რა შანსი გვაქვს მივიღოთ ევრო-2020?

    საქართველომ და აზერბაიჯანმა როგორც იქნა შეიტანეს განაცხადი 2020 წელს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გამართვაზე. „როგორც იქნა“, რადგან ამ თემის გარშემო სიტუაცია ცოტა არ იყოს უცნაურად ვითარდებოდა. პირველად ეს იდეა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააჟღერა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტისას - აზერბაიჯანულ მილიმეჯლისში“ (იქაურ პარლამენტში) გამოსვლის დროს. მაგრამ სამართლიანობა მოითოვს ითქვას, რომ თვით იდეა არა სააკაშვილს, არამედ აზერბაიჯანის პრეზიდენტ-სულთან ილჰამ ალიევს ეკუთვნის. ოღონდ ალიევმა წინადადება საააკშვილთან პირისპირ შეხვედრისას გამოთქვა, ხოლო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა - საჯაროდ.
    ამაში მაინცდამაინც გასაკვირი ან საგანგაშო არაფერია. „უცნაურობა“ კი მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანმა საკუთარი პრეზიდენტის ინიაციატივა უარყო და ქართული მხარის მრავალგზის თხოვნაზე, - შეედგინათ ერთობლივი მიმართვა,- ბოლო მომენტამდე არ გასცა პასუხი. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია იძულებულნი გახდნენ აზერბაიჯანელი კოლეგებისათვის ულტიმატუმი წაეყენებინათ: ან ხელს აწერთ ერთობლივ მიმართვაზე, ან ჩვენ დამოუკიდებლად შევიტანთ განაცხადს UEFA-ში. ბაქო ამ გაურკვევლობას იმით ხსნიდა, რომ თურმე 2020 წელს ოლიმპიადის ჩატარებას აპირებდა, მაგრამ ალიევის შეთავაზებამდე არ აპირებდნენ და შემდეგ დააპირეს თუ ალიევმა არ იციდა, რას აპირებდა მისი ოლიმპიური კომიტეტი? მართლა უცნაურია, რაც უდავოდ მეტყველებს, რომ მეზობელ ქვეყანაში მთლად ყველაფერი ვერ არის რიგზე და ისე, როგორც ზოგიერთებს ეჩვენებათ.
    ასეა თუ ისე, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბაქო კანდიდატადაც არ ჩათვალა, საფეხბურთო განაცხადი შეტანილია. საქართველო და აზერბაიჯანი ერთად აპირებენ კონტინენტის მთავარი საფეხბურთო მოვლენის მასპინძლობას სულ რაღაც 8 წლის შემდეგ. ბუნებრივია, ამას უდიდესი ფინანსები სჭირდება. პოლონეთსა და უკრაინასაც კი გაუჭირდათ „აეწიათ“ ასეთი დონის ღონისძიება. არათუ სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყნებს. რაოდენ დიდი შემოსავალიც არ უნდა ჰქონდეს აზერბაიჯანს, როდესაც საფეხბურთო ინფრასტრუქტურა არ გაგაჩნია, მისი ნოლიდან შექმნა მაინც მეტისმეტად ძვირი ჯდება.
    თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის მთავარი პრობლემა, რაც ევრო-2020-ს უშლის ხელს. მთავარი და განმსაზღვრელი პოლიტიკური საკითხებია: ბოსნია-ჰერცოგოვინა, ხორვატია და სერბეთი აგრეთვე არ გამორიცხავდნენ ეთობლივად ემასპინძლათ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის. მიაქციეთ ყურადღება: სწორედ ის სამი ერი და სამი ქვეყანა, რომლებმაც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შედეგ ყველაზე საშინელი, სისხლიანი სასაკლაო დაატრიალეს. წლობით ხოცეს ერთმანეთი, ასეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ევროპა მათ განაცხადს მაინც იმაზე ბევრად მეტი სერიოზულობით მიუდგებებოდა, ვიდრე საქართველო-აზერბაიჯანის ინიციატივას.
    რატომ? იმიტომ, რომ ეს სამივე ერის განაცხადია. მარტო ხორვატებსა და ბოსნიელებს (მუსლიმებს) რომ მოენდომებინათ, - არც კი განიხილავდნენ, რადგან მესამე ერის - სერბთა დისკრიმინაციად აღიქმებოდა. ამდენად, თუ სერიოზულად გვინდოდა, UEFA-ს თუნდაც განეხილა ჩვენი თხოვნა, მაშინ საფეხბურთო ჩემპიონატის გამართვა სამივე სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოს ინიციატივა უნდა ყოფილიყო, რასაც აზერბაიჯანი, რასაკვირველია, არ დათანხმდებოდა.
    ფეხბურთი ძალიან სერიოზული საქმეა, რაკი მილიონობით ადამიანს აღელვებს. ხოლო რაც მილიონობით ადამიანს აღელვებს, ყოველთვის დიდი პოლიტიკაა! აქედან გამომდინარე, პასუხი კითხვაზე: რა შანსი აქვთ აზერბაიჯანსა და საქართველოს, მიიღონ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2020 წლამდე მსოფლიოში საუკეთესო სტადიონებს ააშენებენ, მზესავით ნათელია: ეს შანსი არის ზუსტად ნულის ტოლი!

მთელ გვერდზე