რუსული დემოგრაფიის საოცრებები

    რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაცია „როსსტატმა“, როგორც იქნა, გამოაქვეყნა საყოველთაო აღწერის შედეგები, რომელიც 2010 წელს ჩატარდა. გასაკვირი არ არის, რომ „არასასიამოვნო“ მონაცემებს დღემდე ჩქმალავდნენ, რადგან მასში რამდენიმე უბრალოდ გამაოგნებელია ციფრია. თანაც არა მხოლოდ რუსებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც.
    პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ რუსი ერი განაგრძობს კვდომას! ამას ცივი და უემოციო სტატისტიკა ადასტურებს: 1989 წელს რუსეთში (მაშინ მას „რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა“ - РСФСР ეწოდებოდა) 119 მილიონ 870 ათასი ეთნიკური რუსი ცხოვრობდა. 2002 წელს - 115 მილიონ 890 ათასი რუსი დაფიქსირდა, ხოლო ბოლო გამოკითხვით - 111 მილიონ 20 ათასი!!! თავად განსაჯეთ, რამდენად დიდი და შემზარავია ერის დემოგრაფიული პოტენციალის კლება.
    თანაც რუსი ერი, თუ სოციოლოგთა ტერმინოლოგიით ვიტყვით, „ბერდება“, ანუ მოხუცებულთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და თუ ასე გაგრძელდა, მიცვალებულთა ოდენობაც იმავე პროგრესიით გაიზრდება.
    „ბოროტგასახარი“ აქ, რასაკვირველია, არაფერია: მხოლოდ კლინიკურ იდიოტს შეიძლება უხაროდეს ერის ამოწყვეტა. მით უმეტეს მეზობელი და ერთმორწმუნე ერისა, მაგრამ რეალობა რეალობაა და მისი არდანახვაც არ შეიძლება
    თანაც, ეს ყოველივე ხდება იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის მთავრობა მილიარდებს ხარჯავს დემოგრაფიული სიტუაციის გამოსასწორებლად: ჯერ კიდევ ვლადიმერ პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადიდან, ყოველ მეორე შვილზე დედას 30 ათას დოლარს უხდიან! რატომ არა მესამე და მეოთხე შვილისთვის? იმიტომ, რომ რუსი ეთნოსის მთავარი პრობლემა, როგორც აღმოჩნდა, ერთშვილიანი ოჯახებია, ხოლო თუ ოჯახს მეორე შვილიც ყავს, უმრავლეს შემთხვევაში იგი მესამესაც იყოლიებს და ა.შ.
    აქ არის კიდევ ერთი და რუსეთის ხელისუფლებისათვის ერთობ სამარცხვინო მომენტი: პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგი, ცნობილი პუბლიცისტი (თავის დროზე „ნეზავისიმაია გაზეტას“ დამაარსებელი) ვიტალი ტრეტიაკოვი პირდაპირ წერდა, რომ მესამე და მეოთხე შვილის დაფინანსება რუსეთში „არარუს ეთნოსებს გაამრავლებდა“ ანუ ჩეჩნებს, ყალმუხებს, თათრებს, ბაშკირებს და ა.შ. რაკი მათ მეორე შვილი, როგორც წესი, ისედაც ჰყავთ. მეორე შვილის დაფინანსება კი უმეტესწილად, რუსებს ამრავლებს.
    ამის მიუხედავად, ბოლო დროის დინამიკა ასეთია: თითქმის ყველა ერი რუსეთში სწრაფად მრავლდება, გარდა რუსებისა! ახლა კი, მოდით ამ სავალალო პროცესს შევხედოთ ვდადიმერ პუტინის თვალით და ვიგულისხმოთ მისი იდეა „ევრაზიული კავშირის“ შექმნის თაობაზე. მისი ერთ-ერთი მიზანი სწორედ იმ რუსების ისევ ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცის შემადგენლობაში მოქცევაა, რომლებიც უკრაინასა და ყაზახეთში ან სხვა რესპუბლიკებში ცხოვრობენ.
    ყველანაირი ცნობებით, უკრაინაში 20 მილიონამდე რუსი ცხოვრობს და კიდევ 10 მილიონამდე ე.წ. „რუსულენოვანი“, ანუ განსაკუთრებული კატეგორია, რომლის იდენტობა მერყევია, ესე იგი „იქითაც“ შეიძლება გადაიხაროს („უკრაინელობისკენ“) და „აქეთაც“ („რუსობისაკენ“). რაღა გასაკვირია, რომ რუსეთის პრეზიდენტს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში „სატიტულო ეთნოსი“ ხელიდან ეცლება, სურდეს მისი „შევსება“ უკრაიანასა და ყაზახეთში დარჩენილი „თანაეთნოსელებით?“
    თუმცა, გაურკვეველია რა ძირითად მეთოდს მიმართავს იგი: ტერიტორიების შემოერთებას თუ თანამემამულეთა გადმოსახლებას? უკრაინის შემთხვევაში ალბათ პირველს და სწორედ ამით აიხსნება ესოდენი დაჟინება უკრაინის „ევრაზიულ კავშირში“ შესათრევად. თუმცა, იმავე პუტინმა ამას წინათ განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს აქვთ უფლება, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა.
    დღემდე მოსკოვი ამას არ აკეთებდა. განსხვავებით აფხაზებისა და ოსებისაგან, ყაზახეთში ან თბილისში მცხოვრები რუსისთვის რუსული პასპორტის აღება უდიდესი პრობლემა იყო. მიზეზი იოლად ასახსნელია: მოსკოვს სულაც არ ეპიტნავებოდა რუსებისაგან ყოფილი „მოკავშირე რესპუბლიკების“ დაცლა, რაც მის გავლენას შეამცირებდა. აფხაზების რუსეთში გადასახლება კი მისთვის ხელსაყრელია, ვინაიდან იმ მადლიან მხარეს (როგორც თავად იმედოვნებენ) რუსები სიამოვნებით აითვისებენ და ამისთვის განსაკუთრებული დემოგრაფიული რესურსი სულაც არ დასჭირდებათ.
    დათვალეს, გათვალეს, იანგარიშეს და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მოქალაქეობის მიცემა მაინც უფრო ხელსაყრელი იქნება. თუნდაც დემოგრაფიული ბალანსის დასაცავად.
    მაგრამ ყველაზე საოცარი „როსსტატის“ მონაცემებში ის გახლავთ, რომ მსხვილ ეთნოსებს შორის ქართველები საერთოდ არ ფიგურირებენ: ცხრილი მთავრდება ინგუშებით, რომელთა ოდენობა, ბოლო მონაცემებით, 440 ათასს აღწევს.
    კი მაგრამ ქართველები? გამოდის, ქართველები რუსეთში 440 ათასზე ნაკლებნი არიან?! არადა, 10 წელია პუტინისგან გვესმის „დამადლება“, რომ რუსეთში „მილიონამდე ქართველი ცხოვრობს“; ჩვენშიც ხშირად იმეორებენ ამ ციფრს: „მილიონი ქართველი რუსეთში“. მერედა, სად არის ეს ხალხი, რატომ არ ჩანს მონაცემებში?
    აქვე ვიტყვი, რომ რაიმე გაყალბება უბრალოდ გამორიცხულია: „როსსტატი“ სერიოზული ორგანიზაციაა და მით უმეტეს გაუგებარია, რაში უნდა აწყობდეს მას ქართველთა რიცხვის შემცირება, როდესაც ეს ლამის მთავარი არგუმენტია რუსი პროპაგანდისტებისა და ხელისუფალთათვის?!
    ისიც აღსანიშნავია, რომ ყველა გამოკვლევით, რაც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა, ქართველთა შორის შობადობა მატულობს. რა თქმა უნდა, ეს „ვარდების რევოლუციის“ დამსახურება არ არის. ალბათ თუ ვინმეს ეკუთვნის მადლობა, ისევ ეკლესიას. მაგრამ ფაქტია, რომ რუსებისაგან განსხვავებით, ქართველებს დემოგრაფიული კატასტროფა არ გვემუქრება, რაც უდავოდ სასიხარულოა!

    მთელ გვერდზე