«თანამეგობრობაში შესვლას» გაცილებით გრძელი პროცედურა სჭირდებოდა, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის განცხადება: ჯერ СНГ–ს ყველა სახელმწიფოს უნდა დაედასტურებინა თანხმობა, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტს განეხორციელებინა ორგანიზაციის წესდების რატიფიცირება, რაც მხოლოდ 1994 წლის 1 მარტს მოხერხდა.
    მაგრამ შევარდნაძემ შესანიშნავად იცოდა, რა ზეგავლენას მოახდენდა დსთ–ში შესვლის თუნდაც დეკლარირება ზვიადისტებზე. როგორც კი შეიტყვეს, «საქართველო СНГ–ში შევიდაო», უმალვე ჩამოუშვეს ხელები და ბრძოლის ყოველგვარი ნება დაკარგეს, ისევ და ისევ, ვინაიდან. . . . «რუსებთან ბრძოლას აზრი არა აქვს». კვლავ საოცარი ფსიქოლოგიური სიზუსტით განმეორდა ის ფენომენი, რომელიც პირველად 1989 წლის 9 აპრილს გახდა საცნაური, როდესაც ვითომდაც სულიერად ამბოხებული ერი მდუმარედ, მისტიური, დაუძლეველი ძალისადმი შიშით მონუსხული ელოდა ღვთის რისხვას, ანუ რუსული ძალის გამოჩენას.
    ეს შიში კი სწორედ «მეტაფიზიკური, მისტიური ძალისადმი» შიშია, რომელშიც არასრულფასოვნების ეროვნული კომპლექსი მჟღავნდება.
    ჯაბა იოსელიანი თავის მოგონებებში წერს: «იმ დროს (1993 წლის ოქტომბერში) მთავარი იყო იმის დემონსტრირება და შთაბეჭდილების შექმნა, რომ რუსები ჩვენ გვიჭერდნენ მხარს».
    ანუ, რუსები უშუალოდ რომც არ ჩართულიყვნენ სამოქალაქო ომში (რეალურად, მათი უშუალო სამხედრო მონაწილეობა მართლაც მინიმალური იყო), ზვიადისტებს (ქართველებს!) მათი ხსენებისას უკვე სული ქუსლში მისდიოდათ, ყრიდნენ იარაღს და გარბოდნენ: ქართულ ცნობიერებაში ურყევად დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, «რუსთან ბრძოლას აზრი არა აქვს, – მაინც დაგამარცხებს, იგი მაინც შენზე ძლიერია, უძლეველია».
    აქვე შევნიშნავ, ეს ფსიქოლოგიური ფენომენი არ ახასიათებთ არც აფსუებს, არც ჩეჩნებს. თუმცა ამის თაობაზე -  ქვემოთ.
    გათვლა უაღესად ზუსტი აღმოჩნდა: «რუსი მოდისო» და ხუთი ათასმა (!) ქართველმა კურდღელივით მოკურცხლა ისე, რომ თავისი პრეზიდენტი და «მხედართმთავარი» ტყეში უპატრონოდ მიატოვა. «რუსი» მეორე მხარეს რომ გამოჩენილიყო, «აქეთურნიც» ასევე კურდღელივით გაიქცეოდნენ.
    ზოგჯერ ვფიქრობ, - კიდევ კარგი, ეს ლაჩრული სინდრომი აღმოგვაჩნდა ქართველებს, თორემ ვინ იცის, ვაითუ საქართველო დღემდე ლიხის ქედით ყოფილიყო გაყოფილი - ესეც კიდევ ერთი საოცრად ქართული პარადოქსია.

    შეიძლება ვინმე შემედავოს, რომ რუსები ნამდვილად მონაწილეობდნენ (სამთავრობო ჯართა მხარეს) იმდროინდელ სამხედრო მოქმედებებში. მართლაც, რამოდენიმე ასული რუსი საზღვაო ფეხოსანი, ადმირალ ბალტინის მეთაურობით შევიდა ფოთში, მაგრამ კვლავ და კვლავ ვიმეორებ: სამხედრო თავლსაზრისით რუსების მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა - გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა ზემოთხსენებული ფსიქოლოგიური ფენომენი. რუსები მხოლოდ «გამოჩნდნენ» - ეს საკმარისი აღმოჩნდა ზვიადისტი მებრძოლოებისათვის, რათა იარაღი დაეყარათ და გაქცეულიყვნენ. რუსები მეორე მხარეს რომ გამოჩენილიყვნენ, მხედრიონელები და «კიტოვანის გვარდიელებიც» ასევე დაყრიდნენ იარაღს და გაიქცეოდნენ.
    რუსების დახმარებაზე არც გამსახურდია–ქობალია ამბობდნენ უარს: იარაღს ისინიც სწორედ რუსებისაგან ყიდულობდნენ. ზვიად გამსახურდიას კი ზუგდიდში, ირაკლი წერეთელთან საუბრისას ასეთი არგუმენტი წამოსცდა: «შევარდნაძემ რუსებს იმპერია დაუნგრია და ისინი მაგას არ დაეხმარებიანო». აშკარად იგულისხმება: «ჩვენ თუ გვეხმარებიან - მისი სიძულვილით გვეხმარებიან». რაზეც ირაკლი წერეთელმა კითხვა შეუბრუნა: «როგორ, შენც იმას იმეორებ, რომ საბჭოთა კავშირი შევარდნაძემ დაანგრია?».

    СНГ–ში გაწევრების შემდეგ ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის შეიარაღებულმა ქვედანაყოფებმა ხონთან პოზიციები მიატოვეს და თბილისში დაბრუნდნენ.
    ფილარმონიაში ხალხმრავალი შეკრება გაიმართა. შიშით აცახცახებული «ელიტარული ინტელიგენცია» ერთმანეთს აგულიანებდა. ჯანსუღ ჩარკვიანმა ისევ მოუშვა წვერი, რაც ცუდი ნიშანი იყო. თავყრილობას ირინა სარიშვილიც დაესწრო: «ბატონო ედუარდ, არ შეიძლება ზვიად გამსახურდიას გროზნოში გაშვება (მქუხარე ტაში). სანამ საქართველოში გამსახურდიას პრობლემა იქნება, ამერიკის შეერთებულ შტატებში 53–ე შტატადაც რომ შევიდეთ, მაინც არაფერი გვეშველება».
    თავყრილობა დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც ვიღაც გამხდარი, შუა ასაკის «მოახალგაზრდავო ნასტუდენტარი» კაცი ტრიბუნასთან მივიდა: «ხალხო, ერთი სიტყვა მათქმევინეთ, მხოლოდ ერთი სიტყვა, ერთადერთი რამ მინდა ვთქვა. . . . დღეს საქართველო დაღუპულია. იგი დაღუპა შევარდნაძემ და მუსულმანურმა რუსეთმა!!!» მას უმალვე მხედრიონელები მისცვივდნენ და პოლიციელებთან ერთად ისე სცემეს, - არა მგონია მაშინ თუ გადარჩა, დღეს ცოცხალი იყოს.
    შეიძლება მისი საქციელი ვინმეში თანაგრძნობასაც კი იწვევდეს - აქაოდა «კაცმა განსხვავებული აზრის გამოთქმა გაბედა», მაგრამ, რა ვქნა, მომკალით, ასეთ სისულელეზე შეუძლებელია არ გაგეცინოს. ეს ტრაგიკომედიაა, ისევე, როგორც ბევრი რამ, რაც საქართველოში მოხდა 1988–1993 წლებში.

    ამასობაში, დასავლეთ საქართველოში კვანძი იხსნებოდა. მხედრიონმა და სამთავრობო ჯარებმა ზედიზედ გაათავისუფლეს სამტრედია, ხობი, სენაკი, ოზურგეთი, ფოთი.
    ლოთი ქობალიას მებრძოლებმა (ზოგიერთი ცნობით კი, თვით ქობალიამ) უიარაღო ჟურნალისტი, დათო ბოლქვაძე დახვრიტეს. ეს იმ ომის ერთ–ერთი ყველაზე საზარელი დანაშაული იყო. არანაკლები, ვიდრე გოჩა ჯიქიას დახვრეტა ზუგდიდში.
    ომი დასასრულს უახლოვდებოდა. სამთავრობო ჯარები სენაკსა და ზუგდიდში შევიდნენ. საზარელმა ძარცვა–გლეჯამ აპოგეას მიაღწია.
    სენაკში ერთ–ერთმა მაცხოვრებელმა იფიქრა, ეგებ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციამ გადამარჩინოსო და როცა მხედრიონელელთა და კიტოვანის გვარდიელთა რაზმი მიადგა ვითომდაც სახლის დასათვარიელებლად (სინამდვილეში გასაძარცვად), - სუფრა გაუშალა.
    დატრიალდა მეგრული ოჯახი «ბებიიდან – შვილიშვილამდე». რა თქმა უნდა, ისეთი სუფრა გაშალეს, ჩიტის რძე არ აკლდა.
    ოჯახის უფროსს ისევ ჰგონია, დავანამუსებ სადღეგრძელოებითა და ზრდილი სიტყვა–პასუხითო, მაგრამ ღვინით სავსე თუნგულის მოსატანად რომ გავიდა, შემობრუნებისთანავე შენიშნა, «სერვანტიდან» ფაიფურის ჭურჭელს და ლარნაკებს ჩანთებში აწყობდნენ. ჯერ არ შეიმჩნია, მაგრამ თავხედურად, მის თვალწინ ტანისამოსის კარადაში რომ დაიწყეს ქექვა «დემოკრატიისათვის მებრძოლებმა» («ოჯახის სადღეგრძელო» უკვე შესმული ჰქონდათ), მორიდებით შეჰკადრა: «რას შვებით კაცო?». - «მოიცა თუ ძმა ხარ!».
    შემდეგ სხვა უჯრების ამოტრიალება დაიწყეს. რა ექნა საბრალო მასპინძელს, ჩავიდა პირველ სართულზე და გულგასიებული, უხმოდ ისმენდა შეზარხოშებულ ნაძირალათა ღრეობას ზემო სართულიდან. ქონებას რას დაეძებდა: მეათეკლასელი გოგონები ჰყავდა და სად გაეპარებინა არ იცოდა - მეზობლებთან იგივე ხდებოდა. ბოლოს საკუჭნაოში დამალა ანგელოზივით ქალიშვილები.
    კიდევ იოლად გადარჩნენ.
    რა თქმა უნდა შემაძრწუნებელია, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამგვარი რამ საერთოდ დამახასიათებელია სამოქალაქო ომისათვის ყველა დროსა თუ ქვეყანაში. საქართველო ამ თავლსაზრისით გამონაკლისი სულაც არ ყოფილა - გაიხსენეთ თუნდაც მარგარეტ მიტჩელის «ქარწაღებულნი»: ამერიკის სამოქალაქო ომის შესაღებ. ამ შესანიშნავ რომანში სამოქალაქო ომის სწორედ ეს განუყოფელი მხარე უდიდესი მხატვრული ოსტატობითა და სულისშემძვრელი ელვარებითაა აღწერილი.

    ზუგდიდში, ედუარდ შევარდნაძის თვალწინ, რამდენიმე მოროდიორი დახვრიტეს, რომლებიც სახლს ძარცვავდნენ.
    «მხედრიონმა» სოფელი დარჩელი აიკლო. საქონელი დახვრიტეს და სახლები გადაწვეს, თუმცა, მადლობა უფალს, არც ერთ მათგანს აზრადაც არ მოსვლია, სულიერზე (დარჩელის უიარაღო მაცხოვრებლებზე) აღემართა იარაღი. «სამთავრობო ჯართა თვითმფრინავმა» სენაკთან ქობალიას შენაერთთა პოზიციები დაბომბა.
    წალენჯიხის რაიონის ერთ–ერთ სოფელში, ბრძოლაში მოკლული ზვიადისტი მებრძოლის ჭირისუფლებმა იმ დროს დამკვიდრებული შემაძრწუნებელი «ტრადიციისამებრ» მისი სურათი «აცეკვეს». ეს კიდევ რა არის, ზოგან, როგორც მაშინ ამბობდნენ, თვით მიცვალებულსაც აცეკვებდნენ.

    1993 წლის ნოემბერი საქართველოს დაცემის ფსკერი იყო. რუსული საზოგადოებაც უკვე აშკარად ტკბებოდა საძულველი, ამპარტავანი «გრუზინების» ტანჯვა–დამცირებით.
    სოხუმის დაცემიდან მცირე ხნის შემდეგ, რუსეთის ტელევიზიამ, საუკეთესო დროს, პირველად 1988 წლის შემდეგ (ანუ მას შემდეგ, რაც კავკასიაში სიტუაცია დაიძაბა) უჩვენა უნიჭიერესი კინორეჟისორისა და ქართველოფობის, ლეონიდ გაიდაის კომედია «კავკასიელი ტყვე ქალი».
    ეს რუსული სულის ზეიმის აპოთეოზი იყო!
    იქნებ ეს ფილმი მხოლოდ «ჩვეულებრივი, კეთილი, მხიარული კომედია» გგონიათ? აბა კიდევ ერთხელ ნახეთ და ყურადღებით დააკვირდით - როგორ გეკედრებათ, რის «კეთილი და მხიარული კომედია».
    «Ошибки надо не прощать, их надо смывать, кровью!»

    1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, ყველას მიერ მიტოვებულმა, სულ რამდენიმე მცველისა და ბესო გუგუშვილის ამარა დარჩენილმა ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა.
    ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი თუ რწმენა ჰქონდეს: ავტორს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი არავის მოუკლავს - მან თავი მოიკლა და მიუხედავად ქრისტიანული დოგმისა, ეს იყო უაღრესად ვაჟკაცური საქციელი მისი მხრიდან.
    ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, რაკი აცნობიერებდა არსებობის სრულ უაზრობას, ცხოვრებისეულ იდეალთა მარცხსა და დისკრედიტაციას, გრძნობდა საშინელ სულიერ ტკივილს - დამარცხებისა და სრული უპერსპექტივობის გამო.
    იგი ვეღარსად გაიქცეოდა - არჩევანი იყო ერთადერთი: სიკვდილი ან ტყვეობა. მან სიკვდილი არჩია, როგორც საზარელი ტკივილისაგან გათავისუფლების უკანასკნელი საშუალება. ქრისტიანული რწმენა აღარ აკავებდა, რადგან პიროვნულად და მორალურად განადგურებული იყო. არავითარი რწმენა და შეგრძნება აღარ შერჩა, არსებობის მტანჯველი განცდისაგან გათავისუფლების სურვილის გარდა.

მთელ გვერდზე

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა