კავკასია დიდი ომის ზღვარზე
   
სუმგაითის საავადმყოფოში

    1988 წლის თებერვლის ბოლოს, ანუ 28 წლის წინ, აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში, რომელიც კასპიის ზღვის პირას მდებარეობს, სისხლიანი ამბები დატრიალდა: ყარაბაღის ახლადგახსნილ ფრონტზე ორი აზერბაიჯანელის მკვლელობის საპასუხოდ (ინფორმაცია ამ მკვლელობის შესახებ, აზერბაიჯანული ტელევიზიით, «რატომღაც» გააჟღერა მოსკოვის იმდროინდელმა წარმომადგენელმა) აზერბაიჯანელები ქალაქში მცხოვრებ სომხებს დაერივნენ. მათ შორის მშვიდობიან ადამიანებს.
    სწორედ მაშინ, სუმგაითის საავადმყოფოში ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა, რომელიც მოსკოვურ გაზეთ «კომსომოლსკაია პრავდას» კორესპონდენტმა აღწერა: საავადმყოფოში მოიყვანეს 78 წლის მარტოხელა მოხუცი სომეხი ქალი, რომელსაც თავში ვიღაცამ ნაჯახი ჩაარტყა და ის თავი, მომაკვდავს, ლამის ორად ჰქონდა გაჩეხილი. ბუნებრივია, აზერბაიჯანელმა ექიმებმა (ექიმი ყველგან ექიმი თუ ის ექიმია!) მაშინვე გააქანეს საოპერაციოდ, რათა როგორმე სისხლდენა შეეჩერებინათ და ნაჯახით გაპობილი თავის გამთელება ეცადათ.
    როგორ გგონიათ, რა თქვა 78 წლის დედაბერმა, სანამ ნარკოზი დააძინებდა? რა და, ამოილუღლუღა: «სულ .... ზე რომ გადასკდეთ თურქები (სომხები აზერბაიჯანელებსაც თურქებს უწოდებენ –მ.წ.) ყარაბაღი მაინც ჩვენი იქნება!»
    რუსი კორესპონდენტი, როდესაც ამას მოუყვა ერთ – ერთი ექიმი, მაშინ წერდა, რომ თუკი ერთ–ერთი მხარის ფანატიზმი ასეთ დონეს აღწევს, იქ მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და მშვიდობიან მოგვარებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
    სხვა ჟურნალისტი კი, ერევანში ჩასვლის მერე აღნიშნავდა: «ვნახე მთელი ერი, რომელიც შეიშალა მთლიანად, დიდიან პატარაიანად, – მეეეზოვით დაწყებული და აკადემიკოსით დამთავრებულიო».
    რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ალბათ არანაკლები ფანატიზმი წარმოიშვა მეორე, ესე იგი აზერბაიჯანული მხრიდანაც, მაგრამ იმ ომის ინიციატორი ის მხარე იყო, რომელსაც მიაჩნდა, რომ სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღი სომხეთს უნდა შეერთებოდა, რაკი უსამართლობა იქნებოდა, იგი აზერბაიჯანის შემადგენლობაში დარჩენილიყო.

წაგებული ომი

    გასული კვირის ბოლოს დაწყებული ბრძოლები უკვე, ნაწილობრივ შეჩერდა, მაგრამ «ყარაბაღის ფრონტი» უკვე აღარასოდეს აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2016 წლის 2 აპრილამდე: სულ რომ ყველაფერი დაწყნარდეს და აღარავინ გაისროლოს უახლოესი დღეების განმავლობაში, აზერბაიჯანმა, ამ ბრძოლებით, მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ის არ შეურიგდება მიწების დაკარგვას და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად განაახლებს ომს. მით უმეტეს, რომ ბოლო ბრძოლები ბაქოსთვის ნაწილობრივ წარმატებული აღმოჩნდა: აზერბაიჯანულმა არმიამ ძალიან მცირედ, სულ 1–2 კილომეტრით, თუმცა მაინც წაიწია წინ.
    სომხებს ამის აღიარება არ უნდათ, ყველანაირად ცდილობენ უარყონ, თუმცა ფაქტი – ფაქტად რჩება: ზოგიერთ რაიონში აზერებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიპყრეს, იქედან სომეხი მებრძოლები გაყარეს და შორსმსროლელი არტილერიაც დააყენეს.
    და რაკი ომის განახლება, ადრე თუ გვიან (1 კვირის, 1 თვის თუ 1 წლის შემდეგ) გარდაუვალია, სჯობს ჯერ მოკლედ გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი, რათა გავიგოთ, რამდენად შესაძლებელია მშვიდობიანი გადაწყვეტა:
    1988 წლის თებერვალში, სომხებით დასახლებული «მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის» საბჭომ გამოაცხადა, რომ გადის აზერბაიჯანის შემადგენლობიდან და უერთდება სომხეთს. მაშინვე დაიწყო კონფლიქტი, რადგან აზერბაიჯანელები ამას, რასაკვირველია, არ დაეთანხმნენ.
    დაპირისპირება ჯერ «მცირე სისხლით» მიმდინარეობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ნამდვილ ომად იქცა, როდესაც ორივე მხარეს კარგად შეიარაღებული არმიები მოქმედებდნენ.
    სომხებს, სსრკ დაშლისას, ნაკლები იარაღი ერგოთ ვიდრე აზერებს, მაგრამ ჯერ ერთი, მოსკოვი მათ უჭერდა მხარს და, გარდა ამისა, სუმგაითის საავადმყოფოში აღწერილი ფანატიზმი სომხებს უფრო ახასიათებდათ ომში, ვიდრე აზერებს. ამიტომაც, სომხეთმა აზერბაიჯანული არმია გამანადგურებლად დაამარცხა, ყარაბაღიდან აზერბაიჯანელები განდევნა, მერე ყოფილი ავტონომიის საზღვრებს გასცდა და კიდევ 7 რაიონი დაიპყრო, საიდანაც აზერბაიჯანელები განდევნა. ანუ, ეთნიკური წმენდის შედეგად, სომხეთმა დაიპყრო კიდევ თითქმის ყარაბაღისოდენა ტერიტორია და ეს ტერიტორია, ფაქტიურად, სომხეთს მიუერთა.
    1994 წლის გაზაფხულზე, აზერბაიჯანი სრული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. არ იყო გამორიცხული, სომხებს არათუ ორჯერ, არამედ ყარაბაღზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი ტერიტორიიდანაც განედევნათ მშვიდობიანი აზერბაიჯანული მოსახლეობა და ბაქოც კი მოექციათ ბლოკადაში: ყველა გზის გადაკეტვით განჯიდან – კასპიისპირა «აფშერონის ნახევარკუნძულისკენ». ამისთვის თვით ბაქოს დაპყრობა არ იქნებოდა საჭირო: საკმარისი იყო გზების გადაკეტვა კასპიის ზღვისკენ, რაც შეუძლებლად აქცევდა ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებას.
    მაშინ აზერბაიჯანს სათავეში ჩაუდგა გამოცდილი და ბრძენი პოლიტიკოსი, ჰეიდარ ალიევი. 1994 წლის 12 მაისს, მისი ბრძანებით, ბაქომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 7 დაპყრობილი რაიონი სომხეთს დარჩა. სამაგიეროდ, აზერბაიჯანმა მიიღო მშვიდობა და ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობა.

ალიევების სანავთობო სტრატეგია

    1994 წლიდან – დღემდე, სწორედ ნავთობის წყალობით, ალიევების ოჯახმა აზერბაიჯანი მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნად აქცია. დღევანდელია აზერბაიჯანის შედარებაც კი არ შეიძლება 1994 წლის გასაცოდავებულ, დამარცხებულ ქვეყანასთან: მილიარდობით დოლარი იხარჯებოდა არა მხოლოდ არმიის მშენებლობის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის. ბოლოს, ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით, აზერბაიჯანი მსოფლიო ლიდერადაც იქცა და მისმა წარმომადგენლებმა «ევროვიზიაზე» გაიმარჯვეს, რაც ქვეყნის წინსვლის მნიშვნელოვანი სიმბოლო გახდა.
    რაც მთავარია, აზერბაიჯანი გულმოდგინედ აშენებდა თანამედროვე არმიას. ამაში, პირველ ყოვლისა, მეგობარი და მოკავშირე თურქეთი ეხმარებოდა: აზერბაიჯანელი ოფიცრები თურქეთის საუკეთესო სამხედრო სასწავლებლებში სწავლობდნენ, ხოლო აზერბაიჯანული არმია თურქი ინსტრუქტორებით აივსო. არადა, თურქეთის არმია, თავისთავად, ერთ–ერთი უძლიერესია მსოფლიოში.
    2013 წლისთვის, აზერბაიჯანი იარაღის შესაძენად იმაზე მეტს ხარჯავდა, რაც სომხეთის მთელი ბიუჯეტი იყო. არმიაც უფრო მრავალრიცხოვანი ჰყავს, თუნდაც იმიტომ, რომ მოსახლეობით სამჯერ აღემატება სომხეთს. ამ წლების მანძილზე სომხეთი თითქმის სრულ ბლოკადაში იმყოფებოდა (საქართველოს მიმართულების გარდა) და მოსახლეობისგან იცლებოდა. ზოგიერთი ცნობით, 25 წელიწადში სომხეთის მოსახლეობა 4 მილიონიდან – 2 მილიონამდე შემცირდა რეალურად.
    ბუნებრივია, ბაქოში თადათან მომწიფდა აზრი, რომ დადგა დრო გამოიყენონ სამხედრო და სხვა უპირატესობები, რათა დაიბრუნონ დაკარგული ტერიტორიები. მაგრამ აქ მთავარი კითხვაა: რა პოზიციას დაიკავებს მოსკოვი?

რუსული გეგმა

    რუსეთი, რა თქმა უნდა, სომხეთს უჭერს მხარს, მაგრამ ღია მხარდაჭერა არ აწყობს, რათა აზერბაიჯანთანაც არ გაიფუჭოს საბოლოოდ ურთიერთობა. ამიტომ, აშკარად პროსომხურ პოზიციას მოსკოვი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოთქვამს, როცა სხვა გზა არ ექნება. მანამდე კი, ცდილობს საქმე ისე მოაწყოს, რომ სწორედ რუსეთია მთავარი შუამავალი. ამით მთელ მსოფლიოს დაანახოს: «სხვა არავინ ჩაერიოთ, მეომარი მხარეები მხოლოდ მე მენდობიანო».
    სინამდვილეში, დღეს რუსეთის მიზანი კონფლიქტის ხელახალი «გაყინვაა», რათა ისევ დაიწყოს და გაგრძელდეს უსასრულო მოლაპარაკებები, რომელთაც ბოლო არა აქვთ და არც ექნებათ. ამიტომაც დადის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (სხვათა შორის, თბილისელი სომეხია – გვარად კალანტარიანი) ბაქოდან – ერევანში, ამიტომ იწვევენ მოსკოვში ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს, გენერალური შტაბის უფროსებს: ისევ უნდათ «გაიყინოს» ეს კონფლიქტი და არაფერი შეიცვალოს მომდევნო 22 წლის განმავლობაში ისევე, როგორც წინა 22 წელიწადში არ შეიცვალა.
    მოსკოვს, ყველაზე მეტად, სწორედ ეს «გაყინული მდგომარეობა» აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე ჩრდილოეთისკენ იყურება, თორემ თუ ერთ–ერთმა საბოლოოდ მოიგო, ან რაიმე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს, მოსკოვი ვიღას რაში დასჭირდება? მაშინ სომხეთიც გაექცევა დასავლეთისკენ და აზერბაიჯანიც– იმავე დასავლეთისკენ, ანუ თურქეთისკენ.
    რუსეთი მეომარ მხარეებს სთავაზობს შემდეგ გეგმას და თან იცის, რომ ეს გეგმა სრულიად არარელურია: სომხეთს გაჰყავს თავისი ჯარები აზერბაიჯანის დაპყრობილი რაიონებიდან (მთიანი ყარაბაღის გარეთ), იქ შედიან რუსული სამშვიდობო ჯარები ეუთოს ან გაეროს ეგიდით (როგორც საქართველოში იყო), გათავისუფლებულ რაიონებში ბრუნდება მშვიდობიანი აზერბაიჯანული მოსახლეობა, ხოლო ყარაბაღის სტატუსზე მოლაპარაკება გრძელდება.
    ეს გეგმა არარეალური იმიტომაა, რომ თუ სომხები გაიყვანენ ჯარს აზერბაიჯანის შვიდივე დაპყრობილი რაიონიდან, მაშინ ლაჩინის რაიონიდანაც უნდა გაიყვანონ, რომელიც «მთიან ყარაბაღს» სომეხთთან აკავშირებს. ამით, «მთიანი ყარაბაღი» მოწყდება სომხეთს. ამიტომ სომხები აზერებს სთავაზობენ: «6 რაიონიდან გავიყვანთ – ლაჩინიდან არაო», რაზეც აზერბაიჯანი არ თანხმდება და არც არასდროს დათანხმდება.
    აზერები იმასაც კი მოაწერენ ხელს, მთიან ყარაბაღში რეფერენდუმი ჩატარდეს, მაგრამ რა აზრი ექნება ამ რეფერენდუმს, თუ ყარაბაღს სომხეთთან ხმელეთით დამაკავშირებელი გზა არ ექნა?

მომავალი «კავკასიური ომის» ისტორია

    ერთი სიტყვით, სრული ჩიხია. ანუ გამოუვალი მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ სამხედრო ძალით შეიძლება გაირღვეს, მაგრამ რეგიონში ისეთი სიტუაციაა, ამგვარ მცდელობას აუცილებლად მოჰყვება დიდი ომი რუსეთისა და , თურქეთის მონაწილეობით.
    ყარაბაღის მომავალი ომის ისტორია «კავკასიური ომის ისტიორია» იქნება ნამდვილად: თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ერდოღანმა უკვე ღიად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს და მოსკოვიც დაადანაშაულა სომხეთისთვის იარაღის მიწოდებაში, თუმცა კრემლი უფრო ეშმაკურად იქცეოდა და ორივე მხარეს აწვდიდა იარაღს. უბრალოდ, აზერბაიჯანს ძვირად, ხოლო სომხეთს, ფაქტიურად, უფასოდ!
    თუ აზერბაიჯანი შეტევაზე გადავა, ხოლო სომხები ამ შეტევას მოიგერიებენ და ახალ – ახალი ტერიტორიების დაპყრობას დაიწყებენ, თურქეთი აუცილებლად ჩაერევა. მაშინ რუსეთიც ჩამოიხსნის ნიღაბს და ღიად დაეხმარება ისტორიულად მოკავშირე სომხეთს.
    რაც მთავარია, საქართველო იქცევა ომის ასპარეზად: სომხეთამდე, აზერბაიჯანამდე და ყარაბაღამდე მისაღწევად, ორივე რეგიონულ «მარტორქას» ჩვენი ქვეყნის ტერიტიორია და საჰაერო სივრცე დასჭირდება. თბილისი მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდება და ახალი რუსული აგრესიაც არაა გამორიცხული. მით უმეტეს, რომ რუსულ ძალებს თბილისი–გორი–ხაშურის სასიცოცხლო ავტოტრასიდან 500 ნაბიჯი (!) აშორებთ. ესე იგი 5 წუთი სამხედრო ტექნიკისთვის.
    ასეთ სიტუაციაში, საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია ძალიან ფრთხილად იყოს, განცხადებებიც ფრთხილად აკეთოს («შუამავლობის» შეთავაზებაც არაა საჭირო, რაკი ორივე მხარე ცივად უარყოფს) და შეეცადოს, როგორმე არ აღმოჩნდეს ჩათრეული სასაკლაოში, რომლიც აშკარად მზადდება და, ადრე თუ გვიან. აუცილებლად, აუცილებლად ატყდება.
    სამწუხაროდ, ბოლო მოვლენებმა, კავკასიაში დიდი ომის გარდაუვალობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

        მთელ გვერდზე