ევროპული დამოკლეს მახვილი რუსეთის თავზე

            პარიზში გამართულმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს საკითხის განხილვა არ შეწყდება და რუსეთის თავზე მუდმივად დამოკლეს მახვილივით იქანავებს.
            რუსებს დიდ გამარჯვებად მიაჩნიათ, რომ ყოველი დისკუსიის დროს ახერხებენ დეპუტატების ნაწილის მოსყიდვას თუ დაშინებას, თუმცა ბევრი რუსი პოლიტოლოგი უკვე აღიარებს, რომ რუსეთს ეს «ტაქტიკური გამარჯვებები» მეტისმეტად ძვირად უჯდება არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ იმის გამოც, რომ ის დეპუტატები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთს, ხშირად ამის სანაცვლოდ მხარდაჭერას მოითხოვენ სხვა, არანაკლებ მგრძნობიარე საკითხებში.
            რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან კი არ იხსნება საბოლოოდ, არამედ მხოლოდ გადაიდება გარკვეული ვადით, ხოლო რუსეთს ახალი მოთხოვნების პირისპირ ტოვებენ.
            ამჯერადაც, პარიზში გამართულ პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროსაბჭოს პოზიციის გამომუშავებისას და საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებზეც სერიოზულ გავლენას ახდენს, ევროდეპუტატებმა მართალია არ დაუჭირეს მხარი რუსეთისათვის ხმის უფლების ჩამორთმევას, მაგრამ მორიგი ვადა მისცეს იანვრამდე, რათა მოსკოვმა მთავარი პირობები შეასრულოს, ანუ გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. «აღიარება», გაიყვანოს ჯარები და შეუშვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციათა დამკვირვებლები.
            რა თქმა უნდა, ქართველ დეპუტატებს ერჩივნათ, პოლიტიკურ კომიტეტს პირდაპირ მიეცა რეკომენდაცია საპარლამენტო ასამბლეისათვის, რათა რუსეთი ევროსაბჭოდან გაერიცხა ან ხმის უფლება ჩამოერთმია, მაგრამ თუ ემოციებს გვერდზე გადავდებთ და დავაკვირდებით, ევროპელები ამ შემთხვევაში უფრო ჭკვიანურად, თუმცა არა ნაკლებ მიზანმიმართულად მოქმედებენ: რუსებს შეიძლება კიდეც აწყობდეთ ხმის უფლების ჩამორთმევა, რადგან ასეთ შემთხვევაში, როგორც მათი დელეგაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, კონსტანტინე კოსაჩოვმა განაცხადა, ისინი უბრალოდ «კარს გაიჯახუნებენ» და დატოვებენ ევროპის საბჭოს, რაც საერთო-ევროპულ სკანდალს გამოიწვევს და ძალიან არ მოეწონებათ ანგელა მერკელის მსგავს პოლიტიკოსებს, რომლებიც პუტინ-მედვედევის «ორთავიან რეჟიმს» თვალებს უჟუჟუნებენ.
            არ არის გამორიცხული, მათ საკუთარი დეპუტატები ამისთვის გაკიცხონ კიდეც (პარტიული სტრუქტურების მეშვეობით) და მათ დააბრალონ რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა. ხოლო იმ ტაქტიკით, რომელიც ევროპის საბჭომ აირჩია, რუსეთი მაინც უხერხულ და ძალზე არაკომფორტულ ვითარებაში ხვდება: ყველა სესიაზე მას განუწყვეტლივ უწევს თავის მართლება, არგუმენტების მოგონება, დეპუტატებთან ვაჭრობა, მუდმივი ბრძოლა ევროპის საბჭოში ადგილის შესანარჩუნებლად, ზოგჯერ ხვეწნა – მუდარა და ასე შემდეგ.
            საქართველოსაც სთხოვენ მოლაპარაკებას, მაგრამ ქართველმა დეპუტატებმა ბოლო სესიაზე საპარლამენტო ასამბლეის ის რეზოლუცია მოიშველიეს, რომელიც მკაცრად ავალდებულებს რუსეთს შეასრულოს წინა რეზოლუციები და მოლაპარაკებების გამართვას მხოლოდ ამ პირობის შესრულებით მიიჩნევს შესაძლებლად.
            მთლიანობაში ეს მდგომარეობა (ვიმეორებ) რუსეთისათვის უკვე იმაზე მეტად არაკომფორტულიც კია, ვიდრე იქნებოდა მის მიერ «კარის გაჯახუნება». მით უმეტეს, რომ ევროსაბჭოდან რუსეთის გაძევების საკითხი დღის წესრიგიდან კი არ მოხსნილა, უბრალოდ კიდევ ერთხელ გადაიდო.
            შექმნილ ვითარებაში, რომელიც ევროპაში (პირველ რიგში გერმანიაში) ანგელა მერკელის და სილვიო ბერლუსკონის მაგვარი პოლიტიკოსების არსებობით ჩამოყალიბდა, ევროდეპუტატებმა ყველაზე ჭკვიანური და მიზანშეწონილი ტაქტიკა შეარჩიეს, რათა ერთის მხრივ საკუთარი ღირებულებები არ დათმონ, ხოლო მეორეს მხრივ, მათი ქვეყნების «რიალ-პოლიტიკაშიც» უხეშად არ ჩაერიონ.
            როგორც «პრაიმ-ტაიმს» საქართველოს საპარლამენტო დელეგაციიდან აცნობეს, ქართველი დეპუტატები იზიარებენ ამ ტაქტიკას და ევროპელ კოლეგებს მის განხორციელებაში ხელს შეუწყობენ. სწორედ ამით აიხსნება, რომ ქართული დეპუტაცია არასდროს აცხადებს პროტესტს, როდესაც საპარლამენტო ასამბლეა, მკაცრი განცხადებების მიუხედავად, არ იღებს გადაწყვეტილებას რუსეთის გარიცხვის შესახებ.

მთელ გვერდზე