საქართველო უცხო სპეცსამსახურთა ომის ასპარეზად არ უნდა იქცეს

    რამდენიმე დღის წინ, თბილისში სერიოზული ინციდენტი მოხდა: ისრაელის საელჩოს თანამშრომელმა პირადი ავტომანქანის ქვეშ პლასტიდით მიმაგრებული ბომბი აღმოაჩინა. მშრალი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ბევრს არაფერს ხსნის (შესაძლოა ასეც უნდა იყოს - გამოძიების ინეტრესებიდან გამომდინარე): ისიც კი არაა დაზუსტებული, სისხლის სამართლის რომელი მუხლით აღიძრა საქმე და ნახსენებია თუ არა მასში „ტერორიზმი“.
    „ინფორმაციული ნაწყვეტების“ შეკრებით კი, შემდეგი სურათი იკვეთება: საქართველოში ისრაელის საელჩოს რამდენიმე ადგილობრივი თანამშრომელი ჰყავს. ასეა მთელს მსოფლიოში - ეს ხარჯებსაც ზოგავს და უფრო მოხერხებულიცაა ტექნიკური თვალსაზრისით. თუმცა, ცოტა არ იყოს უცნაურია, რომ ისრაელის პატივცემულ ელჩს საქართველოს მოქალაქე მძღოლი (რომან ხაჩატურიანი) ემსახურებოდა. ზოგადად, ელჩები მაინც ცდილობენ პირადი მძღოლები საკუთარი ქვეყნიდან ჩამოიყვანონ. პირველ რიგში უსაფრთხოების, შემდეგ კი ინფორმაციის „დაცულობის“ მოსაზრებებით: როგორც არ უნდა ენდობოდე ქვეყანას, სადაც მსახურობ, ნებისმიერ დიპლომატს ყოველთვის ახსოვს საუკუნეებით გამოცდილი მკაცრი ფორმულა: „არსებობენ მეგობარი სახელმწიფოები, მაგრამ არ არსებობენ მეგობარი სპეცსამსახურები“.
    ეს, ასე ვთქვათ, „ბუნების“ (პოლიტიკის) ერთ-ერთი კანონია.
    თუ რომან ხაჩატურიანი მართლაც ისრაელის ელჩის პირადი მძღოლი იყო, ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად ისარელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადრინდელი განცხადებისა საქართველოს „საშიშ ქვეყანათა რიგში“ შეყვანის შესახებ (რაც, სინამდვილეში, ფუქს-ფრენკელის სკანდალურ საქმესთან უფრო იყო დაკავშირებული), რეალურად, ებრაელ მეგობრებს ჩვენი ქვეყანა სრულიად უსაფრთხოდ და, სამუშაო თვალსაზრისით, კომფორტულად მიაჩნდათ.
    თუმცა მოსისხლე მტერი აქაც მოსწვდათ: უცნობებმა საელჩოს თანამშრომლის პირად მანქანას ბომბი მიამაგრეს. ბუნებრივია, თვით ელჩის მანქანას ისინი ვერ მიუდგებოდნენ, რაკი განსაკუთრებული ყურადღების საგანია, მაგრამ ამით ბევრი არაფერი იცვლება: ხაჩატურიანი საკუთარ მანქანას საელჩოს სადგომზე აყენებდა. ხოლო თუ ბომბი საკმარისად მძლავრი იყო, აფეთქება შენობასაც დაანგრევდა და მსხვერპლსაც გამოიწვევდა.
    ისრაელის მედიამ მაშინვე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ბომბის გაუვნებლება საელჩოს უსაფრთოების სამსახურმა შეძლო“, რაც ტყუილია - სინამდვილეში ქართულმა პატრულმა ქართველი მესანგრეები გამოიძახა, ხოლო მათ პროფესიულად იმოქმედეს.
    იმავე დღეს, როდესაც რომან ხაჩატურიანის მანქანიდან ბომბი მოხსნეს, დელიში საშინელი ძალის აფეთქება მოხდა. თანაც, შორეულ ინდოეთში ზუსტად ასეთივე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს - თითქოს ერთი ხელით დამზადებული.
    ამაზე მკაფიო „მესიჯი“ ერთი სპეცსამსახურის მხრიდან - მეორეს მიმართ წარმოუდგენელია: ისრაელი და ირანი (აგრეთვე ირანის მოკავშირე ორგანიზაცია „ჰეზბოლა“) დიდი ხანია ფარულ ომს აწარმოებენ. თითქოს წყვდიადიდან მოულოდნელად გამოვარდნილი და ასევე გაუჩინარებული იდუმალი მოტოციკლეტისტები თვით თეირანშიც კი ცხრილავენ ცნობილ ფიზიკოსებს, რომლებიც ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობენ.
    ისრაელს ნამდვილად აქვს ატომური ბომბი (თუმცა ოფიციალურად არ ადასტურებს), მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეებსაც და ხელისუფალთაც კოშმარში ელანდებათ, რომ ეს მრისხანე იარაღი ისლამისტ ფანატიკოსებს ჩაუვარდეთ ხელში. ისინი არაფერზე იტყვიან უარს და არაფრის წინაშე უკან აღარ დაიხევენ - ათეულობით მილიონი ირანელიც რომ გაწყდეს, ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინაში ჩვენი წელთ აღრიცხვის 70 წლიდან - 1948 წლამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა (ანუ ებრაელთა ეთნოწმენდა) არა მხოლოდ ალაჰის სხივმოსილ ღვთაებრივ მისიად, არამედ სავსებით „მისაღებ ფასადაც“ კი მიაჩნიათ.
    ისრაელის სპეცსამსახურ „მოსსადზე“ ლეგენდები დადის. ისევე როგორც ოდესღაც საბჭოთა КГБ - ისიც უძლეველადაა მიჩნეული. მაგრამ КГБ უკვე ისტორიის წყვდიადში ჩაიძირა, მოსსადი კი კვლავაც აგრძელებს ოპერაციებს ისლამისტებისა და ისრაელის სხვა მტრების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში.
    დიდმა ამერიკელმა რეჟისორმა, სტივენ სპილბერგმა ერთ-ერთ ასეთ ოპერაციას ნამდვილი კინოშედევრი - „მიუნხენი“ მიუძღვნა. მართლაც დიდებული ფილმია, მაგრამ ქართველებს სულაც არ გვეპიტნავება, მასში აღწერილმა სისხლიანმა დაპირისპირებამ ჩვენს მიწაზე - საქართველოში გადმოინაცვლოს. იქნებ ამითაცაა გამოწვეული, რომ ზოგიერთი ექსპერტი ფრთხილობს და ხელს პირდაპირ ირანული სპეცსამსახურებისკენ არ იშვერს: „ჯერ კიდევ გასარკვევია, რა ტიპის მოწყობილობა აღმოაჩინეს, კუსტარული იყო თუ პროფესიულად დამზადებული - განაცხადა ჩემთან საუბრისას ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა - სანამ ასეთი დასკვნა არ დაიდება, მე მაინც მოვერიდებოდი დამნაშავის დასახელებას“
    თუმცა, მეორეს მხრივ, ასაფეთქებელი მოწყობილობების უცნაური მსგავსება (ვიმეორებ: თითქოს ერთი ხელითაა დამზადებული) და აფეთქებების დროში დამთხვევა საკმაოდ საფუძვლიან ეჭვს აჩენს: „პრემიერ მინისტრმა ნატანიაჰუმ ისრაელის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პირდაპირ განაცხადა, რომ თბილისისა და დელის ტერაქტები ირანის მოწყობილია - აღნიშნავს „ივერონთან“ ინტერვიუში ექსპერტი მიხეილ თავხელიძე - როგორც ჩანს, ქართული სპეცსამსახურების გამოცდაც სცადეს - გაუვიდოდათ თუ არა. არ გაუვიდათ!“
    ქართულმა პოლიციამ ბოლო წლებში ბევრჯერ დაადასტურა, რომ პროფესიონალიზმი არ აკლია. ამაზე მეტყველებს ურთულესი საქმეების გახსნა - მათ შორის თბილისში ჩადენილი ტერორისტული აქტებისა. მაგრამ თუ ბოლო ტერაქტის მცდელობა მართლაც სპეცსამსახურების ან მსოფლიო ისლამისტური ქსელის ნახელავია, ბრძოლა ბევრად უფრო რთულიც შეიძლება აღმოჩნდეს: ირანი ჩვენი დიდი მეზობელია და საქართველოში ყოველწლიურად ათიათასობით ირანელი ტურისტი ჩამოდის. არ არის გამორიცხული, ბომბი სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა მიამაგრა. ისევე, როგორც შესაძლოა სწორედ ინდოეთში „თაჯმაჰალის“ მოსანახულებლად ჩასული „ტურისტი“ ყოფილიყო ის ავაზაკი, ვინც დელიში ააფეთქა „ჯოჯოხეთის მანქანა“.
    თანაც ეს ყოველივე ხდება მაშინ, როდესაც უკიდურესად იძაბება ვითარება ირანის გარშემო. ბევრი დამკვირვებლის აზრით, ომი უკვე გარდაუვალია და იგი ზაფხულისთვის დაიწყება. ყოველ შემთხვევაში, ისრაელი აღარ მალავს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს (მათ შორის მიწისქვეშა საიდუმლო ქარხნებს) პირწმინდად გაანადგურებს. სამხედრო-ტექნოლოგიურად ისრაელს (მით უმეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებს) უნარი ნამდვილად შესწევს, მაგრამ შემდეგ რა მოჰყვება ამას მთელს მსოფლიოში, - სხვა საკითხია.
    „არ არის გამორიცხული, დაიწყოს ღია ტერორი ისრაელის მოქალაქეების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, ისევე როგორც ამერიკის საელჩოსა და ამერიკელების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაშიც - გვარწმუნებს ქართული სპეცსამსახურების ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ბათიაშვილი - ამდენად, დიდი სიფრთხილე და პროფესიონალიზმი გვმართებს, რათა საქართველო ომის ასპარეზად არ იქცეს“.
    საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევაზე ისრაელის საელჩოსთან მომხდარი ინციდენტის გახსნა იქნებოდა. არ არის აუცილებელი შედეგების ფართოდ გახმაურება: საკმარისია ქართულმა კონტრდაზვერვამ ყველა დაინტერესებული სახელმწიფოს (მათ შორის ირანის) ანალოგიურ სამსახურებს მაგიდაზე მტკიცებულებები დაუდონ და მკაცრად გააფრთხილონ, რომ შემდგომში ეს მტკიცებულებანი უკვე რომელიმე პრეს-კლუბში ან ბრიფინგზე დაიდება.

მთელ გვერდზე