სახელმწიფოებრივი კულტურა
    
       

        თითოეულ ქართველს ბავშვობიდან გვინერგავდნენ და გვინერგავენ რწმენას, რომ საქართველო არის უძველესი სახელმწიფოებრივი კულტურის ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოებრივი ტრადიცია არათუ საუკუნეებს (რას მიქვია ბრიტანელები და ფრანგები), არამედ ათასწლეულებს ითვლის.
        ხაზს ვუსვამ: საუბარია არა კულტურაზე ზოგადად, რომელიც ნამდვილად ითვლის ათასწლეულებს, არამედ სწორედ სახელმწიფოებრივ კულტურაზე.
    დისკუსიაც კი გაჩაღდა პრესის ფურცლებზე: რამდენ ათასწლეულს «მოიცავს» ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორია. აქ ისევ და ისევ სახელმწიფოებრივი ტრადიციის ხანგრძლივობა იგულისხმება და არა ზოგადი კულტურის ხანდაზმულობა.
        მრავალი პატივცემული გვამის აზრით, საქართველოს სახელმწიფოებრივი ტრადიცია ორი ათას ხუთასი წლით უნდა განისაზღვროს. სხვები უმალვე შეედავენ («მაშ კოლხეთის სამეფო?!») და სამიათასორასწლოვან სახელმწიფოებრივ ტრადიციას ქადაგებენ.
        ბევრს ესეც არასაკმარისად მიაჩნია, ამიტომ «ხუთიათასწლოვან» ტრადიციაზე საუბრობს. გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც შუმერი ძველ ქართულ სახელმწიფოდ გამოაცხადა, ამიტომ ქართული სახელმწიფოებრივი ტრადიცია სადღაც 5-6 ათასწლოვანი გამოდის.
        90-იანი წლების დასაწყისში, ქართველ მეცნიერთა ნააზრევი ამ თემაზე ვლადისლავ არძინბამ ერთ-ერთ დასავლურ სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნა და მეცნიერულ ანეგდოტად აქცია. თუმცა, ჩვენთვის აქ სასაცილო არაფერია - ეს ეროვნული ტრაგედიაა. ამ საკითხში აფსუებიც კი ჩვენზე თავდაჭერილები აღმოჩნდნენ: არძინბას არაერთგზის უთქვამს, რომ «აფხაზეთის სახელმწიფოებრივი ისტორია ჩ.წ. VIII საუკუნიდან იწყება». არადა, «ჩვენი ლოგიკით» მათაც შეეძლოთ განეცხადებინათ პრეტენზია აბაზგთა და აფშილთა გაერთიანებებზე (ისინიც გამოეცხადებინათ «სახელმწიფოებად») რომლებიც გაცილებით ადრე იყვნენ ცნობილნი და უეჭველად თანამედროვე აფსუათა (ადიღეველთა) წინაპრები არიან.
        მაგრამ «უძველესი სახელმწიფოებრივი ტრადიციის» ქადაგება ქართველ ინტელიგენციას ისევ და ისევ ქართველი ერის უნიკალურობის დასადასტურებლად დასჭირდა, რათა ეს ფენომენიც გამოეყენებინა არგუმენტად ერის შეკრება-კონსოლიდაციის პროცესში.
        სინამდვილეში, «საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიცია», რა თქმა უნდა ლამაზი ზღაპარია. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველო სულ 100-150 წელი თუ იყო ერთდროულად სუვერენული და ერთიანი სახელმწიფო. ზოგიერთი რომ გაიძახის «განა შუა საუკუნეების ქართლი და კახეთი ან იმერეთი სახელმწიფოები არ იყვნენო» – ისინი სწორედ «ქართლურ» და «კახურ» ტრადიციას ქმნიდნენ და არა ერთიანი საერთოქართული სახელმწიფოებრიობის ტრადიციას.
        ქართული კულტურა (ზოგადად) ნამდვილად მოიცავს რამოდენიმე ათასწლეულს, მაგრამ სახელმწიფოებრივი კულტურა, სახელმწიფოებრივი ტრადიცია სულ სხვა ცნებაა.
        (თუ გულწრფელნი ვიქნებით, საქართველოს წვლილი მსოფლიო ცივილიზაციასა და კულტურაში დაახლოებით ისეთივე მასშტაბისაა, როგორც ქართული ფეხბურთის (თბილისის «დინამოს») წვლილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. თუმცა, პატარა ერისათვის რასაკვირველია არც ეს არის ცოტა .)
        აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოებრივი კულტურა მხოლოდ სახელმწიფო ტრადიციით, მისი ხანგრძლივობით და უწყვეტობით არ განისაზღვრება. მაგალითად, სომხებს XII-XIII საუკუნიდან სახელმწიფო (არათუ სუვერენული, არამედ ავტონომიურიც) არ ჰქონიათ, მაგრამ როდესაც საქმე-საქმეზე მიდგა, მათ გაცილებით მყარი სახელმწიფოებრივი მენტალიტეტი აღმოაჩნდათ. აღარაფერს ვამბობ ებრაელებზე, რომელთაც სახელმწიფო ჩვ. წ. 70 წლიდან - 1948 წლამდე არ გააჩნდათ.
        რეალურად ჩვენ რა სახელმწიფოებრივი ტრადიცია თუ კულტურა გაგვაჩნდა - სწორედ «მოძრაობის» წლებში გამოვლინდა. ეს გახლავთ უმთავრესი დასკვნა, რაც უეჭველად გამომდინარეობს «ეროვნული მოძრაობის» (1988-1993 წწ) მიუკერძოებელი ანალიზიდან: იმ მოვლენებში, სამწუხაროდ, ქართველი ერის არაშეკრებილობა, სახელმწიფოებრივი უკულტურობა, მისი არაპასიონარულობა (არაპასიონარულობადობა), სახელმწიფოებრივი ტრადიციის სიმყიფე და სისუსტე აისახა.

        აბა რომელი სახელმწიფოებრივად კულტურული ერი დაუშვებდა იმას, რაც საქართველოში მოხდა 1988 წლიდან?
        რომელი სახელმწიფოებრივად კულტურული ერი დაუშვებდა, რომ საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური და პოლიტიკური დომინანტები შეექმნა არა ელიტას (როგორი კორუმპირებულიც არ უნდა ყოფილიყო, იგი მაინც ყველაზე კომპეტენტური ნაწილია ერისა და ყველაზე უკეთ უნდა აცნობიერებდეს ძირითად ეროვნულ ინტერესს) არამედ ფაქტობრივად ლუმპენურ ელემენტებს, აშკარად სულიერად და ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანებს?!
        რომელი სახელმწიფოებრივად კულტურული ერი დაუშვებდა 9 აპრილს?
        რომელი სახელმწიფოებრივად კულტურული ერი აირჩევდა ისეთ ხელისუფლებას, როგორიც ჩვენ ავირჩიეთ 1990 წლის 28 ოქტომბერს?
        მაგრამ რაკი აირჩია, რომელი სახელმწიფოებრივად კულტურული ერი დაუშვებდა კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას კრიმინალურ ნაძირალათა ბანდის მიერ?
        რომელი სახელმწიფოებრივად კულტურული ერი გააგრძელებდა სამოქალაქო ომს მაშინ, როდესაც აფხაზეთში სამამულო ომი მიმდინარეობდა და საქართველოს ბედი ბეწვზე ეკიდა? ლოთი ქობალიაც ხომ წმინდად «ქართული ფენომენია».
        რომელი სახელმწიფოებრივად კულტურული ერი შეურიგდებოდა «მხედრიონის» ფენომენის არსებობას?

        დიახაც ერის სახელმწიფოებრივი უკულტურობის გამოვლინება იყო და არის «ბაღვაშობა» (ყველაზე ბნელი მოვლენა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში), რომლის ზუსტი გამოხატულება გვყავს თანამედროვე საქართველოში - თუ ვინმეს ჰგონია, ლიპარიტ ბაღვაშს, სარგის ჯაყელს, ყვარყვარე ათაბაგს ან როსტომ რაჭის ერისთავს სხვაზე ნაკლებ «ქართველად» მიაჩნდა თავი, ძალიან ცდება. სწორედ ეს გახლავთ ამ დამანგრეველი ფენომენის თავისებურება.

        ახლა ვინმეს რომ უთხრა: უზბეკები ქართველებზე უფრო სახელმწიფოებრივად კულტურული ერიაო - უეჭველად განრისხდება! მაშ ევრაზიული დერეფანი? დემოკრატიული კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები, პარლამენტარიზმი, ევროსაბჭო, - ისლამ კარიმოვი კი ფაქტობრივად ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას!
        ეს ყოველივე სიმართლეა, მაგრამ ერის სახელმწიფოებრივი კულტურა მხოლოდ დემოკრატიაში როდი მჟღავნდება. უფრო ზუსტად, დემოკრატია უმაღლესი სახელმწიფოებრივი კულტურის გამოვლინებაა, მაგრამ ხშირად იგი (დემოკრატიული ფორმა-ანტურაჟი) მხოლოდ დეკორაციაა, შირმაა, რომელიც უკულტურობას, სახელმწიფოებრივი ტრადიციის სისუსტეს ფარავს - როგორც ჩვენს შემთხვევაში.
        დემოკრატიის პრობლემა ერთია, ხოლო სახელმწიფოებრიობისა, თუნდაც მონათესავე, მაგრამ მაინც სხვა პრობლემა.
        ერის სახელმწიფოებრივი კულტურა (ვიმეორებ) ვლინდება საკუთარი ელიტისადმი მიმართებაში; აგრეთვე იმაში, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ზოგადად კანონთან და კანონიერებასთან; როგორია მისი განწყობა ხელისუფლების (არა კონკრეტული ხელისუფლების, არამედ ზოგადად ხელისუფლების, «ხელისუფლების როგორც ასეთის») მიმართ.
        ერის სახელმწიფოებრივი კულტურა მჟღავნდება პოლიტიკურ კულტურაში ისტორიულად კრიტიკული ვითარებისას. სახელმწიფოებრივად კულტურულ ერს იმავდროულად (ყოველთვის) მაღალი პოლიტიკური კულტურა აქვს და გონიერი, წინდახედული, პასუხისმგებლობით აღსავსე ელიტა ჰყავს.
        ასეთი ერი პოლიტიკურ ტექნოლოგიასაც მასობრივად ფლობს. მაგალითად, ეს ერი არაფრის დიდებით არ დაუშვებს 9 აპრილის მსგავს სისხლიან სისულელეს.
        ქართველთა ყბადაღებული ანტისახელმწიფოებრივი ინდივიდუალიზმიც, ანუ ის, რომ «ჩვენში ყველა ნაბიჭვარს მეფობა უნდა და ყველა ნაცარქექიას - მთავარსარდლობა» ან «უჩემოდ ვით იმღერეთა», - აგრეთვე სახელმწიფოებრივი უკულტურობის გამოვლინებაა.
        ისევე, როგორც ის გარემოება, რომ ვერა და ვერ მოხერხდა ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთმიმართების ჩამოყალიბება მასასა და ელიტას შორის ანუ ელიტის (მათ შორის პოლიტიკური ელიტის) პასუხისმგებლობის ქმედითი მექანიზმის გამომუშავება.
        იმავე სინდრომის გამოვლინებაა ყბადაღებული კორუფცია, ოღონდ არა მხოლოდ «ელიტარული», არამედ მასობრივი («წვრილმანი») გამოვლინებით.

        არსებობენ სოციალური მიმართებები, რომლებიც სახელმწიფოებრივი შინაარსის (სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური წყობის) ცვლილებასთან ერთად არ იცვლებიან. ისინი თვით სახელმწიფოებრიობის თანამდევნი არიან განურჩევლად იმისა, მონარქიულია ეს სახელმწიფო თუ რესპუბლიკური, ტოტალიტარული სოციალ-ეკონომიკური შინაარსი აქვს თუ საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება. ამ მიმართებათა ერთობლიობას პირობითად სახელმწიფოებრივი მენტალიტეტი შეიძლება ვუწოდოთ.
        თურქეთი ჯერ სასულთნო იყო, ახლა რესპუბლიკაა, მაგრამ ეს ცვლილებანი სახელმწიფოებრივ მენტალიტეტსა და შესაბამის კულტურაზე ზეგავლენას ვერ ახდენენ.
        ასევე რუსეთი - ჯერ მონარქია გახლდათ, შემდეგ კომუნისტური იმპერია, ახლა ფედერაციული საპრეზიდენტო რესპუბლიკაა.
        საფრანგეთში უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში სახელმწიფო წყობა 5-ჯერ შეიცვალა, მაგრამ ფრანგები კვლავინდებურად ინარჩუნებენ სახელმწიფოებრივ მენტალიტეტს, რომელიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩამოუყალიბდათ, როცა საფრანგეთში აბსოლუტური მონარქია იყო.
        რაკი აფსუებმა კრიტიკულ ისტორიულ პერიოდში (მათ შორის ომის დროს) ჩვენზე მეტად და უკეთ მოახერხეს ორგანიზება (სწორედ ორგანიზებულობით და კონსოლიდირებულობით დაგვამარცხეს), მაშასადამე დიახაც მეტი სახელმწიფოებრივი კულტურა, უფრო მეტად განვითარებული და მყარი სახელმწიფოებრივი მენტალიტეტი აღმოაჩნდათ, ვიდრე ჩვენ - ქართველებს. დაუჯერებელია? მაგრამ ხომ ფაქტია!
        სახელმწიფო ერის ორგანიზების ფორმაა. მაშასადამე ერის სახელმწიფოებრივი კულტურა იმით მჟღავნდება, თუ რამდენად შესწევს მას ორგანიზების უნარი. ამაში ვლინდება აგრეთვე, რამდენად მყარია ერის სახელმწიფოებრივი მენტალიტეტი.

            სხვაგვარი ახსნა იმისა, თუ რატომ მოხდა მაინცდამაინც საქართველოში ის, რაც მოხდა 1988-1993 წლებში და არ მოხდა იგივე სხვა რესპუბლიკებში - უბრალოდ არ არსებობს. «კრემლის სპეცსამსახურები», КГБ, ГРУ ყველგან მოქმედებდნენ, მაგრამ ესოდენ «ტრიუმფალურ წარმატებას» (როგორც საქართველოში) - ვერსად მიაღწიეს.
        ისმის ბუნებრივი კითხვა: რატომ? რატომ ვერ მოახერხეს სხვაგან სამოქალაქო ომის ინსპირირება - ხელისუფლებაში უმეცარი და არაკომპეტენტური ხალხის მოყვანა, შემდეგ კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის პროვოცირება, რასაც ნებისმიერ შემთხვევაში გამანადგურებელი შედეგი მოჰყვებოდა სახელმწიფოებრივი მდგრადობის თვალსაზრისით?
        პასუხი ერთადერთია - იმიტომ, რომ სხვაგან იმ ერთა (ლიტველთა, უზბეკთა, ესტონელთა, ყირგიზთა) სახელმწიფოებრივმა მენტალიტეტმა, სახელმწიფოებრივმა ინსტიქტმა (რომლის მოტყუება ძალიან ძნელია) ანუ მთლიანობაში სახელმწიფოებრივმა კულტურამ (იგივე «შეგნებამ») და ელიტის მაღალმა პასუხისმგებლობამ არ მისცათ ამის საშუალება.
        სუსტი სახელმწიფოებრივი მენტალიტეტის მქონე ერი კი, რომელსაც, სინამდვილეში (ინტელიგენციის ბაქი-ბუქის მიუხედავად), მყარი სახელმწიფოებრიობის ტრადიცია არასდროს ჰქონია, ანუ შესაბამის ჩვევები და უცთომელი ინსტიქტი არ გააჩნდა, - სულ ადვილად იქცა იმპერიულ სპეცსამსახურთა სათამაშო თოჯინად, მათი წარმატებული «ექსპერიმენტებისა» და ოპერაციების ობიექტად.
        კვლავ და კვლავ ვიმეორებ: ქართული მატერიალური და სულიერი კულტურა (ზოგადად) მართლაც ითვლის ათასწლეულებს - ელვარებითა და მშვენიერებით იგი არავის და არაფერს ჩამოუვარდება, მაგრამ სახელმწიფოებრივი კულტურა, - ნურას უკაცრავად, სულ სხვა ცნებაა! მას სულ სხვა თვისებები, სულ სხვა «სიყვარული» სულ სხვა «ერთგულება», სულ სხვა «ტაძრეულობა» (соборность), სულ სხვა «შეგნება» ესაჭიროება.

        ამ თვალსაზრისითვე, უბრალოდ საოცარია ის სტერეოტიპები, რომელსაც, ინტელიგენციის მხარდაჭერით, «მოძრაობა» ამკვიდრებდა მასობრივ ცნობიერებაში. «მზა პასუხს» ამ შემთხვევაში არანაირი კავშირი რეალობასთან და მიზანშეწონილობასთან არ ჰქონდა.
        მაგალითად: «რუსეთია ყველა ჩვენი პრობლემის მიზეზი და წყარო».
        კი მაგრამ, რუსეთის ბრალია თუ XV საუკუნის შემდეგ ერთიანი და სუვერენული სახელმწიფროებრიობა არ გვქონია? რუსეთის ბრალია, მაგალითად, რომ 1783 წლისათვის 5-6 «საქართველო» არსებობდა, რომელთაც სარწმუნოების, ენისა და დამწერლობის გარდა სახელმწიფოებრივად არაფერი აერთიანებდათ? რუსეთის ბრალია, თუ შაჰ აბასმა XVII საუკუნის დასაწყისში ბორჩალუს ტომი ჩაასახლა ქვემო ქართლში? რუსეთის ბრალია, რომ XV საუკუნეში თურქეთმა აფხაზეთი დაიპყრო და იქ ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სისტემები მოსპო? ბოლოს და ბოლოს რუსეთის ბრალია, თუ II ათასწლეული მიწურულისათვის (ამ აზრით 19 საუკუნეც ათასწლეულის მიწურულია ისევე, როგორ 1991-1993 წლები) ჩვენ ჯერ ტრაიბალიზმის (ანუ ეთნიკური კონსოლიდაციის) პრობლემაც კი არ გვქონია გადაწყვეტილი და ისიც ვერ გაგვერკვია თუ ვინა ვართ, რანი ვართ საიდან მოვდივართ და საით მივდივართ?
        სულმნათი ილია ჭავჭავაძე რომ არა, ალბათ დღემდე არც გვექნებოდა გარკვეული.

        დავაკვირდეთ ამ თვალსაზრისით (ანუ სახელმწიფოებრივი კულტურის გამოვლინებებით) საკუთარ ისტორიას. უამრავ საოცრებას აღმოვაჩენთ, რომელსაც სხვა ახსნა არ მოეძევება.
        აი, მცირე მაგალითად: «1360 წელს, ქუთაისს, ბაგრატის ტაძარში მეფედ აკურთხეს ბაგრატ მეხუთე. შინაფეოდალური აშლილობის ჟინით შეპყრობილმა სვანეთის ერისთავმა ვარდენისძემ, როგორც კი ბაგრატი აღმოსავლეთ საქართველოში გაიგულა, ქუთაისს დაეცა, აიღო, გაძარცვა და გადასწვა. ამ ამბის მცნობი ბაგრატ მეფე სასწრაფოდ გადავიდა დასავლეთ საქართველოში, ვარდანისძე შეიპყრო, ბორკილები დაადო და ციხეში გამოკეტა. ქვეყნის დაწყნარების შემდეგ შეიწყალა, მაგრამ სვანეთის ნაცვლად გურიის ერისთავად დანიშნა(!!!-ავტ.). (მიხეილ რეხვიაშვილი, ნუგზარ რეხვიაშვილი «საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XX საუკუნის 30-იან წლებამდე. ქუთაისი, სს «სტამბა» 2000 წელი)
        ამ ეპიზოდს ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ - ამას კომენტარი არ სჭირდება.
        თუმცა, ეს «წვრილმანია». უფრო სერიოზული მოვლენის შესახებ: ბავშვობიდან ჩაგვინერგეს შეხედულება, თითქოს შუა საუკუნეების საქართველოს უსაშინლესი, შემაძრწუნებელი მოვლენა, «ტყვის სყიდვა», თურქების ხელით ხორციელდებოდა - მოძალადე თურქები იტაცებდნენ ქართველ ბავშვებს და სტამბულის ბაზრებზე ჰყიდდნენ. არადა, ისტორიული სინამდვილე ბევრად გამაოგნებელი და შემზარავია.
        აი, გამანადგურებელი ფაქტები მამ-შვილ რეხვიაშვილების იმავე წიგნიდან: «ეს არ იყო ბრძოლაში დამარცხებული, ტყვედ ჩავარდნილი მოწინააღმდეგის დამონება, რაც მონობის ძირითადი წყარო იყო მონათმფლობელურ საზოგადოებაში, არც შავკანიანთა წასხმა ახალ მატერიკზე პლანტაციებზე სამუშაოდ, - ეს იყო ქართველების მიერ ქართველებისავე მოტაცება (ძირითადად მოზარდებისა და ახალგაზრდების) უცხოეთში მონათა ბაზარზე გასაყიდად. (გვ.612)
        ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ განსაკუთრებით დიდი მუშტარი ჰყავდა 12-13 წლის გოგონებს, ამიტომ მათი მოტაცება და სტამბულის ბაზრამდე «უვნებლად» ჩაყვანა დიდ მოგებას გულისხმობდა.
        რუსეთის მეფის, მიხეილ თევდორეს ძის კარზე მყოფი საქართველოს ელჩი, მიტროპოლიტი ნიკიფორე 1639 წელს მას მოახსენებდა: «არა მხოლოდ სამეგრელოს მფლობელი ლევანი ჰყიდის ადამიანებს, არამედ მამა - შვილს, ძმა - ძმას, ქმარი - ცოლს, ცოლი - ქმარს ჰყიდის და იქ ჩამოსულ ვაჭრებს საქონელში უცვლის»
        ფრანგი მოგზაური ჟან ბატისტ ტავერნიე, რომელმაც აზიაში იმოგზაურა 1631-1633 წლებში: «როგორც კი ქართველი მეფე-მთავრები ერთანეთთან ომში ტყვეებს იშოვნიან, იმთავითვე გზავნიან ოსმალეთში გასაყიდად. ადამიანთა ყიდვა-გაყიდვა ამ ქვეყანაში იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ როცა ცოლს ან ქმარს ფული დასჭირდება, თავის ერთ-ერთ შვილს გზავნის (მონად) გასაყიდად. ან მეწვრილმანესთან ბაფთებსა, ტილოს ნაჭრებსა თუ სხვა ამგვარ ნივთებზე გადასაცვლელად». (გვ 613)
        ჟან შარდენი: «აქაური თავადაზნაურობა ყოველთვის ეძებს შემთხვევას, რათა რისხვად დაატყდეს თავის ყმათ, იპოვოს რაიმე საბაბი (ან ყოველგვარი საბაბის გარეშეც-გ.წ) და გაჰყიდოს ისინი ცოლშვილიანად. ამავე მიზნით მეზობლებს სტაცებენ შვილებს, ჰყიდიან საკუთარ შვილებს, ცოლსა და დედასაც კი! ერთ – ერთმა მათგანმა გაჰყიდა რამდენიმე ხუცესი, რომელთაც თან მიაყოლა თავისი ცოლი. . .» (გვ.614)
        «ტყვის სყიდვა ფეოდალთა შემოსავლის გარკვეული წყაროდ იქცა საქართველოში. მას აწარმოებდნენ როგორც საერო, ისე სასულიერო(!!!-გ.წ) პირები» გვ. 614.
        ვინმე დიდებულმა ჭილაძემ ეკლესიაში წირვის შესრულების შემდეგ (რომელსაც დიდად ღვთისმოსავი გამომეტყველებით დაესწრო) მის მიერვე ეკლესიაში საწირველად შეტყუებული თორმეტი პატიოსანი მღვდელი შეიპყრო, ბორკილები დაადო და პირდაპირ წაიყვანა თურქთა გემებზე გასაყიდად. (გვ 615)
        არქანჯელო ლამბერტი: «უმანკო ბავშვებს თუ ვაჟებს და ქალებს, სავაჭრო მოედანზე ჰყიდიან ოხერ ფასად, რათა ამით დააკმაყოფილონ ოსმალების უწმინდური მადა».
        ამ საშინელების შემსწავლელი, დიდი გერმანელი მოაზროვნე, ეთნოლოგიის დამაარსებელი, კენიგსბერგელი იოჰან გოთფრიდ ჰერდერი (1744-1803) წერდა: «კავკასიის მთებში ცხოვრობენ ქართველები. უცნაური ქრისტიანობა სუფევს ამ ხალხში. აქ მამა-შვილს ჰყიდის, შვილი-დედას, მრევლი-მოძღვარს, მოძღვარი-მრევლს, ხელმწიფე-თავის ქვეშევრდომებს». (ნაშრომი: «იდეები კაცობრიობის ისტორიის ფილოსოფიის შესახებ»).
        (აქვე მოგასენებთ, რომ ჰერდერის ციტატა კიდევ შევარბილე, რათა, ამ ქვეყანაში ასებული ჩვეულებისამებრ, ყველაფერი ჩვენ არ დაგვბრალდეს - მათ შორის ტყვის სყიდვაც შუა საუკუნეებში. – გ.წ)
        ჰოდა ვიტყუოთ თავი, რომ ჩვენ «ევროპული ფეოდალიზმის ქვეყანა ვიყავით». არადა, ეს საზიზღრობა სწორედაც სახელმწიფოებრივი სისუსტის, სახელმწიფოებრივი უკულტურობის გამოვლინებაა, თორემ, ევროპელი ფეოდალი ამას როგორ გაბედავდა?!!! ხომ ნელი ცეცხლით წამება და შემდგომ ამაყი თავის საჯაროდ მოკვეთა არ ასცდებოდა საბრალოს - მისი «კეთლშობილების» მიუხედავად.
        ყველაფრის «ოსმელეთის ბატონობით» ახსნაც არ შეიძლება. ზოგჯერ საზარელი აზრიც კი მომდის თავში: ტყვის სყიდვის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ოსმალეთმა დასავლეთ საქართველო ბოლომდე არ დაიპყრო და გარკვეული ავტონომია შეუნარჩუნა (იმერეთის ხელმწიფე რჩებოდა «მონად ღვთისა ყმად ხონთქრისა»). ჰოდა, სწორედაც ამ «ავტონომიის» შედეგია ეს საშინელება.
        აღარასოდეს დამავიწყდება, 1997 წელს, ოქსფორდში, ჰიუიტის ერთ-ერთმა ყმაწვილმა «მოწაფე-ქართველოლოგმა» მომახალა: «ერი, რომელიც ჯერ კიდევ 200 წლის წინ საკუთარ ქალწულებს სტამბულის ბაზარზე ყიდდა თავისივე ხელმწიფის ხელშეწყობით, - ეროვნულ დამოუკიდებლობაზე და სუვერენულ სახელმწიფოებრიობაზე საუბრისას ცოტა უფრო თავდაჭერილი უნდა იყოსო».
        მართალი ბრძანდებით, იმ სათვალეებიან სახეში უნდა «მეთხლიშა თბილისურად», მაგრამ ეს შველის საქმეს?
        სხვათა შორის, ჩვენ რომ გვასწავლიდნენ, XIX საუკუნის პირველი ნახევრის აჯანყებები «ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის» გამოვლინება იყოო - სინამდვილეში ეს გახლდათ ხანგრძლივ «დონდლოსახელმწიფოებრივობასა» და ანარქიას მიჩვეული საზოგადოების ჩვეულებრივი რეაქცია წესრიგსა და სახელმწიფოს «მძიმე ხელზე» ანუ ელემენტარულ კანონიერებასა და ველური თავნებობის შეზღუდვაზე.
        ამ თვალსაზრისითვე დავაკვირდეთ ე.წ. «1832 წლის შეთქმულებას». განსაკუთრებით მისი ზოგიერთი «დიდგვაროვანი» აქტივისტის დაპატიმრებისშემდგომი სამარცხვინო საქციელის გათვალისწინებით.
        იმ «შეთქმულების» ლიდერთა პაპებს 40-იოდე წლით ადრე ჩრდილო კავკასიიდან დაქირავებული ლეკები მოჰყავდათ ერთმანეთის მამულის ასაოხრებლად და საბრალო გლეხობის დასარბევად.
        კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელიც ასევე დაჟინებული პროპაგანდით ჩაგვინერგეს: «ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ საქართველოს ისტორია, შუა საუკუნეებში არ იცნობს სოციალური ანტაგონიზმის ფაქტებს».
        სინამდვილეში, აქ საამაყო არაფერია, ვინაიდან სოციალური ანტაგონიზმი ხშირ შემთხვევაში პროგრესისა და განვითარების მამოძრავებელია. თუ ინგლისელებმა ჩარლზ პირველს XVII საუკუნეში თავი მოკვეთეს, ამით მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოებრიობა (და მისი განუყოფელი თანამდევი - ელიტის პასუხისმგებლობის მექანიზმი) განამტკიცეს. ანუ სოციალური ანტაგონიზმი სავსებით ჯანსაღი ისტორიული მოვლენაა.

        განა საზარელი ისტორიული ანარქიისა და სახელმწიფოებრივი უკულტურობის შორეული ანარეკლი ყოველდღიურ ყოფით წვრილმანებში არ მჟღავნდება?
        80-იანი წლების დამდეგს, როდესაც თბილისში საფეხბურთო ბუმი იყო, ხშირად გვინახავს «დინამოს» სტადიონზე გულისამრევი სურათი: საფეხბურთო მატჩის შესვენებისას ასეულობით ადამიანი იქვე, კიბეებთან იკმაყოფილებდა ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას. მილიციელის იშვიათ, მორიდებულ შენიშვნაზე მორცხვი ღიმილით პასუხობდნენ: «აბა რა ვქნა, ტუალეტი შორს არის და. . .»
        სულელური წვრილმანია? არ არის ბატონებო ეს წვრილმანი! როდესაც ერის ზოგადი (თუნდაც ყოფითი) კულტურა ასეთ უმდაბლეს დონეზეა, იქ ნებისმიერი  მასობრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის წამოწყება უდიდეს რისკთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ეს მოძრაობა სულ მალე და ადვილად შეიძლება გადაიზარდოს მარაზმში.
        გადაიზარდა კიდეც.

        1988-1993 წლების მოვლენებში (და მათ შემდგომ, მრავალწლიან ინერციაში) ჩვენი ერის სახელმწიფოებრივი უკულტურობა, მისი არაპასიონარულობადობა გამოვლინდა.
        მიუხედავად ამისა, 9 აპრილამდე (ხაზს ვუსვამ: მხოლოდ 9 აპრილამდე) ელიტას მაინც ჰქონდა საშუალება სწორი, გაბედული, ჭკვიანური, მიზანსწრაფული, მტკიცე მოქმედებით მოეთოკა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები, შეენარჩუნებინა მათი მართვის ბერკეტები, არ დაეშვა ამ პროცესების განვითარება ანარქიული, პათოლოგიური მიმართულებით - მიემართა ისინი რაციონალური კალაპოტისაკენ.
        «ელიტაში» აქ კომუნისტურ რეჟიმს, კომუნისტურ ნომენკლატურას როდი ვგულისხმობ - ვგულისხმობ ისტებლიშმენტს, მათ შორის ინტელიგენციას. ისევე, როგორც პროცესებზე ზემოქმედების ბერკეტთა შენარჩუნებაში არ იგულისხმება კომუნისტური წყობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა არა!
        მაგრამ ქართულმა ელიტამ ეს ვერ შეძლო. არადა, სწორედ მას ეკისრებოდა ისტორიული პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედისათვის.
        მაშასადამე, ძირითადი დასკვნაც ის გახლავთ, რომ მართალია იმ მოვლენებში ერის სახელმწიფოებრივი უკულტურობა, სახელმწიფოებრივი ტრადიციის სისუსტე გამოვლინდა, მაგრამ თუ საზარელი ეროვნული ტრაგედიის (შეუქცევადი, აბსოლუტური ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კოლაფსის) თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, ამის მიზეზია ქართული ელიტის (უპირველესად ინტელიგენციის) უპასუხისმგებლობა, ზნეობრივ-მსოფლმხედველობრივი ინფანტილიზმი და ინტელექტუალური სიმწირე. რაც, აგრეთვე, ისევ და ისევ ერის სახელმწიფოებრივი უკულტურობიდან გამომდინარეობს.

 

მთელ ეკრანზე
       

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა