ეროვნული ჩემპიონატი

    რუსთაველის გამზირზე, სამხატვრო («ცისფერ») გალერეასთან რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა «შაოსანთა აქცია». მგლოვიარე ქალები, რომელთაც ხელში მოკლული შვილებისა და ქმრების სურათები ეკავათ, «სამართლიანობის აღდგენას» ანუ მკვლელების დასჯას მოითხოვდნენ.
    თავდაპირველად, აქციას ეროვნული მოძრაობის ლიდერები ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ როდესაც შენიშნეს, რომ მას პოლიტიკურ ელფერს ვერ შესძენდნენ და მკვლელობები ყოფით ნიადაგზე იყო მომხდარი, ყოველგვარი ინტერესი დაკარგეს. ამ ქალებს «ხანგრძლივად მომჩივანები» ეწოდებოდათ. უმრავლეს შემთხვევაში მკვლელობის გახსნა მართლაც შეუძლებელი იყო ან ისინი (მხოლოდ ეჭვის საფუძველზე) უდანაშაულო ადამიანის დასჯას მოითხოვდნენ. თანდათან გამვლელ-გამომვლელსაც აევსო მოთმინების ფიალა, ვინაიდან არც თუ სასიამოვნო სანახაობა გახლდათ. ბოლოს გალერეის თანამშრომლებმა განაცხადეს: «აქციას მხარს ვუჭერთ, მაგრამ იქნებ სხვა ადგილზე გადაიტანონო».
    პირველად სწორედ ამ აქციით გახდა საცნაური, რამოდენა უფსკრული იყო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ყოფასა და მიმდინარე მოვლენებს შორის.

    ამ დროს, კომპარტიის ცკ-ს(!) ერთ-ერთ შენობაში ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა «სამაჩაბლოს» ქართული თემის წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია. ისინი «ოსი ექსტრემისტების ალაგმვას» მოითხოვდნენ. სხვათა შორის, მათი ერთ-ერთი პრეტენზია ისიც იყო, ცეკავშირმა ხილი უფრო მაღალი ფასებით შეისყიდოსო.
    საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია «ოსების მიერ აკვანში ჩვილი ქართველი ბავშვის მოკვლამ». გაზეთები აივსო ინტელიგენციის განცხადებებით: «სისხლიანი აკვანი...» სამხრეთ ოსეთში მოვლენები სულ უფრო საზარელ და სისხლიან ხასიათს იძენდნენ. რეგიონში მოქმედებდა რამდენიმე შეიარაღებული დაჯგუფება, - როგორც ქართული, ასევე ოსური. თუმცა, მაშინ ქართველი ჟურნალისტები ჯერ კიდევ თავისუფლად შედიოდნენ ცხინვალში და იქაურ ქართველებზე ამბავი გამოჰქონდათ: ასეთი დაბეჩავებული, დაგლახავებული და დაჩაგრული ხალხი არსად გვინახავსო.
    ცხინვალის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში, სუფრაზე, მოულოდნელად თავი მოიკლა ავთო ბულაშვილმა. ყველანი გაოგნებულნი იყვნენ. ავთოს უნივერსიტეტიდან ბევრი იცნობდა. ზოგს არც სჯეროდა - ალბათ მოკლესო. მართლაც, თითქოს რატომ უნდა მოეკლა თავი ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღ, ვაჟკაც მოხევე ბიჭს?
    ავთო ბულაშვილი «სეპარატისტთა წინააღმდეგ საომრად» წავიდა ცხინვალში. ეს თვითმკვლელობა საზოგადოებისათვის ნიშანი უნდა გამხდარიყო: მაშასადამე რაღაც ვერ იყო რიგზე, რაღაც ხდებოდა ეროვნულ ცნობიერებაში, რაღაც ისეთი პროცესები მიმდინარეობდა, რომ ამგვარი თვითმკვლელობა შესაძლებელი გახდა. მაგრამ ასეთ «წვრილმანებზე» არავინ ფიქრობდა. მით უმეტეს «ლიდერები», რომლებიც ერთმანეთთან ქიშპით იყვნენ დაკავებულნი.
    იმ დროს, როდესაც ცკ-ს შენობაში ცხინვალელი ქართველების აქცია მიმდინარეობდა, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ წამოიწყო შიმშილობა «მთავრობის სახლის» წინ ერთადერთი (საოკუპაციო ჯარების გაყვანის) მოთხოვნით. ანუ «ეთნოკრიზისი უნდა გადაზრდილიყო პოლიტიკურ კრიზისში» ისევ და ისევ გია ჭანტურიას პოლიტიკური კონცეფციის შესაბამისად. მაშინ ბევრს მართლაც სჯეროდა, რომ საქართველოს ერთადერთი პრობლემა საოკუპაციო ჯარი და მის მიერ დამყარებული «საოკუპაციო რეჟიმი» იყო.
    კრემლში ყველა აქციას, რასაკვირველია, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს. იმპერიის «ანალიტიკურ ლაბორატორიებში» უმალვე შენიშნეს, რა პროცესები ვითარდებოდა ქართული საზოგადოების ცნობიერებაში და სწორედ მაშინ აირჩიეს ჩაურევლობისა და მოჩვენებითი გულგრილობის ტაქტიკა, რათა ამ პროცესების განვითარებისათვის ხელი არ შეეშალათ.

    ზარ-ზეიმით ეუწყა მოსახლეობას «უდიდესი ეროვნული გამარჯვების შესახებ», რომელიც საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის სამინისტრომ მოიპოვა: 1990 წლის ივნისიდან რესპუბლიკაში ტელეგრამები ქართული (და არა რუსული) შრიფტით აეწყობოდა. ცოტა არ იყოს გაკვირვებულები წერდნენ: სსრკ კავშირგაბმულობის სამინისტრომ არათუ ხელი შეგვიშალა ამ საქმეში, პირიქით დაგვეხმარა კიდეც და შრიფტი პოლონეთში დაამზადებინაო. ერთ-ერთი გაზეთი კი მხიარულად იუწყებოდა: წარმოგიდგენიათ, აფსუა სეპარატისტებმა იგივე თხოვეს სსრკ კავშირგაბმულობის სამინისტროს ანუ მათ უნდათ აფხაზეთში აფსუურენოვანი შრიფტიც იყოსო. ეს მოთხოვნა აბსურდულად აღიქმებოდა.
    დაიწყო «ეროვნული საწარმოების» ჩამოყალიბება. იქმნება ეროვნული ავიაკომპანია. «საკავშირო დაქვემდებარების» ქარხნები რესპუბლიკურ დაქვემდებარებაში გადმოდიან. ამ გადაწყვეტილებებს, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, საწარმოთა ხელმძღვანელების  მერკანტილური ინტერესი ედო საფუძვლად. თუმცა მოსახლეობას უხაროდა: ეროვნული ეკონომიკა იქმნებაო.
    უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა გამოაცხადეს მოთხოვნით, უმაღლეს საბჭოს მიეღო გადაწყვეტილება 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის დაგმობის თაობაზე. შიმშილობაში რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდობის ის ნაწილი მონაწილეობდა, რომელიც «ლეგიტიმური გზის» მომხრე იყო. ხოლო «კონგრესისტები» ამ აქციას აშკარა გაღიზიანებით შეხვდნენ.
    უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ირაკლი წერეთელმა, თორნიკე ფიფიამ და სხვა «კონგრესმენებმა» მოიყარეს თავი. 93-ე აუდიტორიაში კი ზვიად გამსახურდიამ, კაკო ასათიანმა, ნოდარ ნათაძემ, თემურ ჟორჟოლიანმა (ეს უკანასკნელი მაშინ ჯერ კიდევ გამსახურდიას ბანაკში იყო) და ა.შ.
    ზემოთ ირაკლი წერეთელი ბობოქრობდა და შიმშილისაგან დაოსებულ სტუდენტებს საყვედურობდა : «რატომ არ შეათანხმეთ თქვენი აქცია ეროვნულ მოძრაობასთან, რომელმაც სისხლი დაღვარა, მსხვერპლი გაიღო. . . .» წერეთელმა 93-ე აუდიტორიისკენაც გასწია მაგრამ გადაიფიქრა: «ცოლით არის მოსული ეს . . . .»
    გია ჭანტურია უნივერსიტეტში საერთოდ არ მისულა - ზვიადზე მას უკვე ხელი ჰქონდა ჩაქნეული (სულ უფრო ხშირად ამბობდა: «ეს რა კაცია, რამდენს ველაპარაკები, ვერა და ვერ მივაღწიე რასაც მე ვეტყვი ის გააკეთოსო») ირინა სარიშვილი ცივი გამომეტყველებით ცალკე ესაუბრებოდა ირაკლი წერეთელს. სტუდენტების აქცია «კონგრესის იდეის» მომხრეებს, რა თქმა უნდა, სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ.
    ამ დროს 93-ე აუდიტორიაში გაცხარდა დისკუსია კაკო ასათიანსა და ნოდარ ნათაძეს შორის. თემურ ჟორჟოლიანს წამოსცდა: «გარდამავალ პერიოდში ძალაუფლებას მრგვალი მაგიდა აიღებსო», რამაც იქვე მყოფი კონგრესმენების წარმომადგენელი, შემდგომში (ნაწილობრივ უკვე მაშინ) ცნობილი ბიზნესმენი, დათო ზოდელავა აღაშფოთა: აი თურმე რა გინდათო. ჯაბა იოსელიანიც ლაზათიანად ლანძღეს დაუსწრებლად. ოღონდ ამ თვალსაზრისით უფრო ქალები აქტიურობდნენ. მამაკაცები დუმილს ამჯობინებდნენ. ქალბატონი მანანა (ქალბატონ ლელეს გვერდით იჯდა) მიუტრიალდა დათო ზოდელავას (მწარე, დამცინავი ღიმილით): «ძალაუფლება გინდათ არააა?!»
    ზვიად გამსახურდია მოშიმშილე სტუდენტებს მიმართავს ჩვეული «ცხვირისმიერი» ხმით: «მეგობრებო, თქვენ გაუგზავნეთ თუ არა გუმბარიძეს შეტყობინება შიმშილობის შესახებ? - უნდა გაგეგზავნათ! თანაც უნდა გაგეგზავნათ სპეციალური ზედდებულით, რითაც დადასტურდებოდა, რომ მან მიიღო თქვენი შეტყობინება».
    კონგრესმენებმა სააქტო დარბაზიდან წარმომადგენელი მოავლინეს, მაგრამ დიალოგი არ შედგა. ვერც შედგებოდა, ვინაიდან მხარეთა პოზიციები შეუთავსებელი იყო. მოშიმშილეებმა მაინც მიაღწიეს თავისას და გუმბარიძის დედალმაშო ხელისუფლება (გივი იმ დროს უკვე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარედ აერჩიათ) აიძულეს, მიეღო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპაციის ფაქტის აღიარებისა და საქართველოს სსრ ყველა შესაბამისი იურიდიული აქტის გაუქმების შესახებ.

    კვლავ გამწვავდა «თურქ-მესხთა» პრობლემა. ისინი დემონსტრაციებსა და პიკეტებს მართავდნენ მოსკოვში, რითაც, რასაკვირველია, სარგებლობდა რუსეთის ტელევიზია და ცდილობდა საქართველოზე მორალური ზეწოლა განეხორციელებინა. შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელსაც სსრკ მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე, ნიკოლაი რიჟკოვი ჩაუდგა სათავეში. კომისიამ დაასკვნა, რომ გათურქებული მესხები მესხეთში უნდა დაებრუნებინათ. ისინიც არანაირ დახმარებას არ ითხოვდნენ - ოღონდ ქართველებმა შეგვიშვან ჩვენს ნასოფლარებზე და ყველაფერს ჩვენვე ავაშენებთო. საქართველოს ხელისუფლება (საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით) კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. გუმბარიძემ მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა: «У Грузии сегодня нет возможности их принять». არადა, ნამდვილი მიზეზი სხვა გახლდათ. ყველა ხარჯს საკავშირო მთავრობა კისრულობდა. მესხეთში დაუსახლებელი ადგილიც ბევრია, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მაჰმადიან მესხთა მიღება არ სურდა მათი «არაქართველობისა» და პოტენციური მტრობის გამო, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა გართულება სამხრეთ საქართველოში - «ვარძიის მიწაზე».
    ამან ძლიერ შელახა საქართველოს «იმიჯი». ჟურნალი «ოგონიოკი» (რუსული დემოკრატიული პრესის ფლაგმანი) დამცინავად კითხულობდა (ცნობილი ფილმის სათაურის ანალოგიით): «Где сын твой, земля?» საზღვარგარეთაც საკმაოდ არასასიამოვნო რეზონანსი ჰქონდა «მესხთა საკითხს». საფრანგეთში, ერთ-ერთი ანსამბლის გამოსვლისას, ქართველებს უსაყვედურეს: როგორ არა გრცხვენიათ, ადამიანებს საკუთარ სამშობლოში, წინაპართა მიწაზე რომ არ უშვებთო. პასუხად იგივე იდიოტური არგუმენტი: «ისინი ხომ თურქები არიან» - მერე რა, რომ თურქები არიან?
    ამ ვითარებამ ჩვენებურ «ინტელექტუალთა» ნაწილი აღაშფოთა და გაჩნდა პირველი ნიშნები ერთგვარი «მორალისტური» პოზისა საზოგადოებრივი აზრის მიმართ: აქაოდა, ხომ ხედავთ, ჩვენ რა მორალურები ვართ - გვესმის, მესხთა დაბრუნებაზე უარის თქმა უზნეობააო.
    ამის თაობაზე ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას: გათურქებულ მესხთა მესხეთში დაბრუნება რა თქმა უნდა შექმნიდა სერიოზულ პრობლემებს; რა თქმა უნდა ეს ხალხი ძალიან მძლავრ ბერკეტად იქცეოდა კრემლის ხელში - საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ; მაგრამ იმ დროს საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა, რომ საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებანი არათუ ყოველთვის ემთხვეოდა, არამედ ხშირად კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს.
    ამ დილემიდან გამოსავალი არ არსებობს ანუ ერთადერთი გამოსავალია დილემის წარმოშობამდე არ მიიყვანო საქმე (თუმცა, განსახილველ შემთხვევაში ესეც შეუძლებელი იყო), ვინაიდან იმის მტკიცება, რომ «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას» არანაკლები სისულელე და დემაგოგიაა, ვიდრე ის, რომ «სამშობლო ჭეშმარიტებაზე უზენაესია».
    როდესაც საქმე ასეთ დაპირისპირებამდე მიდის, იქ ნებისმიერი შედეგი წამგებიანია. ანუ იმდროინდელ დისკუსიაში («დავაბრუნოთ თუ არ დავაბრუნოთ მესხები»), ორივე მხარე ტყუოდა - ისინი ეძებდნენ სიმართლესა და მორალურ უპირატესობას იქ, სდაც მათი ნასახიც არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც რუსები ამბობენ По определению.
    სწორედ ამიტომ წარმოიშვა მახინჯი (არსობრივად ბრიყვული) კომპრომისი: დავაბრუნოთ მესხები, მაგრამ მხოლოდ ისინი, ვინც თავს ქართველად მიიჩნევს.
    ეს «კომპრომისი» ნათლად მეტყველებს როგორც მაშინდელ სოციო-ფსიქოლოგიურ დომინანტზე, აგრეთვე დისკუსიაში ორივე მხრიდან ჩართული საზოგადოების ინტელექტუალურ დონეზე: ასეთ «დაბრუნებას» ჯობდა საერთოდ არავინ დაებრუნებინათ, ვინაიდან ამას უკვე ცივილიზებული მსოფლიო (არა მხოლოდ რუსეთის ე.წ. «დემოკრატიული ძალები») პირწავარდნილ ნაციზმად შეაფასებდა. აბა როგორ შეიძლება ადამიანები, რომელთა მოქალაქეობრივი უფლება დაირღვა, ეთნიკური ნიშნით განასხვავო?

    მოსკოვში პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღება გადაწყვიტეს. ამით ძალაუფლების ახალ ფოკუსში კონცენტრირება სურდათ. საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის ინსტიტუტი მართლაც ძირფესვიანად ცვლიდა სახელისუფლებო სისტემას იმპერიაში. გორბაჩოვი ჯიქურ ანგრევდა ძველ სტრუქტურას.
    მაგრამ ამან ის გამოიწვია, რომ უკლებლივ ყველა მოკავშირე რესპუბლიკაშიც (ისევე, როგორც ავტონომიებში) შემოიღეს პრეზიდენტის თანამდებობა. ამით, ნაციონალურმა ელიტებმა, პოლიტიკური ტექნოლოგიის სრული დაცვით, ზედმეტი გნიასის და ანტირუსული ლოზუნგების გარეშე, დაიცვეს თავი ცენტრის ზეწოლისაგან.
    საქართველოში იმავე საკითხმა საშინელი ისტერია გამოიწვია. მოსკოვში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს სსრკ პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებას მხოლოდ საქართველო ეწინააღმდეგებოდა - ბალტიის რესპუბლიკებიც კი არ «აბობოქრებულან» ამ საკითხზე ასეთი გაკაპასებით. გივი გუმბარიძე ე.წ. «საზოგადოებრივმა აზრმა» აიძულა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე «წინააღმდეგ» გამოსულიყო.
    ვიმეორებ: არც ერთ რესპუბლიკას ეს არ გაუკეთებია! ბალტიის ქვეყნებმა საერთოდ არ მიაქციეს ყურადღება გორბაჩოვის წინადადებას, სხვებმა კრინტი არ დაძრეს ყრილობაზე საწინააღმდეგოდ, მაგრამ საქმით ჩვენზე ბევრად მეტი გააკეთეს: დაუყოვნებლივ შემოიღეს თავადაც პრეზიდენტის ინსტიტუტი, რითაც კვლავ «გააწონასწორეს» არსებული სახელისუფლებო სისტემა და შექმნეს დაცვითი მექანიზმები.
    საქართველოში, მაგალითად, ვერავის შეაგნებინებდი, რომ როდესაც საკავშირო პრეზიდენტის ინსტიტუტის დაფუძნების პასუხად უზბეკეთის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება უზბეკეთის პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღების შესახებ, - ეს «ცენტრის დავალებით» კი არ კეთდებოდა, არამედ პირიქით, ფარული წინააღმდეგობის გამოხატულება იყო. მაგრამ ამას აბა ვინ დაიჯერებდა აქ? - «ხა, ხა, ხა რა სისულელეა, ჩვენ ბალტიის რესპუბლიკებს ვუსწრებთ და უზბეკეთი ვინ აგდია?»

    იმ პერიოდში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი იპყრობს ყურადღებას: «მოძრაობის კონგრესისტულ ფრთაში» თანდათან შემოდის «ძველბიჭური» ელემენტი როგორც ფიზიკურად და არსობრივად, ასვე მენტალურად. ეს გახლდათ «მოძრაობის» ლიდერთა (უპირველესად გია ჭანტურიას და სხვათა) მხრიდან არსებულ სოციუმში ინტეგრაციისა და სოციალური ადაპტაციის სურვილის გამოხატულება. ამ ფაქტორმა ძალიან დიდი როლი ითამაშა შემდგომ მოვლენათა და «მოძრაობის» წრეში სოციო-ფსიქოლოგიური, აგრეთვე სოციო-პოლიტიკური პროცესების განვითარების თვალსაზრისით. მაგალითად, «მხედრიონთან» ზემოთდასახელებული მიზნით დაახლოების ფონი და საშუალება სწორედ ამან შექმნა.

    დახუთულ საზოგადოებრივ ატმოსფეროში შვებისმომგვრელი გრილი ჰაერივით იყო იტალიის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. პოლიტიკით, ქიშპით, ურთიერთსიძულვილით, სისხლისღვრით, დაპირისპირებით, დაძაბულობით, გაურკვევლობით, დაბნეულობით დაქანცული ადამიანებისათვის იგი მართლაც შვებად იქცა - რეალობიდან გაქცევის საშუალებად.
    მაგრამ სულ მალე «მოძრაობამ» სპორტიც მოიცვა. «დინამო» და «გურია» სსრკ ჩემპიონატიდან გავიდნენ. შეიქმნა «ეროვნული ჩემპიონატი». პირველ მატჩს თბილისის «იბერიასა» და ფოთის «კოლხეთს» შორის წინ უძღოდა უნიჭო და უნიათო საზეიმო ცერემონია. ნიშანდობლივია, რომ საკავშირო ტელევიზიაში თავდაპირველად იგზავნებოდა ინფორმაცია, თითქოს დინამოს ეწოდა «ივერია», მაგრამ რუსებმა სულ მალე გამოჩხრიკეს სიმართლე და კომენტატორი მაიოროვი ნიშნის მოგებით უსვავდა ხაზს «Время»-ს სპორტულ ბლოკში: ყოფილ თბილისის «დინამოს» ეწოდა «იბერია». გასაგებია აქ რა ნიუანსიც იგულისხმება.
    პირველ მატჩში ფოთის «კოლხეთმა» თბილისის «იბერია» დაამარცხა ანგარიშით 1:0. ერთ-ერთმა თბილისელმა ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ქართული ფეხბურთის ლეგენდები: დათო ყიფიანი, ვოვა გუცაევი, საშა ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე და სხვები, - უფროსი თაობის წარმომადგენლები, აგრეთვე «სტაჟიანი გულშემატკივრები», რომელთათვისაც ფეხბურთი მთელი ცხოვრება იყო - «ყურებჩამოყრილნი», დანაღვლიანებულნი ისხდნენ ტრიბუნებზე.
    ვინც იმ მატჩს ესწრებოდა, უეჭველად დამეთანხმება, რომ სიხარულის შეგრძნება არავის ჰქონდა.
    ეს ეპიზოდი ძალიან საინტერესოა ისევ და ისევ ფსიქოლოგიური ატმოსფეროს თვალსაზრისით, რომელიც საქართველოში სუფევდა. ამ ატმოსფერომ და ასეთმა თითქოსდა «შეჩვეულმა წვრილმანებმა» როგორიც ფეხბურთია, გადამწყვეტი როლი შეასრულა სამოქალაქო ომის ფსიქოლოგიური ფონის წარმოშობაში.

მთელ ეკრანზე

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა