ომი სამეზობლოში: რა «შუაშია» საქართველო?

    ორშაბათს დილით, როდესაც, ყველაფერთან ერთად, მსოფლიოში «საინფორმაციო კვირაც» იწყება, სომხურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა მარდაკერტის რაიონში მიმდინარე ბრძოლების შესახებ.
    ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანის ოფიციოზმა განაცხადა, რომ ბაქო წყვეტს საომარ მოქმედებებს ყარაბაღის გარშემო არსებულ დაპირისპირების ხაზზე, რაკი უკვე მიაღწია იმას, რაც ამ ეტაპზე სურდა: მცირედ, მაგრამ მაინც უკან დაახევინა სომხურ ძალებს მათ მიერ 1994 წლისთვის დაკავებული ზოგიერთი პოზიციიდან.
    22 წლის წინ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და არაღიარებულმა «მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ» ხელი მოაწერეს შეთანხმებას «ცეცხლის შეწყვეტის» თაობაზე. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც სომხურმა ფორმირებებმა არა მხოლოდ «მთიან ყარაბაღზე» დაამყარეს სრული კონტროლი, არამედ დაიპყრეს კიდევ 5 რაიონი (იხილეთ ფოტო) ყოფილი ავტონომიის გარშემო და ბაქოსაც კი ემუქრებოდნენ – «კასპიის ზღვაში გადაგყრითო».
    რაც მთავარია, სომხებმა დაიპყრეს «ლაჩინის რაიონი», რამაც მისცათ საშუალება, პირდაპირ დაეკავშირებიანთ ყარაბაღი – სომხეთისათვის. არადა, მანამდე, «სომხეთის რესპუბლიკასა» და «მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს» შორის აზერბაიჯანელებით დასახლებული და ბაქოდან სრულად კონტროლიერაბდი «ლაჩინის ბარიერი» არსებობდა, რაც კომუნიკაციურ პრობლემებს ქმნიდა.
    რასაკვირველია, ყველა დაპყრობილი აზერბაიჯანული რაიონიდან, ისევე როგორც თვით მთიანი ყარაბაღიდან (ქალაქი შუში და ა.შ) ეთნიკური აზერბაიჯანელები სრულად განიდევნენ. ამ რაიონებში აზერბაიჯანიდან გამოდევნილი სომხები სახლდებიან
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მას შემდეგ 22 წელი გავიდა. ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე სიტუაცია, ასე თუ ისე, სტაბილური იყო. მეომარი მხარეები ერთმანეთის პოზიციებს არც თუ იშვიათად ბომბავდნენ, მაგრამ თვით «გამყოფი ხაზი» მაინც არ იძვროდა გასულ «უიქ–ენდამდე».
    ანუ, გასულ შაბათს მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება 1994 წლის შემდეგ: აზერბაიჯანელებმა ოდნავ, მაგრამ მაინც წაიწიეს წინ ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტისაკენ. და მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ყარაბაღამდე მათ კიდევ დიდი «გზა» აქვთ გასავლელი, ხოლო ბრძოლები ჯერ მხოლოდ ყარაბაღის გარშემო არსებულ «ბუფერულ რაიონებში» მიმდინარეობს, ფსიქოლოგიურად და პოლიტიკურად ეს ძალზე სერიოზული წარმატებაა. ოღონდ, თუ ამ დღეებში შეძლეენ შეინარჩუნონ ის სიმაღლეები და პოზიციები, რომლებიც დაიკავეს.
    სომხურმა მხარეც ძალიან კარგად აცნობიერებს ამ პოზიციური მარცხის შესაძლო (თანაც გრძელვადიან და შორსმიმავალ) სავალალო შედეგებს. ამიტომ აუცილებლად შეეცდება «ცეცხლის შეწყვეტის ხაზი» აღადგინოს, მინიმუმ, იმ დისპოზიციით, როგორც 2 აპრილამდე იყო. ამ მცდელობებს აზერბაიჯანმა, შესაძლოა, კიდევ უფრო სრულმასშტაბიანი შეტევით უპასუხოს და ასე შემდეგ.
    მაშინ ნამდვილი ომი უკვე გარდაუვალი იქნება და პოლიტიკოსთა ნებასაც ყველაფერი აღარ დაემორჩილება:
    ომის დროს ხშირად ყალიბდება ვითარება, როდესაც ბევრი რამ კი არა, ყველაფერი ე.წ. «საველე მეთაურებზე» ხდება დამოკიდებული. ბრძოლას თავისი ლოგიკა აქვს და დედაქალაქის კაბინეტებიდან გაცემული ბრძანებით საველე მეთაურს (რომელიც მძლავრ სამხედრო შენაერთს ხელმძღვანელობს და ბრძოლით «გახურებულია») ასე იოლად ვეღარ დააოკებ.
    თუმცა, ჯერ ჯერობით მხარეები უფრო მეტად დივერსიულ ჯგუფებს და არტილერიას იყენებენ. ფრონტალურ შეტევებამდე საქმე არ მისულა.
    აზერბაიჯანმა დაადასტურა 12 ჯარისკაცის დაკარგვა. სომხეთმა – 18 ჯარისკაცისა. მივაქცით ყურადღება, რომ ამ დანაკარგის შესახებ განცხადება თვით სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სრგსიანმა გააკეთა უშიშრიოების საბჭოს სხდომაზე. თითქოს რა რჯიდა? ხომ შეეძლო ეთქვა «სულ რამდენიმე დავკარგეთო» – ვინ გადაამოწმებდა და სად? მაგრამ სომხეთს, პირველ რიგში, სჭირდება საინფორმაციო ომის მოგება. თანამდეროვე მსოფლიოში კი, ამ ომის მოსაგებად, მსხვერპლად წარმოჩენაა საჭირო. ამიტომ, «18 სომეხ ჯარისკაცზე» საუბრები შეზავებულია «სომეხი ბავშვის» დაღუპვის ცნობით დაბომბვების შედეგად და ა.შ.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები და რა მოხდება, ამის პროგნოზირება ძნელია. როგორც ყოველთვის, ჩვენში უპირატესად იმაზე მსჯელობენ, რა პოზიციას დაიკავებს მოსკოვი, ვაშინგტონი, ბრიუსელი, ანკარა და ა.შ.
    არადა, სინამდვილეში, თუ ყარაბაღის გარშემო დიდი ომი დაიწყო, ეს ყოველივე მეორეხარისხოვანი იქნება: მთავარი (რაც დღემდე ვერ გაგვიგია, სამწუხაროდ, ქართველებს) რომელიღაც პრეს–რელიზში ჩაწერილი ფრაზა ან სხვა ქვეყნის დედაქალაქში გაკეთებული განცხადება კი არ არის, არამედ კონკრეტული სომეხი და აზერი ჯარისკაცის ვაჟკაცობა, უდრეკობა, შემართება, ბძოლის ჟინი, თავგანწირვისთვის მზადყოფნა, პროფესიონალიზმი და მის ხელთ არსებული იარაღის ხარისხი!
    აი, ესაა განსაზღვრელი და არა ვაშინგტონის ან მოსკოვის პოზიცია, როგორც ჩვენ გვეგონა ჩვენს ომებში ყოველთვის და ახლაც გვგონია.
    თუ ის ჯარსიკაცი (ან ერთი, ან მეორე მხრიდან) სიტუაციას შეცვლის «ადგილზე», ანუ On The Ground, ყველაზე დიდ და მძლავრ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებსაც კი გაუჭირდებათ ახალი რეალობის «უკან დაბრუნება».
    არც მოსკოვს, არც ვაშინგტონს არ უპყრია ხელთ «ჯადოსნური ჯოხი», რომ მისი ერთი მოქნევით გადაწყვიტონ საკითხი. არავინ უარყოფს, რომ პრობლემის გრძელვადიანი და სრულმასშტაბიანი მოგვარება მათი მონაწილეობის გარეშე გამორიცხულია, მაგრამ «აქ და ახლა» (Here and Now) განმსაზღვრელი მაინც ისაა, სომხური და აზერბაიჯანული ბატალიონები როგორ იბრძოლებენ ერთი რომელიმე კონკრეტული სიმაღლის თუ სოფლის ასაღებად!
    მოსკოვს გაუჭირდება პირდაპირ, ღიად ჩაერთოს ომში აზერბაიჯანის წინააღმდეგ: განსხვავებით 2008 წლის საქართველოს სიტუაციისგან, კონფლიქტის ზონაში არც მისი ე.წ. «მშვიდობისმყოფლები» იმყოფებიან (რომელთა დახოცვა შეიძლება მოიმიზეზოს დემაგოგიურად) და არც მისი მოქალაქეები ცხოვრობენ. რაიმე ენერგეტიკული და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება ხომ (თანამედროვე აზერბაიჯანის წინააღმდეგ) უბრალოდ სასაცილოა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამავდროულად, თუ ომი გაჭიანურდა და ბაქომ «ბლიცკრიგი» ვერ მოახერხა, მოსკოვს შეუძლია მიაწოდოს სომხეთს ისეთი იარაღი, რომელიც სომხურ მხარეს სამხედრო უპირატესობას მიანიჭებს და აამოქმედოს თავისი ზემძლავრი დიპლომატია – «რუსეთის სომეხი საგარეო საქმეთა მინისტრის», სერგეი ლავროვ–კალანტარიანის მესვეურობით.
    «ლავროვს» არაერთხელ გაუფრთხილებია აზერბაიჯანელი კოლეგები: ნუ ცდილობთ «სტატუს–ქვოს» შეცვლას, რადგან როგორც იმავე «აგვისტოს ომმა» დაადასტურა, «სტატუს–ქვო» შეიძლება შეიცვალოს არა მხოლოდ უკეთესის, არამედ ბევრად უარესისკენ. შედეგად ხუთის ნაცვლად რვა რაიონი არ დაკარგოთ!

თუმცა, ისევ და ისევ, ვნახოთ, როგორ იომებენ ბატალიონები ადგილზე – მაინც ესაა ყევლაფრის «თავი და თავი», რა გენიალური დიპლომატიც არ უნდა იყოს «ბატონი სერგეი» ან რა იარაღიც არ უნდა მიაწოდონ სომხეთს, რადგან თურქეთს არანაკლები იარაღის მიწოდება ძალუძს თავისი რეგიონული მოკავშირისათვის.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რა უნდა იღონოს, ამ შემთხვევაში, საქართველომ, რომელიც ყველა თვალსაზრისით მართლა «შუაშია» მოქცეული მძლავრ რეგიონულ სახელმწიფოებს (თურქეთსა და რუსეთს) აგრეთვე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის?
    სინამდვილეში, უამრავი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, საკითხი ასე უნდა დაისვას: როგორ მოვახერხოთ, რომ საერთოდ არაფერი ვიღონოთ და არ მოგვიწიოს გადაწყვეტილებების მიღება, არ მოგვიწიოს რაიმე პოზიციის დაკავება, რადგან გამორიცხულია ნებისმიერი პოზიცია საქართველოსთვის ამა თუ იმ თვალსაზრისით წამგებიანი არ იყოს: აზერბაიჯანი ჩვენი მთავარი ენერგო–სპონსორია, თურქეთი – ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და «ფანჯარა ევროპაში». მეორე მხრივ, რუსული ჯარი თბილისიდან 35 კილომეტრში დგას, ხოლო ჯავახეთში «წიკწიკებს» შეყოვნებული მოქმედების ნაღმი, – სომხური სეპარატიზმის სახით.
    ამ სიტუაციაში საუკეთესო ტაქტიკა არა უბრალოდ ნეიტრალიტეტი, არამედ «თანაბარზომიერად გამიჯვნის» პოზიცია იქნებოდა: სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ რუსეთი და სომხეთი მოითხოვენ საქართველოს საჰაერო კომუნიკაციების გამოყენებას და თბილისი ამაზე უარს განაცხადებს – ეს უკვე ომის გამოცხადებაა სომეხთისთვის. ბლოკადა (თუნდაც სამხედრო ბლოკადა) – ომია! მეზობელ ქრისტიანულ ქვეყანასთან ასე გადამტერება კი საეჭვოა საქართველოს გრძელვადიან ინტერესებში შედიოდეს.
    მაგრამ თუ გავხსნით კომუნიკაციებს – აზერბაიჯანი და თურქეთი განრისხდებიან.
    ამ ვითარებაში ყველაზე გონივრული იქნებოდა ცის ორივე მხარისთვის (თურქეთისა და რუსეთისთვის, ანუ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის) გახსნა თუნდაც ლოგისტიკური თვალსაზრისით, – რაოდენ უხეშად და ცინიკურადაც არ უნდა ჟერდეს აქედან ლოგიკურად გამომდინარე საშინელი თეზისი: «დაგიხოციათ ერთმანეთი!»
    საქართველოს არ გააჩნია რესურსები რაიმე «შუამავლობისთვის». მმართველი კოალიციის ერთ–ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ კი შესთავაზა მხარეებს მოსალაპარაკებლად თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ პასუხი იგივე იყო, რაც 1991 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტი აიაზ მუტალიბოვი და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ლევონ ტერ–პეტროსიანი მოიწვია და შუამავლობა შესთავაზა. თუმცა პასუხი, ორივე დედაქალაქიდან იდენტური იყო: «თქვენღა გვაკლდით, მიხედეთ თქვენს საქმეს და დაგვეკარეგთ აქედან!»
    ჰოდა თუ «დაგვეკარგეთ აქედან», მაშინ ამგვარი პასუხის სრული ადეკვატია სწორედ ის ერთადერთი პოზიცია, რაც გამოიხატება ზემოთხსენებულ ძალიან უხეშ, ცინიკურ და საშინელ გამოთქმაში.

        მთელ გვერდზე