მოხუცი მწერლის ღიმილი
   
   

    სოხუმის დაცემამდე (ანუ, აფსუანური თვალთახედვით, «გათავისუფლებამდე») რამდენიმე დღით ადრე, არძინბამ ერთ-ერთ დიპლომატთან საუბარში უაღრესად მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ფრაზა თქვა: «Нас не интересует город, нас интересует територия!».
    პატივცემულო მკითხველო, იცით ვის ეკუთვნის ეს ფრაზა? - აფსუა-ადიღთა ეროვნულ მეხსიერებაში სამუდამოდ დაილექა რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე მეორის პასუხი ჩერქეზ უხუცესთა თხოვნაზე, ნუ გაასახლებდა მათ ხალხს სამშობლოდან: «Нас не интересует народ, нас инетересует територия».
    რასაკვირველია, «ქართული გაგებით» ეს არანაირ ლოგიკაში არ თავსდება, - «რა შუაშია საქართველო?», მაგრამ საქმე ის გალავთ, რომ აფსუა-ადიღ-ჩერქეზ-ყაბარდოელთა წარუშლელი აღქმით, რუსეთი კავკასიაში სწორედ საქართველომ შემოიყვანა. ანუ საქართველო პასუხისმგებელია მათი «მოჰაჯირობისათვის» მაშინ, როდესაც რუსეთზე თუ ჰკითხავდი, უეჭველად გიპასუხებდა: ცარისტული რუსეთი აღარ არსებობს, დღეს სხვა რუსეთია და იგი «ცარიზმის» დანაშაულისათვის პასუხს არ აგებსო. ქართული მენტალიტეტისათვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია (ამ ფენომენის მიზეზთა ახსნა ზემოთ ვცადე), მაგრამ ფაქტი-ფაქტად რჩება.
    ჩვენ დავივიწყეთ ადვილად, თორემ კავკასიელ მთიელებს (დაღესტნიდან – აფხაზეთამდე) მკაფიოდ ახსოვთ: დიდი კავკასიური ომის უკანასკნელი ბრძოლის შემდეგ, 1864 წლის 21 მაისს, მზიიმთას ხეობაში, ქბაადის ველზე (ამჟამად «კრასნაია პოლიანა»), ქართულმა მილიციამ და რუსეთის საიმპერატორო გვარდიამ ერთობლივი აღლუმი გამართეს, ანუ ერთად იზეიმეს კავკასიიდან ჩერქეზთა დედაწულიანად გაძევება.
   
   
   
        სოხუმის აღების შემდეგ, სეპარატისტთა ფორმირებები «საქართველო - აფხაზეთის» საზღვრისაკენ მიიწევდნენ. 30 სექტემბერს, ღამით, მათ ენგურამდე მიაღწიეს.
    რამდენიმე საათის განმავლობაში ისროდნენ ჰაერში ყველა სახეობის იარაღიდან - საძულველი საქართველოს სამარცხვინოდ დამარცხების ზეიმის ნიშნად. ეს შეღლუღი (რა თქმა უნდა, რუსეთის ტელევიზიის მეშვეობით) მთელმა საქართველომ იხილა.
    სოხუმის დაცემის ამბავი თვით ედუარდ შევარდნაძემ ამცნო ქვეყანას წერილით: «საქართველომ, ფაქტობრივად დაიჩოქა. . . . ქალაქს შემოესივნენ აფხაზი და ჩრდილოეთ კავკასიელი ბოევიკები. . . . მათ მოკლეს ასეულობით ადამიანი. . . . მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, მაგრამ ქალაქი ვერ გადავარჩინე, დაე შემინდონ თანამედროვეებმა და შთამომავლობამ».
    ამ დროს საქართველოს ტელევიზია «გიორგი სააკაძეს» უჩვენებს: « შვილო, პაატა. . . . რუსუდან! . . . . გიორგიიიიი . . . .»
    საზარელი ტრაგედიის განცდით თითქოს ყველაფერი უნდა გაჟღენთილიყო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, - 27 სექტემბერს თბილისი ჩვეული, გულგრილი რიტმით ცხოვრობდა.
    ედუარდ შევარდნაძესთან სოხუმის შემოგარენში სულ რამდენიმე ადამიანი დარჩა. მათ შორის ირაკლი ბათიაშვილი, კოტე გაბაშვილი და სამიოდე პირადი მცველი. სპეციალური დანიშნულების რაზმმა, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური უნდა დაეცვა, კოდორის ხეობას მიაშურა. შემდეგ თავს იმართლებდნენ: შეგვეშალა, გვეგონა შევარდნაძე ამ გზით წავიდაო. თუმცა ეს ძნელად დასაჯერებელია - კოდორზე ხომ ერთი გზა მიდის. სულ მალე, ხეობაში გაკითხ-გამოკითხვით შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ სახელმწიფოს მეთაური სვანეთისაკენ არ წამოსულა, მაგრამ უკან მობრუნება არც უფიქრიათ.
    თვითმხილველთა თქმით, შევარდნაძეს შიშის ნატამალი არ ეტყობოდა. მხოლოდ დუმდა და თითქმის არაფერს ამბობდა – უფრო ზღვის პირას დაიარებოდა უცნაური, სევდიანი ღიმილით.

    (სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიაზე ამბობდნენ მისი მოწინააღმდეგეები, - ერთი კაცი არ აღმოჩნდა, გვერდით რომ დადგომოდა გაჭირვების ჟამსო. აქ იგულისხმება, რომ თვით გამსახურდიას არ ჰქონდა შესაბამისი თვისებები, რათა «კაცი გვერდში დადგომოდა» - ამიტომ დარჩა ფაქტობრივად მარტო დეკემბერ-იანვარში და 1993 წლის შემოდგომაზეც, სამეგრელოს ტყეში – სამიოდე მცველისა და ბესო გუგუშვილის ამარა.
    მაგრამ განა ზუსტად ასეთივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდა ედუარდ შევარდნაძე (სულ სხვა ყაიდის და თვისებების პიროვნება) 1993 წლის სექტემბერში? მაშასადამე საქმე გამსახურდიას ან შევარდნაძის პიროვნულ თვისებებში არ არის.
    ამ მოკრძალებულ ანალიზს პათეტიკა თითქოს არ უხდება, მაგრამ როგორც ჩანს ქართველებს ერთგულების ნიჭი არ აღმოგვაჩნდა, - არადა იგი სახელმწიფოებრივი კულტურის განუყოფელი შემადგენელია.)

    ჯერ კიდევ დილით სახელმწიფოს მეთაურს ბორის ელცინმა დაურეკა და დახმარება შესთავაზა, რათა უსაფრთხოდ დაეტოვებინა სოხუმი. ედუარდ შევარდნაძე, ამ წინადადებას, როგორც ჩანს, სერიოზულ ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა, მაინც მიუახლოვდა ზღვას, საიდანაც რუსული გემი უნდა მოსულიყო. პირადი დაცვის ერთ-ერთ წევრს სატელიტური ტელეფონით კავშირი ჰქონდა მოსკოვთან.
    როგორც იქნა, გემიც გამოჩნდა (მცირე სადესანტო ხომალდი), მაგრამ მას ნაპირიდან ცეცხლი გაუხსნეს და რამდენიმე საპასუხო ზალპის შემდეგ უკან გატრიალდა.
    უკვე თენდებოდა. არძინბას ხროვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებდა შევარდნაძის დასატყვევებლად და საქართველოს საბოლოოდ დასამცირებლად. დილით სპეციალური მაძებარი ჯგუფები მოედებოდნენ სოხუმის მიდამოებს. უპირველესად, რასაკვირველია, დაიკავებდნენ სწორედ ბაბუშერას აეროდრომს, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს და ამით შევარდნაძეს უკანასკნელ გზას მოუჭრიდნენ.
    აეროდრომზე, სრულიად შემთხვევით, აღმოჩნდა პატარა თვითმფრინავი. თუმცა, თავდაპირველად დიდხანს ბჭობდნენ, ღირდა თუ არა ამ თვითმფრინავით გამოფრენა - ბაბუშერას აეროდრომი ხომ სეპარატისტთა საცეცხლე წერტილებისათვის მისაწვდომ არეალში მდებარეობდა. მათ შორის ზღვიდან.
    გადაწყვეტილება პირადად შევარდნაძემ მიიღო. მიუხედავად სხვების წინააღმდეგობისა (ისინი კოდორის ხეობით წასვლას სთავაზობდნენ), მან გადაჭრით განაცხადა: «უნდა ავფრინდეთ, ვისაც გსურთ, მომყევით, ვისაც არა - დარჩით». შემდეგ უკანმოუხედავად წავიდა თვითმფრინავისაკენ. სხვებიც გაჰყვნენ.
    ЯК-40-მა აფრენისთანავე დედამიწისადმი პერპენდიკულარული კურსი აიღო, რათა «სითბური რაკეტით» (Стрела 1 ან Стрела 2) ვერ ჩამოეგდოთ. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იყო - ამ რაკეტების მოქმედების არეალი რამდენიმე კილომეტრია. აფსუებს უბრალოდ არ უსვრიათ - ისინი დილამდე სოხუმში გრიალებდნენ და ქართველებზე ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობდნენ.
    ჰაერშივე აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავს საწვავი ქუთაისამდეც კი არ ეყოფოდა, არათუ თბილისამდე. სენაკში დაჯდომა, ცხადი მიზეზის გამო შეუძლებელი გახლდათ. ამიტომ ბათუმში დაფრენა გადაწყვიტეს.
    სისხამ დილით თვითმფრინავი ასლან აბაშიძის ქალაქში დაეშვა. აეროდრომის ადმინისტრაციას განუცხადეს: დაჭრილები გადაგვყავს, ქალაქში ნურავის შეაწუხებთო. ესეც ედუარდ შევარდნაძის ძალზე შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება იყო. თუმცა აეროდრომზე მაინც რაღაც იგრძნეს, რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანაც მიიჭრა შენობასთან, მაგრამ საწვავშევსებული თვითმფრინავი ამ დროს უკვე ჰაერში აიჭრა.
    თბილისში დაბრუნებულ ედუარდ შევარდნაძეს კათალიკოს- პატრიარქი, ილია მეორე ეწვია და თანადგომა გამოუცხადა.
    ამ დროს საშინელება ტრიალებდა კოდორის ხეობაში: ასეულობით ათასი ადამიანი, ვინც «ომის დამთავრება» ირწმუნა და აგვისტოს განმავლობაში სოხუმში დაბრუნდა, აგრეთვე გულრიფშის რაიონის ქართული მოსახლეობა - ხეობას მიაწყდა. ეს იყო ერთადერთი გზა, ვინაიდან კოდორის შესართავი (სოხუმი – ოჩამჩირის საავტომობილო ტრასა) კვლავინდებურად აფსუათა დესანტს ჰქონდა დაკავებული.
    სოხუმელები მიდიოდნენ ყველაზე ძვირფასით, რაც კი გააჩნდათ. ზოგმა მხოლოდ ბავშვების გაყვანა მოასწრო.
    სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი თვით საქართველოს მრავლისმნახველ ისტორიაშიც კი! ვისაც ის გზა გაუვლია, დამეთანხმება, რომ არათუ ფეხით, მშიერ-მწყურვალი, ბავშვებით, ტვირთით, არამედ სამხიდიანი მანქანითაც კი - ნამდვილი ჯოჯოხეთია. მანქანას ორიოდე კილომეტრის გასავლელად 5-6 საათი სჭირდება.
    ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მრავალმა წარმომადგენელმაც «ისახელა» თავი: უმოწყალოდ გაძარცვეს და შეურაცხყვეს უმწეო ლტოლვილები: საბოლოოდ დაასხეს თავსლაფი ქართულ «არმიასაც» - იგი სოხუმელ ლტოლვილებს უსწრებდა და იარაღს სულ ადვილად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უტოვებდა გარეწრებს.

მთელ ეკრანზე

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა