ქართული ფეხბურთის ანტიჰომოფობიური თავშეწირვა

        აქტუალურ თემებზე საზოგადო მსჯელობას, საქართველოში, ის თვისება აქვს, რომ „უხერხული“. „დისკომფორტული“ და „შემაწუხებელი“ კითხვები არც ერთ მხარეს არ უყვარს და უკვე კითხვის დასმასაც კი აგრესიით პასუხობენ.
        კონკრეტულ შემთხვევაში ეს ეხება არა მხოლოდ გურამ კაშიას საქციელის (პიროვნულად ძალიან ღირსეული საქციელის!) მოწინააღმდეგეებს, არამედ მომხრეებსაც. ეს უკანასკნელნი, როგორც ყოველთვის, ცდილობენ კონტრავერსული თემის გამო აფეთქებული დისკურსიდან ისე „უბიწოდ გამოძვრენ“, არასასიამოვნო კითხვებს არ უპასუხონ და თუ ამ კითხვებს სვამ, უეჭველად „ჰომოფობიას“ მოგაწეპებენ. ანუ არა ნაკლებ ტოტალიტარული და ექსტრემისტული მენტალობის მატარებელნი არიან (სინამდვილეში) ვიდრე ისინი, ვისაც სწორედ ექსტრემიზმისა და „მენტალური ტოტალიტარიზმის“ გამო გმობენ.
        თუმცა ჯერ მშრალი ფაქტები: ჰოლანდიის მთავარი საფეხბურთო ლიგის საშუალოზე ოდნავ მაღალი თუ საშუალოზე ოდნავ დაბალი რანგის გუნდის ლიდერმა და ჩვენი გასაცოდავებული ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ სექსუალურ უმცირესობათა შევიწროვებისა და მათი ჩაგვრის საწინააღმდეგო პოზიციის გამოსახატად, „ლგბტ“ ფერებში შეღებილი სამკლავური გაიკეთა, რასაც, საქართველოში, ძალიან იოლად პროგნოზირებადი მძვინვარე რეაქცია მოჰყვა.
        სამწუხაროდ, მასის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, ასიდან - 90 სრულიად გულწრფელად თვლის, თითქოს ეს სამკლავური თვით კაშიას იდენტობას გამოხატავს და არა იმას, რომ უბრალოდ, ადამიანმა ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ ძალადობა ან მათი ამ ნიშნით დისკრიმინაცია დაგმო.
        დანარჩენი 10% უფრო დახვეწილია და კრეატიული დემაგოგიაში: „სამკლავურს“ - „პროპაგანდად“ ასაღებენ. აქაოდა, „კაშიას ბავშვები ბაძავენ და“...... „ეს ხომ პროპაგანდაა?!!!“...... „აი თურმე რატომ აგებენ ყველა თამაშს“..... „აი თურმე რატომ ვეღარ ვთამაშობთ ქართველები ფეხბურთს“.......აი თურმე.....აი თურმე......და სხვა ათასი სისულელე.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        აქვე უნდა ითქვას, რომ მთავარი სისულელე და სიყალბე თვით ჰომოსექსუალობის „ავადმყოფობად“ ან „ამორალობის გამოვლინებად“ გამოცხადებაა. სინამდვილეში არც ავადმყოფობაა და არც „ბოროტი ამორალობა“. ამას მარტივი ფაქტი ადასტურებს: მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ცხოველთა და ფრინველთა სამყაროში იდენტური სქესისადმი სექსუალური მიდრეკილების პროცენტი დაახლოებით იმდენივეა (4-6%) რაც ადამიანთა შორის. მერედა რატომ? - ეს ცხოველები და ფრინველები „ავადმყოფები“ ან „ამორალურნი“ არიან?
        სინამდვილეში, უმრავლესობა ჰომოსექსუალები არა ვართ არა იმიტომ, რომ მორალური კანონი გვაკავებს, არამედ იმიტომ, რომ ჰომოსექსუალთაგან განსხვავებით, არა გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს ამგვარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. თორემ აბა დავაკვირდეთ რა გამოდის: გამოდის, მორალური კანონი და რელიგია გვაკავებს, თორემ ეს „ბორკილნი“ რომ არ გვბოჭავდნენ, ყველანი.......ხომ სრული სისულელეა არა?
        რაც შეხება „ავადმყოფობას“, სინამდვილეში ჰომოსექსუალობა არის არა ავადმყოფობა, არამედ ჰორმონალური ცდომილება, ანუ ფიზიოლოგიური გადახრა და „ავადმყოფობა“ ისევე არ შეიძლება ეწოდოს, როგორც, მაგალითად, ცაცია ან ელამი არ შეიძლება ჩაითვალოს „ავადმყოფად“. თუმცა შუა საუკუნეებში ზუსტად ასე თვლიდნენ და კოცონზეც წვავდნენ ერთთაც და მეორეთაც.
        რეალურად, პრობლემა მაშინ და იქ იწყება, როდესაც ეს „ფიზიოლოგიური, ჰორმონალური ცდომილება“ წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ დამკვიდრებულ ფუნდამენტურ ღირებულებებთან, რომელთა არსებობა თვით სოციუმის ნორმალური ცხოველმყოფელობის აუცილებელ პირობად აღიქმება. სწორედ ამ მიზეზით, ინგლისში (ინგლისშიც კი - ჯონ ლოკისა და ლიბერალიზმის სამშობლოში!) 1967 წლამდე, ჰომოსექსუალობა არათუ „უზნეობად“, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა: ჰომოსექსუალებს საზარელი არჩევანის წინაშე აყენებდა ინგლისური სამართალი - ან ციხე, ან ჰორმონალური პრეპარატებით „მკურნალობა“.
        სწორედ ასეთი „ჰორმონალური პრეპარატებით“ აწამეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს გენიალური ალან ტიურინგი, რომელმაც პირველი კომპიუტერი შექმნა. დიახ, ის კომპიუტერი, რომლის გარეშე ახლა ვერც ერთ ცივილიზებულ ადამიანს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, სწორედ ჰომოსექსუალი ალან ტიურინგის გამოგონილია!
        ეს 1967 წლამდე, თორემ XIX საუკუნის ბოლომდე ჰომოსექსუალებს ინგლისში სიკვდილით სჯიდნენ ნიშანდობლივი ბრალდებით: „უზენაესი საზოგადოებრივი ღირებულებების შეურაცხყოფისათვის“.
        მაგრამ გავიდა დროს, საზოგადოება განვითარდა და შეიგნო, რომ როდესაც ცოფიანმა ვირთხა შიკლგრუბერმა ყველა გერმანელი ჰომოსექსუალი ძველ გემზე შეყარა, ჩრდილოეთის ზღვაში გაუშვა, იქ ტორპედო გლიჯა და ჩაძირა, ამით საკუთარი ერიცა და საზოგადოებაც არა „მორალურ არეოპაგად“, არამედ სისხლისმსმელ პირუტყვთა ბრბოდ აქცია.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        საქართველოში, ეს „მენტალური ევოლუცია“, სინამდვილეში, სრულიად ნორმალურად მიმდინარეობდა ათწლეულების განმავლობაში.......ოღონდ იმ აზრით, რომ ასეთი ადამიანები ცხოვრობდნენ, მათ არავინ ერჩოდა, არ კლავდნენ, არ სცემდნენ, ეურთიერთობოდნენ კიდეც და განსაკუთრებულ აგრესიას არ გამოხატავდნენ.
        პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც, დასავლური საზოგადოების შემდგომი ევოლუციის შედეგად, LGBT თემს, სრულიად ბუნებრივად და ლეგიტიმურად, გაუჩნდა „საზოგადოებრივი სრულფასოვნების“ ამბიცია. ანუ სრული საზოგადოებრივი და უფლებრივი თანასწორობისა.
        სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს თემი უკვე იბრძოდა არა მხოლოდ იმისთვის, ციხეში არ ჩაესვათ, არამედ მისი საზოგადოებრივი სრულფასოვნების აღიარებისთვის მიუხედავად ფიზიოლოგიური სხვაობისა. ამ გზაზე, კი ყოვლად აუცილებელი პირობა „გამოხატვის უფლებაა“: როდესაც იმავე ნიდერლანდში ან კალიფორნიაში ე.წ. „გეი-აღლუმები“ იმართება, ამით LGBT თავის საზოგადოებრივ სრულყოფილებასა და თანასწორობას მანიფესტირებს. ქართული ჟარგონით თუ ვიტყვით „აპრავებს“ საკუთარ უფლებებსა და იდენტობას.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        ოღონდ იმ ადამიანებს, ვინც აქტიურად, ზოგჯერ აგრესიულად უჭერს მხარს გურამ კაშიასა და ქართული საფეხბურთო ელიტის პოზიციას ამგვარი „დემონსტრაციის“ საკითხში, არაფრის დიდებით არ სურთ გაითვალისწინონ და აღიარონ ის საზარელი „ფასი“, რაც საზოგადოებრივ-მენტალურ „პროგრესში“ და შესაბამის ღირებულებათა დამკვიდრებაში ისედაც სუსტმა და დისკრედიტირებულმა ქართულმა ფეხბურთმა უნდა გადაიხადოს, რაკი აიძულებენ „გადაიხადოს“.
        ზუსტად აქ ისმის ზემოთხსენებული „აბეზარი“, „არაკომფორტული“ „გამაღიზიანებელი“ და „შემაწუხებელი“ კითხვები, რაც მუდამ აგრესიას აწყდება „ანტიჰომოფობიური ფლეშ-მობის“ მომხრეთა მხრიდან. მაგალითად: საქართველოს რეალიათა გათვალისწინებით, მთელი ეს ისტორია, ისედაც დავრდომილ ქართულ ფეხბურთს გააძლიერებს თუ პირიქით, კიდევ უფრო დაასუსტებს?
        იგულისხმება რეალური შედეგის თვალსაზრისით. ანუ, შედეგად ქართული ფეხბურთის ავტორიტეტის ზრდას, სტადიონებზე მეტი გულშემატკივრის მისვლას მივიღებთ თუ პირიქით?!
        როგორც ჩანს, პასუხი მზად აქვთ: „ჯანდაბას ქართული ფეხბურთი, ტოლერანტობა ბევრად დიდი ღირებულებაა და თუ ბრბო ამის გამო ქართულ ფეხბურთს მოიძულებს მაშინ.....მაშინ.......მაშინ........კისერიც უტეხია როგორც ამ „ქართულ ფეხბურთს“, ასევე ბრბოს. მთავარი ჩვენ ვიყოთ მართალნი საკუთარი ღირებულებებისა და საკუთარი სინდისის წინაშე“.
        ამგვარი „ლიბერალური ფუნდამენტალიზმი“ არ ითვალისწინებს და არც ოდესმე გაითვალისწინებს, რომ ქართულ ფეხბურთს, როგორც არა მხოლოდ სპორტულ, არამედ სოციალურ ფენომენს, არა აქვს ის რესურსი (განსხვავებით ჰოლანდიური, იტალიური, გერმანული საფეხბურთო ფენომენებისგან), რომ საზოგადოებაში კეთილისმყოფელი „კოგნიტიური დისონანსი“ შექმნას და ადამიანები აიძულოს (!) მიიღონ ეს პროგრესული ღირებულებები.
        აი, დავაკვირდეთ ამ ნარატივს „.....ფარერებს მაინც მოუგეთ რა ჯერ, სანამ ამ თემაზე გვასწავლით ჭკუას...“ „რა დროს ეს არის, როცა ჯერ იმ საქმესაც ვერ აკეთებენ, რაც მათთვის მთავარი უნდა იყოს?“, ანუ „ჯერ ფეხბურთი ითამაშეთ და რამე მაინც მოიგეთ რა......“
        დავეთანხმებით ამ ნარატივს თუ არა, გაგვაღიზიანებს იგი თუ არა, იძულებული ვიქნებით ვაღიაროთ, რომ იგი მასობრივი აღქმის პროდუქტია, რადგან საზოგადოებრივი დომინანტებისა და ღირებულებების დამკვიდრებას შესაბამისი, „თვითკმარი“ რესურსი - ავტორიტეტი და ძალა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ იმ ფენომენის შემდგომ დაკნინებას გამოიწვევს, რომლის გამოყენებასაც ცდილობენ ამ ღირებულებათა დასამკვიდრებლად. ქართულ ფეხბურთს კი (განსხვავებით ჰოლანდიური ფეხბურთისგან) ამგვარი რესურსი არ გააჩნია, - ესოდენ უყაირათოდ ხარჯოს საკუთარი მწირი ავტორიტეტი თუნდაც ყველაზე კეთილშობილი მიზნის მისაღწევად. ანუ .... ჯერ ფეხბურთი გეთამაშათ დალოცვილებო „ფარერის კუნძულთა“ დონეზე მაინც და მერე გეფიქრათ ასეთ რთულ მატერიებზე, როგორიცაა საზოგადოებრივ მენტალობაში და თუნდაც მოძველებულ, არქაულ ღირებულებათა სისტემაში რევოლუციის განხორციელება.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        ამ აზრით, ქართული ფეხბურთის „მსხვერპლად შეწირვა“ და საბოლოო განადგურება, თუნდაც ყველაზე სამართლიანი, ყველაზე პროგრესული ღირებულებების დასამკვიდრებლად, რაღაც გაუგონარი სიგიჟეა!
        მით უმეტეს, რომ თანამედროვე ქართულ ფეხბურთს (ვიმეორებ) არა აქვს ის რესურსი, ავტორიტეტი, დამსახურება, გავლენა, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოში რაიმე პოზიტიური როლი შეასრულოს საკუთარი თავის შემდგომი (ვაითუ საბოლოო) დაკნინება-დასუსტების გარდა.
        თუ არა და, მაშინ კეთილი ინებეთ, როგორმე აუხსენით მასას: „ქართული ფეხბურთი მანამ ვერ განვითარდება ჰოლანდიის და ინგლისის დონეზე, სანამ ამგვარი სამკლავური ნორმალურად არ აღიქმება“.
        აბსოლუტურად სწორია, ლოგიკურია, მართებულია. მაგრამ........ ასეთი უხეში, სწორხაზოვანი, „ჯიუტი“ და „ჯინაზე“ მიდგომით იგი საბოლოოდ მოკვდება და მკვდარს როგორღა „განავითარებთ?“
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        შედეგად, „ცივილიზებული პოზიცია“ იქნება აბსოლუტურად „სწორი“, „გამართლებული“, მაგრამ რეალური შედეგი - ისედაც ცოცხალ-მკვდარი ქართული ფეხბურთის საბოლოო განადგურება, რადგან ეს ფენომენი მასობრივი მხარდაჭერის გარეშე ვერ იარსებებს! ჩვენებური მასის დამოკიდებულებას კი, სამწუხაროდ, „ქართული მარში“ უფრო გამოხატავს, ვიდრე თოლქ-შოუებში მიწვეული „პეროიანი“ ელიტარების ინტელექტუალური „სვეცკაობა“ გრიგოლიასთან თუ სანაიასთან.
        კი ბატონო, „ჩვენ“ მაინც მივალთ სტადიონზე, მაგრამ მასა? მასობრივი მხარდაჭერის გარეშე ფეხბურთი ვერ იცოცხლებს. ეს ფეხბურთია - ჭადრაკი ან მხატვრული ტანვარჯიში არ არის!
        „მასა“ კი, „კოგნიტიური დისონანსის“ თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ სტადიონზე მისვლის ნაცვლად, ამჯობინებს მადრიდის „რეალისა“ და ლონდონის „ტოტენჰემის“ მატჩს უყუროს, რადგან კრიშტიანო რონალდუს საეჭვო „იდენტობა“ მას არანაირ „დისონანსს“ არ უქმნის.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        და ბოლოს, კიდევ ერთი „აბეზარი“, „არაპოლიტკორექტული“ კითხვა, რომელსაც ასევე არავინ სვამს „რატომღაც“: ოდესმე სადმე რაიმე თუ გსმენიათ ჰოლანდიაში ჰომოფობიის შესახებ? რასიზმის გამოვლინებები იქაც კი არის, ქალებზე ძალადობაც „ხდება ხოლმე“, ასევე ისლამოფობია, არაბოფობია, მაგრამ.......ნიდერლანდი და ჰომოფობია?!
        რატომღაც არავინ კითხულობს: საერთოდ რა აუცილებლობა იყო იქ ამგვარი „ფლეშმობის“ მოწყობისა? განა ამ შესანიშნავ ფეხბურთელსა და ღირსეულ ადამიანს - გურამ კაშიას - შეეძლო უარის თქმა „სამკლავურის“ გაკეთებაზე? თეორიულად, რასაკვირველია შეეძლო; ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაპიტნობაზე უარს იტყოდა და ჰოლანდიურ ფეხბურთს სამუდამოდ გამოემშვიდობებოდა - გადმოვიდოდა სადმე საჩხერის „ჩიხურაში“ სათამაშოდ.
        სერიოზულად კი: ამგვარი „ფლეშ-მობები“ დასავლურ საზოგადოებაში არის „მარკერია“, რომლითაც იგი „სოციალურ კონსენსუსს“ ადასტურებს და ყველას აიძულებს ან საჯაროდ დაეთანხმოს ამ კონსენსუსს, ან საჯაროდ უარყოს - შესაბამისი შედეგებით.
        აი........ძალიან ცუდი და უხეში შედარებაა რასაკვირველია, მაგრამ.......ისლამურ სახელმწიფოებში ქრისტიანებს რომ წინადაცვეთას აიძულებდნენ, ან ქრისტიანულ სახელწიფოებში, იუდეველებს ქრისტიანობის საჯარო აღიარებას და ჯვრის ღიად ტარებას, რაღაც ამის მსგავსი.
        ესოდენ მრისხანე „კონსენსუსის“ წინააღმდეგ რომ გაილაშქრო, ფილიპ ლამის და ლიონელ მესის „რესურსი“ უნდა გაგაჩნდეს. ამ საბრალო, უდავოდ ნიჭიერ ქართველ ბიჭს კი, - უცხოეთში რომ შოულობს „ლუკმაპურს“ პატიოსანი შრომით, - ამგვარი რესურსი არ გააჩნია. ბოლოს და ბოლოს არც ფილიპ ლამია და არც ლიონელ მესი.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        ეს ყოველივე გასაგებია და ნორმალური ადამიანი კაშიას ვერ გაკიცხავს. „გაუგებარი“ ქართული საფეხბურთო ელიტის პოზიციაა - „ჯინაზე“ თვით ისედაც „სულმღაფავი“ ქართული ფეხბურთის ინტერესებისა.
        უამრავი PR-ტექნოლოგია არსებობს, რომლის გამოყენებით, ერთის მხრივ შესაძლებელი იყო კაშიას „არჩაქოლვა“ მისი აბსოლუტურად სწორი და მორალურად გამართლებული საქციელის გამო (ძალადობის წინააღმდეგ) ოღონდ, მეორეს მხრივ, ქართული ფეხბურთის დაუზიანებლად!
        მაგრამ ამას დიპლომატიურობა და პროფესიონალიზმი სჭირდება, რაც ქართული ელიტებისთვის, ზოგადად, იმმანენტური პრობლემაა.
        არადა, რა გამოვიდა საბოლოოდ? - „თუ ბრბო ვერ გაიგებს, მით უარესი ამ უტვინო და ბნელი ბრბოსათვის!“
        საქართველოს რეალიათა ასე ჩლუნგად იგნორირება კი იმ შედეგს გამოიღებს (სამწუხაროდ) რომ კიდევ უფრო ცარიელ სტადიონებზე მოუწევთ თამაში. ჰოდა ეთამაშონ და უგულშემატკივრონ ერთმანეთს - „ბრბოს“ გარეშე
        დალოცვილებო, ასეთი უდიდესი მნიშვნელობის, ლამის საკრალური ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ფენომენის (როგორიცაა ქართული ფეხბურთი - ყოველგვარი ყალბი პათეტიკის გარეშე!) ბედი გაბარიათ და იმაზე მეტი ჭკუა ან პროფესიონალიზმი ხომ უნდა მოგეთხოვებოდეთ, ვიდრე იმ „სვეცკი გოგოშკებს“, რაღაც მსგავსი „გლობალური ფლეშ-მობის“ დროს (Ice Bucket Challenge) სათლით წყალს რომ ისხამდნენ თავზე?

    მთელ გვერდზე