საინფორმაციო ომი
   

    1990 წლის მიწურულს, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა მორიგ ყრილობაზე, თანამდებობიდან გადადგა სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. უკვე გამოითქვა მოსაზრება, თუ რა მზაკვრობა ჰქონდა ჩაფიქრებული გორბაჩოვს თავიდანვე. მაგრამ მან ქართველი კაცის მოხერხება და ამბიცია არ გაითვალისწინა.
    1990 წლის ბოლოსათვის გადადგომა შესაძლებელი გახდა პოლიტიკური რენომეს დაუკარგავად. და როგორც კი ეს შესაძლებელი გახდა, შევარდნაძე გადადგა. მისი სიტყვა ძალიან ჭკვიანურად იყო შედგენილი: «…Наступает диктатура, заявляю со всей ответственностью…пусть моя отставка станет моим вкладом, моим протестом против наступления диктатуры…диктатура не пройдёт!»
    ზესახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომამ უდიდესი რეაქცია გამოიწვია მსოფლიოში. ედუარდ შევარდნაძის ტრიბუნიდან ჩამოსვლისთანავე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციათა ჯამური კურსი (დოუ-ჯონსის ინდექსი) მკვეთრად დაეცა. ლონდონის ბირჟაზე კი ოქრო ერთბაშად რამდენიმე პუნქტით გაძვირდა.
    შევარდნაძის გადადგომას ყრილობაზე თან ახლდა შხამიანი რეაქცია როგორც «რუსი დემოკრატების», ასევე «რუსი შოვინისტების» მხრიდან. სხვა ხალხთა წარმომადგენლები მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად, დამცინავად, ნიშნისმოგებით იღიმებოდნენ. ერთმა რუსმა გამომსვლელმა კი განაცხადა: «შევარდნაძის გადადგომა უეჭველად დაკავშირებულია ზვიად გამსახურდიას მოწოდებასთან ყველა ქართველის მიმართ: დაუბრუნდნენ სამშობლოს». ეს სიტყვები საქართველოში ნამდვილად გაახარებდა იმ ხალხს, ვინც ამტკიცებდა, რომ არსებობს «შევარდნაძე-გამსახურდიას ალიანსი». სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არავითარი ალიანსი არ არსებობდა და არც შეიძლებოდა არსებულიყო.
    იმდროინდელი საზოგადოებრივი ატმოსფეროს დასახასიათებლად აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რას ჩადიოდა ე.წ. «საკავშირო» (რუსული) ტელევიზია. ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლად ბევრი რამ გაუგებარი დარჩება. ზოგს ეს შეიძლება «წვრილმანი» ეგონოს, რაც უდიდესი შეცდომაა. სინამდვილეში ამას, ბევრი თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური პროცესების სამართავად.
    იმ პერიოდში საკავშირო (რუსული) ტელევიზიის ყველა საინფორმაციო პროგრამა იწყებოდა ცნობებით ცხინვალიდან. ეს იყო ნამდვილი საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ. ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარესთან, ახსარბეკ გალაზოვთან შექმნილი საგანგებო კომიტეტის პრეს-ცენტრი ყოველდღიურად აქვეყნებდა (იმავე მედიის მეშვეობით) შემაძრწუნებელ ინფორმაციას «სამხრეთ ოსეთში» ქართველ «ბოევიკთა» მხეცობის შესახებ: «Грузинские боевики обстреливают жилые кварталы города цхинвали…обстреливают жилые кварталы…жилые кварталы» და ა.შ.
    თანაც ეს ყოველივე ფსიქოლოგიური ზეწოლისას აუცილებელი მეთოდიკით იყო დამუშავებული: მონოტონურად, ერთფეროვნად, ერთი და იმავე ინფორმაციის გადმოცემა გაუთავებლად: «Грузинские боевики…грузинские боевики…мирное осетинское население…мирное население…»
    ამგვარმა დამუშავებამ და მუდმივმა წნეხმა ქართული საზოგადოება ფსიქოლოგიურად მოქანცა, რამაც სულ მალე გამოიღო კრემლისათვის სასურველი შედეგი.
    ეთნოფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენი საზოგადოება (განსაკუთრებით ელიტა) მიჩვეული იყო ყოველივე ქართულის ქება-დიდებას რუსულ ენაზე. სტალინისა და ბრეჟნევის ეპოქებში საბჭოთა ოფიციოზი აქებდა და ადიდებდა ქართულ ფენომენს. ამდენად, ქართულმა ცნობიერებამ ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურ წნეხს.
    განსაკუთრებით სწორედ ელიტისათვის იყო ეს მტკივნეული.
    ფსიქოლოგიური ომის მიზანია, ერს საკუთარი სიმართლის რწმენა შეურყიოს. ეს ოპერაცია რუსულმა ტელევიზიამ უზადოდ განახორციელა. ადრე ქართველების მაქებარი რუსი ინტელიგენტების გამოსვლებს (წარმოგიდგენიათ, ქართველები თავს გვასაწყლებენ 9 აპრილით და თავად, მცირერიცხოვანი ხალხის წინააღმდეგ რას ჩადიანო), 1991 წლის 7 იანვარს მოჰყვა გორბაჩოვის ცნობილი ბრძანებულება, რომელშიც იგი საქართველოს ხელისუფლებას (ზვიად გამსახურდიას) მოუწოდებდა «…прекратить политику выжженной земли».
    დასავლეთშიც შესაბამისი ინფორმაცია ვრცელდებოდა, - გორბაჩოვი ხომ «დემოკრატი» იყო, მან მსოფლიო ატომური კოშმარისაგან იხსნა. აბა როგორ არ დაიჯერებდნენ მის სიმართლეს ან საკითხში?
    ამრიგად ცხინვალის ტრაგედია უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა ქართულ ეთნოფსიქოლოგიაზე. მით უმეტეს ამ ეთნოფსიქოლოგიის თავისებურებათა გათვალისწინებით.
    «Комсомольская правда»-მ გამოაქვეყნა მცირე რეპორტაჟი ოსი ბავშვების სასაფლაოდან ცხინვალის ერთ-ერთი სკოლის ეზოში. ისინი «ქართველი ბოევიკების მიერ ცხინვალის დახვრეტისას დაიღუპნენ» - გულაჩუყებით წერდა კორესპოდენტი.
    იმავდროულად, თბილისში გახშირდა სამგლოვიარო პროცესიები: ასაფლავებენ ცხინვალში დაღუპულ ქართველ მილიციელებს: ზვიად გამსახურდიას ბრძანებით, ქალაქში 4000-მდე მილიციელი შეიყვანეს, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ მზად ასეთი მისიის შესასრულებლად.
    «სამაჩაბლოში» სსრკ «შინაგანი ჯარიც» შეუშვა გამსახურდიამ. არადა იმ ჯარს შესაბამისი ინსტრუქციები ჰქონდა გორბაჩოვისაგან.
    სულ მალე, ქართველი მილიციელების ჟლეტამ იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, მილიციის რაზმები ცხინვალიდან გამოეყვანა. ამას ხელისუფლების უკმაყოფილება მოჰყვა და უმაღლესმა საბჭომ მილიციის გამოყვანას «თვითნებური» უწოდა. თუმცა მილიცია შემდეგ ცხინვალში აღარავის შეუბრუნებია.
    დაახლოებით იმ დროს, სსრკ თავდაცვის მინისტრი დიმიტრი იაზოვი გამოდის რუსეთის (მაშინ უკვე რუსეთის) ტელევიზიით: «…Сколько было шума вокруг событий 9 апреля в Тбилиси, но оргонизаторы того митинга, придя к власти, сами каждый день устраивают стрельбу в цхинвали». არავითარი კომენტარი რუსი ჟურნალისტის მხრიდან (თუნდაც შთაბეჭდილების გასამძაფრებლად) - ესეც მეთოდია: ფსიქოლოგიური დამუშავების ობიექტი თავად უნდა მივიდეს დასკვნამდე, თავად უნდა დაადანაშაულოს საკუთარი თავი.
    КГБ-ს, რა თქმა უნდა, მთელი ინსტიტუტები ჰქონდა მასობრივი და ეროვნული ფსიქოლოგიის შესასწავლად, ფსიქოლოგიური ზემოქმედების ხერხებისა და ტაქტიკის დასამუშავებლად. საქართველოში ამ მეთოდიკამ «შესანიშნავად» იმუშავა - (ვიმეორებ) ქართულმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით მისმა ელიტარულმა ნაწილმა (ისტებლიშმენტმა) ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, დაიწყო «დამნაშავის» ძიება. დამნაშავეც მზად იყო - ზვიად გამსახურდია და მისი მართლაც ოდიოზური «იმიჯი». ბუნებრივა, ყველაფერი სწორედ გამსახურდიასა და მის მცდარ პოლიტიკას უნდა დაბრალებოდა.
    ასე ჩაეყარა ფსიქოლოგიური საფუძველი მწვავე დაპირისპირებას ელიტასა და ხელისუფლებას შორის. თუმცა «ელიტარული ინტელიგენციის» ბევრი წარმომადგენლისათვის რომ გეკითხათ, ისინი პირდაპირ ვერ დაასახელებდნენ (რაკი ვერ აცნობიერებდნენ), ფსიქოლოგიური დისკომფორტის მიზეზს. აშკარად არც «სამხრეთ ოსეთის» ავტონომიის გაუქმებას გმობდნენ. მაგრამ საზოგადოების ფსიქოლოგიური დამუშავებით კრემლმა მიაღწია ყველაზე მთავარს - ნეგატიური ფონი, რომელიც ისედაც არსებობდა ზვიად გამსახურდიას საწინააღმდეგოდ, უფრო გაძლიერდა, მოხდა ფსიქოლოგიური დისკომფორტის საბოლოო პერსონიფიცირება.
    ამრიგად, 1991 წლის იანვარ-თებერვლისათვის, ცნობიერი ფონი უკვე არსებობდა - შეურიგებელი დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომისათვის.
    ამას მეთოდური, მიზანმიმართული ქმედებით მიაღწია საკავშირი ტელევიზიამ, რომელიც, რასაკვირველია, სპეცსამსახურთა შეკვეთას ასრულებდა.
    და საერთოდ, რუსული ტელევიზიის როლი საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების პროვოცირებასა თუ წარმართვაში ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული.

    იმავე პერიოდს ემთხვევა განხეთქილების პირველი სიმპტომები «მრგვალ მაგიდაში».
    ცხინვალში მარცხის შემდეგ, ზვიად გამსახურდიამ «ეროვნული გვარდიის» შექმნა გადაწყვიტა. ვაჟა ადამიასა და თენგიზ კიტოვანს ერთმანეთი თავიდანვე არ მოსდიოდათ თვალში (ადამია ერთადერთი ძლიერი პიროვნება იყო გამსახურდიას გარემოცვაში). მათ შორის დაძაბულობა დღითიდღე იზრდებოდა. ნიშანდობლივია, რომ «გვარდიის» შექმნას მოსკოვიდან ნეგატიური რეაქცია საერთოდ არ მოჰყოლია. КГБ- შეფმა, კრიუჩკოვმა, სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე, არც კი ახსენა ეს შენაერთი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ჩამოთვლისას. კრიუჩკოვი კიდეც ხვდებოდა და კიდეც იცოდა დანამდვილებით, რომ კიტოვანის გვარდია მეხუთე კოლონის როლს შეასრულებდა გამსახურდიას ხელისუფლებაში. ამიტომ, ამ შეიარაღებული ფორმირებისათვის რუსები იარაღს არ იშურებდნენ. რაც უფრო ძლიერდებოდა გვარდია, მით უფრო დამოუკიდებელი და თავნება ხდებოდა კიტოვანი.
    «მხედრიონმა» ოპერის ბაღში შიმშილობა გამოაცხადა. «შეიარაღებული შიმშილობა» - როგორც მას გამსახურდიამ უწოდა. ჯაბა იოსელიანი ილაშქრებდა «დიქტატურის დამყარების მცდელობის» წინააღმდეგ. შიმშილობაში ათეულობით მხედრიონელი მონაწილეობდა. ერთი სიტყვით, ფართოვდებოდა «ბრძოლა დემოკრატიისათვის». მხედრიონელთა შიმშილობას მოჰყვა გამსახურდიას მომხრეთა შიმშილობა უზენაესი საბჭოს შენობასთან. ძირითადად ქალები შიმშილობდნენ. იწყებოდა ნებისმიერი ხელისუფლებისათვის საშიში სტერეოტიპების ჩამოყალიბება, რაც, თავდაპირველად, თითქოს უწყინარ ანეკდოტებში ვლინდებოდა. ზვიადს უკვე უწოდებდნენ «შიმშილითა-შიმშილისა დამთრგუნველს» და ა.შ. ჯაბა იოსელიანიც ოსტატურად სარგებლობდა გამსახურდიას უარყოფითი იმიჯით «ელიტარულ წრეებში» - უპირველესად ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური გადაძაბვისა და სხვა მომენტების შედეგად.
    რუსული ტელევიზია კი აგრძელებდა და ამძაფრებდა ანტიქართულ ისტერიას.
    მხედრიონელთა დევიზი იყო: «დავწვებით, მაგრამ დიქტატურას არ დავუშვებთ, თუ საჭირო იქნება, ტყეში გავალთ და იქედან ვიბრძოლებთ». ხელისუფლება საპასუხოდ ცდილობდა სამაჩაბლოს პრობლემა გამოეყენებინა: რატომ იქ არ იბრძვითო, რაზეც ჯაბა იოსელიანი პასუხობდა: «ჯერ გაიყვანეთ რუსეთის ჯარი და ჩვენ შემდეგ შევალთ». ჯაბას, როგორც პოლიტიკური ფიგურის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდებოდა. ფაქტობრივად სწორედ მის გარშემო მოხდა კონგრესისა და «ელიტარული ინტელიგენციის» შემჭიდროვება.
    რასაკვირველია, მთელს ამ პროცესებს უდიდესი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მოსკოვში. სწორედ მოსკოვის ბრძანებით განხორციელდა პროვოკაცია «მხედრიონის» წინააღმდეგ შავნაბადაზე.

    «შავნაბადა» (ყოფილი კომკავშირული ქალაქი «ბორის ძნელაძე») 1989 წლიდან მხედრიონის ბაზად იქცა. იქ ინახებოდა იარაღი, «დოსააფიდან» გატაცებული ტრანსპორტი, სხვა ქონება. ბაზაზე მუდმივად იყო დისლოცირებული მხედრიონის შენაერთი, მათ შორის ე.წ. «ჯაბას წვევამდელები». შავნაბადაზე ცხოვრობდნენ რაიონულ ქვედანაყოფთა წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა საქმეზე ჩამოდიოდნენ თბილისში. ღამით ბაზას სიმბოლური დაცვა ჰყავდა.
    იანვრის ერთ ღამეს გუშაგმა შენიშნა სწრაფად მომავალი ადამიანების ჯგუფი, შავი ფორმით. მხედრიონელ გუშაგს, ისინი, თავდაპირველად, თბილისიდან ამოსული მხედრიონელები ეგონა, მაგრამ როდესაც «ნუჩაგო» ჩასცხეს თავში, მიხვდა, რაშიც იყო საქმე და ყვირილი ატეხა. ატყდა განგაში. შავნაბადაზე მყოფმა სამტრედიელმა ძმებმა ვაშაკიძეებმა ფანჯრიდან ავტომატის ცეცხლი გახსნეს. ამან რუსები სულ გააცოფა: სროლა ასე არ უნდაო და БМП-დან ატეხეს ბათქა-ბუთქი. ყველა, ვინც შავნაბადაზე იმყოფებოდა, დააპატიმრეს, ცემა-ტყეპით ჩაათრიეს ეზოში და მიწაზე დააწვინეს ისე, რომ ცხვირი «ბორდიულზე» ედოთ. ფეხები ფართოდ გააფარჩხვინეს და შუაში წიხლებს სცემდნენ. მთელი შავნაბადა გაჩხრიკეს, მსუბუქ ავტომობილებს (მათ შორის ჯაბას ვაჟის «ჟიგულს») БМП-თი გადაუარეს.
    სროლის დაწყებისთანავე ჯაბა იოსელიანი და «მხედრიონის» სხვა ლიდერები მანქანებით თბილისიდან შავნაბადისაკენ გაქანდნენ. მათ რუსები ჩაუსაფრდნენ, საბურავები დაუხვრიტეს, ჯაბა მანქანიდან სროლა – სროლით გადმოხტა და თავს, სხვებთან ერთად, გაქცევით უშველა.
    მოგვიანებით, მხედრიონელები შავნაბადაზე სასწრაფო დახმარების მანქანებით ავიდნენ. რუსებმა, დაპატიმრებულები მილიციას გადასცეს. მალე ყველანი გაათავისუფლეს, მაგრამ მთავარი უკვე მომხდარი იყო: ყოველივე, რასაკვირველია, «გამსახურდიას მიერ ორგანიზებულად» გამოცხადდა. მოსკოვმა ზუსტად გათვალა, - შავნაბადას ინციდენტმა კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ორ ბანაკს შორის. პროვოკაციამ შედეგს მიაღწია.
    მეორე დღესვე ჯაბა იოსელიანმა და გია ჭანტურიამ მიტინგი გამართეს ოპერის ბაღთან.
    «მეგობრებო, ჯუმბერ პატიაშვილს ამაზე მეტი არაფერი გაუკეთებია!»- ყვიროდა ედპ-ს ლიდერი. მას სულ ახალი მოგვარებული ჰქონდა ურთიერთობა საკუთარ პარტიაში, სადაც ჩუმი დრტვინვა გამოიწვია «საქართველოს რესპუბლიკაში» გამოქვეყნებულმა წერილმა, რომელშიც მოყვანილი იყო იზოლატორის უფროსისადმი მისი მიმართვის ტექსტი (იგულისხმება კომუნისტური პერიოდის დროინდელი პატიმრობა) – რეჟიმის შემსუბუქების თხოვნითა და თანამშრომლობის პირობით.
    «ეგ წერილი ჩემი კი არა, გამსახურდიას ცოლისდის დაწერილია» - არ ცხრებოდა ჭანტურია.
    ჯაბა იოსელიანის თქმით, «რუსის ჯარმა» შავნაბადაზე «მხედრიონის» იარაღი აღმოაჩინა და თან წაიღო - მხედრიონი განიარღებულია.
    ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა - სინამდვილეში მხედრიონმა რამდენიმე კვირით ადრე გადამალა იარაღი. ამიტომ რუსებმა შავნაბადაზე ორიოდე ავტომატის გარდა ვერაფერი იპოვეს.
    შავნაბადას ინციდენტის შემდეგ ჯაბას დაპატიმრება გარდაუვალი გახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება პროცესების გაკონტროლებას საერთოდ ვეღარ შეძლებდა. ორი-სამი დღის განმავლობაში აიყვანეს ჯაბაც და მხედრიონის მთელი ელიტაც. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ზვიად გამსახურდიამ ჯერ «რუსების ხელით» სცადა მხედრიონის განადგურება, ხოლო შემდეგ თავად დააპატიმრა.
    შესაძლოა ეს შთაბეჭდილება ყალბი ყოფილიყო, მაგრამ შესაბამისი განწყობის მოშლა შეუძლებელი გახდა. მით უმეტეს, რომ ნიადაგი უკვე განოყიერებული იყო.
    ჯანსუღ ჩარკვიანი: «ჯაბას დაპატიმრება იმის გამართლებაა, რაც შავნაბადაზე მოხდა».
    ყოველივე ამან განუზომლად გააძლიერა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ბანაკი; კიდევ უფრო გააქტიურდა და გალაღდა შესაბამისი სოციალური ფენა. ჯაბა იოსელიანი «პოლიტპატიმრად» გამოცხადდა. მასთან ერთად «პოლიტპატიმრებად» გამოცხადდენ ჩვეულებრივი კრიმინალებიც.
    ჯაბას დაპატიმრებით საბოლოოდ გაფორმდა პირობები სისხლიანი დაპირისპირებისათვის საქართველოში.

 

მთელ ეკრანზე

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა