შემოტრიალებული თვითმფრინავი

    1991 წლის «სექტემბრის რევოლუციის» კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი.
    ისევე, როგორც 2 სექტემბრის აქციამ, ამ ეპიზოდმა სერიოზულად შეარყია ხელისუფლების პოზიცია და ხელსაყრელ არგუმენტად იქცა ოპოზიციური ძალებისათვის. მაგრამ თუ მომხდარს ყურადღებით დავაკვირდებით და გავაანალიზებთ, უეჭველად დავრწმუნდებით, რომ არც აქ არის ისე მარტივად საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
    დეტალები საყოველთაოდ ცნობილია.  ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები: გია ჭანტურია და ირინა სარიშვილი მოსკოვში მიფრინავდნენ - დასავლეთის ელჩებთან შესახვედრად. მოულოდნელად, თვითმფრინავი ჰაერში მოტრიალდა და კვლავ თბილისის აეროპორტში დაეშვა. ჭანტურია და სარიშვილი დააპატიმრეს. მცირე ხნის შემდეგ ირინა სარიშვილი გაათავისუფლეს.
    რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისში კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი დააკავეს. მათ შორის, გოგა ხაინდრავა, მამუკა გიორგაძე, თემურ ჟორჟოლიანი. ერთი სიტყვით «ტირანმა» თავი გაამჟღავნა - მთელი მსოფლიოს თვალწინ დაადასტურა თავისი რეჟიმის არსი. ოპოზიციამ საშუალება მიიღო ალაპარაკებულიყო «დიქტატურის» რევოლუციური (ანუ ძალადობრივი) მეთოდით მოშორების აუცილებლობაზე და ა.შ.

    პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ნებისმიერი მოვლენისა თუ ეპიზოდის ანალიზისას, აუცილებლად (თუნდაც «ყოველი შემთხვევისათვის») უნდა დავსვათ კითხვა: «ვის აძლევს ხელს?». ან შინაარსობრივად იგივე კითხვა: «ვის არ აძლევს ხელს?»
    გავიხსენოთ, რა ამბავი მოჰყვა გია ჭანტურიასა და ირინა სარიშვილის სკანდალურ დაპატიმრებას: არათუ რუსეთის, ლამის მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებიც ამ ინციდენტით იწყებდნენ გადაცემებს. ზვიად გამსახურდიას რეჟიმი საბოლოოდ დისკრედიტირებული აღმოჩნდა. თანაც, აბსოლუტურად გაუგებარია, რა სარგებლობა მოჰქონდა რეჟიმისათვის გია ჭანტურიას დაპატიმრებას - მით უმეტეს, ასეთი სკანდალური ფორმით. იმ დროს ხშირად გაიგონებდი (არც თუ უსაფუძვლოდ): «თვითმფრინავის ავზები ხომ ბენზინით იყო სავსე, - ორასამდე ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა» და ა.შ.
    თუ გამსახურდია საკუთარი თავის მტერი იყო, სწორედ ეს უნდა გაეკეთებინა. არადა, ელემენტარული ლოგიკით, მისთვის გაცილებით ხელსაყრელი იქნებოდა, ნება დაერთო ედპ-ს ლიდერებისათვის, გამგზავრებულიყვნენ მოსკოვში და უმალვე აეტეხა პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტელევიზიით: «ხომ ხედავთ, მთვარი ოპოზიციონერები კრემლში გარბიანო».
    ოპოზიციონერთა ასეთი ფორმით დაპატიმრებამ გამხახურდიას ხელისუფლება კი არ გააძლიერა, პირიქით, საბოლოოდ დააკნინა იმ ადამიანთა თვალშიც კი, რომლებიც მას უჭერდნენ მხარს ან იმ დროს ჯერ კიდევ ნეიტრალურად იყვნენ განწყობილნი.
    თანაც, ყურადღება მიაქციეთ ერთ უცნაურობას: აპატიმრებს გია ჭანტურიას და უმალვე ათავისუფლებს ირინა სარიშველს - ედპ-ს მთავარ რუპორს, რომლის ინტერვიუ, გათავისუფლებიდან 10 დღის განმავლობაში, დღეში ათჯერ გადაიცემა მსოფლიოს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით.
    ნუთუ გამსახურდიას საკუთარი თავის დამხობა ჰქონდა განზრახული და თვითონ ცდილობდა თავისივე ხელისუფლების დისკრედიტაციას?
    მის ოპოზიციონერებს ამ კითხვაზე სტანდარტული პასუხი აქვთ: «გიჟი იყო და აბა გიჟს რა მოეთხოვება?»
    დავუშვათ მართლაც ასეა - გამსახურდია საკუთარ თავს ვნებდა. მაგრამ კიდევ ერთი უცნაურობაც გვხვდება თვალში იმდროინდელ «სიგიჟეთა» ანალიზისას: უკლებლივ ყველა, ვინც იმ დროს ბრძანებებს იძლეოდა ოპოზიციონერთა წინააღმდეგ აქციათა განხორციელების თაობაზე, - შემდგომ თავადაც ოპოზიციონერი ანუ ამ ოპოზიციის გულშემატკივარი და გამსახურდიას შეურიგებელი იდეური მოწინააღმდეგე აღმოჩნდა.
    თბილისის «ომონის» ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა კინოს სახლთან დატრიალებულ ამბებში, როგორც შემდგომ გაირკვა, თენგიზ კიტოვანის ძმაკაცი ყოფილა. პროკურორები, რომელთა უშუალო მითითებითა და სანქციითაც ხდებოდა «ოპოზიციონერთა დაპატიმრება» 1991 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, არა თუ ოპოზიციის მომხრე, - მისი იდეოლოგები აღმოჩნდნენ. დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევ, ყურადღებით წაიკითხოს ამ პიროვნებათა შემდგომდროინდელი (1992 წლის იანვარ-მარტში) ინტერვიუები და უეჭველად თავად დარწმუნდება ამაში.
    დავაკვირდეთ რა გამოვიდა: ის ხალხი, ვინც უშუალოდ ახორციელებდა რეპრესიულ აქციებს გამსახურდიას იდეური ოპონენტების მიმართ, - თავად «შეიარაღებული ოპოზიციის» მომხრე და პრეზიდენტის შეურიგებელი, ანუ, როგორც რუსები იტყვიან ხოლმე, «убеждённый» მოწინააღმდეგე გამოდგა.
    თანაც, ყველა შესაბამისი აქცია ისე იყო გაფორმებული, ხელისუფლებას, მორალური თვალსაზრისით, თავის გასამართლებელ არგუმენტს არ უტოვებდა - რას ერჩი გოგა ხაინდრავას, იგი ხომ ერთი უწყინარი კინორეჟისორია, ბოროტებისა და დანაშაულის ჩადენა მართლა არ ძალუძს. რატომ აპატიმრებ, დაპატიმრების ფაქტით ხომ მდგომარეობას კიდევ უფრო იუარესებ? მართლა საკუთარი თავის მტერი ხარ?!
    უკვე იმ დროს, ზოგიერთი დამკვირვებელი სერიოზულ ეჭვს გამოთქვამდა ამ უცნაურობის გამო. მაგრამ მათ იმავე არგუმენტით აჩუმებდნენ: «რა გიკვირთ, ხომ ხედავთ გიჟი და მანიაკია ეს კაცი - მისგან სიგიჟის მეტი რა არის მოსალოდნელი?»
    ერთი სიტყვით, ზვიად გამსახურდიას «სიგიჟე» გახდა ყველა ამ უცნაურობის, შეუსაბამობისა და საეჭვო გარემოების გამამართლებელი არგუმენტი.
    ისევ და ისევ მჭირდება ხაზგასმა, რომ გამსახურდია ამაში თავად არის დამნაშავე: მან თავად მისცა მტრებსა და მოწინააღმდეგეთ საშუალება, გამოეძეწათ მისგან ისეთი «ურჩხულის» იმიჯი, რომლისგანაც «ყველაფერი მოსალოდნელია».
    არადა, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ოპოზიციონერთა გახმაურებული დაპატიმრებები სექტემბერ-ოქტომბერში, თვითმფრინავის სკანდალური ინციდენტი, ისევე, როგორც 2 სექტემბრის დარბევა, სინამდვილეში იყო ძალზე ჭკვიანურად, ეშმაკურად, გონებამახვილურად განხორციელებული პროვოკაცია გამსახურდიას რეჟიმის წინააღმდეგ, რომლის ავტორები იყვნენ, ერთის მხრივ, თვით ოპოზიციონერები (მათ შორის იმ დროს უკვე ინსტიტუირებული «შეიარაღებული ოპოზიცია»), მეორეს მხრივ კი - ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში მყოფი ის ძალები, რომელთაც დიდი სურვილი ჰქონდათ არსებული რეჟიმი შიგნიდან «აეფეთქებინათ».
    ისე არავინ გამიგოს, თითქოს ვამტკიცებდე, რომ მაგალითად გოგა ხაინდრავამ იცოდა, რატომ და რისთვის აპატიმრებდნენ - არც იყო აუცილებელი მას სცოდნოდა. ისევე, როგორც არ იყო აუცილებელი, სცოდნოდა გია ჭანტურიას, ვინ და რატომ შემოატრიალა თვითმფრინავი ჰაერში და თბილისის აეროდრომზე დასვა. შეიძლება არც სცოდნოდა თემურ ჟორჟოლიანს, ვისი ბრძანებით ჩაუგდეს ტყვიები ჯიბეში, რათა «იარაღის უკანონო ტარების» ბრალდებით დაეპატიმრებინათ, ან მამუკა გიორგაძეს. მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ ყველაფრისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მხოლოდ და მხოლოდ ზვიად გამსახურდიას. სწორედ პრეზიდენტი ხდებოდა პასუხისმგებელი ნებისმიერი რეპრესიული აქციისათვის - რაც ამ აქციათა უშუალო განმახორციელებლებმა, რასაკვირველია, წინასწარ შესანიშნავად იცოდნენ.
    «გოგა ხაინდრავა» ნამდვილად სინდისის პატიმრად და ძალზე მნიშვნელოვან არგუმენტად იქცა. ეს იყო ყველაზე «ნიშანდობლივი» დაპატიმრება, რომელმაც საბოლოოდ გამოამჟღავნა რეჟიმის არსი. მაგრამ ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს აქვე აღინიშნოს, თუ რამდენად ნამუსგარეცხილია ის ხალხი, ის «ელიტარული საზოგადოება», რომელიც ისტერიკებს მართავდა გოგა ხაინდრავას ორი თვით სრულიად უსამართლოდ და უსინდისოდ დაპატიმრების გამო და შემდეგ, არათუ კრინტი არ დაუძრავს საპროტესტოდ, არამედ ყოველნაირად ამართლებდა იმას, რომ ზვიად გამსახურდიას ათეულობით მომხრემ, მხოლოდ თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა და არაძალადობრივი მოქმედების გამო (მაგალითად, ზუგდიდში გამართულ უზენაესი საბჭოს სესიებში მონაწილეობისათვის) არა ორი თვე, არამედ 5-7 წელი გაატარა ციხეში.

    გავიხსენოთ აგრეთვე, «დასაპატიმრებელ ინტელიგენტთა» სია, რომელიც ზვიად გამსახურდიამ, ვითომდაც იანაევს გაუგზავნა. იმთავითვე ცხადი იყო მისი მისი სიყალბე, რაც დაადასტურა კიდეც ექსპერტიზამ, მაგრამ «ელიტარული ინტელიგენციის» წარმომადგენლები, რომელთაც გამსახურდია და მისი უბადრუკი მომხრეები დღენიადაგ ლანძღავდნენ, რა თქმა უნდა ადვილად დაიჯერებდნენ, რომ მათ წინააღმდეგ რეპრესიები იგეგმებოდა.
    თუნდაც არ ჰქონოდა სინამდვილეში გამსახურდიას ამგვარი რამ ჩაფიქრებული, - ეს სავსებით შეესაბამებოდა მის (იმ დროს უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებულ) იმიჯს, რომელიც თავადვე შეიქმნა.
    სხვა საქმეა, რომ გამოცდილ და ჭკვიან პოლტიკოსთან იგივე მეთოდები და «ტექნოლოგია» ძნელად თუ გაუვიდოდათ. მეტი თვალსაჩინოებისთვის შედარებას მივმართოთ: 1992 წლის დეკემბერში, თბილისში, «ზვიადისტების» ერთ-ერთი მიტინგი სასტიკად დაარბიეს. ეს ფაქტი ოპოზიციამ პარლამენტის სხდომაზე გააპროტესტა. სხდომა ედუარდ შევარდნაძეს მიჰყავდა, რომელმაც მშვიდი ტონით განაცხადა: «ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ამ თემაზე მსჯელობისას ყველას ვთხოვ, ადრესატი სწორად შეარჩიოს. უნდა გაირკვეს, რამდენად კანონიერად მოქმედებდნენ დემონსტრანტები და, შესაბამისად, პოლიცია. ისიც გაირკვევა, რა მიზანს ისახავდა ორივე მხარე».
    დააკვირდით: არა მხოლოდ ის არის გასარკვევი, რა მიზანს ისახავდნენ «ზვიადისტები», არამედ ისიც, თუ რა მიზანს ისახავდა პოლიცია, როდესაც მიტინგს ნაგაზების მეშვეობით არბევდა. იგულისხმება: ხომ არ ისახავდა იგი მიზნად ხელისუფლების დისკრედიტაციას, როცა ვითომდაც მისი ერთგულებისათვის, იჩენდა სისასტიკეს დემონსტრანტების მიმართ?
    ედუარდ შევარდნაძესთან შედარებით, ზვიად გამსახურდია, როგორც პოლიტიკოსი, მართლაც მეშვიდე კლასში ჩარჩენილი ოროსანი მოსწავლე იყო. ამდენად, «ძალაუფლების ტექნოლოგიის» თვალსაზრისით, მან, რასაკვირველია, ვერაფერი მოუხერხა იმ ელემენტარულ პროვოკაციას, რომელიც 1991 წლის სექტემბერში განხორციელდა მის წინააღმდეგ, - ვითომდაც მისივე ერთგული «ადმინისტრაციული ორგანოების» მხრიდან.
    როცა ეს უკანასკნელნი 2 სექტემბრის მიტინგს არბევდნენ, თვითმფრინავს ჰაერში ატრიალებდნენ, გოგა ხაინდრავას აპატიმრებდნენ, - გარეგნულად თითქოს ხელისულებას იცავდნენ და ფორმალურად, ვითომდაც მის სასარგებლოდ მოქმედებდნენ, მაგრამ ყველა ეს აქცია მხოლოდ ასუსტებდა ხელისუფლებას, გარდაუვალს ხდიდა მის კრახს.

    მკითხველმა შეიძლება იკითხოს: თუ მაგალითად, გია ჭანტურიასა და გოგა ხაინდრავას დაპატიმრების ბრძანება ზვიად გამსახურდიასაგან არ მოდიოდა (სხვა საქმეა, რომ იგი მართლაც დაჟინებით მოითხოვდა «შეიარაღებული ოპოზიციის» ლიდერთა დაკავებას), მას ხომ შეეძლო ებრძანებინა მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება?
    აი, სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო მომენტი. საქმეც ისაა, რომ ვერ უბრძანებდა! რაკი დაპატიმრება განხორციელდა, შემდგომ უკვე საპირისპირო ქმედება «კაპიტულაციად» გამოცხადდებოდა. შეგახსენებთ, რომ ირინა სარიშვილის გათავისუფლება ზვიად გამსახურდიას «სიგიჟის» კიდევ ერთი დადასტურება გახდა: «ხან იჭერს, ხან ათავისუფლებს - ნამდვილი გიჟიაო».
    ამასთანავე, «სამართლისდამცველი» ორგანოების ხელმძღვანელები ამ შემთხვევაში მოქმედებდნენ ძალიან ეშმაკურად: «თუ გინდა, რომ მე დავიცვა შენი ხელისუფლება, მაშინ მომეცი საშუალება, ვიმოქმედო ისე, როგორც მიმაჩნია საჭიროდ, - ქვეყანაში წესრიგის აღსადგენად». პრეზიდენტის სიტყვიერი ბრძანება არ არის საკმარისი წინასწარ პატიმრობაში ან «ძიებაში» მყოფის გასათავისუფლებლად. იმისათვის, «რათა შემდგომ მე არ დამბრალდეს ყველაფერი», პრეზიდენტისაგან აუცილებლად მოვითხოვ წერილობით ბრძანებას - «არა, ბატონო პრეზიდენტო, მე ვერ ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას, ეს ნაძირალა ახლა თუ გავუშვით, - ციხიდან როგორც კი გავა, უარესს გააკეთებს!».
    ამგვარ წერილობით ბრძანებას კი პრეზიდენტი ვერავის მისცემდა. იურიდიულად მას ამის უფლება არ ჰქონდა. რომც გაეცა ეს ბრძანება, იგი მისი «დიქტატორობის» კიდევ ერთ საბუთად იქცეოდა («უნდა იჭერს, უნდა-ათავისუფლებსო») იმავე ოპოზიციისათვის.
    პრეზიდენტს ჰქონდა შეწყალების უფლება, მაგრამ საამისოდაც შესაბამისი პროცედურის გავლაა საჭირო და არ შეიძლება აქაც აბსურდამდე მიხვიდე: შეუძლებელია ადამიანს აპატიმრებდე და მეორე დღეს შეწყალებას აცხადებდე. მით უმეტეს, თუ ყველა დარწმუნებულია, რომ იგი სწორედ შენი ბრძანებით დააპატიმრეს. მიუხედავად ამისა, შეგახსენებთ, რომ გამსახურდიამ ეს მაინც სცადა.
    მოგვიანებით კი მიხვდა რაშიც იყო საქმე და იძახდა: «პროკურატურაში ჩემი მტრები აღმოჩნდნენო», მაგრამ რაღა დროს?!
    ნიშანდობლივია, რომ გია ჭანტურიასა და გოგა ხაინდრავას ციხეში(!) პრეს-კონფერენციის გამართვის უფლება მისცა იმავე ხალხმა, ვინც ისინი დააპატიმრა. ესეც უტყუარი საბუთია იმისა, რომ მათი დაპატიმრება პროვოკაცია იყო. წარმოუდგენელია, ზვიად გამსახურდია მართლა ამდენად უგუნური ყოფილიყო, - ჯერ დაეპატიმრებინა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და შემდეგ ციხეში (!) პრეს-კონფერენციის გამართვის საშუალება მიეცა: ან რას აპატიმრებ, ან ოდესმე სადმე თუ გაგიგიათ, პატიმრობაში მყოფს ციხეში პრეს-კონფერენცია გაემართოს?
    ამ უნიკალურ პრეს-კონფერენციას, რა თქმა უნდა, მსოფლიოს უდიდეს საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლები დაესწრენ. ამერიკელ, ფრანგ, ბრიტანელ ჟურნალისტებს ალბათ დღემდე ახსოვთ ეს შემთხვევა, როგორც კურიოზი: მათ დემოკრატიულ ქვეყნებში ვინ მისცემს პატიმრებს ციხეში პრეს-კონფერენციის გამართვის საშუალებას?

    ყოველივე ზემოთთქმული იმას როდი ნიშნავს, თითქოს ავტორი ამტყუნებს შესანიშნავად, გონებამახვილურად განხორციელებული პროვოკაციების ორგანიზატორებს. არც ასე იოლად გაბრიყვებული პრეზიდენტი მეცოდება - აბა, თუ ბიჭები იყვნენ, მეორე პრეზიდენტის წინააღმდეგაც ეცადათ იგივე ხრიკები!
    თუმცა სცადეს, როგორ არ სცადეს, მაგრამ როცა ნამდვილ, გამოცდილ პოლიტიკოსთან მოუწიათ შერკინება, ბრინჯივით დაიბნენ და ან ციხეში ამოჰყვეს თავი, ან ისტორიის სანაგვეზე.
    თუ ძალაუფლების ტექნოლოგიას არ ფლობ, უეჭველად დამარცხდები და ეს არჩევნებამდე, ხელისუფლებაში მოსვლამდე უნდა გაითვალისწინო.
    ოღონდ, ნამდვილად ნერვების მომშლელია, როდესაც ჩემს გაბრიყვებას ცდილობენ და სურთ დამარწმუნონ, რომ თვითმფრინავი ჰაერში თვით ზვიად გამსახურდიამ შემოატრიალა, თითქოს გოგა ხაინდრავაც მისი ბრძანებით დააპატიმრეს, შემდეგ პრესკონფერენციის ნებაც მანვე დართო პატიმრებს ციხეში, 2 სექტემბრის მიტინგიც მისი ბრძანებით დაარბიეს, იანაევსაც წერილი გაუგზავნა «დასაპატიმრებელი ხალხის სიით» და ა.შ.
    ეს ყოველივე, რასაკვირველია, ტყუილია, მაგრამ ამ ხერხთა გამოყენებას მოჰყვება თუ არა შედეგი, ანუ ხელისუფლების დისკრედიტაცია, - თვით ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
    თუ იგი უნიჭო, არაკომპეტენტური და გამოუცდელია, - ამით მოწინააღმდეგეთ ადვილად აძლევს შესაბამის დამანგრეველ «კონცენტრირებულ სტერეოტიპთა» ჩამოყალიბების საშუალებას. ასეთ შემთხვევაში კი, მისი დამარცხება, მისთვის ძალაუფლების წაგლეჯა და ხელისუფლებისაგან ჩამოშორება «ტექნიკის საქმეა».
    გამოცდილ, ჭკვიან პოლიტიკოსთან იმავე «ტექნოლოგებს» ასეთი ხრიკები არ გაუვიდოდათ და არც გაუვიდათ.

მთელ ეკრანზე
   

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა