შედეგიც თვალნათელია:
    80-იანი წლების დამდეგს შემთხვევით ხელში ჩამივარდა თბილისის ერთ-ერთი ქართული სკოლისა და გუდაუთის «აფხაზური» (რუსულენოვანი) სკოლის მეათე კლასელ მოსწავლეთა «რესპუბლიკური საკონტროლო» მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში. თავისუფალი თემა (ალბათ გეხსომებათ, რომ სამი თემიდან ერთ-ერთი ყოველთვის «თავისუფალი» იყო): «ჩემი სამშობლო». გუდაუთის სკოლაში - «Родина моя».
    რასაკვირველია, აფხაზი ბავშვი რუსულად მხოლოდ აფხაზეთზე წერდა და საქართველოს არც ახსენებდა, ხოლო ქართველი - საქართველოზე. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირს არც ერთი მათგანი «სამშობლოდ» არ აღიქვავდა. ყოველ შემთხვევაში აფხაზი მოზარდი გაცილებით ნაკლებად, ვიდრე აფხაზეთს, ქართველზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
    მაგრამ ეს არ არის მთავარი. მაშინვე თვალში მეცა უმთავრესი განსხავება ქართველი და აფხაზი მოსწავლის გულუბრყვილო, ბავშვურად მიამიტ თხზულებებში: ქართველი მოსწავლის ნაწერში სიტყვა-ცნება «ქართველი» («ქართველი ერი») ნახსენები იყო დაახლოებით ოცჯერ. ყოველთვის ეთნიკური ნიშნით («მე ქართველობას ადამიანს ორდენივით მივანიჭებდი» და ასე შემდეგ), ხოლო სიტყვა-ცნება «საქართველო» სულ ორჯერ. ისიც ასეთ კონტექსტში: «საქართველოს მიწაწყალი ქართული სისხლით არის გაპოხიერებული».
    ხოლო აფხაზი ბავშვის ნაწერებში, რომელიც ინტელექტით აშკარად თბილისელი თანატოლის სწორი იყო (არც ჩამორჩებოდა და არც აღემატებოდა), სიტყვა-ცნება Абхазия ნახსენები გახლდათ დაახლოებით თხუთმეტჯერ; «Абхазец»– რვაჯერ, «Абхаз»- სულ ორჯერ.
    გარდა ამისა, აფხაზი ყმაწვილის თხზულებაში გვხვდებოდა ტერმინი «Народ абхазии». ზედმეტიც კია იმის აღნიშვნა, რომ არათუ კონკრეტული თბილისელი მოსწავლის, არამედ ყველა ქართულ სკოლაში აკრეფილი თავისუფალი თემები რომ გადაგეთვალიერებინათ, «საქართველოს ხალხის» მსგავსს ვერაფერს აღმოაჩენდით.
    ვითომ ეს იმაზე მეტყველებს, რომ აფსუათა ელიტა ეთნონაციონალური იდენტობის შენარჩუნებას არ ცდილობდა? – არავითარ შემთხვევაში! აფხაზეთის ტრაგედია სწორედაც აფსუათა მძვინვარე ეთნონაციონალიზმმა განაპირობა, მაგრამ მათი ელიტა ჯერ კიდევ მაშინ (70-იან წლებში) ჩასწვდა ამ თვალსაზრისით მსოფლიოს ძირითად ტენდენციას და შესაბამისი ზომებიც მიიღო - ქართული ელიტისაგან განსხავებით, რომელიც კვლავინდებურად ოპერირებდა იმ დროისათვის უკვე მოძველებული სქემებით.

    ოღონდ აქ მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ არსებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის ფარგლებში, ხსენებული პლანეტარული ნოვაციის გაზიარება ძნელიც იქნებოდა, ვინაიდან უმთავრესი ამოცანა ისევ და ისევ «ეთნიკური შეკრება» იყო.
    თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩლუნგი კონსერვატიზმი უფრო მეტ როლს ასრულებდა, ვიდრე რაიმე ცვლილების და განახლების ობიექტური შეუძლებლობა.
    ისევ და ისევ: დილემა თვით კონცეფციაშიც იყო ჩადებული. ქართული ინტელიგენცია კი ვერ მიხვდა, რომ იმ პერიოდში (XX საუკუნის მიწურულს) აუცილებლობად იქცა ალტერნატიული კონცეფციის შემცველი ტერმინის მიგნება და მისი მიზანმიმართული დამკვიდრება - ისევე, როგორც ამას აკეთებდა აფსუათა ელიტა ტერმინ «Народ абхазии» და «Абхазец»-თან დაკავშირებით. აბა ხომ არ გვგონია, რომ 16 წლის გუდაუთელ აფსუას ეს ტერმინები თავად მოუვიდოდა თავში?
    ასეთივე შინაარსის შემცველი ტერმინი იქნებოდა, მაგალითად, «ივერიელი» (ანუ «საქართველოელი»), რომელიც შეიძლებოდა ქცეულიყო საქართველოს ყველა მოქალაქის აღმნიშვნელად. ამის მცდელობა კი იყო, მაგრამ ინტელიგენციამ «ჩანასახშივე ჩაახშო», როგორც «ანტიეროვნული» და «კომუნისტურ-ინტერნაციონალისტური».
    ანუ, ქართველებისა და ე.წ. «არაქართველების» კატეგორიული გამიჯვნის უკომპრომისო, ეთნონაციონალისტურმა სურვილმა მაინც თავისი გაიტანა, რაშიც, ელემენტარულად, იმ სოციალური ფენის ინტელექტუალური სიმწირე გამომჟღავნდა, რომელიც ჯანსაღ ტენდენციებს ეწინააღმდეგებოდა და საკუთარი ბრიყვული ფობიებით ეროვნულ ცნობიერებასაც აავადებდა.
    იმავე კატეგორიიდან კიდევ ერთ ფაქტს შეგახსენებთ, რომელიც ძალზე ნიშანდობლივია: 70-იან წლებში ქართულმა ინტელიგენციამ საშინელი ისტერია ატეხა ტერმინ «საბჭოთა ხალხთან» დაკავშირებით. ეს გამოაცხადეს «ხალხთა ათქვეფის იდეოლოგიურ მომზადებად», თითქოსდა «საბჭოთა ხალხი» გულისხმობდა, რომ ყველა არარუსი ხალხი უნდა გარუსებულიყო და ა.შ.
    ბუნებრივია, ამას ჩვენში ისეთი «მასათა მძვინვარება» მოჰყვა, ქართული პარტიული ნომენკლატურაც კი (აქვე უნდა ითქვას, იგი მეტისმეტად მაღალი წარმოდგენისა იყო საკუთარი ქვეყნის ინტელექტუალურ ელიტაზე და მეტისმეტ ანგარიშს უწევდა მის მოსაზრებებს) იძულებული გახდა, ამ ტერმინის წინააღმდეგ «მკერდმოღეღით» გაელაშქრა მოსკოვურ ფორუმებზე.
    არც ერთ სხვა რესპუბლიკაში (ბალტიის ჩათვლით) ანალოგიური რეაქცია ამას არ მოჰყოლია, ვინაიდან ყველა ეროვნული ელიტა მიხვდა, რომ ტერმინი «საბჭოთა ხალხი» («Советский народ») იყო არა «ხალხთა ათქვეფის» დასაწყისი (რასაც მოსკოვი მაშინ უკვე ვეღარაფრით მოახერხებდა, ძალიანაც რომ მოენდომებინა - აკი მოგახსენეთ, საბჭოთა იმპერია ეფუძნებოდა არა მხოლოდ ძალას და იძულებას, არამედ ეთნონაციონალურ ელიტათა ინტერესების გარკვეულ ბალანსს), არამედ, ისევ და ისევ «ნაციის» დეფინირებისა და ეთნიკური ელემენტისაგან აბსტრაგირების მცდელობა - მსოფლიო ტენდენციათა შესაბამისად.
    ანუ «საბჭოთა ხალხი», შინაარსობრივად ისეთივე ნეიტრალური ტერმინი იყო, როგორც «ბრიტანელი ხალხი» და სრულიად მტკნარი სისულელეა იმის მტკიცება, თითქოს ამით მოსკოვი ერთა «გარუსებას» ცდილობდა. სინამდვილეში ეს ტერმინი იმას ნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქე, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, შეადგენს ერთ «მრავალეროვან ხალხს», - ნაციას – საბჭოთა კავშირის ხალხს, «საბჭოთა ხალხს». ისევე, როგორც ბრიტანეთის ნებისმიერი მოქალაქე, მისი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად (ინგლისელი იქნება იგი, უელსელი თუ შოტლანდიელი), შეადგენს «ბრიტანელ ხალხს».
    სრულიად სხვა საქმეა, რამდენად გვაძლევდა ხელს ქართველებს ასეთ «ნაციაში» ინტეგრაცია, მაგრამ ამას არავითარი კავშირი არა აქვს «ეთნიკურ ასიმილაციასთან» და ეთნიკური იდენტობის დაკარგვასთან, რასაც ზემოთხსენებული დუჟმორეული ფსევდოინტელიგენტები გულისხმობდნენ - ტანისამოსს რომ იხევდნენ და თმებს იგლეჯდნენ ამ თვალსაზრისით სრულიად უწყინარი ტერმინის საწინააღმდეგოდ.
    სხვათა შორის, ტერმინი ქართვ-ელ-ი ეტიმოლოგიურად იგივეა, რაც სა-ქართველ-ო-ელ-ი, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ეთნიკური ინტეგრაციის პროცესში ინტელიგენცია იძულებული გახდა, ამ ტერმინისათვის თავდაპირველი შინაარსი გამეცალა და მხოლოდ ეთნიკური საწყისი დაეტოვებინა. ობიექტურად მაშინ ალბათ სხვა გზა არც ჰქონდა - სხვაგვარად ქართველური ეთნიკური ჯგუფების კონსოლიდაციის პროცესი შეფერხდებოდა.
    რუსები, სომხები ან თუნდაც იგივე აფსუები ეთნიკური თვალსაზრისით უკვე შეკრებილ, კონსოლიდირებულ ერთობებს წარმოადგენდნენ. უხეშად თუ ვიტყვით, მათ შემადგენლობაში უკვე აღარ იყვნენ ისეთი ეთნიკური ჯგუფები, რომელთ შემდგომი კონსოლიდირება იქნებოდა აუცილებელი (როგორც მეგრი და სვანი ქართველურ ერთობაში). ეს გარემოება, რა თქმა უნდა, გარკვეულ უპირატესობას ანიჭებდათ. მეორე ათასწლეულის მიწურულისათვის ეთნიკური კონსოლიდირების პროცესი დასრულებული იყო აგრეთვე გერმანელებში, ყალმუხებში, უზბეკებში, ფრანგებში და ა.შ.
    სამწუხაროდ, ქართველი ერი ამ თვალსაზრისით იმავე პერიოდისათვის ბოლომდე «შეკრებილ» ეთნოსადაც კი  ვერ ჩამოყალიბდა. ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის შედეგად, «შეიკრიბა» მხოლოდ საკუთრივ ქართის ერთობა, მაგრამ ყველა ქართველური ტომის შეკრების პროცესი დასრულებული არ იყო და ვგონებ, აღარც დასრულდება უახლოეს ისტორიულ პერსპექტივაში.
    ეს გარემოება, გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ტრაგედიის ერთ-ერთი (არა უმთავრესი და არა ერთადერთი) მიზეზი გახდა.
    ამ რეალობამ, განსახილველ პერიოდში, სრულიად გადაულახავი პრობლემები შექმნა, რაც კიდევ უფრო ართულებდა «ნაციის» კონცეფციის შემუშავებას.
    გახსოვთ ალბათ, როგორ წერდა ბრიტანელი ქართველოლოგი ჯორჯ ჰიუითი «ვერ გამიგია, რატომ ითვლებიან მეგრელები-ქართველებად, როდესაც მათ საკუთარი დედა ენა აქვთ?» ამ თემაზე მეც მომიხდა საუბარი ერთ საკმაოდ განათლებულ ინგლისელთან. როდესაც შოტლანდიისა და უელსის მაგალითი მოვუყვანე, მან ასე მიპასუხა: «მომიტევეთ სერ, მაგრამ შოტლანდიელებზე არავის არასდროს უთქვამს, რომ ისინი ინგლისელები არიან (ეთნიკური გაგებით); ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი არიან ბრიტანელები - ინგლისელები, შოტლანდიელები და უელსელები ერთად შეადგენენ ბრიტანელ ხალხს, ბრიტანელ ნაციას».
    კვლავ დავაკვირდეთ სხვაობას «ბრიტანელსა» და «ქართველს» შორის. ყველაფერთან ერთად, პირველი გეოგრაფიული ტერმინიდან (ტოპონიმიდან) მომდინარეობს და ისევე ვერავის გააღიზიანებს, როგორც «ევროპელი» ან «ამერიკელი».
    სწორედ ეს გარემოებები გახლავთ საწყისი ურთულესი პრობლემებისა, რომლებიც წარმოიშვა ჯერ კიდევ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის შემუშავებისა და ჩამოყალიბების პროცესში.
    ამავდროულად, უსამართლობა იქნებოდა იმის მტკიცებაც, თითქოს ილია ჭავჭავაძესა და 60-იანელებს, აგრეთვე შემდგომი ეპოქის ქართულ ინტელიგენციას, თავი უნდა ენებებინათ ერის ეთნიკური ნიშნით შეკრების მცდელობისათვის და თვისებრივად სხვა კონცეფცია შეემუშავებინათ - დაახლოებით ისეთი, როგორიც ბრიტანელებმა შეიმუშავეს. ამით თითქოს აფხაზებისა და ოსების, როგორც არაქართველი წარმოშობის ეთნიკური ჯგუფების პრობლემაც მოიხსნებოდა.
    ნუ დავივიწყებთ განსხვავებას ბრიტანეთსა და საქართველოს შორის: დიდი ბრიტანეთი საუკუნოვანი, უწყვეტი ტრადიციის ერთიანი ძლევამოსილი სახელმწიფო იყო. ლონდონის სუვერენიტეტი უეჭველად ვრცელდებოდა კუნძულის მთელს ტერიტორიაზე. მაშინ, როდესაც საქართველო, XIX საუკუნეში ორ გუბერნიად დანაწევრებული ტერიტორია გახლდათ არათუ სახელმწიფოებრიობის ან პოლიტიკური ავტონომიის, არამედ კულტურული ავტონომიის გარეშე.
    ამიგად, სულმნათი ილია ჭავჭავაძის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ კონცეფციას მაშინ ალტერნატივა არ გააჩნდა. ანუ ილია ჭავჭავაძემ, რომელიც სამართლიანად იწოდება «ქართველი ერის სულიერ მამად», შეიმუშავა იმ დროისათვის ერთადერთი შესაძლო ეროვნული კონცეფცია - ობიექტურად მისი თანამდევი წინააღმდეგობებით და პოტენციური კონფლიქტებით.

მთელ გვერდზე


   

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა