სოციალური მოტივი
   

    2 სექტემბრის შემდეგ, საქართველოში რევოლუციური პროცესი დაიწყო. ქვემოთ შევეცდები ავხსნა, თუ, ჩემი აზრით, რა სოციალური შინაარსი ჰქონდა «დეკემბერ - იანვრის» მოვლენებს და, მთლიანად, განხორციელებულ გადატრიალებას.
    თუმცა, ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ყველა განსაზღვრებას (მით უმეტეს პოსტტოტალიტარულ საქართველოში, სადაც ნებისმიერ ცნებას იდეოლოგიზირების ტვიფრი აძევს) ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
    თუ «კრიმინალურ რევოლუციაში» მხოლოდ კრიმინალთა მონაწილეობას ვიგულისხმებთ, მაშინ კაცობრიობის ისტორიაში ყველა რევოლუცია, საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან - რუსეთის დიდ რევოლუციამდე, აგრეთვე «კრიმინალური» ყოფილა.
    «გადატრიალებას» რაც შეეხება, გააჩნია თვალთახედვას: ის, რაც პეტერბურგში, 1917 წლის ოქტომბერში დამხობილთათვის «გადატრიალება» იყო, – დამამხობელთათვის «რევოლუცია» გახლდათ.
    ანუ ასეთი ლოგიკით აბსურდულ დასკვნებამდე მივალთ. სინამდვილეში, მთავარია, ვისი ხელით კეთდება რევოლუცია (გადატრიალება, პუტჩი), ვისთვის და რისთვის, რა შინაგანი, სოციალური მოტივებით.

    როგორი მდგომარეობა იყო საზოგადოებასა და, მთლიანად, ქვეყანაში «მრგვალი მაგიდის» უნიჭო და უნიათო მმართველობის მიწურულს, შეძლებისდაგვარად აღვწერე წინა თავში. ხელისუფლების იმდროინდელ მოწინააღმდეგეთა მოტივიც გამჭვირვალეა. მაგრამ სწორი განსაზღვრებისათვის აუცილებელია «მთავარი მოქმედი გმირის» პოვნა. ანუ იმ სოციალური ფენისა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებდა პოლიტიკურ პროცესში.
    დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ასეთი როლი 1991 წლის შემოდგომაზე შეასრულა იმ სოციალურმა ფენამ, რომელსაც ჩვენში რატომღაც (გაუგებარია რატომ) «ინტელიგენციას» უწოდებენ. ირაკლი ბათიაშვილი სავსებით მართებულად ამბობდა, რომ სწორედ ინტელიგენციამ აიტაცა «ანტიზვიადიზმის დროშა» და სათავეში ჩაუდგა რევოლუციურ მოძრაობას (გნებავთ «სახელმწიფო გადატრიალებას», «კრიმინალურ პუტჩს» და ა.შ.)
    თუ საზოგადოებაში (გავლენიან სოციალურ ფენაში) მიღებულია გადაწყვეტილება გადატრიალების, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის თაობაზე, - ამგვარი მცდელობა, ადრე თუ გვიან, უეჭველად განხორციელდება და (რაც მთავარია) აუცილებლად მოიძებნება სხვა სოციალური ფენა, რომელიც იტვირთებს გადატრიალების უშუალოდ განმახორციელებლის ფუნქციას.
    მკითხველს ვთხოვ, ამ მომენტს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს: ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ სახელმწიფოში, ყოველთვის არსებობს სოციალური ძალა, რომელიც მუდამ მზად არის მონაწილეობა მიიღოს ანტისახელმწიფოებრივ (შინაარსით ანტისახელმწიფოებრივ, ფორმით – ანტისამთავრობო) ამბოხში. ეს სოციალური ძალაა კრიმინალური სამყარო, კრიმინალური სოციუმი. ოღონდ მას მძლავრი და გავლენიანი მოკავშირე სჭირდება, რომელიც მოახდენს მისი ძალისხმევის ერთგვარ «ლეგიტიმაციას». წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ძნელად თუ მიაღწევს წარმატებას.

    1991 წლის შემოდგომაზე, ამ თვალსაზრისით, იდეალური ვითარება შეიქმნა: ზვიად გამსახურდიასთან ერთად ხელისუფლებაში მოსული უტვინო და უმეცარი ბრბოს მიერ «თბილი ადგილებიდან» გამოძევებულ «არისტოკრატებს», დიდწილად სწორედ ამ მიზეზით, ხელისუფლება ჭირის დღესავით სძულთ; სოციალური ცენზის (არა იმდენად მატერიალური პრივილეგიის, არამედ სოციალური სტატუსისა და ცენზის) დაკარგვას ისინი ადვილად ვერ ეგუებიან და ურიგდებიან. ამიტომ, რაკი სტატუტის დასაბრუნებლად «მრგვალი» ხელისუფლების დამხობა გადაწყვიტეს, დაიწყეს მოკავშირის ძებნა და იპოვეს კიდეც - «კრიმინალთა» სახით.
    1991 წლის მთავარი სოციალური მოვლენა საქართველოში გახდა «უნია», კავშირი ელიტასა და კრიმინალურ სამყაროს შორის. «მხედრიონი» გახლდათ ელიტის მახვილი - ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილი უბადრუკი პლებეების წინააღმდეგ.
    «თვალსაჩინო ინტელიგენტთა» სიძულვილი გურამ პეტრიაშვილის მიმართ, შინაარსობრივად, იყო სიძულვილი «სახალხო ტრიბუნად» ქცეული პლებეისადმი, რომელიც ბრბოსა და ცეზარობის მოსურნე განდგომილი არისტოკრატის (ზვიად გამსახურდიას) მეშვეობით აღზევდა ხელისუფლების ოლიმპზე.
   საქართველოს ეთნოფსიქოლოგიურ და საზოგადოებრივ–ფსიქოლოგიურ თავისებურებათა გათვალისწინებით, ზვიად გამსახურდია უკვე მაშინ დამარცხდა, როდესაც მისი მხარდაჭერა აღიქმებოდა «გოიმობად» და «სოფლელობად», ხოლო ოპოზიციონერობა «სვეტობად» და «ქალაქელობად». ანუ «ზვიადიზმი» არამოდურად იქცა, ხოლო «ანტიზვიადიზმი» - მოდურად. მოდის კანონმდებელი კი ყველგან და ყოველთვის ელიტაა.

    «ინტელიგენციისა» და «მხედრიონის» კავშირი განსხეულდა კონკრეტულ პიროვნებაში. მისი სახელი და გვარი მკითხველმა კარგად უწყის: საყოველთაოდ ცნობილია, ვინ არის ერთდროულად «ცნობილი მწერალიცა» და «კანონიერი ქურდიც».
    თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამგვარი უნიის ტრადიცია მანამდეც არსებობდა: კომუნისტურ ეპოქაში ე.წ «ცეხავიკებს» არა მხოლოდ შავი სამყაროდან ჰყავდათ მფარველები და მეწილეები. ისინი ხშირად ცნობილ მწერლებს, მსახიობებს, კინორეჟისორებსაც უკავშირდებოდნენ, შეჰყავდათ «წილში» და თავი ქუდში ჰქონდათ: კომუნისტური ხელისუფლება თვით ყველაზე გააფთრებული ანტიკორუფციული კამპანიების დროსაც ვერ გაბედავდა, ხელი ეხლო (დაეპატიმრებინა) საქვეყნოდ ცნობილი «ლაურეატი» და «სახალხო პოეტი». არადა, იმავდროულად, შეუძლებელი იყო ერთი «მეწილე» დაეპატიმრებინა და მეორე – არა. პირველის ადვოკატი ხომ უეჭველად იტყოდა: «ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თუ ასამართლებთ, განა არ იცით, წილში კიდევ ვინ იჯდა?»

    მიუხედავად ზემოთთქმულისა, მხოლოდ «ელიტას» და კრიმინალურ სამყაროს გაუჭირდებოდა სახელმწიფო გადატრიალების (იგივე რევოლუციის) განხორციელება, მათი უნია «კონგრესს» რომ არ «გაეკეთილშობილებინა».
    1991 წლისათვის, კონგრესში გაწევრიანებული პარტიები, უფრო ზოგადად, პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია (ე.წ. «გარე–ოპოზიცია» - ეს ქართული პოლიტოლოგიური აზრის ტერმინოლოგიური შენატანია მსოფლიო პოლიტოლოგიურ მეცნიერებაში) და  «პროვინციელ დემოკრატთა» მრავალრიცხოვანი, «ზვიადისტებზე» არანაკლებ ამაზრზენი ბრბო, - უყოყმანოდ დადგა «უნიატთა» გვერდით.
    ეს მესამე დაჯგუფებაც, თავის მხრივ, რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი იყო 1988–89 წლებში აღზევებულ თუ წარმოშობილ პარტიათა დროებითი, პრაგმატული გაერთიანება - ეროვნულ – დემოკრატიული პარტია, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია და ზოგიერთი სხვა.
    როგორც აღმოჩნდა, ვითარების შეცვლის მიუხედავად, «კონგრესის» იდეის ავტორები ბოლომდე აპირებდნენ თავდაპირველი ჩანაფიქრის განხორციელებას. თავის დროზე (1988–89 წლებში) ისინი, თურმე, იმიტომ ქადაგებდნენ «არაძალადობას» ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ იცოდნენ: «რუსულ ხელისუფლებას» ასე ადვილად (ძალით) ვერ დაამხობდნენ. მაგრამ როგორც კი შეატყვეს, ზვიად გამსახურდიას უსუსური ხელისუფლების დამხობა არც ისე ძნელი იქნებოდა, უმალვე უარი თქვეს «განდიზმსა» და «არაძალადობაზე».
    ამასთანავე, «ანტიზვიადისტური» კოალიციის ლიდერებს ეყოთ ჭკუა, ისეთი ნეგატიური სტერეოტიპები ექადაგათ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომლებიც «კონგლომერატის» სხვადასხვა დაჯგუფებას არ გააღიზიანებდა.
    ამ დაჯგუფებებზეც აქვე უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა. თენგიზ სიგუას იმდროინდელი განმარტებით, იყო სამი ძირითადი «ანტიზვიადისტური» დაჯგუფება:
    1)კიტოვანი–სიგუა და სამეურნეო ოლიგარქიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ჰქონდა შიში, რომ ვერ განახორციელებდა წარმოების საშუალებათა პრივატიზების პროცესს გამსახურდიას რეჟიმის პირობებში; 2)ელიტარული ინტელიგენცია და 3)კონგრესი ანუ «ეროვნული მოძრაობის» მეორე ფრთა - საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, პარლამენტსგარეშე ოპოზიციური პოლიტოკრატია და ა.შ.

    მთავარი და განმსაზღვრელი, «ანტიზვიადისტური» სტერეოტიპების ქადაგებისას, არსებული ვითარებით სოციუმის ფართო სპექტრის უკმაყოფილება იყო, თორემ «კონგლომერატში» ანტირუსული ძალებიც შედიოდნენ და რუსოფილებიც, «კავკასიური ერთობის» მომხრენიც და მოწინააღმდეგეებიც, მედასავლეთეებიც და კომუნისტებიც. მათ დროებით შეკრეს ზავი - საერთო მტრის წინააღმდეგ. ამიტომაც გახდნენ იძულებულნი, უმეტესწილად «ნეიტრალური» ბრალდებები წაეყენებინათ პრეზიდენტისათვის.
    დღევანდელი გადასახედიდან, მრავალი იმ ბრალდებათაგანი აბსურდულად და მარაზმატულად ჟღერს. მაგალითად: «რატომ ჰყავს პრეზიდენტს თვითმფრინავი?» როგორ შეიძლება პრეზიდენტს თვითმფრინავი ჰყავდეს? თურმე ზვიად გამსახურდია, ამ მხრივ, გამონაკლისი ყოფილა! ან კიდევ უარესი: «რატომ დადის ქვეყნის პრეზიდენტი «მერსედესით?» სასაცილოდაც ჟღერს: «ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობა იმისათვის უნდოდა, «მერსედესებით» რომ ეგრიალა».
    მეორე პრეზიდენტს ათჯერ უკეთესი და ძვირფასი მერსედესი ჰყავდა, მაგრამ არც ერთ ჭკუათმყოფელს, რა თქმა უნდა, აზრადაც არ მოუვიდოდა ამის გამო მისთვის ესაყვედურა.
    როდესაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ამგვარ ბრიყვულ არგუმენტებს გასავალი აქვთ, ეს, ყველაფერთან ერთად, სახელმწიფოებრივი უკულტურობის ერთ–ერთი ნიშანიცა.
    რასაკვირველია, «ანტისტერეოტიპთა» რიგი ამით არ ამოიწურებოდა: «დიქტატურაა ქვეყანაში» - ქადაგებდა ის ხალხი, რომელიც შემდგომ კრინტს არ სძრავდა თბილისში, უიარაღო «ზვიადისტების» მიტინგთა დახვრეტის გამო. პირიქით, ყოველნაირად ამართლებდა კიდეც ამ დახვრეტებს.
    «საქართველო იზოლაციაშია» - ესეც დემაგოგიაა: საქართველოს იზოლირება უმეტესწილად საბჭოთა კავშირში მისი ჯერ კიდევ ყოფნით გახლდათ გამოწვეული და არა გამსახურდიას რეჟიმის ოდიოზურობით - ცენტრალურ აზიაში არანაკლებ ოდიოზური რეჟიმების არსებობას დასავლეთისათვის ხელი არ შეუშლია მათი დამოუკიდებლობა უმალვე ეცნო, როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა.

    ანტიზვიადისტურ კონგლომერატს, სხვადასხვა სოციალურ შრეში უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა. მაგალითად, კიტოვანის გვარდიას დაფინასება სჭირდებოდა. ფულს კი იმ კატეგორიის ხალხი იხდიდა, ათწლეულების განმავლობაში «ორი ბოთლი კონიაკის» ფასად საქმეებს რომ «აიმასქნებდა» მოსკოვში - «წითელი დირექტორები», იგივე «ცეხავიკები», ყოფილი «ცკ»–ს ვაჭრობის განყოფილების გამგეები, უნივერმაღის დირექტორები, «საკავშიროდ» პოპულარული მომღერლები, რომელთა კარიერა და მატერიალური კეთილდღეობა რუსული აუდიტორიის კეთილგანწყობას ეფუძნებოდა და ა.შ.
    ბუნებრივია, ადგილიდან დაძრულ პროცესს რუსული სპეცსამსახური უდიდესი ყურადღებით აკვირდებოდა, თუმცა (შეგახსენებთ) კრემლმა მოჩვენებითი გულგრილობის ნიღაბი აიფარა, რაც ძალიან ჭკვიანური პოზიცია იყო.
   
        მაგრამ ყველა ეს ფაქტორი გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებდა, რომ არა უმთავრესი: შინაგანი კონფლიქტი სოციუმში თვით «დამოუკიდებლობის იდეის» მიმართ.
    სამოქალაქო ომი საქართველოში, სინამდვილეში დაიწყო 9 აპრილს, როდესაც სოციუმის იმ ნაწილს, ვისთვისაც დამოუკიდებლობა შინაგანი მოთხოვნა არ ყოფილა, სწორედ 9 აპრილის მეშვეობით (თუ სლენგს მივმართავთ, ე.წ. «სინდისზე შეგდებით») მოახვიეს თავს შესაბამისი საზოგადოებრივ–ფსიქოლოგიური დომინანტი და აიძულეს განმსჭვალულიყო მისთვის არათვისებრივი მისწრაფებით. არადა, საქმე სწორედაც რომ უმრავლესობას ეხებოდა და არა უმცირესობას.
    მართალია, 1991 წლის 31 მარტს მან ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს «დომინანტური რესურსის» უკანასკნელი გამოვლინება გახლდათ. როგორც კი საშუალება მიეცა, სოციუმში არსებულმა ინტერესთა კონფლიქტმა უმალვე გადმოხეთქა.
    ნიშანდობლივი აქ ის გახლავთ, რომ ეროვნული მოძრაობის მეორე ფრთა ამ ტალღას სათავეში მოექცა (ედპ, წერეთლის პარტია და ა.შ), ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს ზვიად გამსახურდია მისთვის მენტალურად, იდეოლოგიურად, პოლიტიკურად მიუღებელი აღმოჩნდა. უბრალოდ, გია ჭანტურიასა და ირაკლი წერეთელს (რაკი დარწმუნდნენ, «გამსახურდიას საქმე წასულია»), არ სურდათ ისტორიულ მოუსავლეთში ჩაძირულიყვნენ ზვიადთან და მოძრაობის იმ ნაწილთან ერთად, რომელიც უკვე მართლაც განწირული იყო დასაღუპად. ამით ცდილობდნენ თავიც გადაერჩინათ და გადაერჩინათ თვით «მოძრაობის» იდეაც.
    რამდენად შეძლეს ეს (სტრატეგიული თვალსაზრისით) - სხვა საკითხია.
    ბუნებრივია, ოპოზიციურ კონგლომერატში ინტერესთა ამგვარი კონფლიქტი აფიშირებული ვერ იქნებოდა. თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, გია ჭანტურიასა და ირაკლი წერეთელს, თავიანთი «დროებითი მოკავშირეები» სინამდვილეში ჭირის დღესავით სძულდათ. მათ მოკავშირეებს კი, ზვიად გამსახურდიას დამხობით, მთელი «მოძრაობის» დამხობა სურდათ და კურსის შეცვლა, მაგრამ ხელი მოეცარათ.

    ახლა, რაც შეეხება ფართო საზოგადოების სხვა სეგმენტების დაინტერესებას. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: თუ გახსოვთ, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს მოსკოვმა რამდენჯერმე განახორციელა ფულის რეფორმა (დენომინაცია, ფულის ნიშნების შეცვლა და ა.შ.), რომელსაც საქართველოს მოსახლეობისათვის კონკრეტული დანაკარგიც მოჰყვა. ბუნებრივია, ამ დანაკარგს პირდაპირ უკავშირებდნენ ზვიად გამსახურდიას შეურიგებელ კურსს. სწორედ მაშინ დაიწყო დევალვაცია (ფაქტობრივად დაკარგვა) იმ თანხებისა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს შემნახველ ბანკში და სხვა საბჭოთა ბანკებში ჰქონდათ შეტანილი.
    რასაკვირველია, სოციუმის ფართო სპექტრში ესეც ამწვავებდა კონკრეტულ მოტივაციას და ზრდიდა სიძულვილს ხელისუფლებისადმი. მით უმეტეს, არსებობდა აზრი, რომ «ამის ბრალია ყველაფერი». რაც სრულებითაც არ იყო შორს სინამდვილისაგან – იმ გაგებით, რომ დამოუკიდებლობის მოპოვება პიროვნული დანაკარგების გარეშე ვერაფრით მოხერხდებოდა. ზვიად გამსახურდია გაატარებდა ამ კურსს თუ სხვა - ამას მნიშვნელობა არა აქვს.

    ამრიგად, უამრავი მოტივაციური ფაქტორის დასახელებაა შესაძლებელი, რომელთა ერთობლიობა, მოკლედ შეიძლება ასე აღიწეროს: 1991 წელს, ქართული საზოგადოება (და ამ საზოგადოებაში ჩამალული, 9 აპრილის დომინანტით დათრგუნული პიროვნება, ვისთვისაც «მოძრაობის» მისწრაფებანი თვისებრივი არ ყოფილა), როგორც იქნა მიხვდა (იგრძნო), რომ დამოუკიდებლობა უმტკივნეულოდ და (მისთვის) უდანაკარგოდ ვერ მიიღწეოდა. არადა ამ სოციალურ სუბიექტს სულაც არ ეპიტნავებოდა ფასი, რომელიც კონკრეტულად მას უნდა გადაეხადა საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. ანუ დანაკარგთან შეგუება და შერიგება სულაც არ სურდა - არ «უღირდა».
    მაგრამ უკვე გვიან იყო და ზვიად გამსახურდიას დამხობით მან ეს პრობლემა ვერ გადაჭრა, ვინაიდან «მოძრაობის» მეორე ფრთამ (ვიმეორებ) იეშმაკა, თვითონაც დაუპირისპირდა გამსახურდიას და ამით არა მხოლოდ თავი გადაირჩინა, არამედ «მოძრაობის» დომინანტობაც შეინარჩუნა.
    ამ თვალსაზრისით, «რევოლუციის» მამოძრავებელ სოციალურ ძალას მართლაც ხელი მოეცარა: «ტკბილი, უზრუნველი, მშვიდი ცხოვრება» ვეღარ დაიბრუნა და უარეს უბედურებაში ჩაიგდო თავი.

    დასკვნის სახით კი აქ უნდა ითქვას, რომ ამბოხი ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, დიდწილად გახლდათ ამბოხი სოციალური ფენის იმ (უდიდესი) ნაწილისა, რომელიც გვიან მიხვდა, რომ «მოძრაობისა» და საქართველოს დამოუკიდებლობის შედეგად «ცხოვრების წესის» შეცვლა მოუწევდა უეჭველად.
    ეს ეხება თითქმის ყველას და ყველაფერს: ათწლეულობით შეჩვეული სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატიდან დაწყებული, - მოსკოვში, «არაგვში» საქეიფოდ დილით გადაფრენასა და საღამოს გადმოფრენამდე.
    რაც შეეხება «ელიტარული ინტელიგენციის» სალონურ ფრონდერობას საბჭოთა პერიოდში, ეს უფრო ერთგვარი მოდა იყო და, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, სულაც არ გულისხმობდა ცხოვრების წესის შეცვლის სურვილს.
    ამაშიც მჟღავნდება შესაბამისი სოციალური ფენის პრიმიტივიზმი: წყობისა და (მით უმეტეს) სახელმწიფოებრივი სტატუტის შეცვლა ობიექტურად შეუძლებელია ცხოვრების წესის შეცვლის გარეშე.
    ოღონდ თუ სოციალურ მოტივაციაზე ვსაუბრობთ, მაშინ იმავე სოციუმის მეორე (მარგინალურ) სეგმენტზეც უნდა ითქვას, რომ ბევრისთვის «ანტიკომუნიზმი» და «დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა» სწორედ ქართული ცხოვრების წესიდან გაქცევის საშუალება გახლდათ.

მთელ ეკრანზე

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა