მიხეილ გორბაჩოვს გერმანული ციხე ემუქრება?

    ეს კაცი თუ გეცნობათ? შეიძლება ბევრს არც ახსოვს. განსაკუთრებით ახალგაზრდებს. არადა, შორეულ 1985 წელს, საბჭოთა კავშირის მოქალაქეები განცვიფრებით აკვირდებოდნენ შედარებით ჭარმაგი, 54 წლის მიხეილ გორბაჩვის სურათს. სხვათა შორის, პირველად მიშას სწორედ მას ეძახდნენ. ზოგჯერ კი მიშკასაც. ოღონდ, საჯაროდ ამას ვინ გაბედავდა - უფრო შინაურული საუბრების დროს, რომელიც მაშინ მთავარი სოციალური ქსელი იყო, სადაც საზოგადოებრივი დისკუსიები მიმდინარეობდა.
    არათუ ფეისბუკი, არამედ ინტერნეტიც კი არავინ იცოდა იმ დროს. კომპიუტერს კი ძველებურად ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანას (ЭВМ) ეძახდნენ და ისიც დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. განცვიფრებას კი გორბაჩოვი პირველ რიგი იმით იწვევდა, რომ არაჩვეულებრივად ახალგაზრდა იყო. ყოველ შემთხვევაში წინამორბედ გერონტოკრატებთან შედარებით: 1982 წელს გარდაცვლილი ლეონიდ ბრეჟნევის შემდეგ დასაფლავებათა ხუთწლედი დაიწყო: ჯერ მძიმედ ავადმყოფი ანდროპოვი დანიშნეს საბჭოთა იმპერიის ხელმძღვანელად, მერე კი, ასევე მომაკვდავი ჩერნენკო. მათ ფონზე გორბაჩოვი ლამის სპორტსმენად გამოყურებოდა. შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო . . . . თუმცა უახლესი ისტორიის ყვეკლა პერიპეტიის გახსენებას აქ აზრი არა აქვს. ვთქვათ მხოლოდ ის, თუ როგორ დაამთავრა ოდესღაც უძლიერესი სახელმწიფოს მეთაურმა:
    რამდენიმე დღის წინ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩრდილო რეინ-უესტფალიის მხარეში მდებარე პატარა ქალაქ ბილეფელდის პოლიციამ დაადასტურა, რომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 82 წლის რუსეთის მოქალაქე მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ. თავისთავად საინტერესოა, რომ გორბაჩოვი რუსეთის (როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის) მოქალაქეობას კი ინარჩუნებს, მაგრამ გერმანიაში ცხოვრობს ოჯახთან, ესე იგი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. აბა რა გასაკვირია, რომ 80 წლის იუბილეც არა მოსკოვში ან სანკტ - პეტერბურგში, არამედ . . . ლონდონში გადაიხადა?
    ასეთი რამ თუ გსმენიათ სადმე, რომელიმე სხვა ქვეყნის ლიდერის შესახებ? ეს იგივეა, შარლ დე გოლს იუბილე რომ ბერლინში ეზეიმა ან ფრანკლინ რუზველტს - პარიზში. უბრალოდ სამარცხვინოა, რომ ადამიანი, რომელიც რუსეთის რეფორმატორად ითვლება, საკუთარ ქვეყანაში ვერ იხდის იუბილეს, რაკი თანამემამულეთა უმრავლესობას სძულს. სძულს, რადგან მშობლიური დერჟავის დამანგრევლად და გამაჩანაგებლად ითვლება. ჰოდა, ასეთ პირობებში თუ იუბილეს გადახდას მოინდომებდა, დიდ რისკზე წავიდოდა: ჯერ ერთი, თვით საიუბილეო საღამოზეც შეიძლებოდა მივადრდნოდნენ მოძულენი და დებოში მოეწყოთ. გარდა ამისა, უბრალოდ სირცხილი იქნებდოა, თუ საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის იუბილეს ქვეყნის ხელისუფალთაგან არავინ დაესწრებოდა. ან მეორე-მესამე ხარისხოვან ჩინოვნიკებს გამოაგზავნიდენ. სამაგიეროდ, ლონდონის იუბილეს ევროპელი ცნობადი სახეები დაესწრენ და საბრალო გორბი-მაც დიდად გაიხარა. ბოლოს და ბოლოს მოხუცი კაცია და უყვარს თავის პატივისცემა. რეინ-უესტფალიის მხარეშიც ამიტომ ცხოვრობს: ერთ დროს გერმანელებმა იგი წლის საუკეთესო გერმანელად დაასახელეს, რამაც რუსეთში დიდი აღშფოთება და კბილთა ღრჭენა გამოიწვია.
    თუმცა, მიხეილ გორბაჩოვი არც ვინმეს ახსოვდა, რომ არა ბოლო სამარცხვინო ისტორია: თურმე, მოხუცი გორბი საყიდლებზე გასულა ადგილობრივ მარკეტში და იქ . . . . ძვირადღირებული კონიაკი მოუპარავს! ისე, კონიაკის დიდი მოყვარული კი იყო ყოველთვის და სომხები საკუეთესო არარატით ამარაგენდნენ კრემლში. ალბათ მთიანი ყარაბაღის საკითხში მხარდაჭერის სანაცვლოდ. ჰოდა, შესულა ეს ჩვენი გმირი გუდვილის ტიპის დიდ სავაჭრო ცენტრში, აუღია დახლიდან 5 000 ევროდ (!) ღირებული კონიაკის ბოთლი, გულმოდგინედ მოუჭრია დამცავი მოწყობილობა (რომელიც მაღაზიიდან გასვლისას ყვირის ხოლმე) და გაპარვა უცდია. თუმცა, მისი გმირობა ვიდეოთვალმა დააფიქსირა და იქვე აიყვანეს.
    ახლა გერმანელები დიდ საგონებელში არიან ჩავარდნილნი: რა ქნან, როგორ მოიქცნენ? სულ რომ არ შეიმჩნიონ, არ გამოდის: გერმანია არც რუსეთია და არც საქართველო: იქ კანონი პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე მაღლა დგას, ხოლო ქურდობა - ქურდობაა. მეორეს მხრივ, გერმანიის გამაერთიანებლად წოდებული ისტორიული პერსონაჟის ციხეში ჩაყუდებაც არ გამოდის: ეს მართლა კომიკური იქნება არა მხოლოდ ამ სუბიექტის, არამედ თვით გერმანიის მიმართაც. ღმერთმა ხომ უწყის, რომ ყველაზე ნაკლებად გერმანელებს სწორედ გორბი -ს დასჯა სურთ, მაგრამ . . . .
    გამოსავალი ისევ რუსებმა იპოვეს გორბაჩოვ-ფონდიდან: მისმა მოსკოველმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გორბაჩოვს, თურმე, ბებრული სიჩერჩეტით, უბრალოდ უნდოდა ეტიკეტი მოეჭრა ბოთლზე, რათ ჩამოსხმის წელი დაეფიქსირებინა. მერე კი დაავიწყდა, რომ 5 ათას ევროდ ღირებული ბოთლი ურიკაში ჩადო.
    ჰმ . . . დაავიწყდაო. რუს კაცს 3 მანეთიანი არყის ბოთლი არ ავიწყდება და გორბაჩოვს 5 ათას ევროდ ღირებული კონიაკი დაავიწყდებოდა? სხვა რამ რომ დავიწყნოდა კიდევ ჰო, მაგრამ კონიაკი? თუმცა, გერმანულმა მხარემ ეს ახსნა უმალ აიტაცა. როგორც ჩანს, მთელი ამ ისტორიიდან საუკეთესო გამოსავალი სწორედ გორბაჩოვის გამოჩერჩეტებისთვის ყველაფრის დაბრალებაა. ამ საბაბით იქნებ ციხესაც გადარჩეს, თუმცა ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევს და მისი შეძლების კაცს არც გაუჭირდება.
    ჩვენ კი, როდესაც ამ ისტორიული ტაკიმასხარას ბოლო თავგადასავლებს ვყვებით, არ დაგვავიწყდეს, რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მან პუტინის პროპაგანდაში 4 წლის წინ - აგვისტოს ომის დროს - როდესაც გულმოდგინედ ასრულებდა კრემლიდან მიღებულ დავალებას და ლამის ყოველდღიური ინტერვიუების დროს მის მადლიერ გერმანელებს არწმუნებდა, საქართველოსთვის მხარი არ დაეჭირათ.

მთელ გვერდზე