დავით გარეჯი

    1988 წელი გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული მოძრაობისათვის.
    წლის დასაწყისიდანვე ნელ-ნელა დაიწყო საზოგადოების გამოღვიძება. თუმცა ეს «გამოღვიძება» განსაკუთრებული შინაარსისა იყო. უდიდესი რეზონანსი ჰქონდა «სინდისის მაღვიძარა» ფილმ «მონანიებას». კომუნისტური რეჟიმისადმი არც თუ უსაფუძვლო სიძულვილით დაბრმავებული საზოგადოება ან ვერ ამჩნევდა, ან, კიდევ უარესი, ყურადღებას არ აქცევდა იმ გარემოებას, რომ ჯერ ერთი, ქრისტიანული თვალსაზრისით ეს იყო მკრეხელური ფილმი (შვილი მამას(!!!) ფეხებით ითრევს საფლავიდან და სანაგვეზე აგდებს), გარდა ამისა, ამ ფილმმა პოლიტიკური თვალსაზრისით (მის მხატვრულ მხარეს ჯერ არ ვეხები) უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს, ვინაიდან გააძლიერა იმ რუს შოვინისტთა არგუმენტები, რომლებიც «სტალინიზმს» ქართულ ფენომენად მიიჩნევდნენ და ცდილობდნენ სწორედ სტალინის წარმომავლობით «აეხსნათ» კომუნისტური რეჟიმის სისასტიკე. თუმცა ამ ფილმის თაობაზე, უფრო დაწვრილებით, - ქვემოთ.
    აქვე გავითვალისწინოთ, რომ «შოვინისტურ ინტელიგენციაში» ე.წ. «ლიბერალებიც» იგულისხმება. მათ, როგორც მოსალოდნელი იყო, სასაცილოდ არ ეყოთ «სპეკულიანტი გრუზინების» სულიერი კათარზისი. რუსი «ტელეკომიკოსი» იგორ უგოლნიკოვი ამას თავისებურად გამოეხმაურა: «მონანიების» ანტურაჟით და «გრუზინის» იმიჯით (ანუ კეხიანი ცხვირით და წვერგაუპარსავი, - «კეპკით») : «Нэ винавати ми рядавиэ камунисти, нэ винавати……»
    განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ე.წ. «ცენტრალური პრესის» ლიბერალიზაციას, რაც პირველი ნიშანი გახდა იმისა, რომ ძველი რეპრესიული სისტემა დაინგრა და გრანდიოზულ იმპერიაში თავისუფლების სული შემოიჭრა. იმ დროს ყველა ნეტარებით სუნთქავდა ამ დამათრობელ ჰაერს.
    უდიდესი რეზონანსი მოჰყვა ყარაბაღის მოვლენებს. მთიანი ყარაბაღის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სსრ შემადგენლობიდან გასვლისა და სომხეთის სსრ შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
    ეს იყო პირველი, მძლავრი დარტყმა საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივ სისტემაზე, რომელიც ნაციონალურ ელიტათა ინტერესების «ბალანსს», «შეწონასწორება – დაპირისპირების» პრინციპს ეფუძნებოდა. თუმცა, არ არის გამორიცხული, მთიანი ყარაბაღის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილება კრემლიდან ყოფილიყო პროვოცირებული. თუ რატომ, რა მიზნით, - ამაზე მოგვიანებით.

    Ленин, партия, Горбачёв!!! - სკანდირებდნენ სომხები მრავალათასიან მიტინგებზე, რომლებიც ერევანსა და სტეპანაკერტში იმართებოდა. ერის უმთავრესი მიზანი, მისი «ძირითადი ეროვნული ინტერესი» ყარაბაღის შემოერთება იყო. «მიაცუმ» - ერთიანობა.
    სომხური ნაციონალიზმი არ სცნობდა კომპრომისს «თურქებთან» - იმავე აზერბაიჯანელებთან, რომლებმაც საუკუნის დასაწყისში სომეხთა საზარელი გენოციდი მოაწყვეს.
    სომხების გამოსვლებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნეს გორბაჩოვს. «გენერალურმა მდივანმა» მართალია გარეგნულად უფრო «პროაზერბაიჯანული» პოზიცია დაიკავა (რაც ყარაბაღის ამბებისადმი მიძღვნილ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სპეციალურ სხდომაზე გამოვლინდა), მაგრამ იმავე დროს კარგად აცნობიერებდა, რომ სომხური საზოგადოება, შინაგანად, თვისებრივად, კავკასიაში რუსეთის ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირეა. ამიტომ გორბაჩოვმა არაფერი გააკეთა ყარაბაღის მოძრაობის «ძირშივე» აღსაკვეთად, რაც სავსებით შესაძლებელი იყო. ყოველ შემთხვევაში სუმგაითის სისხლიან მოვლენებამდე მაინც.
    გარკვეული დაძაბულობა ამ პრობლემასთან დაკავშირებით თბილისშიც იგრძნობოდა. სომხებმა მეტროს სადგურ «26 კომისრების» წინ მიტინგის ჩატარება სცადეს, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა გორგოძემ მათი მცდელობა აღკვეთა.
    იმ დროს ქართულ საზოგადოებაში ერთგვარი სიხარულითაც კი აღიქმებოდა ის ფაქტი, რომ «საქართველოში სიმშვიდეა და მსგავსი არაფერი ხდება». ტელევიზიის პირველი არხით, იმდროინდელ «დილის პროგრამაში» საქართველოს რადიოს აზერბაიჯანული და სომხური რედაქციების ხელმძღვანელები, ერთმანეთთან ძმურად ჩახუტებულნი, ქართულად ლაპარაკობდნენ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე.
    ამასობაში სერიოზული ცვლილებები ხდებოდა მსოფლიო ასპარეზზე: გორბაჩოვი რამდენჯერმე შეხვდა რეიგანს. იმპერია ნაბიჯ-ნაბიჯ იხევდა უკან და სთმობდა პოზოციებს.
    თვით საბჭოთა კავშირში კი პირველი კოოპერატივები იხსნებოდა - «დემოკრატიზაციის» პროცესი ეკონომიკურ დასაყრდენს ეძებდა.
    იმავდროულად, დაიწყო საბჭოთა ეპოქაში არალეგალურად დაგროვილი «კაპიტალის» ლეგალიზების სოციალურად ძალზე საგულისხმო პროცესი.

    საქართველოში, მიუხედავად გარეგნული «გამყინვარებისა», ვითარება თანდათანობით პოლიტიკურ «მხურვალებას» იძენდა. როგორც ყოველთვის, მოძრაობის ეპიცენტრად უნივერსიტეტი იქცა.
    «დავით გარეჯი» გახდა საკრალური ცნება, რომელმაც დაძრა ზვავი!
    უნივერსიტეტში გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქცია. ერთ-ერთი მათგანი, რომლის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა სამონასტრო კომპლექსში ექსკურსიაზეც არ იყო ნამყოფი და არც აინტერესებდა, საკმაოდ ხალხმრავალი აღმოჩნდა და «მჯდომარე გაფიცვის» სახე მიიღო.
    «ილია ჭავჭავაძის საზოგადოება» უკვე გაყოფილიყო «რადიკალებად» და ზომიერებად ანუ, როგორც მაშინ უწოდებდნენ რატომღაც - «ლიბერალებად».
    ეს უკანასკნელნი (გურამ მამულიას მეთაურობით), ამტკიცებდნენ, რომ ორგანიზაცია არ დაშლილა: უბრალოდ, მათ «ექსტრემისტები» (გია ჭანტურია და სხვები) გარიცხეს საზოგადოებიდან. მიუხედავად ამისა, «საზოგადოების» წევრები ცდილობდნენ განხეთქილება არ გაემჟღავნებინათ, ერთად მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის აქციაში და ხელიხელგადახვეულნი მღეროდნენ «მუმლი – მუხასა» და «შავლეგოს».
    ზვიად გამსახურდია მათგან განცალკევებით იდგა მსხდომარე სტუდენტებს შორის - უნივერსიტეტის მარცხენა, დამრეც მისასვლელთან.
    მან აქციაში მონაწილე სტედენტებს მოუწოდა, ყურადღება მიექციათ კრემლის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული» მორიგი პროვოკაციისათვის. «საკავშირო ტელევიზიამ» იმ დროს (მიაქციეთ ყურადღება, - იმ დროს, როცა ეს ვერ აიხსნებოდა ჯერ–ჯერობით «ანტირუსული გამოვლინებებისათვის ქართველების დასჯის სურვილით») გაამწვავა ე.წ. «თურქი მესხების» თემა, რამაც საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
    ზვიად გამსახურდია: «ხვალ ეს პროვოკაცია განმეორდება თოთხმეტ საათსა და თხუთმეტ წუთზე!»
    საქართველოს მომავალ პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა «ცენტრალური ტელევიზიის» რომელიღაც პოპულარული ახალი გადაცემა, რომელიც სტალინური რეჟიმის დანაშაულობებს ამხელდა.
    ამასობაში, ირაკლი წერეთელმა სტუდენტებს მოუწოდა, დაეკავებინათ უნივერსიტეტის შენობა ან დაძრულიყვნენ «ქაჯეთის ციხისაკენ» (ასე მოიხსენიებდა იგი იმ დროს ხშირად «ცკ»-ს შენობას). ხალხი აღფრთოვანებით შეხვდა მოწოდებას და მზად იყო დაძრულიყო რუსთაველის გამზირისაკენ. ეს იქნებოდა პირველი მასშტაბური აქცია, რომელსაც მოჰყვებოდა ტრანსპორტის შეჩერება, მაგრამ გურამ მამულიამ (იგი ყოველთვის «ზომიერ პოზიციებზე» იდგა) შესძახა: «თუ ჩვენ ახლა აქედან წავალთ, ეს აღქმული იქნება, როგორც დამარცხების აღიარება». ხალხი შეჩერდა, ჭავჭავაძის გამზირზე აღარ გადავიდა და ერთგვარი დაბნეულობით მიაჩერდა «ლიდერებს». ამ დროს უნივერსიტეტის შენობიდან გამოვიდა გურამ ენუქიძე («ცკ»-ს მდივანი იდეოლოგიის დარგში) და სტუდენტებს შესთავაზა შეეწყვიტათ აქცია. ირაკლი წერეთელმა მას ხმა გააკმენდინა და ძალზე ნიშანდობლივი რამ თქვა: «ბოლოს და ბოლოს რა გახდა ეს დავით გარეჯი, ნუთუ ვერ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა, - ჩვენ ხომ ასჯერ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი?»
    ამ დროს უნივერსიტეტში შემოვიდნენ ამერიკელები, რომლებიც თბილისში მიმდინარე რომელიღაც ფესტივალში თუ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. მომიტინგენი მათ მქუხარე ოვაციით შეეგებენ.
    საბოლოოდ, გადაწყდა აქციები მომდევნო დღეებშიც გაეგრძელებინათ. შეკრებილებმა დაშლა დაიწყეს. ზვიად გამსახურდია უნივერსიტეტის კიბეებთან (მთავარი კარების მახლობლად) შემთხვევით შეეჩეხა გივი გუმბარიძეს (იმ დროს თბილისის კომპარტიის ქალაქკომის პირველ მდივანს) და მისთვის ჩვეული «ცხვირისმიერი მჭახე» ხმით დაუწყო ყვირილი: «შეწყვიტეთ ტერორი, მოვითხოვ, შეწყვიტოთ ტერორი!» გუმბარიძემ უპასუხა: «ჩვენ ვუფრთხილდებით ქართულ სისხლს».

    ძნელი სათქმელია, ესმოდა თუ არა პატიაშვილის ხელისუფლებას პრობლემის სირთულე და სერიოზულობა. ყოველ შემთხვევაში ცნობილია, რომ ჯუმბერ პატიაშვილმა საქართველოში «საინსპექციო ვიზიტით» ჩამოსულ ეგორ ლიგაჩოვს (კომუნისტურ იერარქიაში მეორე ფიგურას) სთხოვა დავით გარეჯში სროლების შეწყვეტა. ლიგაჩოვმა თბილისიდან დაურეკა დიმიტრი იაზოვს, რომელიც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა მათიას რუსტთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ და დაავალა, საქმეში გარკვეულიყო.
    რუსული გენერალიტეტი ავად იღრინებოდა. მას შესანიშნავად ესმოდა (და ამაში არც ცდებოდა), - «დავით გარეჯი» მხოლოდ საბაბი იყო. ამიტომ სამხედროებს არ სურდათ დათმობა. თბილისში კი ვრცელდებოდა ხმები, რომ რუსებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში სროლა ატეხეს, «ქართულ ხატს ტყვია ესროლეს», შეურაცხმყოფელი სიტყვები წააწერეს კედლებზე (ოფიცრის გვარსაც კი ასახელებდნენ) და ა.შ.
    1988 წლის ზაფხულში გაიმართა საბჭოთა კავშირის კომპარტიის მე-19 კონფერენცია, რომლის ჩატარება ჯერ კიდევ 27-ე ყრილობაზე გადაწყდა და გორბაჩოვის ძალაუფლების განმტკიცებას ისახავდა მიზნად.
    აფხაზმა სეპარატისტებმა კონფერენციას გაუგზავნეს ე.წ. «აფხაზური წერილი». ფაქტობრივად ეს წერილი წარმოადგენდა აფხაზური სეპარატიზმის დოქტრინას. მასში პირველად იყო დაფიქსირებული (დოკუმენტურად) საქართველოდან გამოყოფის სურვილი.
    «აფხაზური წერილის» შესახებ საქართველოში მხოლოდ ორი-სამი თვის შემდეგ შეიტყვეს (ვგულისხმობ, რასაკვირველია, ფართო საზოგადოებას).
    ცოტამ თუ იცის, რომ ეს დოკუმენტი სეპარატისტებმა გაუგზავნეს ყველა ავტონომიური და მოკავშირე რესპუბლიკის ხელმძღვანელს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, კინორეჟისორებს და ა.შ. წერილში აღწერილი იყო, თუ როგორ «ჩაგრავენ» ქართველები აფხაზებს, როგორ შეუერთა სტალინმა აფხაზეთი ძალით საქართველოს, როგორ აყალბებდნენ ქართველი ისტორიკოსები აფხაზეთის ისტორიას, როგორ იდევნება აფხაზური ენა და სხვა.
    მკითხველს აქვე ვთხოვ ყურადღება მიაქციოს იმ გარემოებას, რომ აფსუა სეპარატისტთა (ობიექტური ჭეშმარიტებაა, რომ «აფხაზი» მათ ქართველებმა შეარქვეს – ავტ.) გააქტიურება უეჭველად, უეჭველად უკავშირდებოდა სტალინისა და ბერიას საწინააღმდეგო პუბლიკაციებს რუსულ მედიასა და ლიტერატურაში, რაც სეპარატისტებმა აღიქვეს, როგორც «სტალინის შექმნილი საქართველოს იმპერიის» დასასრულის დასაწყისი.
    «აფხაზური წერილი» ქართულ ინტელიგენციასაც ჩაუვარდა ხელთ, მაგრამ ბევრი (განსაკუთრებით ისინი, ვინც იცნობდა აფხაზურ პრობლემას), წინააღმდეგი იყო მისი ქართულ პრესაში გამოქვეყნებისა იმ მოტივით, რომ ეს გამოიწვევდა «ერთაშორისი შუღლის გაღვივებას».
    უკვე მაშინ შეიძლებოდა იმის შემჩნევა, რომ აფხაზეთის საკითხი საქართველოში დესტაბილიზაციის მძლავრ ფაქტორად იქცეოდა და საბოლოო ჯამში, განაპირობებდა კიდეც მოვლენათა საბედისწერო განვითარებას.
    კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლითაც, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მწიფდებოდა 1988 წლის ნოემბრის გარდატეხა, უდავოდ გახდა საკავშირო პრესისა და ტელევიზიის პროვოკაციული მოქმედება.
    უდიდესი რეზონანსი ჰქონდა საქართველოში «Литературная газета» -ს პუბლიკაციას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სტალინმა მეგრელები ძალით ჩაწერა ქართველებად. იგივე - სვანებსა და აჭარლებზე. უმწვავესი რეაქცია მოჰყვა აგრეთვე პროგრამა «взгляд»-ის სიუჟეტს აჭარიდან, რომელშიც გადმოცემული იყო, თუ როგორ შეეწინააღმდეგა ბათუმში ქართული ოჯახი ქართველი ჭაბუკის გადაწყვეტილებას, რუსი გოგონა მოეყვანა ცოლად. შემდგომში გაირკვა, რომ წინააღმდეგობის მიზეზი საპატარძლოს «მსუბუქი ყოფაქცევა» ყოფილა. გიგა ლორთქიფანიძემ და რეზო ამაშუკელმა პროგრამის ავტორები და წამყვანები აიძულეს, ცალყბა ბოდიში მოეხადათ.
    ისიც აშკარაა, რომ ასეთ გამოხდომებზე ქართული საზოგადოების რეაქცია ნამდვილად არაადექვატური იყო, რითაც ამ საზოგადოების შინაგანი სისუსტე და არასრულფასოვნების ღრმად დაფარული კომპლექსი მჟღავნდებოდა.
    აქვე უნდა ითქვას: ქართული საზოგადოების განსაკუთრებულ (თუმცა დიდწილად გაუცნობიერებელ) გაღიზიანებას იწვევდა რუსული პრესის ანტისტალინური კამპანია. თანაც, რუსი და ებრაელი ავტორები ცდილობდნენ, სტალინის ფენომენი ქართული ხასიათით, ქართული ეთნოფსიქოლოგიის თავისებურებებით აეხსნათ. ხაზს უსვამდნენ მის ქართულ წარმოშობას, ქართულ იერსახეს, ქართულ აქცენტს, ქარაგმულად შეურაცხყოფდნენ ქართულ ენას, ქართველ ერს და ა.შ. ამით რუსული პრესა ქართული საზოგადოების იმ ნაწილსაც აღიზიანებდა, რომელსაც ანტირუსული ან რუსოფობური განწყობა არასდროს ჰქონია.
    სტალინის ფენომენს ქართული ცნობიერება მაშინ პირდაპირ თითქოს არ უკავშირებდა ეროვნულ სამყაროს, მაგრამ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად მაინც ამაყობდა მისი «ქართველობით».
    რუს ავტორთაგან ბევრი ვერ ამჩნევდა (ამაზე არც ფიქრობდა), რომ ეს ისტერია ქართველებს აღიზიანებდა. აი, აფხაზთა იდეოლოგები კი, რომლებიც შესანიშნავად იცნობდნენ ქართულ ფსიქოლოგიას და დაძაბულად ადევნებდნენ თვალს მოვლენათა განვითარებას, - ამას კარგად ხედავდნენ და შემთხვევას არ უშვებდნენ, რათა «ცეცხლზე ნავთი დაესხათ». თანაც, ხშირად  იმოწმებდნენ ფილმ «მონანიებას». მათი ლოგიკით, ქართველთა მონანიების (!) შემდეგ «სამართლიანობის აღდგენისა» და აფხაზეთის «გათავისუფლების» დროც უნდა დამდგარიყო.

    1988 წლის სექტემბერ-ოქტომბრისათვის სიტუაცია საქართველოში იმ ზღვარს მიუახლოვდა, რის შემდეგაც ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო.
    უკვე მაშინ იგრძნობოდა პირველი სიმპტომები ნიშან თვისებათა, რომლებმაც შემდგომი ტრაგედია განაპირობეს: საზოგადოება დანაწევრებული და არაკონსოლიდირებული იყო. კორუფციამ, სოციალურმა უსამართლობამ ყველაფერი გახრწნა და დაალპო, სოციალურ ფენებს ერთმანეთი სძულდათ, ხოლო საზოგადოებრივი ელიტა ლაღობდა და «მონანიების» მსგავსი, ყალბი პათეტიკით აღსავსე, ყოველგვარ მხატვრულ ღირსებას მოკლებული, მაგრამ ძლიერი პროპაგანდისტული მუხტის მატარებელი ფილმებით ცდილობდა ფეხი აეწყო მოვლენებისათვის.
    არავითარი ცდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის შემუშავებისა. «რუსთაველის საზოგადოებაც» ხელისუფლებამ ლამის ძალით შეაქმნევინა ინტელიგენციას - ძირითადად «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» საწინააღმდეგოდ. ამით კომუნისტურ ელიტას სურდა ეთქვა: ილია ჭავჭავაძის ეპოქის დროინდელი პრიორიტეტები რაღად გინდათ (როცა ქართული წერა-კითხვაც აკრძალული იყო) - ახლა ერთად, რუსთაველის ეპოქის პრიორიტეტებზე ვიზრუნოთო. მაგრამ ეს ქარაგმული მოწოდება, რასაკვირველია, სასაცილოდ არავის ეყო.
    «რუსთაველის საზოგადოების» შექმნას მოსახლეობა ზიზღითა და ცინიზმით შეხვდა: კომუნისტების შექმნილი საზოგადოება რისი მაქნისიაო. აქ გამომჟღავნდა ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი თავისებურება: ხალხი არ ენდობოდა (უფრო მეტიც, სძულდა და ეზიზღებოდა) საკუთარ ელიტას. ამით განსხვავდებოდა საქართველო სომხეთისა და ლიტვისაგან.
    ლიტველებსა და სომხებს საკუთარი ელიტის (მათ შორის ხელისუფლებისა) უსიტყვოდ სჯეროდათ, მის პატრიოტიზმსა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარებოდათ. ლიტვის «სახალხო ფრონტი» - «სოიუდისი» (ფაქტობრივად, «რუსთაველის საზოგადოების» ანალოგი) ლიტვის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის კაბინეტში დაფუძნდა. მიუხედავად ამისა, მთელი ლიტველი ხალხი უყოყმანოდ გაჰყვა ელიტას, რომელიც «გარდაქმნას» მზა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციით შეეგება.
    «რუსთაველის საზოგადოებაში» ყველაზე სახელგანთქმული ქართველი ინტელიგენტები იყვნენ გაერთიანებულნი. მაგრამ ხალხი ამ «საზოგადოებას» მაინც ამრეზით უყურებდა. სხვა საქმეა, რომ თვით ინტელიგენციას არანაირი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი «კონცეფცია» არ აღმოაჩნდა, მაგრამ რომც ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, ამით მოსახლეობის დამოკიდებულება არ შეიცვლებოდა.
    «არაფორმალური ორგანიზაციების» ლიდერები კი მას «ცკ-ს კოოპერატივს» უწოდებდნენ და ყოველგვარ თანამშრომლობას გამორიცხავდნენ.
    ეს მდგომარეობა დიდად არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც «რუსთაველის საზოგადოების» პრეზიდენტად ირაკლი აბაშიძის ნაცვლად აკაკი ბაქრაძე აირჩიეს. ან კი რა უნდა შეცვლილიყო, როდესაც, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, აკაკი ბაქრაძე არჩევის შემდეგ თავად უწოდებდა «რუსთაველის საზოგადოებას» - «მკვდრადშობილ ორგანიზაციას». იმ დროს ძალზე პოპულარული იყო გამოთქმა - «ამ ავგიას საჯინიბოს აკაკი ბაქრაძეც ვერ გაწმენდსო».
    მოვლენათა განვითარებამ დაადასტურა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცოტა არ იყოს გადაჭარბებით აფასებდა აკაკი ბაქრაძის შესაძლებლობებს. მან პოპულარობა 70-იან წლებში ანტიკომუნისტური ინტელექტუალობით მოიპოვა, მაგრამ როცა «საქმე-საქმეზე მიდგა», - არც რეალური პროგრამა აღმოაჩნდა და არც პოლიტიკოსის თვისებები.

მთელ ეკრანზე

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა