პირველი აქცია
   
   

    1987 წლის შემოდგომაზე მთელს საბჭოთა კავშირშიც ერთგვარი შინაგანი დაძაბულობა იგრძნობოდა. თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო - ქვეყანას კვლავ კომუნისტური პარტია მართავდა, მიხეილ გორბაჩოვი უზრდელად იქცეოდა საზღვარგარეთ - მაგიდაზე მუშტებს აბრახუნებდა, დათმობებზე არ მიდიოდა, ატომური ბომბებით ემუქრებოდა მსოფლიოს. რეიკიავიკში რეიგანთან შეხვედრის შემდეგ, ჰოლანდიელი ჟურნალისტის კითხვაზე: «რამდენი რაკეტაა დამიზნებული ჩემს ქვეყანაზეო?», უპასუხა: «ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თქვენი ქვეყნისათვის სავსებით საკმარისი იქნება». ერთი სიტყვით, 1985-1987 წლების გორბაჩოვი არაფრით ჰგავდა 1988-1990 წლების «გორბის». «გორბიმანიის» ეპოქა ჯერ არ დამდგარიყო - ვითარება ნელ-ნელა მწიფდებოდა.
    მიუხედავად გარეგნული «გამყინვარებისა», დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ «ყინული დაიძრა».
    ცალკეული საგანგებო შემთხვევები და ამ ინციდენტთა უპრეცენდენტო გახმაურება თანდათანობით შლიდა მონოლითს. ჩერნობილის ავარია; გერმანელი მფრინავის, მათიას რუსტის მიერ წითელ მოედანზე(!!!) თვითმფრინავის დასმა; ნოვოროსიისკთან გემის ჩაძირვა; პირველი (უსისხლო) გამოსვლები ყარაბაღში; «მოჯაჰედთა» წარმატებული შეტევები და საზარელი სისხლისღვრა ავღანეთში (ავღანელებმა იგრძნეს, რომ იმპერიული მონოლითი შეირყა); «ტელეხიდები» მოსკოვსა და ვაშინგტონს, მოსკოვსა და ბოსტონს შორის; ანტისტალინური პროპაგანდის პირველი ტალღები. ეს სიმპტომები მომავალ გრანდიოზულ ცვლილებებს მოასწავებდნენ.
    საქართველოს კი იმ დროს ძირითადად ორი თემა აღელვებდა: ტრანსკავკასიური რკინიგზა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, სადაც საბჭოთა არმია საარტილერიო სროლებს აწარმოებდა.
    ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის აშენებით საქართველოს კომუნისტურ ელიტას სურდა, კიდევ ერთი ალტერნატიული მაგისტრალი მოეპოვებინა რუსეთთან დასაკავშირებლად. «გამოღვიძებული» სტუდენტობისათვის კი ეს რკინიგზა პირველი სერიოზულ მიჯნად იქცა. შეგროვდა სამი ათასამდე ხელმოწერა - დოკუმენტაცია უნდა გადაგზავნილიყო მოსკოვში (დღეს სასაცილოდ ჟღერს - ქართველმა სტუდენტობამ საქართველოს კომპარტიას უჩივლა სსრკ კომპარტიასთან).
    შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველოდან წერილის გაგზავნა შეუძლებელი გახდებოდა (საქართველოს კგბ-ს წინააღმდეგობის გამო). ამიტომ ორი ახალგაზრდა სპეციალურად გადაფრინდა ქალაქ «მინერალნიე ვოდი»-ში და წერილი გააგზავნა «Комсомолская правда»-ში. ამას რეაქცია არ მოჰყოლია და არც შეიძლებოდა მოჰყოლოდა. თუმცა «ტრანსკავკასიის რკინიგზის» დაფინანსებაზე შემდგომ თავად მოსკოვმა თქვა უარი, ხოლო 1989-1990 წლებში ამ პროექტისათვის უკვე აღარავის «სცხელოდა» არც «ცენტრში», არც საქართველოში.
    1987 წლის შემოდგომაზე, თბილისში შეიქმნა პირველი ე.წ. «არაფორმალური გაერთიანება» - «ილია ჭავჭავაძის საზოგადოება». მთავარმა დამფუძნებლებმა: ზურაბ ჭავჭავაძემ, თამრიკო ჩხეიძემ და გურამ მამულიამ მოიწვიეს ყველა დისიდენტი - ზვიად გამსახურდიას გარდა. «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» დამფუძნებელთათვის გამსახურდიას პიროვნება მიუღებელი იყო. ცნობილი მონანიების შემდეგ იგი საბოლოოდ დისკრედიტირებული ეგონათ. ბუნებრივია, ამ ფაქტმა გამსახურდია საშინლად გაანაწყენა.
    იმ პერიოდში, საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ გრანდიოზული მასშტაბით აღნიშნა ილია ჭავჭავაძის დაბადების 150 წლისთავი. გაიმართა სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები, ლიტერატურული საღამოები, საზეიმო სხდომები (საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან და მთელი მსოფლიოდან საპატიო სტუმართა მოწვევით), მოეწყო კონცერტები, დაიბეჭდა წიგნები, დაიწყო ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემა და ა.შ.
    ყოველივე შესანიშნავად იყო ორგანიზებული. ჯუმბერ პატიაშვილი ქართულ ინტელიგენციას თვალებში შესციცინებდა, მაგრამ მისი გული ვერა და ვერ მოიგო - თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ პოეტს, რომელიც შემდგომში ედუარდ შევარდნაძის «ერთგულებისათვის» თავს იკლავდა, მაშინ კი გესლიანი ირონიით აღსავსე პამფლეტებს აქვეყნებდა ქართულ პრესაში.
    ილია ჭავჭავაძის იუბილე კომუნისტებს მთაწმინდის პანთეონში მომხდარმა აფეთქებამ ჩაუშხამა. დღემდე უცნობმა ტერორისტებმა ააფეთქეს ფილიპე მახარაძის საფლავი. პატიაშვილის ბრძანებით საფლავი 12 საათში აღადგინეს. ამ აფეთქებამ ვითარება შესამჩნევად დაძაბა: საბურთალოზე, სერგო ორჯონიკიძის ძეგლთან, საქართველოს კგბ-ს ორი, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი თანამშრომელი დააყენეს, რომლებიც «კალაშნიკოვის» ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი. თბილისელთაგან ბევრი ჩერდებოდა და პირდაღებული შესცქეროდა მანამდე არნახულ სურათს. ავტომატით შეირაღებული ადამიანის გამოჩენა ქუჩაში (თუ არ ჩავთვლით 7 ნოემბრის სამხედრო აღლუმს), - იმ ეპოქაში ექსტრაორდინალურ მოვლენად ითვლებოდა. მით უმეტეს სამხედრო ფორმის გარეშე.
   

    პირველი სერიოზული აქცია, რომელიც ეროვნულმა მოძრაობამ 1987 წელს მოაწყო, იყო მცირე მიტინგი დიდუბის პანთეონში – დეკემბრის მიწურულს.
    აქციის ორგანიზატორები და მონაწილენი იყვნენ მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია, ირაკლი შენგელაია, გურამ მამულია და ავთო იმნაძე. აგრეთვე რამდენიმე ნაკლებ ცნობილი დისიდენტი და უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები. შეკრება მიეძღვნა 1937 წელს დახვრეტილ პატრიოტთა ხსოვნას.
    კომუნისტურმა ხელისუფლებამ, რასაკვირველია, წინასწარ იცოდა აქციის შესახებ და შესაბამისი ზომებიც მიეღო: დისიდენტთა შეკრებას დაამთხვიეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა «გასვლა» დიდუბის პანთეონში, - ცნობილი საზოგადო მოღვაწეებისათვის «პატივის მისაგებად». ეს მრავალგზის აპრობირებული ხერხი იყო: საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლებას შეეძლო დისიდენტებისთვის «ხულიგნობა» დაებრალებინა - აქაოდა, საზოგადოებრივი ღონისძიება ჩაშალესო.
    დისიდენტები და სტუდენტები (სულ ოცამდე ადამიანი) შემოეხვივნენ ერთ-ერთ საფლავს. ირაკლი შენგელაიამ დაიწყო 1937 წელს დახვრეტილ ქართველ მოღვაწეთა სიის კითხვა. აქციას ორი სომეხი დისიდენტიც ესწრებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა (ქალმა) გაშალა მცირე ტრანსპარანტი რომელზეც რუსულად ეწერა: «Люди не молчите». აქციის ოციოდე მონაწილეს უმალვე ალყა შემოარტყა ორმოცამდე მილიციელმა და კგბ-ს თანამშრომელმა.
    ეს ხროვა წინასწარ იყო «დაგეშილი» აქციის წინააღმდეგ. თუმცა მდგომარეობის უჩვეულობის გამო ისინიც შესამჩნევად ღელავდნენ.
    კგბ-ს თანამშრომლები უპირველეს ყოვლისა შეეცადნენ, ქალისათვის ტრანსპარანტი გამოეგლიჯათ ხელიდან. მცირე «ჯაჯგურისა» და წინააღმდეგობის შემდეგ შეძლეს კიდეც. გურამ მამულიამ შესძახა: «მიეცით, წაიღონ, რას უძალიანდებითო». ტრანსპარანტი დახიეს. ამასობაში ირაკლი შენგელაია სიის კითხვას აგრძელებდა. კგბ-ს თანამშრომელი ვიდეოკამერით იღებდა მთელს ამ სცენას. ეს, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდი გახლდათ, რომელმაც უმალვე გაჭრა: ზოგიერთმა სტუდენტმა ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს აქციის ადგილას შემთხვევით, - მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო მოხვდა.
    თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ, როდესაც ირაკლი შენგელაიას სიის კითხვა თითქმის დამთავრებული ჰქონდა, ერთ-ერთმა «უფორმომ» (როგორც სჩანს კგბ-ს მაღალი რანგის თანამშრომელმა) ვეღარ მოითმინა და შესძახა: «აბა ჰე, მორჩით ახლა» და ხელით ანიშნა თანამშრომლებს, აქცია დაერბიათ.
    რომელიღაც კომკავშირელი შეეცადა, ირაკლი შენგელაიასათვის ფურცლები ხელიდან გამოეგლიჯა. დაიწყო აქციის დარბევა. დისიდენტები საფლავებზე წამოაქციეს, თუმცა არავის დაკავება არ უცდიათ. მილიციელები და «თანამშრომლები» წინასწარ დაზუთხულ სიტყვებს იძახდნენ: «ნუ ხულიგნობთ!». როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირში დისიდენტთა 90 პროცენტს სწორედ «ხულიგნობისთვის» აპატიმრებდნენ.
    აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი შენგელაიას (რომელსაც უკვე მილიციელები ეჭიდავებოდნენ) ფურცლები გამოართვა, საფლავზე შეხტა და სიის კითხვა განაგრძო, მაგრამ «უფორმო თანამშრომელმა» ფურცლები ელვისებური მოძრაობით გამოსტაცა ხელიდან.
    ეს ყოველივე სულ 2-3 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, აზრი არ ჰქონდა. აქციის მონაწილენი ჯგუფურად გამოემართნენ პანთეონის გასასვლელისაკენ. მოულოდნელად გია ჭანტურია შეხტა ქვაზე და შესძახა:   «მეგობრებო, რაც მოხდა, ჩვენი გამარჯვებაა! გაუმარჯოს ჩვენს საქმეს!!!»
    ამგვარი, თითქოსდა ნეიტრალური შეძახილები დისიდენტთა აპრობირებული კონტრზომა იყო. გია ჭანტურიას იმ სიტუაციაში ხმამაღლა რომ ეყვირა: «გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს»- ნაციონალისტურ პროპაგანდად ჩაეთვლებოდა და მიესადაგებოდა სისხლის სამართლის ცნობილი მუხლი «ანტისაბჭოთა პროპაგანდისა და აგიტაციის შესახებ».
    აქციის მონაწილეებმა ტაში დასცხეს. ამასობაში ისინი პანთეონის გასასვლელთან მივიდნენ, სადაც ასეთი სურათი დახვდათ: უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მათ შორის რექტორი ნოდარ ამაღლობელი, მდუმარედ, თავჩაქინდრულნი იდგნენ შესასვლელთან. იქვე იყო კომკავშირის ცკ-ს იმდროინდელი პირველი მდივანი, სესილი გოგიბერიძეც - იგი საშინლად გაფითრებულიყო და მღელვარებისაგან ერთიანად ცახცახებდა.
    დისიდენტები შეჩერდნენ. გია ჭანტურიამ ხმამაღლა წაიკითხა ირაკლი წერეთლის «ღია წერილი ჯუმბერ პატიაშვილისადმი», რომელშიც იგი სტალინურ ეპოქაში დახვრეტილ ქართველ მამულიშვილთა ძეგლის აგებას მოითხოვდა.
    დიდუბის ეკლესიაში კი ნათლობა მიმდინარეობდა.
   
   

    ზემოთ აღწერილ ამბავს ძალზე სერიოზული შედეგი მოჰყვა: თანამდებობიდან გადადგა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ალექსი ინაური!
    ინაურის გადადგომა მართლაც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო. საქართველოს მმართველმა ელიტამ სერიოზული საფრთხე იგრძნო. ალექსი ინაური გახლდათ უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის მასშტაბით. იგი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა მოსკოვში. საკმარისია ითქვას, რომ როდესაც კგბ-ს კოლეგიამ იური ანდროპოვი «გააცილა» 1982 წელს, სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის პოსტზე, «გამოსათხოვარი» სიტყვა სწორედ ალექსი ინაურმა თქვა და ფასიანი საჩუქარიც მან გადასცა მრისხანე დიქტატორს. ალექსი ინაური საქართველოს კგბ-ს თითქმის 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
    დიდუბეში გამართული დისიდენტური შეკრების შემდეგ, ინაურმა კატეგორიულად მოითხოვა «არაფორმალთა» დაპატიმრება - «ეგენი საქართველოს უბედურებას გადაჰყრიანო», მაგრამ პატიაშვილი არ დათანხმდა, ვინაიდან კარგად უწყოდა, - ამგვარი ქმედება კიდევ უფრო გაუფუჭებდა «იმიჯს» იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში.
    პატიაშვილი ინაურთან შედარებით «ბავშვი იყო» - საკმარისია ითქვას, რომ როდესაც «ბაბუა ალექსი» საქართველოს კგბ-ს შეფად დაინიშნა, ცკ-ს მომავალი პირველი მდივანი მეშვიდე კლასში გადავიდა.
    რაკი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ინაური გადადგა და მალე გარდაიცვალა კიდეც. თან საფლავში წაიყოლა «საბჭოთა საქართველოს» ბევრი სისხლიანი საიდუმლო.
    ინაურის გადადგომა ეროვნული მოძრაობის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო.
    და მომავალი ბობოქარი მოვლენების პირველი ნიშანიც.

მთელ ეკრანზე

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა
   
   
   
    შეიძინეთ წიგნი «ჟამი ჭეშმარიტი»