Sine ira et studio (გარეშედ რისხვის და მიკერძოებისა)

„ევრაზიული კავშირი“ და პუტინის დოქტრინა

    საპრეზიდენტო არჩევნების „ტრიუმფალურად“ მოგების შემდეგ, ვლადიმერ პუტინს მხარდამჭერთა მიტინგზე ცრემლები წასკდა: „ჩემო ძვირფასებო, ჩვენ გამარჯვებული ერი ვართ, გამარჯვება და ძლევამოსილება ჩვენს სისხლშია, ჩვენს გენებშია!“ - მდუღარე ცრემლის წმენდით ამბობდა პუტინი. როგორც ჩანს „მამაკაცური ცრემლი“ რუსებთან მისი სისხლისმიერი კავშირის დადასტურება უნდა ყოფილიყო, ხოლო მგზნებარე ნაციონალისტური განცხადებები, - იდეური ერთობის გამოხატულება.
    მთელი ეს ნაცისტური ბოდვა „გენების და სისხლის შესახებ“, რომლის კონტენტ-ანალიზი პუტინის გერმანელი წინამორბედის ეგზერსისებს გვაგონებს, ფართოდ შუქდებოდა რუსული მედიით. რაც ბუნებრივია: საქმე ხომ რუსეთის პრეზიდენტს ეხება, რომელმაც 12 წლით მოიპოვა ძალაუფლება! დასავლეთში კი, ეს სენსაციური განცხადებები ერთ ყურში შეუშვეს და მეორეში გამოუშვეს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, პუტინს კვლავ დიდი პატივით მიიწვევენ ევროკავშირისა და „ნატო“ - ს სამიტებზე, თუმცა კი ხშირად „, რომ ეს ორგანიზაციები პირველ რიგში ღირებულებითი გაერთიანებებია.
    მერედა, რა საერთო აქვს ნაციონალისტურ ღირებულებებს დემოკრატიასთან და პიროვნულ თავისუფლებასთან? პუტინის სიტყვები რომ კერძო ემოციური გამოხდომა იყოს, ასეთ შეშფოთებას არ გამოიწვევდა. მაგრამ დავაკვირდეთ, რა ფონზე აკეთებს ვლადიმერ პუტინი ამ განცხადებას: როდესაც მან უკვე დაადასტურა, რომ მისი მომავალი 12 წლიანი პრეზიდენტობის მთავარი მიზანი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახალი გაერთიანების შექმნა იქნება.
    პუტინი ამას თავიდანვე არ მალავდა: ჯერ კიდევ 2001 წელს, საახალწლო მილოცვაში მან რუსული ეთნონაციონალისტური მითო-პოეტიკის ისტორიული „სლოგანი“ გამოიყენა, როდესაც თქვა, რომ „რუსული მიწების შეკრება დაიწყო“. ეს ივანე მესამის ფორმულაა: Собирание земель русских.
    ჰოდა ამ „შეკრების“ პროცესში რუსეთი ისე გაიზარდა, მსოფლიო ხმელეთის მეექვსედი დაიკავა და დანარჩენ ხუთ მეექვსედსაც გვარიანად აზანზარებდა. ეთნონაციონალისტური მენტალობისათვის, რომელსაც უდავოდ განეკუთვნება პუტინი, ტერიტორიული დანაკარგი ძალიან მტკივნეულია. ისევე, როგორც გავლენა მეზობელ ხალხებზე, რომლებიც იმ „შემოკრებილ მიწებზე“ ცხოვრობენ და რუსეთის ქვეშევრდომები ხდებოდნენ.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამრიგად, „ევრაზიული კავშირის“ იდეა, რომელიც პუტინმა პირდაპირ და დაუფარავად აქცია თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად, სულაც არ ყოფილა მხოლოდ PR სვლა ან ნაციონალისტურ ამომრჩეველთა გულის მოგების საშუალება. ეს არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამა და პუტინი პირობას დებს, რომ საკუთარ პრეზიდენტობას სწორედ მის განხორციელებას უძღვნის, რათა მომავალი ათწლეულის დასაწყისისთვის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახალი კავშირი აღადგინოს. ოღონდ რუსეთის განსაკუთრებული და პრივილეგირებული როლით.
    ეს პროგრამა პუტინის 12 წლიანი მმართველობის შიდაპოლიტიკური რესურსიცაა. ძალიან ძნელია ებრძოლო პოლიტიკოსს და პრეზიდენტს, თუკი მას ხალხისთვის ესოდენ მიმზიდველი და საოცნებო პროგრამა აქვს: დერჟავის აღდგენა, მისთვის ძველი დიდებისა და ძლევამოსილების დაბრუნება! აქედან გამომდინარე, ყველა მოწინააღმდეგე ან პოლიტიკური ოპონენტი „დერჟავის მტრად“ და რუსეთის მოძულედ ცხადდება. ბუნებრივია, ეს პუტინს დაეხმარება პირადი ძალაუფლების განმტკიცებაში, რაც სრულებით არ ნიშნავს, რომ იმპერიული მიზანი მისთვის მხოლოდ რიტორიული ხერხია და არა კონკრეტული გეგმა.
    პუტინს ნამდვილად, გულწრფელად, ყოველგვარი საარჩევნო რიტორიკისა და სახელისუფლებო ტექნოლოგიების გარეშე აქვს ასეთი ნება: აღადგინოს ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე ახალი ტიპის „დერჟავა“ დაახლოებით იმავე ტერიტორიული მოცულობით, ოღონდ ახალ ტექნოლოგიებსა და სისტემებზე დაყრდნობი, რომლებიც არც საბჭოთა კავშირის და არც ცარისტული რუსეთის დროს არ არსებობდნენ.
    მაგრამ აქ აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ, რას გულისხმობს რუსეთის მომავალი მრავალწლიანი პრეზიდენტი „ევრაზიულ კავშირში“, რომელსაც ესოდენ აქტიურად და აგრესიულად ლობირებს.
    გასული ათწლეულის შუახანებში, პუტინის პირველი პრეზიდენტობის დროს, ბელორუსეთის პრეზიდეტი ალექსანდერე ლუკაშენკო ბევრად უფრო ხშირად საუბრობდა „ახალ კავშირზე“, მოსკოვისგან კონკრტეტული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვდა და იმ „ახალი კავშირის“ კონსტიტუციაც კი შეიმუშავა. შემდეგ მოსკოვში ჩავიდა და პუტინს გადასცა.
    იმ დღეს კრემლში პრეზიდენტების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომლის დროსაც, პუტინი მის გვერდით მყოფ ლუკაშენკოს არ მოერიდა და შემდეგი ტირადა წარმოთქვა: „თქვენ ხშირად გვეუბნებით, რომ „ახალი კავშირის“ მომხრე ხართ, მაგრამ თქვენს მიერ შემოთავაზებული კონსტიტუციის პროექტით, ამ კავშირში ვეებერთელა რუსეთს და პატარა ბელორუსს თანაბარი უფლებები ექნებათ. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ალტერნატიულ ვარიანტს: დანიშნეთ რეფერენდუმი ბელორუსეთში და ეს ქვეყანა ნაწილ-ნაწილ (ოლქებად) შემოვიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში“.
    ალექსანდრე ლუკაშენკო ამ ინიციატოვას „პირგამეხებული“ უსმენდა. შემდეგ კი ადგა და უხმოდ დატოვა დარბაზი. სწორედ იმ ინციდენტიდან იღებს სათავეს უნდობლობა და ფარული ჭიდილი მინსკსა და მოსკოვს შორის: საჯაროდ გამჟღავნდა, რომ პუტინსა და ლუკაშენკოს აბსოლუტურად განსხავავებული წარმოდგენები ჰქონდათ მომავალ კავშირზე: მინსკში იგი ესმოდათ, როგორც თანასწორუფლებიანი რესპუბლიკების გაერთიანება, რომელშიც დიდ და პატარა ქვეყანას თანაბარი უფლებები ექნებოდათ, ხოლო გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღებოდა. პუტინი კი უკვე მაშინ განიხილავდა მას ახალ „რუსულ დერჟავად“ რომელშიც პრიორიტეტი არა თუ რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, არამედ რუსებს როგორც „სახელმწიფოთშემოქმედ ერს“ ექნებოდა.
    ამით აიხსნება სწორედ პუტინის აგდებული და საკმაოდ გულგრილი დამოკიდებულება იმავე „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ მიმართ. СНГ-ს ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის გეოპოლიტიკური სივრცის დაფიქსირება იყო და სხვა არაფერი. იგულისხმებოდა, რომ ამ სივრცეში სხვა სახელმწიფოები აქტიურად არ უნდა შემოსულიყვნენ. ხოლო როდესაც მოსკოვში ჩათვალეს, რომ მის „დაუკითხავად“ მაინც მეტისმეტად აქტიურად შემოდიოდნენ - აგრესიაც წამოიწყეს, რომლის უპირველესი მიზანი პუტინის ერთგულმა ადგილმონაცვლემ, დიმიტრი მედვედევმა გამოხატა ცნობილი ფრაზით 2008 წლის 12 აგვისტოს: „პოსტსაბჭოური სივრცე რუსეთის პრივილეგირებული ინტერესებისების ზონაა“.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რუსეთმა, ბელორუსეთმა და ყაზახეთმა გააფორმეს პირველი შეთანხმება საბაჟო კავშირის შესახებ. ეს გაერთიანება ყველა სხვა წინამორბედი ინტეგრაციული პროექტისაგან იმით განსხვავდება, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ საბაჟო კავშირში მიიღება არა კონსენსუსით, ანუ საყოველთა თანხმობით, არამედ ხმების უმრავლესობით.
    ეს უმრავლესობა საბაჟო კავშირში ქვეყნების მიერ შეტანილი წვლილის პროპორციულია: რუსეთს ერგება დაახლოები 90 პროცენტი შემოსავლებისა, რაც საერთო საბაჟო საზღვრებზე აკირიფება, ხოლო ბელორუსსა და ყაზახეთს - დანარჩენი 10 პროცენტი. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება საბაჟო კავშირის ზედნაციონალურ ორგანოებში (Наднациональный орган) ამავე პროპორციით მიიღება: რუსეთს ხმების 90 პროცენტი; სხვა სახელმწიფოებს - დანარჩენი 10 პროცენტი. აქ რაიმე „თანასწორუფლებიანობაზე“ საუბარი ზედმეტია, თუმცა, პუტინი სწორედ ასე ხედავს პოსტსაბჭოურ ინტეგრაციას: რუსეთის პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი დომინანტობით, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ხსენებულ „საბაჟო კავშირში“ ყაზახეთი და ბელორუსი ეკონომიკურ მოგებას ვერ ნახავენ. ოღონდ სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელოვანწილად დათმობის ფასად.
    ეს წინააღმდეგობა თავიდანვე უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც პუტინის გეგმაზე ვსაუბრობთ. იგი თითქოს ეუბნება მეზობლებს: გინდათ ისარგებლოთ ჩვენი ბაზრით და სატრანზიტო შესაძლებლობებით? - მაშინ აღიარეთ რუსეთის პრევალირება პოლიტიკურ საკითებში. ამას ბუნებრივად მოსდევს ზეწოლა რუსული ენის სახელმწიფო სტატუსთან, რუსულ სკოლებთან და იდენტობასთან დაკავშირებული სხვა თემების გარშემო.
    სხვაგვარად წარმოუდეგნელია: მწარედ ცდება, ვისაც ჰგონია, თითქოს დღევანდელ ვითარებაში პუტინი დათანხმდება იმ სიტუაციის აღდგენას, როდესაც რუსები, ცხოვრების დონით, ჩამორჩებოდნენ კავკასიისა და შუა აზიის რესპუბლიკებს, როდესაც შესაძლებელი იყო მოსკოვში რამდენიმე ჩემოდანი ლიმონით გადაფრენა და იქედან „გაზ-24“ - ის ჩამოყვანა, ამ დროს, მოსკოვისა და პეეტრბურგის გარდა, რუსეთი ფაქტობრივად შიმშილობდა. ყაზახი ახალგაზრდები კი ხშირად ჩადიოდნენ მოსკოვში რუსი გოგონების გასაცნობად.
    ვლადიმერ პუტინის მიზანია, შექმნას ისეთი იმპერია, რომელშიც პირიქით: რუსი ჭაბუკები ჩავლენ ყაზახეთში იქაურ მზეთუნახავებთან საცეკვაოდ და დროის სატარებლად დისკოტეკებზე. ეს სულ სხვა დამოკიდებულებაა და სწორედ ამ აზრით ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს.
    სინამდვილეში, პუტინს საბჭოთა კავშირი ჭირის დღესავით სძულს სწორდ იმიტომ, რომ მიაჩნია: იქ რუსები დაჩაგრულნი იყვნენ, ქართველები, ყირგიზები და უზბეკები კი - „მდიდრულად ცხოვრობდნენ რუსების ხარჯზე“. ამიტომ, პუტინის დოქტრინა უფრო კლასიკური კოლონიური იმპერიის აღდგენას გულისხმობს, რომელშიც იქნება მდიდარი მეტროპოლია (რუსეთი) და მთლიანად მასზე დამოკიდებული მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც მხოლოდ ფორმალურად შეინარჩუნებენ სუვერენიტეტს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამ პროცესში პუტინი სამ ეტაპს გამოჰყოფს: პირველი ნაბიჯი „საბაჟო კავშირი“ უნდა გახდეს; მეორე - „ერთიანი ეკონომიკური სივრცე“, რომელიც ინტეგრაციისა და საკანონმდებლო უნიფიკაციის უფრო ღრმა მოდელს ითვალისწინებს; მესამე კი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე „ევრაზიული კავშირის“ შექმნაა, რომელსაც უკვე პოლიტიკური მმართველობითი ინსტიტუტებიც ექნება, - როგორც თანამედროვე ევროკავშირს. იმ განსახვავებით, რომ ევროკავშირში არ არსებობს ერთი რომელიმე სახელმწიფო-დომინანტი, რომლის ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და ყველა სხვა სახის პოტენციალს დანარჩენ სახელმწიფოთა ერთობა ვერ შეედრება: რაოდენ ძლევამოსილიც არ უნდა იყოს თანამედროვე გერმანია, მხოლოდ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთიც კი სჭარბობენ გერმანიას ერთობლივად. რომ აღარაფერი ვთქვათ დანარჩენ 24 სახელმწიფოზე.
    აი, რუსეთი კი, ამ მხრივ, სრულიად უნიკალურია: მისი ეკონომიკური, დემოგრაფიული და სამხედრო პოტენციალი, ჯამში, პოსტსაბჭოური სივრცის ყველა სახელმწიფოთა ერთობლივი რესურსის 75-80 პროცენტია. ამიტომ, პუტინი სულაც არ ცდება, როცა თვლის, რომ ევრაზიული კავშირი იმ დერჟავის აღორძინებაა, რომლის შემოქმედ ერს, თურმე „გამარჯვება, დერჟავულობა სისხლსა და გენებში აქვს“.
    აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრივ, უდიდესი შეცდომა და გულარხეინობა იქნება პუტინის „ევრაზიული რიტორიკის“ მხოლოდ წინასაარჩევნო PR-ად გამოცხადება. ეს არ არის უბრალოდ PR - ეს კონკრეტული გეგმაა, რომელიც აღარ იმალება, აღარ „ვუალირდება“ დიპლომატიური ფრაზეოლოგიით, რაკი 2008 წლის აგვისტოში რუსეთი დარწმუნდა, რომ მისი ერთადერთი ტოლი და სწორი მეტოქე (დასავლეთი) ბევრ რამეზე თვალს ხუჭავს და, სამწუხაროდ, არანაირი სიმპტომი არ ჩანს იმისა, რომ კიდევ უფრო მეტზეც არ დახუჭავს.
   
   

მთელ გვერდზე