ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ჯანმრთელობა

    დიდი ამერიკელი კინორეჟისორის, დევიდ ფინჩერის შესანიშნავ ფილმში „Social Network“ ფეისბუკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს: „საზოგადოებაში, სადაც სოციალურ კავშირებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ, „ფეისბუკი“ ბირთვული ბომბი იყო“.
    ზუსტად ასეა და ამ თემაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. თუმცა, ამჯერად დავაკვირდეთ ქართული „სოციალური ქსელის“ რეაქციას ინფორმაციაზე ბიძინა ივანიშვილის „ინსულტის“ შესახებ. ამ შემთხვევაში, ხსენებული ფენომენის (სოციალური ქსელის, როგორც საზოგადო კომუნიკაციის საშუალების) უამრავი წახნაგიდან, კიდევ ერთი გამოჩნდა: „ლეგალური“ (პირობითად) ტელე-მედია ან სოლიდური საინფორმაციო სააგენტოები „ნიუსს“ ასე ვერ „გააპიარებდნენ“, რადგან ჯერ ერთი, სოლიდურ მედიას, რომელიც საკუთარ რენომეს უფრთხილდება, დადასტურება სჭირდება; ესე იგი მხოლოდ ჭორის (იმავე ფეისბუკზე გამოქვეყნებული ცნობის) საფუძველზე ღირებულ „ნიუსს“ ვერ შექმნის; გარდა ამისა, „ლეგალურ მედიაში“ (ისევ პირობითი ტერმინით) არსებობს ისეთი „შემაკავებელი ფაქტორი“, როგორიც ეთიკაა, რადგან სხვა ადამიანის ჯანმრთელობაზე საჯაროდ მსჯელობა, ზოგადად ამორალურია.
    საქართველოს პირობებში „დამცავი მექანიზმი“ კიდევ უფრო მტკიცეა: ოჯახური და პირადი საიდუმლოების გაცემა სისხლის სამართლის დანაშაულადაც კი ითვლება! თანაც, ამ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება ქართული „პოლიტიკუმის“ შეთხზული დებულება, თითქოს „თანამდებობის პირს აქვს თმენის ვალდებულება“: ბიძინა ივანიშვილი, ფორმალურად, ჩვეულებრივი მოქალაქეა და არანაირი თანამდებობა არ უკავია!
მაშასადამე, ამ ერთი „ჭორით“ იქმნება სამმხრივი კოლიზია ე.წ. „ფაქტობრივ-რეალურ მდგომარეობას“, იურიდიულ მოთხოვნასა და ეთიკურ ნორმას შორის!
    აქვე ბარემ ისიც უნდა ითქვას, რომ საერთოდ გაუგებარია, ვინ მოიგონა საქართველოში ეს სისულელე - „თანამდებობის პირთა თმენის ვალდებულების“ შესახებ? არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არაფერი მსგავსი არ არსებობს, ხოლო ნებისმირი რანგის ჩინოსანს ზუსტად ისეთივე უფლებები აქვს, როგორც სხვა მოქალაქეებს. „ვალდებულებები“ - კი ბატონო.
    თუმცა, ესეც სხვა თემაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    დავუბრუნდეთ ისევ ივანიშვილის „ავადმყოფობას“: პრობლემა სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ხდება ქართულ პოლიტიკუმში მიღებული, თუნდაც არაფორმალური დისკურსის ექსტრაპოლირება რეალურად არსებულ სიტუაციაზე.
დავაკვირდეთ: ზუსტად ის ხალხი, ის „NGO-კამარილია“, ვისთვისაც ზოგადად მიუღებელია ადამიანის პირად ცხოვრებაზე, პერსონალურ თუ ოჯახურ პრობლემებზე მსჯელობა, ამ შემთხვევაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს წეროს და იკითხოს ივანიშვილის „ინსულტის“ თაობაზე სწორედ იმ მოტივით, რომ იგი არა კერძო პირი, არამედ „არაფორმალური მმართველია“; შესაბამისად თუნდაც თითიდან გამოწოვილი „თმენის ვალდებულება“ მასზე მაინც ვრცელდება, რაკი „ისედაც ხომ ყველამ ვიცით, - ის არის რეალურად ხელისუფალი!“.
    მერედა, ვინაა დამნაშავე? „დამნაშავეა“ სისტემა, რომელიც თავად ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მაშინვე, როგორც კი უარი განაცხადა, დაეკავებინა ლეგალური სახელმწიფო პოსტი და „წავიდა პოლიტიკიდან“, ოღონდ ხელისუფლება მთლიანად დააკომპლექტა საკუთარი „სტაფით“.
    აქედან გამომდინარე, განურჩევლად იმისა, რა მოტივი უნდა ჰქონდეთ მათ, ვინც ახლა ავრცელებს ჭორებს ივანიშვილის „ინსულტის“ შესახებ (პოლიტიკოსებს ძნელია განსაკუთრებული ზნეობა მოსთხოვო მათი პროფესიული ფუნქციიდან გამომდინარე) მიზეზი მაინც ის სისტემაა, რომელიც ამგვარ „სათქმელს“ ნამდვილად ქმნის: ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობა არაფრით არ შეიძლება იყოს მისი „პირადი საქმე“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლა მისი     საქმეა. იმიტომ, რომ რეალურად, იგი მართლა არ არის „ჩვეულებრივი მოქალაქე“.
    ეს შესანიშნავად იცოდნენ მათ, ვინც ხსენებული „საინფორმაციო აქტი“ განახორციელა და მიაღწიეს კიდეც შედეგს იმის მიუხედავად, რომ ტელევიზიამ (რომლის დირექტორმაც გამოაქვეყნა პირველმა ეს ცნობა!) მთლად ბოდიშიც არ მოიხადა, თუმცა.....საკითხი მაინც ღიად დატოვა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამ ისტორიაში სამი საინტერესო ასპექტია. პირველი ის, რომ ნიკა გვარამია საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია და მთლად „თითიდან გამოწოვილ ნიუსს“ არ დადებდა. საეჭვოა მართლა „ინსულტი“ იყოს, რადგან ბიძინა ივანიშვილის კომპლექციისა და ცხოვრების წესის ადამიანებს ინსულტი იშვიათად მოსდით. კი, ხდება ხოლმე, მაგრამ ძალიან იშვიათად. მით უმეტეს, დღეს (!) ივანიშვილს ბევრი არაფერი აქვს სანერვიულო.
ბუნებრივია, მილიარდერი და მისი ოჯახის წევრები რეგულარულად იტარებენ სრულყოფილ გამოკვლევებს „ოქროს დაზღვევის “ ფარგლებში, რომლებიც მათ აქვთ, ხოლო ეს გამოკვლევა (საქართველოში თუ საზღვარგარეთ) თავისთავად ქმნის საფუძველს არც თუ კეთილსინდისიერი ჭორებისთვის.
    მეორე: „რუსთავის“-ის ორმა წამყვანმა, ერთდროულად, ორ სხვადასხვა გადაცემაში, ამ „ნიუსს“ ნიშანდობლივი ინტერპრეტაცია მისცა: „იმედია ბიძინა ივანიშვილი თავად გამოჩნდება საჯარო სივრცეში და ამ ჭორებს უარყოფსო“.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც „რუსთავი-2“ წარმოადგენს (და ნიჭიერადაც წარმოადგენს) ახლა ძალიან სჭირდება ბიძინა ივანიშვილის შემოყვანა ან „შემოტყუება“ საჯარო-საინფორმაციო სივრცეში და მისი მონაწილეობა წინასაარჩევნო დისკურსში. განსაკუთრებთ თბილისის მერის თაობაზე. ეს ბევრად უფრო სჭირდებათ, ვიდრე სჭირდებოდათ წინა საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რადგან თბილისის მერის არჩევნები, სინამდვილეში, პოლიტიკურად არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხოლო „რესურსები“ მმართველ ძალას კი არ ემატება - უფრო აკლდება. მით უმეტეს „რეპერების“ საქმეზე, „მაჟორიტარულ არჩევნებზე“, „კონსტიტუციაზე“ და სხვა საკითხებზე აშკარა შიდა-უთანხმოებათა ფონზე.
    და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი: ამ „საინფორმაციო სვლის“ ავტორებმა შესანიშნავად იციან ის, რასაც ხშირად არ ითვალისწინებენ მათი ოპონენტები: ნებისმიერი ხელისუფლება, მით უმეტეს საქართველოში, ეყრდნობა „საშუალო რგოლის“ ბიუროკრატიას. ხელისუფლების შენარჩუნების, ან მისი წართმევის თვალსაზრისით, გადამწყვეტი სწორედ „საშუალო ბიუროკრატიული რგოლის“ პოზიციაა - მისი აქტიურობა, ან პირიქით, მისი პასიურობა.
საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც ვრცელდება ინფორმაცია ქვეყნის რეალური მმართველის მძიმე ავადმყოფობის თაობაზე, ხოლო ის თავად არ ჩნდება ეკრანზე, მაშინ, ტრადიციულად „მედროვე“ და მერყევი „საშუალო რგოლის ბიუროკრატია“, განსაკუთრებით რეგიონებში (მივაქციოთ ყურადღება - ახლა ხომ სწორედ მუნიციპალურ არჩევნებზეა ლაპარაკი) იწყებს ჭოჭმანს, მერყეობას, ლავირებას და, მთლიანობაში, მოქმედებს ცნობილი შიშნეული დათქმით: „რა იცი, რა ხდება“, „რა იცი, ვინ მოდის“, „რა იცი ვინ მიდის“ ან „რა იცი ვინ ბრუნდება....“ სწორედ ამიტომ არის „მნიშვნელოვანი“ ოპოზიციისთვის, არა იმდენად ელექტორატს, რამდენადაც ბიუროკრატიის „საშუალედო რგოლს“ დაეტყოს ეს ჭოჭმანი, გაურკვევლობა, შიში და ნევროზულობა: „ვაითუ მართლა ავადააა..... ვაითუ მართლა ინსულტი აქვს.....“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ახლა მოხდა, მხოლოდ დასაწყისია: რაც დრო გავა, ამ „ტექნოლოგიას“ სულ უფრო აქტიურად გამოიყენებენ და სულ უფრო ხშირად იქნება „ტოპ-ნიუსში“ ივანიშვილის „ავადმყოფობის“ თემა მაშინაც კი, როცა სრული ტყუილია.
    ჩვენში ხშირად დენ სიაოპინის მაგალითი რომ მოჰყავთ ხოლმე, ეს მაგალითი საშინლად არარელევანტურია: ჩინეთი დემოკრატიული სახელმწიფო არ იყო; იქ არავითარი ოპოზიცია და არანაირი სიტყვის თავისუფლება არ არსებობდა; ხოლო მას, ვინც დენ სიაოპინის ავადმყოფობაზე გაავრცელებდა ინფორმაციას (თუნდაც „მონაჩმახს“), უბრალოდ თავს მოაძრობდნენ!
    საქართველოში ამგვარი ვითარება, საბედნიეროდ, არა გვაქვს. ამიტომ ბიძინა ივანიშვილიც და მისი გუნდიც აუცილებლად აღმოჩნდება ძალიან არასასურველი არჩევანის წინაშე: ან მუდმივად უარყოს ეს ჭორები, ოღონდ ისე, რომ ივანიშვილი თვითონ არ გამოჩნდეს საჯარო სივრცეში (და ამით გააძლიეროს ბიუროკრატული შიშნეულობა-ჭოჭმანი), ან საჯაროდ უარყოს თვით ივანიშვილმა და ამით დაადასტუროს, რომ იძულებულია პირადად ირეაგიროს „მედია-დივერსიაზე“ მიუხედავად მისი პრივატული სტატუსისა, ესე იგი მოიქცეს ისე, როგორც მის ოპონენტებს აწყობთ;
    ან კიდევ, შემოვიდეს საზოგადო-პოლიტიკურ დისკურსში და მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში მიუხედავად არაოფიციალური სტატუსისა, რითაც კიდევ უფრო გააძლიერებს ოპოზიციის არგუმენტებს „არაფორმალური მმართველობის“ შესახებ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სინამდვილეში, „ბიძინას ავადმყოფობის“ თემა „მიშას გუნდის“ ძალიან ზუსტად და ეშმაკურად მიგნებული ტექნოლოგიაა, რომელზე საპასუხოდ „კარგი“, მით უმეტეს „არაწამგებიანი“ ან „არადამაზიანებელი“ სვლები ხელისუფლებას უბრალოდ არა აქვს და ვერც ექნება.
    საპასუხო სვლები ექნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძირფესვიანად შეიცვლება თვით სისტემა: ბიძინა ივანიშვილი კვლავ დაიკავებს ოფიციალურ პოსტს და გახდება ლეგალური ხელისუფალი, რასაც მას სთავაზობდნენ 2013 წელს, როცა 10000000%-იანი გარანტია ჰქონდა, დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრად ან არჩეულიყო პრეზიდენტად. მაგრამ მან ეს არ ისურვა და ამ უარით თავად შექმნა „შეყოვნებული მოქმედების ნაღმი“, რომლის აფეთქება მხოლოდ დროის და ტექნოლოგიის საქმეა.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამ „მახიდან“ გამოსავალი ერთადერთია: ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ლეგალურ სახელისუფლებო სივრცეში, - რამდენად არაკომფორტული და სარისკოც არ უნდა იყოს ეს პირადად მისთვის.
დღევანდელი სისტემის შენარჩუნება კი, როგორც ამ თითქოსდა უმნიშვნელო და წვრილმანმა „საინფორმაციო ინციდენტმა“ დაადასტურა, ამ ჩვენს ისედაც მრავალტანჯულ ქვეყანას, ადრე თუ გვიან, ახალ რყევებსა და კატაკლიზმებს მოუტანს არც თუ ისე შორეულ მომავალში.
    „ასე“, როგორც დღეს არის, დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ამჟამინდელი სახელისუფლებო სისტემა ნამდვილად ეწინააღმდეგება თვით „პოლიტიკურ ბუნებას“.
    საქართველო არ არის ჩინეთი და არც ბიძინა ივანიშვილია დენ სიაოპინი.
   

        მთელ გვერდზე