დამწვარი წიგნები

    ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებისთანავე გაუქმდა «სამხედრო საბჭო» და შეიქმნა «სახელმწიფო საბჭო». ეს, რასაკვირველია, წინასწარ იყო შეთანხმებული და გადაწყვეტილი.
    სახელმწიფო საბჭოში (ისევე, როგორც შემდგომ პარლამენტში) გააწევრეს ყველა, ვინც ამის სურვილს ამჟღავნებდა (!) და მეტ-ნაკლებად აქტიურობდა პოლიტიკური თვალსაზრისით.
    სახელმწიფო საბჭოს ოთხი «მუდმივი» წევრიდან თითოეულს (თენგიზ სიგუას, თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანსა და ედუარდ შევარდნაძეს) ვეტოს უფლება ჰქონდა. საბჭოს თავჯდომარედ ედუარდ შევარდნაძე გამოცხადდა. მაგრამ რეალური ძალაუფლება უფრო კიტოვანისა და იოსელიანის ხელში იყო კონცენტრირებული. სხვა საკითხია, რომ სიგუასაც და შევარდნაძესაც მათ ძალაუფლებაზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენა შეეძლოთ. აქაც, თენგიზ სიგუას შესაძლებლობები მაშინ (ყოველ შემთხვევაში პარლამენტის ჩამოყალიბებამდე) უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე ედუარდ შევარდნაძისა.
    ჩამოყალიბდა ორი ტანდემი: შევარდნაძე-იოსელიანი და სიგუა-კიტოვანი. ედუარდ შევარდნაძის თავმჯდომარეობა მას განსაკუთრებულ პირობებში არ აყენებდა - გადაწყვეტილებები მიიღებოდა კონსენსუსით. თვით საბჭოს მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია გააჩნდა, ხოლო მის წევრებს - სათათბირო ხმის უფლება.
    გარდა ამისა, სახელმწიფო საბჭოს უნდა მოემზადებინა არჩევნები, რომელიც, თავდაპირველად, ზაფხულისათვის იყო განზრახული, მაგრამ შემდეგ 11 ოქტომბერს დაინიშნა. დროებით მთავრობას თენგიზ სიგუა ხელმძღვანელობდა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა მან «ძველი» მინისტრთა კაბინეტი შეინარჩუნა. მინისტრებს, ძირითადად, აკადემიური წრეებიდან ნიშნავდა. ეს მისი ტაქტიკა იყო - საკუთარი სოციალური ბაზის განსამტკიცებლად ისტებლიშმენტში.

    ვითარება ქვეყანაში კვლავ ძალზე დაძაბული და არასტაბილური რჩებოდა. თბილისსა და სამეგრელოში გრძელდებოდა ზვიადისტთა მიტინგები. ორი დაჯგუფების სიძულვილით თითქოს ჰაერიც გაიჟღინთა.
    20 მაისს ცხინვალი-ჯავას გზაზე საზარელი ტრაგედია დატრიალდა: ოსური მხარის მტკიცებით, «ქართველი ბოევიკები» ჩაუსაფრდნენ ცხინვალიდან მიმავალ, ქალებითა და ბავშვებით სავსე ავტობუსს და დედაწულიანად ამოწყვიტეს. ამ მოვლენამ ისედაც განადგურებული საზოგადოებრივი ცნობიერება საბოლოოდ «წაშალა». საქართველო მორალურად დამარცხდა და თავად აღიარა ეს დამარცხება. სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში ნათქვამი იყო: «Наша совесть не успокоится до тех пор, пока не найдём и не накажем преступников».
    ჯანსუღ ჩარკვიანი იმ დღეებში წერს: «ჩვენი ადგილი აწმყოსა და მომავალში აღარ არის - ჩვენი ადგილი ისტორიაშია».
    სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსათვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეეწყვიტა. თანდათან ჩნდებოდა მომავალი ეკონომიკური კრახის პირველი ნიშნები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, «ცენტრალიზებული მომარაგება» ინერციით გაგრძელდა დაახლოებით 1992 წლის მაისამდე. მაგრამ შემდეგ სარკინიგზო ეშელონების ნაკადი შეწყდა. სოციალური ვითარებაც სულ უფრო იძაბებოდა.
    ახალმა ხელისუფლებამ მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება: შეკრიბეს ე.წ. «კონგრესის» ნარჩენები და აღადგინეს 1921 წლის კონსტიტუცია (რომელიც, სხვათა შორის, ეროვნულ კრებას იმ დროს არ მიუღია, ვინაიდან მაშინაც გადაყვნენ ყბედობა - კინკლაობას, «წითელი რუსეთის» აგრესიის დროს კი ვეღარ მოასწრეს).
    თუ ყურადღებით შევისწავლით, გადატრიალების შედეგად მოსულ ხელისუფლებას სხვა გზა არც ჰქონდა: მას სჭირდებოდა იდეოლოგიური ბაზისი - რაიმე ისტორიული კონცფცია. ირაკლი წერეთელმა სიგუა-კიტოვანს საკუთარი კონცეფცია შესთავაზა: დეკემბერ-იანვარში დაემხო ხელისუფლება, რომელიც 1921 წლის ანექსიის მემკვიდრე იყო.
    ამ კონცეფციით, სამხედრო გადატრიალების გამართლებაც შეიძლებოდა. ამდენად, ახალმა ხელისუფლებამ «იდეოლოგიური ბაზისი» შეიძინა.
    1921 წლის კონსტიტუციის აღდგენით უმალვე ისარგებლა არძინბამ: აფხაზმა სეპარატისტებმაც აღადგინეს 1924 წლის კონსტიტუცია, რომლის მიხედვით აფხაზეთი ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახლდათ (საქართველოსთან ხელშეკრულებითი ურთიერთობებით) - დამოუკიდებელი აფხაზეთის «საბჭოთა შინაარსს» კი სეპარატისტებისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მათთვის მთავარი იყო, გამიჯვნოდნენ საქართველოს.

    ზვიადისტებმა ჯაბა იოსელიანის აფეთქება სცადეს. ტერაქტში პეტრე გელბახიანი მონაწილეობდა, ვისაც, ედუარდ შევარდნაძისადმი «ოჯახური სიძულვილი» ამოძრავებდა. ტერაქტის შედეგად უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ.
    მუხრან მაჭავარიანმა და რამდენიმე მწერალმა, სამხედრო გადატრიალებისადმი პროტესტის ნიშნად «ჭადრაკის სასახლეში» გამართული ყრილობა დატოვეს. იქვე, ზვიადისტმა დედაკაცებმა წიგნები დაწვეს, რამაც მწერალთა კავშირის წევრთა აღშფოთება გამოიწვია.
    თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, მათი მძვინვარე აღშფოთების მიზეზი ის კი არ იყო, რომ ზოგადად წიგნებს წვავდნენ (რაც უდავოდ ფაშისტური ტრადიციაა), არამედ ის, რომ კონკრეტულად მათ წიგნებს წვავდნენ: რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტები თბილისის ქუჩებში საჯაროდ წვავდნენ რელიგიურ უმცირესობათა ლიტერატურას, იმავე «ელიტარულ ინტელიგენციას» არათუ კრინტი არ დაუძრავს, არამედ ამ ქმედებას ყოველმხრივ და ყველა საშუალებით ამართლებდა.

    (წიგნის დაწვა საზიზღარი ზნეობრივი დანაშაულია განურჩევლად მისი შინაარსისა, ვინაიდან წიგნის დაწვით წვავ არა მხოლოდ კონკრეტულ წიგნს მისი შინაარსით, არამედ წიგნს ზოგადად, წიგნს როგორც ასეთს - ბიბლიის ჩათვლით და ბიბლით დაწყებული)

    სამეგრელოში შეყვანილი გვარდია და მხედრიონი წესრიგს ვერ ამყარებდნენ. ლოთი ქობალია მოუხელთებელი ჩანდა. შექმნილი ვითარებით კვლავ და კვლავ შესანიშნავად სარგებლობდა არძინბა და აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის შესაბამის საფუძველს ქმნიდა. ენგურზე აფხაზი «მესაზღვრეები» და «მებაჟეები» გამოჩნდნენ, რაც აშკარა პროვოკაცია იყო. სახელმწიფო საბჭოში ამან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
    პირველი ნიშნებიც გაჩნდა ზვიადისტური მოძრაობის დაკავშირებისა აფხაზ სეპარატისტთა ქმედებასთან. სახელმწიფო საბჭოს წევრები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ «ზვიადისტები პირველი კორდონის როლს ასრულებენ აფხაზეთისათვის». ეს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციის საშუალებას ქმნიდა. ჯანსუღ ჩარკვიანი: «. . . რაშია საქმე. . . ვის მხარეზე არიან. . . რაშია საქმე. . .»

    24 ივნისს ზვიადისტებმა ტელევიზიის შენობის დაკავება სცადეს. შინაგანი ჯარების ერთ-ერთი ქვედანაყოფიც ყოფილი ხელისუფლების მხარეს გადავიდა, თუმცა ახალ ხელისუფლებას მყარი დასაყრდენი ჰქონდა იმ ძალთა სახით, რომლებიც (სოციალური წარმომავლობის გამო) ძველი ხელისუფლების აღდგენას ვერაფრით შეეგუებოდნენ.
    შეშინებულმა თენგიზ კიტოვანმა კოლეგებს შესთავაზა, პრობლემა ერთი დარტყმით გადაეწყვიტათ. კერძოდ, საავიაციო ბომბი ჩამოეგდოთ და ტელევიზიის შენობასთან ერთად ზვიადისტებიც აეფეთქებინათ.
    საბედნიეროდ, ეს «ბრძნული» გეგმა სიგუამ უარყო და უფრო ლმობიერი გეგმა აირჩიეს: გვარდიისა და მხედრიონის შენაერთებმა შტურმით აიღეს შენობა. ზვიადისტებს სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა არ უცდიათ. ამ მოვლენების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 4 ზვიადისტი. ვალტერ შურღაია «ლიმონკით» ხელში გამოიყვანეს შენობიდან – სროლითა და ზარ - ზეიმით.
    იმავე დღეს, როგორც კი თბილიში მომხდარის შესახებ შეიტყო, არძინბამ დრო იხელთა და გივი ლომინაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან გამოაძევებინა.

    ორი კვირის შემდეგ რუსეთის ტელევიზიამ უჩვენა 24 ივნისს ჩაწერილი ინტერვიუ საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან. ედუარდ შევარდნაძე საუბრობს სტაბილურობაზე, დემოკრატიულ აღმშენებლობაზე და ამ დროს კადრში ისმის ბათქა-ბუთქი საბურთალოდან.

    სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარე იმ დღესვე გაემგზავრა დაგომისში, სადაც ბორის ელცინთან სტრატეგიულ კომპრომისს მიაღწია «სამხრეთ ოსეთის» საკითხში. ცხინვალიდან გაიყვანეს შვეულმფრენთა პოლკი, სამაგიეროდ შეიყვანეს რუსეთის, საქართველოსა და «ოსეთის» სამხედრო შენაერთები. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთის ტელევიზია განაგრძობდა მიზანმიმართულ ისტერიკას «ოსი ხალხის განუწყვეტელი გენოციდის» გამო.
    ედუარდ შევარდნაძეს ოსმა ჟურნალისტმა რუსების თანდასწრებით ეშმაკური კითხვა დაუსვა: «Вы как архитектор обьединения Германии, будете ли способствовать обьединению разделённого осетинского народа?»
    სატელევიზიო ისტერიკა «ოსი ხალხის გენოციდის» გამო შეწყდა უმალვე, როგორც კი ცხინვალში სამშვიდობო ძალები ჩადგნენ. კრემლმა მიზანს მიაღწია - შეიქმნა პირველი პრეცედენტი პოსტსაბჭოურ სივრცეზე რუსული არმიით «სამშვიდობო ოპერაციის» განხორციელებისა. მანამდე (ბორის ელცინის მოსკოვში არყოფნისას) ალექსანდრე რუცკოი შევარდნაძეს თბილისის დაბომბვით დაემუქრა «თუ ქართველი ბოევიკები არ შეწყვეტდნენ ცხინვალის დაბომბვას». რუსლან ხაზბულატოვმაც (რუსეთის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ) სენსაციური განცხადება გააკეთა: «Верховный совет россии может быть поставлен в такие условия, когда он будет вынужден признать независимость южной осетии».

    თბილისში რიგ-რიგობით ჩამოვიდნენ ჰანს დიტრიხ გენშერი და ჯეიმს ბეიკერი. გენშერს ნაბადი აჩუქეს. იგი უხერხულად ცდილობდა, სამკლავურში ხელი გაეყარა - აბა რა იცოდა, რომ კავკასიურ ნაბადს სახელო არ ჰქონდა?
    მის საპატივცემულოდ გამართულ სადილზე «თბილისელთა» ელიტა დასევდიანებული იჯდა. სტუმრის სადღეგრძელოზე ჩვეული მოძრაობით წამოიშალნენ ფეხზე და ქართული ტრადიციისამებრ «აიტაცეს».
    რეალურად, გენშერის ვიზიტს საქართველოსათვის მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა იმ დროს სიმბოლოებიც დიდ დატვირთვას იძენდნენ. «ანტიზვიადისტები» ხარობდნენ - ხელფასებს, ალბათ გერმანულ მარკებში დაგვირიგებენო. «ზვიადისტები» ეჭვობდნენ - გენშერმა საქართველოში გერმანელთა ჩამოსახლება (?!) მოითხოვაო.
    ჯეიმს ბეიკერი კი საქართველოს გარდა ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანას ეწვია. რეალურად მას, როგორც მოგახსენეთ, მხოლოდ ყოფილი საბჭოთა ატომური იარაღის ბედი აღელვებდა. უფრო ზუსტად - ამ იარაღზე კონტროლის საკითხი. ამერიკას აშკარად სურდა, ერთმმართველობა ატომურ «ღილაკზე» რუსეთს შეენარჩუნებინა. ეს მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე ატომური ძალაუფლების განაწილება რუსეთს, უკრაინას, ყაზახეთსა და ბელორუსიას შორის (სწორედ ამ რესპუბლიკათა ტერიტორიაზე გახლდათ განლაგებული ბალისტიკური რაკეტები, რომელთაც ამერიკამდე მიღწევა შეეძლოთ).
    ვიმეორებ: ბეიკერს (ამერიკის ადმინისტრაციას) სხვა არაფერი აინტერესებდა. რაკი მიზანს მიაღწია და «ატომურ ღილაკზე» მონოპოლია მოსკოვს შეუნარჩუნა, საქართველოსა და სხვა ქვეყნებშიც «გაისეირნა» - ისე, ყოველი შემთხვევისათვის.

    ამასობაში ლოთი ქობალიას რაზმელებმა წალენჯიხაში ჯაბა იოსელიანის განადგურება სცადეს. გააფთრებული ბრძოლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. მხედრიონის ბირთვი ქუთაისიდან ასულმა პოლიციის მაშველმა ძალამ გადაარჩინა. თუმცა ზვიადისტები მაინც არ ცხრებოდნენ და დამარცხებას არ ურიგდებოდნენ. გროზნოში მყოფმა გამსახურდიამ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: «რაკი შევარდნაძე დაბრუნდა, ახლა იქმნება ხელსაყრელი დრო თბილისში მიტინგებისათვის, ვინაიდან მათი დარბევა უეჭველად შევარდნაძეს დაბრალდება».
    ლოთი ქობალიას შენაერთებმა გია ყარყარაშვილი, რომან გვენცაძე და სანდრო კავსაძე მოიტაცეს. ვითარება არათუ მშვიდდებოდა, არამედ სულ უფრო ფეთქებადსაშიში ხდებოდა. გაეროში საქართველოს გაწევრებამ ბევრი არაფერი შეცვალა. დროებითმა ხელისუფლებამ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა ამნისტირება გამოაცხადა, მაგრამ სამოქალაქო ომი მაინც გარდაუვალი იყო - იგი, ფაქტობრივად, მიმდინარეობდა კიდეც.
    ერთ-ერთ მიტინგზე ედუარდ შევარდნაძემ თქვა: «დღევანდელი საქართველო ვულკანს ჰგავს და როდის ამოიფრქვევა - არავინ იცის».

მთელ ეკრანზე

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა