებამდე, ოჯახიანად ამოწყვეტამდე და ასე შემდეგ.
        «მოლაპარაკებათა ისტორია» უახლეს პერიოდში 1991 წლიდან იწყება, როდესაც «მაგიდას მიუსხდნენ» ერთის მხრივ «ზვიადისტები» და, მეორეს მხრივ, «ანტიზვიადისტები».
        დიალოგი მაშინ თითქოს საპატრიარქოს ეგიდით მიმდინარეობდა და მხარეებს, ესოდენ ავტორიტეტული შუამავლის წყალობით, კომპრომისისთვისაც უნდა მიეღწიათ. მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ – რის კომპრომისი, სულ მალე რუსთაველის გამზირი სისხლით მოირწყა და ქუჩაში თავმოკვეთილი გვამები ეყარა.
        აი, დღესაც ბევრს უკვირს: რატომ არ ერევა საპატრიარქო და პირადად პატრიარქი პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რატომ არ სთავაზობს მხარეებს კონკრეტულ გეგმას, საგნობრივ კომპრომისს (ზოგადი ფრაზების გარდა)? იმიტომ, რომ მაინც არ შეისმენენ და ეკლესიის ავტორიტეტი შეილახება! ისევე, როგორც არ შეისმინეს მაშინ - 1991 წელს, როდესაც რუსთაველზე თენგიზ კიტოვანის დაუვიწყარი «ჰაუბიცის» ბათქა - ბუთქი ატყდა და მის ფონზე, გურამ პეტრიაშვილის შემდეგ, ტელეეკრანზე საპატრიარქოს საცოდავი წარმომადგენელი გამოჩნდა: რა ვქნათ, ეკლესიის აზრს არ ისმენენ და როცა არ ისმენენ, ეკლესიაც უძლურიაო.
        ანუ მაშინაც, ქართული «დიალოგი» დასრულდა იმით, რითაც სრულდება ხოლმე ყოველთვის, ესე იგი ომიტ და ერთ-ერთი მხარის გასრესით. თუნდაც ამას მთელი ქვეყნის ინტერესები შეეწირა, აფხაზეთში საზარელი ომი დაიწყო, სამეგრელო მოოხრდა, ეკონომიკა განადგურდა, სახელმწიფო დაიშალა და მთელი მსოფლიოს ზიზღის საგნად იქცა.
        სამაგიეროდ, თენგიზ სიგუამ თავისი გაიტანა და მოსისხლე მტერს, - ზვიად გამსახურდიას არაფერი დაუთმო. ეს ხომ სასტიკი მარცხი იქნებოდა? ამის შემდეგ როგორღა უნდა ეცხოვრა? ზვიად გამსახურდიამაც რაიმე დათმობას ისევ ხიბულას ტყვია და გროზნოს საფლავი არჩია


        ქართველ პოლიტიკოსთა ქართული ავადმყოფობა
       
       

        მომდევნო ეპოქაში დიალოგი თითქოსდა შედარებით მშვიდობიან თემებზე მიმდინარეობდა: სხვადასხვა პარტიებს, პოლიტიკურ ლიდერებს, სოციალურ ჯგუფებსა და ფენებს შორის.
        თუმცა, მისი შინაარსი არ შეცვლილა. 1998 წლიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგალითად «დიალოგი» ედუარდ შევარდნაძესა და მის მიერვე შექმნილი «მოქალაქეთა კავშირის» ლიდერებს შორის - მინისტრთა კაბინეტის შექმნის შესახებ.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას: შევარდნაძეს რომ დიალოგის უნარი ჰქონოდა (ანუ კომპრომისისა იქ და მაშინ, როდესაც საქმე მის ძალაუფლებას ეხებოდა) იგი 2003 წლის თავსლაფდასხმას გადარჩებოდა.
        რას სთხოვდნენ ბოლოს და ბოლოს ჟვანია, სააკაშვილი და ბურჯანაძე? მინისტრთა კაბინეტის შექმნას, 2005 წლისთვის კი საპატიო პენსიას. მაგრამ ეს ხომ საშინელი, ტრაგიკული, მტანჯველი დათმობა იქნებოდა?! ამიტომ ბრძოლა უკანასკნელ შეჯახებამდე, სისხლისღვრის ზღვარზე, როცა პარლამენტი ორივე მხრიდან შეიარაღებული ხალხით იყო სავსე და ერთ გასროლას ქვეყნის ისტორიის შეცვლა შეეძლო. Uუფრო სწორად, მისი დაბრუნება წარსულ მარაზმში.
        ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. დავაკვირდეთ, როგორ აღიქვეს მოლაპარაკების მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული დიალოგის» შედეგი? – სრულ უშედეგობად!
        რატომ? იმიტომ, რომ ისევ და ისევ «უსმენენ, მაგრამ არ ესმით».
        «ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანაში ყველაფერი არის ძალიან ცუდად; ისინი კი თვლიან, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად!».
        ისევ ორი შეუთავსებელი პოლუსი, შეურიგებელი დაპირისპირება, «დიამეტრალური უარყოფა» და ასე შემდეგ.
        Yყველაზე კომიკურად ისევ ის ევროპელები გამოიყურებიან, მაგალითად პიტერ სემნები, ვინც ქართველების დიალოგში ჩართვას ცდილობს. იგი ევროპელია და იმ კულტურაში გაიზარდა, სადაც არა მხოლოდ უსმენენ, არამედ ისმენენ, სადაც კომპრომისი აღიქმება, როგორც ორივე მხარის გამარჯვება და არა ორივეს დამარცხება; სადაც კონფლიქტის საფუძველი გიჟური პიროვნული სიძულვილი კი არა არის, არამედ ჯანსაღი ინტერესები. ინტერესთა ჩვეულებრივი კონფლიქტის დროს კი, ნორმალური ადამიანები ყოველთვის იპოვიან გამოსავალს, ყოველთვის მიაგნებენ კომპრომისს.
        მაგრამ როგორ მიაღწევ კომპრომისს, როდესაც სასწორზე მთელ ცხოვრებას, საკუთარ ადამიანობას, «კაცობას» და «ქალობას» შედებ? როდესაც ერთადერთ მისაღებ შედეგად მხოლოდ მოწინააღმდეგის სრულ გასრესასა და მოსპობას მიიჩნევ?
        კი მაგრამ, ეს ხომ აბსოლუტურად გამორიცხულია?!!!
        რა მოხდებოდა, ზვიად გამსახურდიას რომ 1991 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, ხოლო თენგიზ სიგუას მისი «ცოცხლად ამოწვის» იდეაზე ხელი აეღო?
        რა მოხდებოდა ედუარდ შევარდნაძეს რომ 2000 წელს მინისტრთა კაბინეტი შეექმნა, ხოლო «მოქკავშირის ლიდერებს» ძალისმიერი სტრუქტურები მისთვის დაეტოვებინათ?
        დღეს რომ ოპოზიცია საპარლამენტო რესპუბლიკას დათანხმდეს, ხოლო ხელისუფლებამ არჩევნები დროში ცოტა გადმოსწიოს?
        ქვეყნისათვის არაფერი ცუდი არ მოხდებოდა და არ მოხდება. მაგრამ ეს ხომ კომპრომისია?! ეს ხომ სასირცხვო მარცხია?! ამის შემდეგ ხომ ცხოვრება საერთოდ აღარ ღირს?!!!
        ამიტომ არა და არა, - ბრძოლა ბოლომდე, მტრის გასრესამდე, სისხლის გუბეებამდე და დამწვარ გვამებამდე!!!
        დიალოგი ბერძნული სიტყვაა.
        ჩვენ ქართველები ვართ!!!

რა ხდება სხვაგან?

           

           ბუნებრივია, ევროპელებს ერთ დღეში არ მიუღწევაით ვითარებისათვის, როდესაც ყველა საჭირბოროტო საკითხს დიალოგით წყვეტენ და კომპრომისი ბუნებრივ მოთხოვნილებად მიაჩნიათ.
        იქაც იყო დრო, როდესაც მონარქთა თუ ჰერცოგთა «იპოხონდრიებს» ასეულობით ათასი ადამიანი ეწირებოდა. მაგრამ ამ ავადმყოფობის დაძლევაში ისევ და ისევ დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა დაეხმარათ.
        ესე იგი, დემოკრატიული სახელმწიფო თავის თავში მოიცავს კონფლიქტის მოლაპარაკებით და კომპრომისით გადაჭრის საშუალებასა და მექანიზმებს;
        თანაც ისე, რომ ეს სახელმწიფოებრივი ტრადიცია საზოგადო ჩვევაც ხდება.
        დღეს ევროპის ქვეყნებში წარმოუდგენელია ვითარება, - ოპოზიციის ლიდერებმა ელისეის სასახლეს ან ვესტმინსტერს მრავალთასაიანი ბრბო მიაყენონ და პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენონ.
        სინამდვილეში წინააღმდეგობები როგორ არ არსებობს, მაგრამ მათი გადაჭრა ხდება კულუარებში - იმის გათვალისწინებით, რომ წამოუდგენელია ბრიტანელმა ან ფრანგმა «გრეჩიხამ» მომხრეებს უღირალოს – ნუთუ არ მენდობით რომ მოლაპარაკებებზე ჩემს კერძო ინტერესებს კი არა, თქვენს მოთხოვნებს დავაყენებო.
        ამგვარი რამ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში უკვე ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა. Gგამონაკლისია სტუდენტური მოძრაობა საფრანგეთსა და ევროპაში 1968 წელს, მეშახტეთა მრავალთვიანი გაფიცვა ინგლისში და ინგლისურ-ირლანდიული წინააღმდეგობა ირლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში.
        1968 წელს, «ჰიპების» მოძრაობის ზენიტში, სორბონას უნივერსიტეტის სტუდენტებმა მრავალთვიანი გაფიცვა მოაწყვეს – დალეწეს და გაანადგურეს შენობაში, რისი დაწვა-დამტვრევაც შეეძლოთ. ამის მიუხედავად, ხელისუფლება მშვიდად, მრავალი თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას მანამ, სანამ სტუდენტები თვითონ არ მიხვდნენ, რომ «ყვავილების ხელისუფლებას» ვერ შექმნიდნენ;
        1980 წელს მარგარეტ ტეტჩერმა გაფიცულ მეშახტეებს მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა; ეს უკანასკნელნი 8 თვის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, ამასობაში კი, საბჭოთა პროფკავშირების ფულით შავიზღვისპირა კურორტებზე ისვენებდნენ, ანუ ყველა შესაძლებლობა გააჩნდათ პროტესტი გაუთავებლად განეგრძოთ, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებულნი გახდნენ დანებებოდნენ, რაკი პარლამენტში წარმოდგენილმა «ლეიბორისტულმა» პარტიამ ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებს მხარი არ დაუჭირა: «გადაწყვიტოს არჩევნებმა!» ასეთი იყო საერთო პოზიცია.
        არჩევნებმაც გადაწყვიტა, რომ ტეტჩერის კონსერვატორები კიდევ 17 წელი დარჩნენ ქვეყნის სათავეში.
        რაც შეეხება ჩრდილოირლანდიელ მეამბოხეებთნ მოლაპარაკებას, იგი 30 წლის განმავლობაში გაიწელა, რამდენიმე ირლანდიელი «სასიკვდილო შიმშილობით» დაიღუპა, მაგრამ ბოლოს კომპრომისის საფუძველი მაინც მოქმედი კანონმდებლობა გახდა.
        ანუ, ყველა შემთხვევაში მოლაპარაკება მთვრდებოდა ისეთი კომპრომისით, რომელიც არსებულ კონსტიტუციას ეყრდნობოდა და საკითხს საბოლოოდ არჩევნები წყვეტდა.
        ცალკე თემაა მოლაპარაკება დასაქმებულებსა და «დამსაქმებლებს» შორის, ესე იგი პროფკავშირულ გაფიცვები. ხშირ შემთხევვაში მათ პოლიტიკური დატვირთვა საერთოდ არ ჰქონდათ და ხელისუფლებაც თითქმის არ ერეოდა.
        აქედან კი კვლავ და კვლავ გამომდინარეობს დასკვნა: დასავლეთში, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, კომპრომისი მიღწევადია მხოლოდ არსებული, უკვე ჩამოყალიბებული «თამაშის წესების» საფუძველზე, როდესაც მხარეები ერთმანეთის კანონიერ ინეტრესებს ითვალისწინებენ.
        ყველგან, სადაც საქმე ეხება ძალისმიერ ზეწოლას, ხელისუფლება არნაირ დათმობაზე არ მიდის და პოლიტიკური ოპოზიცია მას მხარს უჭერს, რაკი საერთო თამაშის წესთა დარღვევისა თვითონაც ეშინიათ.
        აქამდე ჩვენ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დიდი გზა და ბევრი თავპირისმტვრევა გველის.

მთელ გვერდზე