იყიდის თუ არა გაზპრომი საქართველოს?

    რამდენიმე დღის წინ, საინფორმაციო სააგენტოებში «ყრუდ» (როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე პოსტსაბჭოურ სივრცეზე, როცა კრემლს ამა თუ იმ ინფორმაციის რეზონანსულობა არ ეპიტნავება) გაიჟღერა ცნობამ იმის თაობაზე, რომ რუსული «გაზპრომის» ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ ქვეყნის ბუნებრივი აირის «ევროპულ ფასად შესყიდვა» შესთავაზა.
    არა, აქ არავითარი შეცდომა არ არის: რუსული გაზის შესყიდვა კი არ შესთავაზა ევროპულ ფასად, არამედ პირიქით – რუსეთმა შესთავაზა აზერბაიჯანს, რომ მზად არის იყიდოს ამ ქვეყნისაგან ბუნებრივი აირი და 1000 კუბურ მეტრში ევროპული ფასი, ანუ 400-დან (გერმანია) – 1000 დოლარამდე (დიდი ბრიტანეთი) გადაუხადოს.
    გარწმუნებთ 2000 დოლარსაც გადაუხდის. ოღონდ არა იმიტომ, რომ «საწყალ გაზპრომს გაზი მოაკლდა». ეს საწვავი თვით რუსეთში იმდენია – სად წაიღონ არ იციან. აღარაფერს ვამბობ ცენტრალური აზიის ბუნებრივ აირზე, რომელსაც რუსეთი ჩირის ფასად ყიდულობს და «ოთუსბირად ყიდის» იმავე ევროპაში - რაკი, აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, თურქმენეთს, უზბეკეთსა და ყაზახეთს ალტერნატიული გაზსადენები არ გააჩნიათ.
    სინამდვილეში მილერი, ისევე, როგორც მისდამი რწმუნებული ენერგეტიკული გიგანტი, ამ შემთხვევაში რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს გამოხატავს, რაც კომერციულ ინტერესებზე ვერ დაიყვანება.
    დავაკვირდეთ: რომელ «გაზს» გულისხმობდა «გაზპრომის» ხელმძღვანელი? «ბაქო-თბილისი-ერზრუმის» პროექტით გათვალისწინებულს (საიდანაც საქართველოს მიზერული წილი ერგება) ნამდვილად არ იგულისხმებდა, რადგან ეს ოდენობა დიდი ხნის წინ «დაკონტრაქტებულია» და უკვე გაყიდული – ბაქო კი დადებულ ხელშეკრულებებს არანაირ ფასად არ დაარღვევს; ვერც იმ მოცულობას იგულისხმებდა, რაც, ზოგიერთი ცნობით, აგრეთვე უკვე «დაკონტრაქტებულია» ევროკავშირისა და თურქეთის უახლესი «ნაბუკოს» პროექტით; ბუნებრივია, არ იგულისხმება არც ბუნებრივი აირის ის მოცულობა, რაც თვით აზერბაიჯანს საკუთარი მოხმარებისთვის ესაჭიროება.
    მაშ რაღა დარჩა? დარჩა ის 2-3 მილიონი კუბური მეტრი დღე-ღამეში, რასაც საქართველო ზამთრობით იღებს, შედარებით ლმობიერ ფასად, - უშუალოდ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან გაფორმებული მოკლევადიანი კონტრაქტების მეშვეობით.
    აი, სწორედ ამ მოცულობაში არის მზად «გაზპრომი» გადაუხადოს აზერბაიჯანს კოლოსალური თანხა, - ოღონდ კი აზერბაიჯანს აღარ დარჩეს ბუნებრივი აირი – საქართველოსთვის მისაყიდად!
    ხოლო ის მოცულობა, რასაც «ბაქო-თბილისი-ერზრუმის» გაზსადენიდან ტრანზიტის ფასად ვიღებთ, თბილისის ერთ რაიონს თუ ეყოფა ზამთრის განმავლობაში; რომ აღარაფერი ვთქვათ მრეწველობისა და ენერგეტიკის საჭიროებებზე.
    გარწმუნებთ, თუკი რუსეთი ამას მიაღწევს, იგი უმალვე შეწყვეტს ბუნებრივი აირის ტრანზიტს საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში (რათა საქართველომ ამ ტრანზიტითაც ვერაფერი მიიღოს) და აამოქმედებს მისივე კუთვნილ ირან-სომხეთის გაზსადენს, რათა სამხრეთ კავკასიაში თავისი სტრატეგიული მოკავშირე (სომხეთი) საქართველოს ეგზეკუციის პერიოდში უგაზოდ არ დატოვოს.
    საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის შემოტანის «პოლიტიკურად მიბმა» ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასთან, რაშიც აზერბაიჯანი და თურქეთი სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი. ამდენად, შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი ამჯერად ვერ შეძლებს «საქართველოს ყიდვას აზერბაიჯანისაგან».
    ეს მცირე «გეოპოლიტიკური დუპლეტი» კი თვალსაჩინო ილუსტრაციაა იმისა, რა ზრახვები აქვს რუსეთს საქართველოს მიმართ და რამდენად გამაოგნებელი გულუბრყვილობაა ამ ქვეყანასთან საქართველოს ინტერესების შესაბამისი რაიმე კომპრომისის ძიება.
    თუ, რასაკვირველია, ამ კომპრომისში საქართველოს (ანუ, რუსული აღქმით, «ჩრდილოეთ კავკასიის მეზობელი რეგიონის») სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას არ ვგულისხმობთ.

 

მთელ გვერდზე