ბორიაყი

    ჯერ კიდევ სოხუმის მოვლენებამდე, მიხეილ გორბაჩოვმა სპეციალური სიტყვით მიმართა «საბჭოთა ხალხს» ეროვნებათშორის ურთიერთობათა გამწვავების თაობაზე: «მე მინდა გავაფრთხილო ყველა ოჯახი, თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე ერთაშორისი დაპირისპირების უდიდესი საფრთხის შესახებ».
    თუმცა, გორბაჩოვი აშკარად საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მოთხოვნებით იყო შეშფოთებული და არა ერთაშორისი შეტაკებებით: «разделится не сможем! – это значило бы резать по живому».
    რასაკვირველია, გენერალურ მდივანს შეეძლო, ძირშივე აღეკვეთა ყარაბაღელი სომხების ნაციონალიზმი, მაგრამ სომხური დიასპორის შურისძიებისა შეეშინდა - მას ხომ დასავლეთის მხარდაჭერა იმ დროს ჰაერივით სჭირდებოდა?! ამიტომ მოვლენები, ფაქტობრივად თვითდინებაზე მიუშვა. მის მეუღლეს, რაისა მაქსიმოვნას, ვაშინგტონში ყოფნისას, ამერიკელმა სომხებმა უძველესი სომხური ხატი აჩუქეს. ქალბატონ რაისას კი უყვარდა საჩუქრები: «….Крепнуть дружбе между Советским и Армянским народами».
    საკუთრივ ყარაბაღში უკვე ნამდვილი ომი იწყებოდა. მოლდოვაშიც იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები «დამოუკიდებლობის» მოთხოვნით. ოშის ოლქში ყირგიზებმა, უზბეკებმა და ტაჯიკებმა ერთმანეთი ამოხოცეს. დაიღუპა ასეულობით ადამიანი. ბალტიის ქვეყნების «სახალხო ფრონტები» სულ უფრო დაჟინებით მოითხოვდნენ «მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის» გამომზეურებას.
    აშკარად ბალტიისპირელთა წაბაძვით, ქართული პრესაც აივსო მოთხოვნებით «კომპეტენტურ კომისიას შეესწავლა საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის გარემოებანი».
    ზოგადად, პრესას საქართველოში მხოლოდ 9 აპრილის შემდეგ დაეტყო ცვლილება. 9 აპრილამდე «პერესტროიკისდროინდელ» ქართულ პრესას ძნელად თუ გაარჩევდი ბრეჟნევისდროინდელისაგან. ჯუმბერ პატიაშვილის უნიჭობა ამაშიც ვლინდება.
    მეორეს მხრივ, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას: 1988 წელს რომ პრესას კომუნისტური წნეხი შემსუბუქებოდა, «არაფორმალები» უეჭველად იტყოდნენ, - «კრემლის დავალებით პატიაშვილი საქართველოშიც იწყებს ე.წ. «გარდაქმნას», რათა ეროვნული მოძრაობის ყურადღება მოადუნოს და ხალხი მოატყუოსო».
    დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა ვახტანგ გოგუაძის წინადადებას: გაზეთ «კომუნისტს» სახელი გადავარქვათ და «საქართველო» ვუწოდოთო. ეს გაზეთი 9 აპრილისა და სოხუმის მოვლენათა შემდეგ მართლაც გარდაიქმნა - ისევე, როგორც მთლიანად ქართული პრესა. აბა გული როგორ არ აგიჩუყდებოდა ადამიანს, როდესაც «კომუნისტში»(!) უზარმაზარი ასოებით დაბეჭდილ ასეთ სათაურს წაიკითხავდი: «საქართველო არ მომკვდარა, - მას სურს სიცოცხლე, თავისუფალი სიცოცხლე!».
    ტელევიზიით გამოსვლისას გივი გუმბარიძემ სიხარულით ამცნო მოსახლეობას, რომ ქართველთა რიცხვმა 4 მილიონს მიაღწია, - «ჩვენ 4 მილიონი ვართ!».
    სოხუმში ქართველთა ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ერთ-ერთმა გაზეთმა ლავრენტი ბერიას უზარმაზარი სურათი გამოაქვეყნა და აღტაცებულ-მადიდებელი სტატიაც დაურთო. ალბათ იმიტომ, რომ სოხუმის მოვლენებისას აფხაზეთის ქართველობას ბერიას სახელი პირზე ეკერა.
    კვლავ ბევრს წერდნენ «ეთნოკრიზისებზე». არა და არ ცხრებოდა დაძაბულობა ქვემო ქართლში. დააკავეს ორი ბორჩალოელი აზერბაიჯანელი, რომელთაც აფსუებისათვის მანქანით იარაღი მიჰქონდათ. გაჩნდა დაპირისპირების პირველი ნიშნები ცხინვალში. ალან ჩოჩიევმა გულმხურვალე მხარდაჭერის წერილი გაუგზავნა აფხაზ სეპარატისტებს. ეს წერილი ქართულმა გაზეთებმაც გადმობეჭდეს.
    «ჩოჩიევის წერილმა» უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. არანაკლებ მწვავე რეაქცია მოჰყვა ბრიტანელი პროფესორის, - ჰიუიტის სტატიას, რომელიც «ლიტერატურულ საქართველოში» გამოქვეყნდა. ჰიუიტისათვის საქართველო ფაშისტური საზოგადოების ლამის კლასიკური ნიმუში იყო. მისი თქმით, მეგრელები და სვანები არ არიან ქართველები, მაგრამ ქართველებს არათუ მათი, არამედ აფხაზების გაქართველებაც ჰქონდათ განზრახული.
    დაახლოებით იმ დროს, ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა წერილით მიმართეს მიხეილ გორბაჩოვს – დამოუკიდებლობის მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში «Это может кончится плачевными результатами для вашего правления!».
    საწყალი გორბაჩოვი. ამ მრისხანე ულტიმატუმის მიღების შემდეგ ალბათ ღამე არ დაეძინებოდა და შიშით აცახცახებული რაისას მიეკრობოდა.

    სოხუმის მოვლენათა შემდეგ გივი გუმბარიძემ აფხაზეთში «საკადრო ცვლილებები» განახორციელა: ახალი ცკ-ს მდივნები დანიშნა და ოზგანი საბოლოოდ «მოხსნა» გუდაუთის რაიკომის მდივნის თანამდებობიდან.
    აქ მოხდა ძალზე ნიშანდობლივი რამ: ოზგანი აფსუებმა მეორე დღესვე აირჩიეს გუდაუთის რაისაბჭოს თავჯდომარედ. ამას კი, თავის მხრივ, თბილისში გამართულ მიტინგზე გია ჭანტურიამ ასეთი შეფასება მისცა: «მეგობრებო, კრემლი გათავხედდა - ოზგანი რაიკომის მდივნობიდან მოხსნა და რაისაბჭოს თავჯდომარედ დანიშნა!»
    ამ შეფასებას უკლებლივ ყველა ეთანხმებოდა. არადა, სინამდვილეში საქმე უფრო რთულად იყო: რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი უშუალო «კომუნისტური ნომენკლატურა» გახლდათ. ამრიგად, კომპარტიის წესდებით, გუმბარიძეს ჰქონდა უფლება (როგორც ცკ-ს მდივანს) ოზგანი «მოეხსნა». მაგრამ რაიონული საბჭო ფორმალურად თავად ირჩევდა თავჯდომარეს. ოზგანის «გათავისუფლების» შემდეგ, გუდაუთელმა აფხაზებმა ეს ფორმალური უფლება რეალობად აქციეს. ასე რომ «კრემლს» პროცესში ჩარევა არც დასჭირვებია. მაგრამ ამას იმდროინდელ თბილისში აბა ვის შეასმენდი: «ხა, ხა, ხა - რა სისულელეა: რა თქმა უნდა კრემლმა დანიშნა და კრემლმა მოხსნა».
    ყველაფრის გამარტივება და «კრემლის მითითებებზე» დაყვანა ქართული საზოგადოების პოლიტიკური პრიმიტივიზმის უპირველესი ნიშანი იყო.
   

    მოსკოვში გაიმართა ცკ-ს პლენუმი ერთაშორისი ურთიერთობების საკითხებზე. სიტყვით გამოსვლისას გივი გუმბარიძემ (ერთადერთმა ცკ-ს მდივნებს შორის) მოითხოვა წვევამდელებს საქართველოში მოეხადათ სამხედრო სავალდებულო სამსახური და აღდგენილიყო «ეროვნული დივიზიები». სსრკ თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი იაზოვი, აშკარა გაღიზიანებით შეეპასუხა: «Значит, по вашему, каждый аул должен свою иметь армию?!»
    კრემლში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მოვლენათა განვითარებას საქართველოში. მაგალითად, როდესაც ირაკლი წერეთელმა «დაუმორჩილებლობა» ბრძანა და რუსთაველის პროსპექტზე მოძრაობა გადაიკეტა, ამის შესახებ პირადად გორბაჩოვმა აუწყა სსრკ სახალხო დეპუტატებს უმაღლესი საბჭოს სხდომის მსვლელობისას.
    ყველა უბედურებას დაემატა მეწყერი აჭარაში. ათეულობით ადამიანი დაიღუპა, ასეულობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. შეიქმნა საზოგადოება «ჯავახეთი», რომელსაც აჭარლები ჯავახეთში უნდა ჩაესახლებინა, - რეზო ჩხეიძის ფილმის შესაბამისად («მშობლიურო ჩემო მიწავ»): გახსოვთ ალბათ, გულაჩუყებული რაიკომის მდივანი თვალცრემლიანი რომ გაჰყურებს აჭარიდან - სამცხე-ჯავახეთისაკენ დაძრულ ქართველობას.
    მაგრამ რეალობაში ეს ცოტა ნაკლებ რომანტიული გამოდაგა. აჭარლებს ადგილობრივი ქართველი «ჯავახები» აუხირდნენ: თქვენ რომ აქ სასახლეებს გიშენებენ, ჩვენ რა დავაშავეთო. ზოგან საქმე დაპირისპირებამდეც მივიდა. «მაჰმადიანურმა» ნოტამაც გაიჟღერა. თბილისში ზოგიერთები ჰყვებოდნენ საზიზღარ ჭორს, თითქოს რომელიღაც აჭარელს უთქვამს «წვეთი სისხლი თუ მექნება ქართული, - მკლავს მოვიჭრიო» და ა.შ.
    მიუხედავად ამისა, სახლების მშენებლობა, საბედნიეროდ, გრძელდებოდა. ოღონდ, როდესაც თბილისში «საყოველთაო დაუმორჩილებლობა» გამოცხადდა, დიდი გაურკვევლობა და კამათი გამოიწვია იმან, უნდა შეხებოდა თუ არა «ტოტალური გაფიცვა საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნით» - ჯავახეთში ქართველებისათვის სახლების მშენებლობას.
    «ეროვნული დაუმორჩილებლობა» კი იმაში გამოვლინდა, რომ 16-17-20 წლის «ბიჭ-ბუჭები» შეცვივდნენ «საქენერგოში» და ენგურჰესის კაშხლის დაცლა(!!) მოითხოვეს. თავისთავად ეს მოთხოვნა რამდენად პათოლოგიური იყო, - დღეს მაინც ნათელია.
    გარდა ამისა, «არაფორმალთა» ჯგუფები მიდიოდნენ ქარხნებში და მუშებს გაფიცვისაკენ მოუწოდებდნენ. ეს უკანასკნელნიც, მიუხედავად პარტკომის, დირექტორის, მთავარი ინჟინერის ისტერიული წინააღმდეგობისა («გეგმა ჩაგვივარდება, მოგვხსნიან!»), სიხარულით ტოვებდნენ საძულველ, აშმორებულ ქარხანას და სახლებში მიდი-მოდიოდნენ. ამაში გამოიხატებოდა მათი «დაუმორჩილებლობა».
    თუმცა, იმ დროს (1989 წლის სექტემბერში), უკვე ასეთ სცენასაც შევესწარი: ორი ახალგაზრდა «არაფორმალი» ტაქსის მძღოლს აუხირდა: «ეროვნული დაუმორჩილებლობის დროს რატომ მუშაობო». მანქანის გაჩერება და მუშაობის შეწყვეტა უბრძანეს. საბრალომ ვეღარ მოითმინა; რა გინდათ ჩემგან, ცოლი მყავს ავადმყოფი, ბავშვებს ლუკმაპური ხომ უნდა მივუტანო, ხელშეკრულებით ბინას შემპირდნენ, მიწურში ვცხოვრობთ, შვიდი წელია ამისათვის ვწვალობ, გეგმა თუ ჩავაგდე ხელშეკრულებას გამიუქმებენ. . რა ვქნა, ჩემ შვილებს რა ეშველებათ, სამი ბავშვი მყავს. . . შეპასუხება როგორ გაგვიბედეო და «არაფორმალებმა» ძველბიჭურად დაუწყეს საქმის გარჩევა. თუმცა, ტანსაცმელზე ეტყობოდათ, თავად არაფერი უჭირდათ (იმ ეპოქაში ამის გარკვევა ტანისამოსითაც შეიძლებოდა - ავტ.). ტაქსის მძღოლიც უსასოობისაგან მწყობრიდან გამოვიდა. რაკი დარწმუნდა, ხვეწნა - მუდარას აზრი არ ჰქონდა, მანქანაში ჩახტა, შემოატრიალა, იქვე ბეტონის კედელს შეამსხვრია და თავად თავჩაქინდრული, გამწარებული იქაურობას გაეცალა.
   

    იმდროინდელი «ლიტერატურული საქართველო» ახალი ეპოქის სულისკვეთებით სუნთქავდა. ჭაბუა ამირეჯიბი წერდა: «კავკასიის გარუსება «აფხაზეცებისა» და ოსების მეშვეობით ხდება». ერთ-ერთი ავტორის თქმით, საქართველოში არაქართული მოსახლეობის ბუნებრივი მატება (გამრავლება) უნდა შეზღუდულიყო. ჟურნალ «კრიტიკის» აზრით კი, «საქართველოში არაქართული მოსახლეობის ოდენობა 5 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს».
    მყარად დამკვიდრდა ტერმინი «არაქართველი». კაცი არ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ ჟღერდა ეს ტერმინი («негрузин, негрузинское население») არა მხოლოდ რუსის, არამედ ფრანგის, ინგლისელის ან ამერიკელის ყურში: «არაქართველი» დაახლოებით ისე ისმოდა, როგორც «არაკაცი».
    არადა, თუ მაინც და მაინც, გაცილებით უფრო ჭკვიანური და მიზანშეწონილი იქნებოდა ტერმინი «ქართულენოვანი», რასაც ეთნიკური შემადგენელი არ ჰქონდა. ან, ბოლოს და ბოლოს (ისევე როგორც ბალტიისპირეთში), - «რუსულენოვანი», რითაც ბალტიელებმა იეშმაკეს და არა მხოლოდ თავად გაემიჯნენ «არალიტველ, არალატვიელ, არაესტონელ» მოსახლეობას, არამედ პასუხისმგებლობაც იმავე «რუსულენოვანებს» დააკისრეს - «ჩვენ ხომ არ ვემიჯნებით, - ხომ ხედავთ, ისინი თავად გვემიჯნებიანო». აი, ეს არის ჭეშმარიტად ჭკვიანური და ბრძნული პოლიტიკა. მაგრამ საქართველოში მაშინ აბა ამდენი ჭკუა ვის მოეკითხებოდა?!
    თბილისში ჩამოსულ კაშპიროვსკის, რომელიც მოწამლულთათვის ჰიპნოზის სეანსის ჩატარებას აპირებდა, 9 აპრილს მოწამლულებმა და «მოძრაობის» წარმომადგენლებმა ობსტრუქცია მოუწყვეს. კაშპიროვსკი, რასაკვირველია, ჩვეულებრივი ნიჭიერი გაიძვერა იყო (თუმცა ჰიპნოზის არაჩვეულებრივი უნარი ნამდვილად ჰქონდა), მაგრამ საქართველოში იგი «სატანისტად» აღიქვეს: შეკრიბეს მოწამლულები, მოიყვანეს მღვდელი, რომელმაც ჰიპნოტიზიორს სიტყვის თქმა არ აცალა: «განვედ სატანავ, დაადე ბიბლიას ხელი!» და ა.შ. ეს ყოველივე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა საქართველოს ტელევიზიით. ტრანსლაცია შეწყვიტეს და დიქტორმა გამოაცხადა: კაშპიროვსკიმ ავადმყოფებთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლოო.

    იმ დროს განვითარდა «ეროვნული მოძრაობის» დაშლის, დაქუცმაცებისა და დანაწევრების პროცესი. «ილია ჭავჭავაძის საზოგადოება» თავდაპირველად ორად, შემდეგ ოთხად გაიყო, განაყოფები კვლავ გაიყვნენ და ა.შ. 1989 წლის სექტემბრისათვის საქართველოში უკვე ასამდე პარტია ჩამოყალიბდა. თუმცა, «ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა» მხოლოდ რამდენიმეს სცნობდა.
    ერთადერთი, ვინც შეინარჩუნა ურთიერთობა ყველასთან და ყველა პატივს სცემდა, იყო მერაბ კოსტავა. იგი ერთდროულად რამდენიმე ურთიერთმოქიშპე პარტიისა და საზოგადოების წევრად ითვლებოდა.
    თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ თანდათანობით, თითქოს შეუმჩნევლად მწიფდებოდა კონფლიქტი მერაბ კოსტავასა და გია ჭანტურიას (ანუ ედპ-ს) შორის: «Костин» - იმდროინდელი «მიგნებაა». ამ კონფლიქტს ისევ და ისევ ჭანტურია-გამსახურდიას მზარდი დაპირისპირება ედო საფუძვლად.
    მერაბ კოსტავა მაშინდელ საქართველოში ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ და დიდ როლსაც ასრულებდა. მას ნამდვილად შეეძლო ზეგავლენის მოხდენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე და ალბათ მოახდენდა კიდეც, რომ არა დღემდე ამოუცნობი, იდუმალები მოცული ავტოავარია ზემო იმერეთის სოფელ ბორითთან, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე.
    შესაძლოა არავითარი «კრემლის პროვოკაცია» ეს არ იყო, იქნებ მართლა შემთხვევით მოხდა უბედურება, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს: მოვლენათა შემდგომი განვითარებისათვის მერაბ კოსტავას სიკვდილი «აუცილებელი» იყო, - წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენები 1989-1993 წლებში გარკვეულწილად სხვაგვარად განვითარდებოდა. თუმცა, 9 აპრილის შემდგომი სტრატეგიული ვექტორი ალბათ მაინც არ შეიცვლებოდა.
    მერაბ კოსტავა უდავოდ პატიოსანი, გულწრფელი, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვა-წამებითა და საყვარელი შვილის თვითმკვლელობით გულგატეხილი კაცი ჩანს. მის სახებას «ეროვნული მოქანცულობის» ნაჭდევიც აჩნდა. ამის მიუხედავად, იგი მართლაც შეურცხვენელი წავიდა ამ ქვეყნიდან.
    არადა, არავინ იცის, რა ელოდა შემდგომ მოვლენებში. ისევე, როგორც ვერავინ იტყვის დანამდვილებით, რა პოზიციას დაიკავებდა იგი 1990-1993 წლებში.
    მერაბ კოსტავას გამოსვენებას სიონის ტაძრიდან ათიათასობით ადამიანი დაესწრო. მთაწმინდის პანთეონამდე ხელით აასვენეს. სხვათა შორის, მცირე გაუგებრობა მაინც გამოიწვია დასაფლავების ადგილმა. ბევრს ეს არ მოეწონა, ოღონდ მაშინ ხმის ამოღება ვერავინ გაბედა. მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ თქვა მანანა გიგინეიშვილმა: «ის, ვინც გამსახურდიას ტყუილში დაემოწმა - ილია ჭავჭავაძეს გვერდში მივუწვინეთო». მაგრამ იმ დროს (1989 წელს) საწინააღმდეგო არავის უთქვამს. გივი გუმბარიძემ კი, რასაკვირველია, უმალვე დათმო.
    კოსტავას სიკვდილით, ეროვნული მოძრაობა საბოლოოდ დაიშალა და დაქუცმაცდა, ანუ იგი მარიონეტივით ადვილად სამართავი და სათამაშო გახდა.

მთელ ეკრანზე

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა