პირველადი დაგროვება
   
   

    იმდროინდელი საზოგადოების სულიერ მდგომარეობაზე ყველაზე მეტად ის თემები მეტყველებს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს თანამედროვეობასა და მომავალზე მსჯელობისას. სრული პროსტრაციის მდგომარეობა დრო და დრო იცვლებოდა ცნობიერი აქტივობით, ვითარებიდან გამოსასვლელ გზათა ძიებით. ოღონდ საზოგადოება ვერ ხვდებოდა, რომ ჩიხი, რაშიც საქართველო (უკვე იმ დროს) აღმოჩნდა, უპირველეს ყოვლისა სულიერი და მსოფლმხედველობრივი იყო და არა ეკონომიკური ან, თუნდაც, პოლიტიკური. ეს ცნობიერი ჩიხი კვლავ და კვლავ გვაბრუნებს 9 აპრილთან, რომელმაც უდიდესი (დიდწილად უარყოფითი) ზეგავლენა იქონია ეროვნულ ცნობიერებაზე.
    ისევ ბალტიისპირელთა წაბაძვით იფეთქა ახალმა თემამ: «ეკონომიკური დამოუკიდებლობა!» გაზეთები აჭრელდა ანალიტიკური სტატიებით. ავტორები მსჯელობდნენ იმაზე, ძალუძს თუ არა საქართველოს თავის გამოკვება. გამოიკვეთა რამდენიმე სხვადასხვა აზრი. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს, რაღა თქმა უნდა, შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა «რაკი ეს შეუძლია ფინეთს, რომელსაც არანაირი რესურსები არ გააჩნია». სხვები უფრო სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი და ზომიერებისაკენ მოუწოდებდნენ რადიკალებს, ვისი აზრით (ზომიერთა ინტერპრეტაციით) «საქართველოს მარტო ბორჯომიც არჩენს».
    მაშინ ჯერ კიდევ ვერავინ აცნობიერებდა, რომ იმავე ბალტიისპირელებისათვის «ეკონომიკური სუვერენიტეტი» მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტი იყო ძალიან ჭკვიანურ და ფრთხილ თამაშში კრემლის წინააღმდეგ. აბა რომელ «ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე» შეიძლებოდა საუბარი იმ სისტემაში, სადაც ეკონომიკური კოოპერაციის დონე ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელს სამჯერ აღემატებოდა? - თბილისში დამზადებული ჭანჭიკი იგზავნებოდა კიევში, იქედან როსტოვში, როსტოვიდან - მურმანსკში, მურმანსკიდან - ტაშკენტში, ტაშკენტიდან - ვილნიუსში, ვილნიუსიდან - აშხაბადში, აშხაბადიდან - ბაქოში, ბაქოდან - ერევანში, ერევნიდან - ტალინში, ხოლო ტალინიდან ისევ თბილისში, მეზობელ ქარხანაში, - რათა დამზადებულიყო საბოლოო პროდუქცია.
    მიუხედავად ამისა, «ეკონომიკური დამოუკიდებლობის» იდეა ჩვენში პირდაპირი გაგებით აღიქვეს და შესაბამისი კონცეფციის დამუშავებაც დაიწყეს. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ეკონომისტი ვალიკო ადვაძე, რომელიც სსრკ უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ ქვეკომიტეტს ხელმძღვანელობდა.
    ამრიგად, ეკონომიკური სუვერენიტეტის თემაზე ფართო დისკუსია გაიშალა. დღეს ნათელია, რომ იგი აბსოლუტურად უსაგნო იყო: საქართველოს (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოკავშირე რესპუბლიკის) წინაშე, სინამდვილეში, ეკონომიკური თვალსაზრისით ერთადერთი ამოცანა იდგა: ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემთხვევაში როგორ მოხერხებულიყო დამანგრეველი ეკონომიკური პროცესების თავიდან აცილება ან მათი მაქსიმალურად შერბილება, ვინაიდან სრულიად თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა, - რაკი ერთბაშად დაიშლებოდა ერთიანი ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, საბანკო-ფინანსური და სხვა სივრცე.
    რეალურად ეს სწორედ პოლიტიკური პრობლემა გახლდათ, თორემ ეკონომიკური თვალსაზრისით, უკლებლივ ყველა მოკავშირე რესპუბლიკისათვის ერთიანი სივრცის შენარჩუნება უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე მისი დაშლა. ოღონდ საბაზრო რეფორმათა გატარების პირობით.
    აი, ამას უმალავდა ქართულ საზოგადოებას ის ხალხი, ვინც ჯიუტად აცხადებდა: «ჯერ პოლიტიკური დამოუკიდებლობა, შემდეგ ეკონომიკური სუვერენიტეტი!» არადა ეს დებულება ისეთივე აბსურდია, როგორც შებრუნებული ფორმულა: «ჯერ ეკონომიკა, შემდეგ პოლიტიკა», ვინაიდან თუ ორივე შემთხვევაში მთავარი მიზანი პოლიტიკური (სახელმწიფოებრივი) სუვერენიტეტის მოპოვებაა, ხოლო ეკონომიკა მხოლოდ საშუალება, - დამანგრეველი პროცესების გარეშე იგი ვერ მიიღწევა.
    სხვა საქმეა, რომ საქართველოს გარდა, თითქმის ყველამ შეძლო ამ დამანგრეველი პროცესის შეძლებისდაგვარად შერბილება, ოღონდ ისევ და ისევ პოლიტიკურ ხერხებით, - ელემენტარულად გონიერი (თუმცა შინაარსობრივად ხშირად არა ნაკლებ რადიკალური) პოლიტიკის გატარებით მოსკოვის მიმართ.

    კვლავინდებურად ინარჩუნებდა აქტუალობას საქართველოსათვის ტრადიციული თემები: «ერთი შვილი, - ერის გადაშენებაა». კიტა ბუაჩიძე წერდა: «გადამთიელთ ნუ ამოვაგდებინებთ, ნუ მოვაგუდინებთ ჩვენს თავს! ცხრა აპრილელთა განწირულმა სულისკვეთებამ არ უნდა ჩაიაროს, არ უნდა ჩაიაროს ტყუილუბრალოდ, არ უნდა ჩაიაროს ფუჭად. . . ფუჭად. . . ჰოდა ვიძიოთ შური! გესმით?. . . ჩვენი იარაღი. . . დიახ, ვიძიოთ შური მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გამრავლებით, გამრავლებით! გამრავლებით!! გამრავლებით ვიძიოთ შური!!!» და ა.შ.
    საინტერესოა, ეს შედევრიც «პროვინციელი ფაშისტი» ზვიად გამსახურდიას დაწერილია? ყველა-ყველა და კიტა ბუაჩიძეს, რომელსაც ექსპრეზიდენტი ფანატიკურად სძულდა, «ზვიადიზმში» ნამდვილად ვერავინ დასდებს ბრალს.
    ან კიდევ, აი რას წერდა იმ დროს მოსკოვში გამომავალი დისიდენტური გაზეთი "Экспресс-Хроника"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წესდების შესახებ (23 июля 1989 года. Статья Сергея Лезова "К событиям в Закавказье"): «...Вот что говорится в программных документах НДП:
    "...В Грузии основали три автономных единицы, хотя территории так называемых автономной республики Абхазия и автономной области Юго-Осетии изначально являются исторической землей Грузии, а что касается Аджарии, то ее население грузинское, и Аджарская автономная республика фактически создана с учетом религиозных принципов, что является полной неожиданностью в атеистическом государстве. ...Наш девиз - "ГРУЗИЯ ДЛЯ ГРУЗИН", что ни в коей мере не означает ущемления прав проживающих на территории Грузии этнических единиц и ограничения их политической свободы".

    შემდეგ რუსი დემოკრატი განცვიფრებით კითხულობს: «интересно, что же всё это означает если не ущемления прав меньшинств?»
   
   

    ბევრს მსჯელობდნენ «ეროვნული დივიზიების» შესახებ. ამ იდეას კომპარტიის ცენტრალური კომიტეტიც ფართო პროპაგანდას უწევდა. თემა მართლაც ძალზე პოპულარული გახდა სოხუმის 1989 წლის მოვლენათა შემდეგ. აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რაც ცხინვალში ხდებოდა. მით უმეტეს, რომ ქართული «ეროვნული დივიზიები» მეორე მსოფლიო ომის დროს ნამდვილად არსებობდა. ოღონდ, ზოგიერთი ისტორიკოსი ამ თემაზე მსჯელობისას ფრთხილად აღნიშნავდა: «სამწუხაროდ, უნიჭო სამხედრო ხელმძღვანელობის გამო, ქართულმა დივიზიებმა იმ ომში (უპირველესად ყირიმში) თავი ბევრით ვერაფრით გამოიჩინეს და გერმანელთა პირველივე შეტევის შემდეგ ზღვაში გადაყრილები აღმოჩნდნენ».

    შავი ანეკდოტის დარი დისკუსიები მიმდინარეობდა «ელიტარული ინტელიგენციის» წრეში. რეზო მიშველაძე და ლევან სანიკიძე მოულოდნელად «დაეცნენ და მოთხარეს» რობერტ სტურუა. ძალზე სიმპტომატური ბრალდებაც წაუყენეს: «გამსოფლიურება», «ეროვნული საწყისის მივიწყება» ანუ «რატომ დგამ დღენიადაგ შექსპირს და არა ქართველ დრამატურგებს?». ან თუ მაინც დგამ და დგამ, რატომ «ვაი იმ დადგმას?»
    ამ დისკუსიაში სტურუას დასაცავად თითქმის მთელი თეატრალური საზოგადოება აღსდგა. თუმცა ბევრი მწერალი მაინც მრავალმნიშვნელოვან დუმილს არჩევდა. პრინციპში, ორივე მხარე მართალი იყო, ანუ ორივე მხარე ტყუოდა, რადგან საშინელი პროვინციალიზმით გაჟღენთილ საზოგადოებაში ყოველგვარი დისკუსია აზრს კარგავდა.
    კიდევ ერთი მაგალითია დისკუსია მერაბ მამარდაშვილის დაუვიწყარი «მაქსიმის» თაობაზე: «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას».
    არის ცნებები (ვიმეორებ), რომელთა ურთიერთდაპირისპირება იმთავითვე უზნეობაა, ვინაიდან გადაულახავ მორალურ დილემას ქმნის.
    გარდა ამისა, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას: დედამიწის ზურგზე არც ერთ ერს არ უცხოვრია, არ ცხოვრობს და არც ოდესმე იცხოვრებს ამ პრინციპით (რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას) და რაღა მაინც და მაინც ჩვენ, ქართველები, ვიყავით ვალდებულნი ამ მაქსიმით გვეცხოვრა?
    სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მაქსიმა («ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას») უპრეცედენტოა საკაცობრიო აზროვნების ისტორიაში. ლენინ-ბოლშევიკები სამშობლოს ცნებას საერთოდ არ სცნობდნენ («მუშას არა აქვს სამშობლო»), ხოლო თომას მანს ტყუილად მოიყვანთ არგუმენტად. თომას მანმა აბსოლუტურად განსხვავებული რამ თქვა: გერმანია ჰიტლერზე მაღლა დგასო. თორემ «ჭეშმარიტება გერმანიაზე მაღლა დგასო» - ამის თქმას ისიც ვერ გაბედავდა.
    ქვემოთ ამ თემას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, ვინაიდან იგი ძალზე საინტერესო და მრავალმხრივ ნიშანდობლივია.

    დიდი ზარ-ზეიმით შეიქმნა «ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი», რომლის პირველ პრეზიდენტად ნონა გაფრინდაშვილი აირჩიეს. სპორტული წრეები ცდილობდნენ მიეღწიათ ზამთრის ოლიმპიური თამაშების გასამართად ბაკურიანის კანდიდატურის დასახელებისათვის. მოსკოვი წინააღმდეგი იყო: იგი სოჭს უჭერდა მხარს. საქართველოში ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ: «სოჭი ხომ საზაფხულო კურორტია?» არადა სოჭის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სულ ახლოსაა «კრასნაია პოლიანა» სადაც ყველა პირობა არსებობს სპორტის ზამთრის სახეობებში შეჯიბრებათა გასამართად.

    მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა კომკავშირის «გასაკეთილშობილებლად» ან სხვა ახალგაზრდული კავშირის შესაქმნელად. ამასობაში ზოგიერთმა «ბობოლა კომკავშირელმა» დრო იხელთა და კომკავშირის ფული სარფიანად დააბანდა «საქმეში». სანამ სხვები მიტინგებზე იჭაჭებოდნენ, ისინი მომავალზე ფიქრობდნენ, რაკი ფულის გარდა ყოველივე «ამაოდ» მიაჩნდათ. ეს ფული დღესაც მუშაობს საქართველოში. იგი «კაპიტალის პირველადი დაგროვების» მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა.
    საერთოდ, «უხელისუფლების» პერიოდი (1989 წლის 9 აპრილიდან - 1990 წლის 28 ოქტომბრამდე) ამ თვალსაზრისით ნამდვილი «ოქროს ხანაა» და განსაკუთრებულ შესწავლას საჭიროებს. სწორედ მაშინ შედგა უმნიშვნელოვანესი მოვლენა: ქართული საბჭოთა პარტიულ-ნომენკლატურულული მაფიის (მათ შორის «წითელი დირექტორების») მიერ ათწლეულობით ნაგროვები «შავი ფულის» ლეგალიზაცია და მისი კაპიტალად ქცევა.
    უაღრესად ნიშანდობლივია, რომ ამ პროცესებს ეროვნული მოძრაობა იოტისოდენ ყურადღებას არ აქცევდა. არადა ეს გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე «პერმანენტული აქციები» დამოუკიდებლობის დეკლარირებით. აი, კიდევ ერთი ნიშანი და თვისება, რითაც ქართული ეროვნული მოძრაობა განსხვავდებოდა ბალტიისპირულისაგან - იქ ამგვარი პროცესები ყურადღებიდან არ გამორჩებოდათ.

    ქართულ პრესაში (მათ შორის «ცკ»-ს ორგანოებში) ყველაფერი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სულისკვეთებით სუნთქავს. თუ ადრე გაზეთ «კომუნისტში» სტატიები იწყებოდა ასე: «კომუნისტური იდეალების განხორციელების გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. . .» ახალ ეპოქაში ფრაზამ ოდნავ იცვალა სახე: «ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. . .»

    დეკემბერში გაიხსნა სსრკ სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობა, რომელზეც «სობჩაკის კომისიის» დასკვნა უნდა განეხილათ. ეს საკითხი დღის წესრიგში ბოლო იყო. მიუხედავად ამისა, პირველსავე დღეებში ცხარე დისკუსია გამოიწვია იმან, მოესმინათ თუ არა სამხედრო პროკურორ კატუსევის «ალტერნატიული მოხსენება». დეპუტატები ალკსნისი, პეტრუშენკო და სხვები კატეგორიულად მოითხოვდნენ ასეთი მოხსენების მოსმენას. მათ მდუმარედ დაუჭირეს მხარი დემოკრატმა რუსებმაც, ვინაიდან 9 აპრილი რუსეთში უკვე არა ანტიკომუნისტურ, არამედ ანტირუსულ გამოსვლად აღიქმებოდა, ამდენად თანაბრად ლახავდა ყველა რუსის ეროვნულ თავმოყვარეობას.
    მიუხედავად ქართველ დეპუტატთა წინააღმდეგობისა, გადაწყდა, ყრილობას მოესმინა მთავარი სამხედრო პროკურორის, კატუსევის მოხსენება. ეს თავისთავად, რა თქმა უნდა, აბსურდი იყო, ვინაიდან ყრილობის უმრავლესობამ ამით იმთავითვე უნდობლობა გამოუცხადა სობჩაკსა და მის კომისიას, რომელიც ყრილობისავე გადაწყვეტილებით შეიქმნა.
    თვით ყრილობაზეც საინტერესო ეპიზოდი მოხდა. ბალტიისპირელებმა, ტაქტიკური მიზნით, მწვავე კამათი გააჩაღეს «კონსტიტუციური ზედამხედველობის კომიტეტის შექმნასთან» დაკავშირებით. ეს საკითხი ყრილობის ცენტრალურ პრობლემად იქცა. ქართველმა დეპუტატებმა ინსტიქტურად მხარი დაუჭირეს ლიტველებს, ლატვიელებსა და ესტონელებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კარგად არც ჰქონდათ გაცნობიერებული პრობლემის არსი. მაღალფარდოვანი სიტყვით გამოვიდა კინორეჟისორი თენგიზ აბულაძე: . . . Горбачёвской демокраТИИ (ხაზგასმით ბოლო მარცვალზე) . . . а в дремучем лесу сталинско-брежневской партократичесской монарХИИ… მისი მენტორული ტონი უკვე აღიზიანებდა ყრილობის უმრავლესობას. მათ შორის «დემოკრატებსაც», რომელთაც მიაჩნდათ, რომ «ქართველები აქ ჭკუას გვასწავლიან, თავად კი გენოციდს უწყობენ მცირერიცხოვან ოს ხალხს». ეს თენგიზ აბულაძის გამოსვლის დასრულებისთანავე დაადასტურა დეპუტატმა ხუგაევამ (თუ ფუხაევამ) «სამხრეთ ოსეთიდან». მან ისაუბრა «ოსი ხალხის უბედურებაზე» და ტირილიც დაიწყო. შემდეგ გამოვიდა ესტონეთში არჩეული ცნობილი რუსი (ეთნიკური ებრაელი - «ინტერნაციონალური ფრონტის» დამაარსებელი) დეპუტატი კოგანი: «ქართველი დეპუტატები აქ მაღალ მატერიებზე რომ გვესაუბრებით, რატომ არაფერს ამბობთ იმაზე, რაც ამჟამად სამხრეთ ოსეთში ხდება?».
    ანატოლი სობჩაკის მოხსენება ყრილობამ მდუმარედ მოისმინა. შემდეგ ტრიბუნა დაეთმო პროკურორ კატუსევს. მისი გამოსვლის დროს ქართველმა დეპუტატებმა ყრილობა დატოვეს და წასვლასაც აპირებდნენ, მაგრამ მათთან მიიჭრა გორბაჩოვი და სთხოვა, დარჩენილიყვნენ. დიდხანს ხვეწნა არ დასჭირვებია - დეპუტატები დარბაზში დაბრუნდნენ. სიტყვა ითხოვა გივი გუმბარიძემ. მან კატუსევის გამოსვლას «მუნდირის ღირსების დაცვა» უწოდა. მის სიტყვაში იყო ასეთი პასაჟები: «Якобы Грузия, как унтер-офицерская вдова, сама себя высекла …. Во время разгона демонстрации, с уст наиболее разгорячённых солдат срывались имена и сталина и берия!» (ძალზე საინტერესო მითოლოგემაა, რომელიც ბევრ რამეზე მეტყველებს - ავტ.) «…наши отцы и деды воевали и на Бородинском поле и у Сталинграда!»
    როდესაც გუმბარიძე სიტყვას ასრულებდა, მიკროფონს მიუახლოვდა გენერალი გრომოვი. იგი რუსებს «არმიის ღირსების» განსახიერებად მიაჩნდათ. ავღანეთში საბჭოთა არმიის ყოფილი სარდალი აპირებდა კითხვა დაესვა გუმბარიძისათვის. ხელიც შემართა, მაგრამ გივი გუმბარიძემ, როგორც კი დაამთავრა, მაშინვე მკვეთრი მოძრაობით აკრიფა ქაღალდები და ტრიბუნიდან სწრაფად ჩამოვიდა.
    რამდენიმე წუთის შემდეგ ყრილობაც დაიხურა. აჟღერდა საბჭოთა კავშირის ჰიმნი. ყველანი გაიჯგიმნენ. ქართველ დეპუტატებს («დამკვრელური შრომის გმირებს», «კოლმეურნეობათა» თავჯდომარეებს, ქარხნის დირექტორებს) სახეზე გამარჯვებულთა ღიმილი დასთამაშებდათ.

 

მთელ ეკრანზე

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა