ედუარდ შევარდნაძე და კავკასია

    საქართველო მართლაც რომ საოცრებების ქვეყანაა. ეს დებულება ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება, მათ შორის პოლიტიკაზეც.
    ის, რაც ბოლო დროს საქართველოში მოხდა, მართლაც საოცრებაა. საქართველოს მეორე პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა რამდენიმე განცხადება, რომელიც არაფრით არ «ჯდება» მისი პოლიტიკის ჩარჩოებში; უფრო მეტიც - კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ პოლიტიკას და სრულიად სხვა პოლიტიკური კურსის ნიშნებს შეიცავს.
    როგორც ცნობილია, ჰეიდარ ალიევის საქართველოში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა მემორანდუმს «კავკასიაში მშვიდობისა და თანამშრომლობის შესახებ». ამ ინიციატივის მიზანია «შიდაკავკასიური დიალოგის ფაქტორის ამოქმედება კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.» თანაც, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი «ღიაა და მას ყველა დაინტერესებული მხარე შეიძლება შეუერთდეს».
    ახლახანს კი, თბილისს ლამის «ოფიციალური ვიზიტით» ეწვია ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი, ახსარბეკ გალაზოვი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ აგრეთვე გამოთქვა უცნაური მოსაზრება ვლადიკავკაზში კავკასიელ ხალხთა ლიდერების შეხვედრის თაობაზე. გალაზოვის აზრით «კავკასიაში მცხოვრები ხალხები საუკუნეთა განმავლობაში ერთ გენოტიპად ჩამოყალიბდა, ამდენად, კავკასია ერთი მთლიანი ორგანიზმია და პოლიტიკური პროცესიც ერთიანი უნდა იყოს».
    ხოლო თბილისში ყოფნისას, გალაზოვი კიდევ უფრო გათამამდა და შორსაც კი წავიდა: «კავკასიაში არსებულ ერთიან გენოტიპს ზოგიერთი უწოდებს კავკასიური ეროვნების წარმომადგენელს (Лицо кавказской националности). ოღონდ ავიწყდებათ, რომ ამ ეროვნების წარმომადგენელი იყო რუსთაველიც, დუმბაძეც და კოსტა ხეთაგუროვიც».
    საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ოსი კოლეგა ისე მიიღო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მეთაური. საქართველოში რუსეთის ელჩი, ვლადიმერ ზემსკი განუწყვეტლივ ცდილობდა «კადრში მოხვედრას» და თვალებსაც მრავალმნიშვნელოვნად აბრიალებდა. მას აშკარად არ მოეწონა შევარდნაძის ინიციატივა და, სარწმუნო წყაროების ცნობით, ყველანაირად ცდილობდა იგი ჩაეშალა, მაგრამ ამაოდ: გალაზოვი რუსეთის კონსტიტუციის თანახმად «სუვერენული რესპუბლიკის მეთაურია» და, გარკვეულ ფარგლებში, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების უფლებაც კი აქვს. მით უმეტეს, მას არავინ დასძრახავდა თბილისში «ფეხბურთის მატჩზე დასასწრებლად» ჩამოსვლისთვის.
    რაც შეეხება შევარდნაძეს, მას ზემსკისთვის ბევრი რამ ჰქონდა საპასუხოდ სათქმელი - დაწყებული არძინბას მოსკოვში ვოიაჟიდან, დამთავრებული «აჭარის ლომისთვის» ხალხთა მეგობრობის ორდენის მინიჭებით, რაც თავისთავად უბინძურესი პროვოკაცია იყო (აბა წარმოიდგინეთ, რა რეაქცია მოჰყვებოდა რუსეთში თათრეთის პრეზიდენტ მინტიმერ შაიმიევისათვის ქართული ორდენის მინიჭებას კრემლთან დაპიისპირების დროს).
    ასე რომ, აქცია შედგა და მან რუსეთში დიდი რეაქციაც გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში, გამგებმა გაიგო და მიმხვედრი მიხვდა, თუ რისი თქმა სურდა შევარდნაძეს. შევარდნაძეს კი «კავკასიური ინიციატივით» აშკარად იმის თქმა უნდოდა, რომ მისი მოთმინება დასასრულს უახლოვდება და თუ რუსეთი უახლოეს მომავალში არ შეცვლის პოლიტიკას აფხაზეთში, მაშინ საქართველოც ძირფესვიანად შეცვლის თავის პოლიტიკას რუსეთის მიმართ და ააღორძინებს კონცეფციას, რომლის თანახმად საქართველოს შეუძლია პირდაპირი კავშირი დაამყაროს ჩრდილოეთკავკასიელ ხალხებთან, გაითვალისწინოს მათი ინტერესები, ზოგიერთი რამ დათმოს საკუთარი ინტერესებიდან და, საბოლოო ჯამში, შექმნას იმგვარი ვითარება, როდესაც კავკასია იქცევა ერთიან ორგანიზმად, რომლისთვისაც რუსეთის გავლენის სფეროში (მით უმეტეს მის შემადგენლობაში) ყოფნა კატეგორიულად მიუღებელი იქნება.
    ეს პოლიტიკური კონცეფცია ეკუთვნის საქართველოს პირველ პრეზიდენტს - ზვიად გამსახურდიას, რომელმაც სცადა ზემოთხსენებული «ბალანსის» მიღწევა კავკასიაში, მაგრამ მისი ცდა წარუმატებლად დამთავრდა. ოღონდ არა იმიტომ, რომ თვით იდეა რეალურ საფუძველს არ ეყრდნობოდა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. «ოპოზიციის» ბრიყვული მოქმედების გამო, რომელმაც საქართველოში დაიწყო შეიარაღებული ამბოხება და დაამხო კანონიერად არჩეული ხელისუფლება. მანამდე კი ყველაფერი გააკეთა ამ იდეის დისკრედიტაციისათვის.
    «კავკასიური სახლის» იდეის დისკრედიტაცია შემდეგაც გრძელდებოდა. 1992 წელს, «საქართველოს რესპუბლიკაში» ორი ფოტოსურათი გამოქვეყნდა: ერთ მათგანზე ზვიად გამსახურდია ხელს ართმევდა ინგუში და ჩეჩენი ხალხების წარმომადგენლებს, რომელთაც ჩოხები ეცვათ, მეორეზე კი - ედუარდ შევარდნაძე ხელს ართმევდა ბუშსა და ბეიკერს. ქვეტექსტი ნათელი იყო: ეს «ბნელი» გამსახურდია მხოლოდ «ველურ» კავკასიელებთან მეგობრობდა, მაშინ როდესაც ედუარდ შევარდნაძე მეგობრობს მსოფლიოს ელიტასთან.
    ერთი ფრიად «განსწავლული» «დემოკრატ-არისტოკრატი» იმ დღეებში შხამიანი ირონიით წერდა: «გამსახურდიას საგარეო პოლიტიკის ერთადერთი წარმატება ჩეჩნეთთან და ყაბარდოელებთან «დაძმობილება» იყოო».
    საინტერესოა, ახლა მაინც თუ ხვდება იგი (და სხვა მისთანანი), რომ აფხაზეთის მომენტის გათვალისწინებით, ჩეჩნებთან და ყაბარდოელებთან მეგობრული ურთიერთობა საქართველოსათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ბელგიასთან ან თუნდაც დიდ ბრიტანეთთან?
    თუმცა, ეს ყოველივე სავსებით თავსდება ჩვენი «დემოკრატიული ოპოზიციის» მიერ გამომუშავებულ იმ პოლიტიკურ ფორმულაში, რომლის თანახმად ყველაფერი, რაც მათ ხელისუფლებაში მოსვლას უშლიდა ხელს - დასაგმობი და უარსაყოფია.
    დღეს საქართველოს მეორე პრეზიდენტი, რომელიც, როგორც ცნობილია, ყოველთვის პრაგმატიზმის პრინციპებიდან გამომდინარე მოქმედებს, ცდილობს დაიწყოს ამ იდეის ექსპლოტაცია, ვინაიდან ხედავს, რომ შექმნილ ვითარებაში სხვა გზა უბრალოდ აღარ აქვს - რუსეთმა კატეგორიულად უარყო წინადადებანი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული «სამშვიდობო ჯარებისათვის» საპოლიციო ფუნქციის მინიჭების თაობაზე. საბაბი ცნობილია: აფხაზები ამ წინადადებებს არ ეთანხმებიან, ხოლო რუსეთს არ შეუძლია დაიწყოს ომი აფხაზეთში.
    ამავე დროს, ბრმა უნდა იყოს პოლიტიკოსი, ვერ დაინახოს, თუ რა შესაძლებლობებს შლის საქართველოს წინაშე ბოლოდროინდელი მოვლენები ჩრდილოეთ კავკასიაში.
    ზვიად გამსახურდიას არაერთგზის უთქვამს: ჩრდილოეთ კავკასია არის საქართველოს ერთადერთი რეალური პოლიტიკური კოზირი. ამას სწორედ დღევანდელი ვითარება ადასტურებს - გრძელდება ომი ჩეჩნეთში, რომელიც თანდათანობით ფართოვდება და მოიცავს ახალ ტერიტორიებს - ინგუშეთსა და დაღესტანში.
    ჩრდილოეთ კავკასიის მმართველი ელიტები აშკარად უკმაყოფილონი არიან კრემლის პოლიტიკით და ცდილობენ «დააბალანსონ» მისი გავლენა. თვით ისეთი «ლოიალური» პოლიტიკოსიც კი, როგორიც ახსარბეკ გალაზოვია, ბედავს დემონსტრაციულად ჩამოვიდეს თბილისში და შეუერთდეს შევარდნაძის «კავკასიურ ინიციატივას», რომელიც თავისი არსით რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, ვინაიდან ითვალისწინებს თურქეთისა და ევროპული ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას კავკასიაში «სამართლიანი მშვიდობის» დამყარების პროცესში.
    ამ შემთხვევაში, საქართველო არც არაფერს აგებს. ვინაიდან ბოლოს და ბოლოს რუსეთმა ჩვენს ქვეყანაში ზეგავლენის თითქმის ყველა ბერკეტი გამოიყენა უკვე, გარდა ასლან აბაშიძის «კოზირისა». ასეა თუ ისე, როგორც იქნა, საქართველო ჭეშმარიტად ძლიერი პოლიტიკის გატარებას იწყებს, ანუ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომელსაც მას კავკასიის უნიკალური გეოპოლიტიკური პოტენციალი ანიჭებს.

«მსგეფსი», 16 მარტი, 1996 წელი.
 

   მთელ გვერდზე