ძველი ახალი წელი

    2016 ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ რაკი არც პოლიტიკა და არც თვით ისტორია კალენდარს არ ცნობს, „ახალი წელი“ რაიმე სიახლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავს, თუ წინა წელს დაწყებული პროცესები და ტენდენციები წარსულში დარჩება, ხოლო „ახალ წელს“ ნამდვილად „ახალი“ პროცესები დაიწყება.
    ამ მხრივ 2017 ბევრს არაფერს გვპირდება. სავარაუდოდ, მხოლოდ გაგრძელდება ის ტრენდები, რომლებიც 2016 იშვა და განვითარდა.
    პირველ რიგში ეს ეხება ლარის დევალვაციას და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ სავალალო ვითარებას.
    ეროვნული ვალუტის დევალვაციაზე ვინ აღარ გააკეთა კომენტარი, რა მოსაზრება არ გამოითქვა, „ექსპერტთა“ ლეგიონს ხომ სულ ოკუპირებული აქვს სატელევიზო სივრცე. თითქოს ყველა თანხმდება, რომ დევალვაციას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: 1) ბიუჯეტის გადატვირთულობა სოციალური თუ ადმინისტრაციული ხარჯებით, შესაბამისად, მთავრობის უარი გადასახადების შემცირებაზე და 2) დოლარის გამყარება, შესაბამისად თურქული ლირასა და რუბლის დევალვაცია გლობალური ვალუტის მიმართ.
    მაგრამ რატომღაც ვერავინ ამჩნევს (ან ამჩნევენ და ღიად თქმას ერიდებიან), რომ ვერც პირველი, ვერც მეორე მიზეზი ლარს ასე ვერ „დასცემდა“ იმ უმთავრესი პირობის დაცვის შემთხვევაში, რაც მუდამ უზრუნველყოფს ვალუტის სტაბილურობას მიუხედავად ყველა საგარეო თუ საშინაო ეკონომიკური ფაქტორისა: ეს პირობაა ეკონომიკაში ეროვნული ვალუტის ბრუნვისას ფულადი „მასის“ გაზრდაზე უარის თქმა.
    ანუ, საკმარისია ეროვნულმა ბანკმა უარი თქვას ლარის დამატებითი მასის გაშვებაზე მიმოქცევაში, მით უმეტეს, გამოიყენოს სავალუტო რეზერვები ლარის მასის შესამცირებლად, რომ ეროვნული ვალუტა აუცილებლად გამყარდება! მთავრობას კი აღარ დასჭირდება ისეთი ექსტრავაგანტული (თუმცა სოციოფსიქოლოგიურად დამაზიანებელი) პროგრამების განხორციელება, როგორიცაა „იპოთეკური სესხების ლარიზაცია“ და ა.შ.
    ამ მომენტს თუ დავაკვირდებით, უმალვე ნათელი ხდება: სინამდვილეში, მთავრობა მიზანმიმართულად აუფასურებს ლარს - სპეციალურად უშვებს მიმოქცევაში ლარის დამატებით მასას, რათა ეროვნული ვალუტა გარკვეულ დონეზე დაიყვანოს თურქული ლირას მიმართ.
    ოღონდ, კვირიკაშვილის მთავრობა ამას აკეთებს არა „ბოროტების“, „ქვეყნის მტრობის“ ან „პუტინის აგენტობის“ გამო“, არამედ იმ მოსაზრებით, რომ თუ ლარი - თურქული ლირას, აზერბაიჯანული მანათის, რუსული რუბლის და უკრაინული გრივნას მიმართ მეტისმეტად გამყარდა, ეს გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის, განსაკუთრებით ისედაც სულთმობრძავი წარმოების სრულ განადგურებას. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სავაჭრო სალდო კატასტროფულია. შესაბამისად, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქცია საერთოდ აღარ იარსებებს. „მყარი ლარი“ განაპირობებს უმუშევრობის შემდგომ ზრდას და ვითარება ქვეყანაში კიდევ უფრო გართულდება.
    სწორედ ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობს კვირიკაშვილის კაბინეტი, როდესაც არათუ ხელს უშლის ლარის დევალვაციას, არამედ პირიქით, ყველანაირად აძლიერებს ამ პროცესს, რათა ლარი - ლირას, მანათს, რუბლს და გრივნას „დაუახლოვოს“.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, ხელისუფლებას ნამდვილად შეეძლო ლარის „შეკავება“, მაგრამ აღმოჩნდა „ცუდსა და უარესს“ შორის არჩევანის წინაშე. შესაბამისად, კვირიკაშვილმა „ცუდი“ აირჩია.
    მომავალ წელს აღწერილი ტენდენცია უეჭველად გაგრძელდება, მთავრობა კი კვლავ გადადგამს სიმბოლურ PR-ნაბიჯებს, შეამცირებს ხარჯებს და მიიღებს კრიტიკას იმ ადამიანთა მხრიდან, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ისტერიულად „აპიარებდა“ სახელმწიფო ხარჯების შემცირების აუცილებლობას, ახლა კი ანალოგიურ ისტერიკას მართავს სახელმწიფო მოხელეთა „ქუჩაში გაყრის“ გამო, თითქოს ხარჯების შემცირება რაიმე სხვას შეიძლება ნიშნავდეს, გარდა ათეულობით ათასი უსაქმური მოხელის სამსახურებიდან „გაშვებისა“.
    სხვათა შორის, იმასაც მივაქციოთ, ბოლოს და ბოლოს, კუთვნილი ყურადღება, რომ ზემოთხსენებულ „იპოთეკართა“ უდიდესი ნაწილი სწორედ ეს მოხელეები არიან. ანუ მთავრობა მათ, გარკვეული აზრით, კომპენსაციას უხდის ამ ე.წ. „სესხების ლარიზაციით“.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    2017 წელს გაგრძელდება „საკონსტიტუციო პროცესი“: მმართველმა პარტიამ შექმნა წარმომადგენლობითი კომისია, რომელშიც სრულად „ინკორპორირდა“ ქართული პოლიტელიტა.
    სინამდვილეში, თავმჯდომარის ფიგურა კი არ იყო განმსაზღვრელი და პრინციპული, არამედ სწორედ ამ კომისიის წარმომადგენლობითობა. მისი შემადგენლობა კი იმას მიანიშნებს, რომ სინამდვილეში, „ქართულ ოცნებას“ სულაც არ ეპიტნავება სერიოზული რეფორმის განხორციელება და მთელი ეს საუბრები „ძირითადი კანონის შეცვლაზე“ მარტივი ფეიკია.
    რატომღაც ვერავინ ამჩნევს: საკონსტიტუციო რეფორმა ნიშნავს არა მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის წესს („ხალხი“ აირჩევს მას თუ პარლამენტი) არამედ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებასა და 2020 წლისთვის მთლიანად პროპორციულ-პარტიულ სისტემაზე გადასვლას.
    ის ხალხი, ვინც პირველ რეფორმას ეწინააღმდეგება, ხოლო მეორეს მხარს უჭერს, სირაქლემას პოზიციაში იმყოფება და ვერ ამჩნევს: ხელისუფლება ცდილობს ამ ორი საკითხის „დაპაკეტებას“, რაკი სულაც არ აწყობს მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება. პრეზიდენტის არჩევის წესი კი, სინამდვილეში, არც იმდენად არსებითია; ყოველ შემთხვევაში ბევრად ნაკლებ არსებითი ვიდრე ის, ჩატარდება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით.
    ამიტომ, მმართველმა გუნდა შემდეგი ტაქტიკა აირჩია: იყოს კომისია, დახოცონ იქ ქართული „პოლიტოკრატიის“ ლიდერებმა ერთმანეთი, იკამათონ დაუსრულებლად (ფუჭად), მაინც ვერასდროს ვერაფერზე შეთანხმდებიან და ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის.
    უკიდურეს შემთხვევაში, მმართველ პარტიას მუდამ შეეძლება ამ „დაპაკეტების“ გამოყენება და სხვადასხვა საკითხის ერთმანეთთან ისე „მიბმა“, რომ ოპოზიციას კარგი არჩევანი აღარ დარჩეს: ან უნდა დათანხმდეს საპრეზიდენტო არჩევნების ფაქტიურ გაუქმებას, ან შეურიგდეს მაჟორიტარული არჩევნების შენარჩუნებას.
    ელემენტარული საღი აზრია საკმარისი იმის მისახვედრად, რომ არც ერთი მაჟორიტარი, რომელ პარტიასაც არ უნდა წარმოადგენდეს (არადა თითქმის მთლიანად „ოცნებას“ წარმოადგენენ) არ მისცემს ხმას მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას. ეს უბრალოდ გამორიცხულია. 113 ხმა კი (ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა), მათ გარეშე ვერანაირად ვერ შეგროვდება.
    ესე იგი, ყბადაღებული „საკონსტიტუციო რეფორმა“ ბლეფია. თანაც, საკმაოდ ოსტატურად გათამაშებული
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    საგარეო პოლიტიკაში უეჭველად გაგრძელდება „ბალანსირების“ პოლიტიკა. თუმცა მას სერიოზული საფრთხეც ემუქრება, რადგან ამერიკის ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აპირებს გაურიგდეს პუტინს და ჩააბაროს მას პოსტსაბჭოური სივრცე -- ბალტიის გამოკლებით!
    ამ მიზნით, უახლოეს მომავალში, მოსკოვს ეწვევა ამერიკული დიპლომატიის „მასტოდანტად“ წოდებული ჰენრი კისინჯერი, რათა მოამზადოს თვით ტრამპის ვიზიტი.
    თუმცა, ტრამპი მხოლოდ ღიად იტყვის იმას, რასაც ობამა და ევროპელი ლიდერები ისედაც აკეთებდნენ: 2008 წლის ომისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ ისინი უხმოდ, „დე-ფაქტო“ აღიარებენ ამ სივრცეს რუსეთის გავლენის სფეროდ. უბრალოდ, ტრამპი შეეცდება ეს გარიგება პოლიტიკურად „გააფორმოს“, რათა მიხედოს (მისი აზრით) ამერიკის ნამდვილ მტერს - ჩინეთს.
    რამდენად მოახერხებს ამას ამერიკის ახალი პრეზიდენტი, - სხვა საქმეა. ყოველ შემთხვევაში, წინა ადმინისტრაციას თავი ნამდვილად არ მოუკლავს საქართველოს ან უკრაინის მხარდაჭერით და მხოლოდ სახის შენარჩუნებას ცდილობდა.
    ამ ვითარებაში, 2017 წელს, საქართველოს ხელისუფლება და სისტემური ოპოზიცია განაგრძობენ წინა წლებში გამომუშავებულ თამაშს, როდესაც თითქოს „ყოველ დღე ელიან“ იმას, რისი იმედიც, სინამდვილეში არა აქვთ.
    სამაგიეროდ, ოპოზიცია ვერ მიიღებს „სათქმელს“ ხელისუფლების წინააღმდეგ, თითქოს იგი „პროდასავლურ კურსს ღალატობს“. არადა, „ოცნებისთვის“ სწორედ ესაა მთავარი.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ერთადერთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელმაც შესაძლოა (ესეც სათუოა) დასრულებული სახე მიიღოს ახალ წელს, იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა.
    თანაპარტიელებმა დაპირისპირების ისეთი მაღალი „თამასა“ ასწიეს უკვე, რომ მისი დაწევა ნამდვილად გაუჭირდებათ. გამორიცხული არ არის, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა.
    ყველაფერი დამოკიდებულია მიხეილ სააკაშვილზე, თუმცა ექსპრეზიდენტი ნამდვილად არ ამჟღავნებს კომპრომისზე წასვლის სურვილს.
    თუ ეს პარტია დაიშალა იმ ფორმით, რომ „ენმ“ მისი საპარლამენტო წარმომადგენლობის უმრავლესობამ დატოვა, შეიძლება ითქვას, ისტორია საქართველოში „გაჩერდება“ და ბიძინა ივანიშვილის განცხადებები „20 წლიანი მმართველობის“ შესახებ სულაც აღარ მოგვეჩვენება არარეალურად.

        მთელ გვერდზე