დიდი სამიტი დიდი პრობლემების ფონზე

    რამდენიმე წლის წინ «დიდი შვიდეულის» გარდაქმნამ «დიდ რვიანად» და მასში რუსეთის «კოოპტირებამ» გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთ კიდევ უფრო განუმტკიცა შიში, რომ ძლიერი სახელმწიფოები ერთიანდებიან არა ღირებულებათა გარშემო, არამედ წმინდად პრაგმატული მოსაზრებებით და «ინდუსტრიულ გიგანტთა» სამიტები უკვე არა მსოფლიოს გადასანაწილებლად (როგორც წარსულ საუკუნეებში), არამედ უკვე გადანაწილებულის სამართავად იკრიბება.
    იაპონურ ჰოკაიდოზე გამართულმა სამიტმა ამ დებულების მართებულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რაც სრულებითაც არ გამორიცხავს სერიოზულ წინააღმდეგობებსა და პრობლემებს «მსოფლიო მთავრობის» წევრებს შორის.
    მოულოდნელად წვიმიან და სევდიან ჰოკაიდოზე რვა ლიდერი პირველ რიგში რუსეთის ახალი პრეზიდენტის გასაცნობად შეიკრიბა, რაკი კვლავინდებურად აქტუალურია კითხვა (რუსული ტრანსკრიპციით) «Ху из мистер Медведев».
    ამთავითვე უნდა ითქვას, რომ კითხვა ამჯერად უპასუხოდ არ დარჩენილა და თუ პრეს-რელიზებში დაფარულ დიპლომატიურ ქარაგმებს გავშიფრავთ, თვალნათელი გახდება უმთავრესი დასკვნა: მედვედევი პუტინის «კლონია». კლონირების კრემლისეულმა ტექნოლოგიამ კი იმდენად წარმატებით იმუშავა, რომ დასავლელ ლიდერებს ძალიან გაუჭირდათ ეპოვათ ათი განსხვავება მედვედევსა და მის რეგენტს შორის.
    ისღა დარჩენოდათ, ძველი პრობლემების არსებობა შეეხსენებინათ მსოფლიოს დაინტერესებული საზოგადოებისათვის. ისიც სტალინ-პუტინ-მედვედევის ანტურაჟით.
    მაგალითად, იაპონელებმა ასეთ დიპლომატიურ ფორმას მიაგნეს კურილიის კუნძულთა გადაუწყვეტადი პრობლემის «დასაფიქსირებლად» მსოფლიო პოლიტიკის «უმაღლეს მოედანზე»: მედვედევის ყველა შეხვედრა სტალინის მიერ იაპონიისათვის წართმეული კუნძულების «ფოსტერთა» ფონზე იმართებოდა, ანუ მედვედევი ყველა შეხვედრისას იძულებული ხდებოდა კოლეგებისათვის სწორედ ამ «პრობლემის ფონზე» ჩამოერთმია ხელი.
    რასაკვირველია შენიშნა, არც ესიამოვნა, მაგრამ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო «ვინძორში» ინტერიერის შეცვლას ხომ არ მოითხოვდა? მიუხედავად ამისა, იმდენად ღელავდა, რომ ბუშთან შეხვედრისას დიპლომატიური უკმეხობის ზღვარს გადავიდა და ამერიკის პრეზიდენტს უტაქტოდ შეახსენა: «ჯორჯ, შენ წამსვლელი ხარ და ნამდვილ საქმეს შენს შემცვლელთან დავიწყებო». ბუშმა კი საკმაოდ დიპლომატიურად უპასუხა: «სანამ წავალ კიდევ ბევრ რამეს მოვასწრებო».
    აქ მთავარი ის კი არ არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში (ობამა იქნება თუ მაკკეინი) რუსეთს სულაც არ ელის კომფორტული თანამშრომლობა ზესახელმწიფოსთან, არამედ ბუშის უფლებამოსილებათა ვადა: პრეზიდენტი ბუში «მიდის» მხოლოდ 2009 წლის თებერვალში (ანუ 8 თვის შემდეგ) როდესაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება. მანამდე კი იგი სრულფასოვანი პრეზიდენტია და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.
    ხოლო თუ რას უფრთხიან მოსკოვში ყველაზე მეტად, მაშინ გამჟღავნდა, როდესაც მედვედევმა «შეშფოთება» გამოთქვა პრესაში (!) გაჟონილი ცნობების გამო – ლიტვაში ამერიკის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტთა განთავსების თაობაზე. ბუნებრივია მოსკოვში მხოლოდ პრესის წყაროებით არ სარგებლობენ. მათ სხვა წყაროებიც აქვთ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში – ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან «შემონახული».
    ამავე კონტექსტში გაიჟღერა საქართველოს თემამაც. სხვათა შორის, პირველად - ესოდენ მკაფიოდ «დიდი რვიანის» არსებობის განმავლობაში.
    მედვედევის თქმით, მან პრეზიდენტ სააკაშვილს შესთავაზა არათუ თანამშრომლობა და დიალოგი (რაზეც საქართველოს პრეზიდენტს, თურმე, უარი უთქვამს) არამედ კონკრეტული წინადადებებიც ბოლო შეხვედრის დროს.
    იგულისხმება ხანმოკლე შეხვედრა ასტანაში, რომლის დროსაც, სარწმუნო წყაროთა ცნობით, მედვედევმა სააკაშვილს ფაქტობრივად ბაღაფშის ულტიმატუმი გაუმეორა: გაიყვანეთ ქართული ფორმირებები კოდორის ხეობიდან, ხელი მოაწერეთ დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ (ლტოლვილთა დაბრუნების გარეშე) და ამის შემდეგ «დავიწყოთ მოლაპარაკება მომავალ მოლაპარაკებათა დღის წესრიგის თაობაზე».
    ამას მოსკოვში «ახალ ინიციატივებს» უწოდებენ და ძალიან უკვირთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ გულგრილად ეკიდება. მედვედევის თქმით «სააკაშვილის მხრიდან ინიციატივათა განხილვისა და დიალოგისათვის მზადყოფნას ვერ ვამჩნევო». მედვედევს, იმავე წყაროთა ცნობით, არც ის დავიწყნია «ჯორჯისთვის» ეთხოვა – ჩვენ არ გვთანხმდება, მაგრამ ეგება ამ წინადადებებზე (ანუ სრულ და უპირობო კაპიტულაციაზე) ამერიკელებმა მაინც დაითანხმოთო.
    ისიც ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პრობლემატიკა მხოლოდ ბუშ-მედვედევის ორმხრივ შეხვედრაზე განიხილებოდა (თუმცა კი მართლაც უპრეცედენტო დაინტერესებით) და არა «რვიანის» სხდომაზე.
    სამაგიეროდ, ორმხრივ შეხვედრებზე დადასტურდა, რომ რუსეთი არც სხვა ქვეყნებს დააკლებს ხელს: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრაუნი მხრებაწურული გამოვიდა მედვედევის რეზიდენციიდან მას შემდეგ, რაც ასეთივე მკვახე პასუხი მიიღო: რუსეთი კვლავაც შეუქმნის პრობლემებს «ბრითიშ-პეტროლიუმის» ბრიტანელ თანამშრომლებს, რომლებსაც ვიზებს არ აძლევენ BP-ს კუთვნილ საბადოზე სამუშაოდ (!) და, ამით, როგორც ჩანს, ლონდონს სამაგიეროს უხდიან «ბრიტანულ პრესაში ატეხილი ანტირუსული ისტერიისათვის»; ხოლო რაც შეეხება პიკადილიზე დატოვებულ საზარელ რადიოაქტიულ კვალს, მედვედევმა ბრაუნს განუცხადა, რომ ანდრეი ლუგოვოის (ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის) საკითხი რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაწყდეს. რუსეთის კანონმდებლობა კი კრძალავს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას დეპუტატ (ჟირინოვსკის პარტიიდან) ლუგოვოის წინააღმდეგ.
    ბრაუნის საპროტესტო დემარში იმით ამოიწურა, რომ დემონსტრაციულად უარი განაცხადა რუსი ოფიციანტის მიერ პრეზიდენტებისთვის მირთმეული ჩაის შესმაზე. რა თქმა უნდა არა იმიტომ, რომ შეეშინდა – სასმელში პოლონიუმი მეც არ ჩამიყარონო; მაგრამ ამაზე მეტის გაკეთება მისი უდიდებულესობის მთავრობას, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით არ ძალუძს.
    სამაგიეროდ, ბევრად უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა მედვედევის შეხვედრა სარკოზისთან და მერკელთან. ორივე ევროპელმა ლიდერმა (განსაკუთრებით ფრაუ ანგელამ) ისეთი კომენტარები გააკეთეს «ბატონ მედვედევთან ენერგეტიკის საკითხებზე მოლაპარაკებებში პროგრესის თაობაზე», უმალვე ცხადი გახდა, რას გულისხმობდა პრეზიდენტი სააკაშვილი, როდესაც ამას წინათ «რიბენტროპ-მოლოტოვის» ახალი პაქტის თაობაზე ისაუბრა.
    უნდა ითქვას, რომ ჰოკაიდოზე კრემლის ბინადარი იყო ერთადერთი ლიდერი, რომელმაც მკაფიო პროგრამა გამოაქვეყნა: რუსეთის მიზანია «დიდი რვიანი» აქციოს ისეთივე «კონსენსუსურ» (ანუ უსუსურ) ორგანიზაცაიდ, როგორც გაერო და ეუთო, სადაც გადაწყვეტილებები მხოლოდ კონსენსუსით, მაშასადამე საერთო თანხმობით მიიღება. ესე იგი (რეალურად) არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება რუსეთის თანხმობის გარეშე.
    ბუნებრივია, რუსეთს ასეთი ორგანიზაციების «გაფართოება» ბევრად მეტად ეპიტნავება, ვიდრე ნატოში ახალი წევრების მიღება. მით უმეტეს – ყოფილი სსრკ რესპუბლიკებისა. სწორედ ამიტომ მოითხოვა მედვედევმა «დიდ რვიანში» ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკისა თუ მექსიკის შეყვანა.
    რაც შეეხება თვით «დიდი რვიანის» სამიტის შედეგებს, ერთადერთი ხელშესახები შედეგი გახდა მორიგი დეკლარაცია 2090 წლამდე(!) ატმოსფეროში გამონაბოლქვთა 50 პროცენტით შემცირების შესახებ.
    მთლიანობაში, თუ არ ჩავთვლით აფრიკის მშიერი ქვეყნებისათვის გამოყოფილ დახმარებას, «დიდი რვიანი,» გარკვეულწილად «დსთ»-ს ანალოგად რჩება, რომლის სამიტებზეც ლიდერები ორმხრივი მოლაპარაკებების გასამართად იკრიბებიან და რომლის წევრობაც არავის არაფერს ავალდებულებს არც ღირებულებითი, არც პოლიტიკური თვალსაზრისით.
    სწორედ ამიტომ, საყოველთაო აზრით, ჰოკაიდოს სამიტის ერთადერთი ხელშესახები შედეგი ის გახდა, რომ სამშაბათს ლიდერებმა რვა ხე დარგეს.
    თუ გავითვალისწინებთ რა მნიშვნელობას ანიჭებენ იაპონიაში ეკოლოგიას, უნდა ვაღიაროთ, რომ არც ეს არის პატარა საქმე.

GHN

ნიკა ვაშაკიძე

 

მთელ გვერდზე