Sine ira et studio (რისხვისა და მიკერძოების გარეშე)

რით ვეღარ დაგვთვალეთ?

    15 წელია მთელი მსოფლიო ლამის ყოველწლიურად გვთვლის ქართველებს და ვერ დაგვთვალეს. ეს პროცესი განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ აქტიურდება: თუ გავითვალისწინებთ იმ თანხებს, რაც ეუთოს, ევროკავშირის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფონდებიდან იხარჯება, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილებაც დაგვრჩეს, რომ მსოფლიოს მართლა აღარ აქვს იმაზე დიდი პრიორიტეტი, ვიდრე საქართველოში ამომრჩეველთა დათვლა და ზუსტი საარჩევნო სიის დადგენაა.
    ისე გამალებით, ისე გაფაციცებით გვითვლიან, რომ არავის გაუკვირდეს, თუ მორიგი საარჩევნო ციკლის მშვიდობიანად დასრულების შემდეგ, დასავლეთის სახელმწიფოთა პარლამენტები საგანგებო განცხადებას მიიღებენ და შვების ოხვრა – «უუუუუჰ რას გადავრჩით», – დიპლომატიური ფრაზეოლოგიით აღარ იქნება შენიღბული; რომის პაპი კი სპეციალურ წირვას გადაიხდის სიქსტის კაპელაში, სადაც პონტიფიკს ირჩევენ ხოლმე. აბა იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში ამომრჩევლების დათვლა და ზუსტი საარჩევნო სიის დადგენა წმინდა პეტრეს ტახტის მპყრობლის არჩევაზე ნაკლები მოვლენაა კაცობრიობისთვის?
    ეგაა მხოლოდ: მაინც გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა ამ ტიტანური საკაცობრიო მისიის წარმატებით დასრულება. კი, დადიან კარდაკარ, კითხულობენ, ითვლიან, ადარებენ, მაგრამ ასე დადიან უკვე 15 წელია. სხვათა შორის, აქვე შევნიშნოთ, რომ 1990 წელს, როდესაც პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, არანაირი «კარდაკარი» იმ არჩევნების სამართლიანობას არ დასჭირვებია: ისიც ძნელი სათქმელია, საერთოდ არსებობდა თუ არა მაშინ «სარჩევნო სია» როგორც ასეთი, თუ ამომრჩევლებს უბრალოდ პასპორტი მიჰქონდათ უბანზე და ჩაწერის ადგილის მიხედვით ასრულებდნენ თავიანთ მოქალაქეობრივ მოვალეობას.
    მას შემდეგ საარჩევნო პროცედურები არჩევნებიდან – არჩევნებამდე რთულდება. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ სიამ რევოლუციაც გამოიწვია: 2003 წლის შემოდგომაზე, ედუარდ შევარდნაძის გასაცოდავებული ხელისუფლების დასალიერს, საარჩევნო სია იმდენად აბურდულ–დაბურდული გამოდგა, რომ მკვდარსა და ცოცხალს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდი.
    მართალია მოგვიანებით ბოროტი ენები მიუთითებდნენ იმ უცნაურ გარემოებაზე, რომ ხსენებული სიების შედგენა ეროსი კიწმარიშვილის რუსთავი–2–ს (!) დაევალა (სწორედ მის კომპიუტერულ ცენტრში ხდებოდა სიების დამუშავება), მაგრამ მაშინ ამას ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება. არადა, ხომ კარგად გახსოვთ, რამდენად დაინტერესებული იყო მაშინდელი «რუსთავი–2 « ქვეყანში სტაბილურობითა და რევოლუციის თავიდან აცილებით?
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. .... . ;. . . . . .
    უცხოელი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო სიებთან და გაუთავებელ კარდაკარ თვლასთან დაკავშირებული მთელი ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად გაუგებარია. ისინი ვერა და ვერ ხვდებიან, რატომ აქვს ასეთი მნიშვნელობა წინასწარ საარჩევნო სიების შედეგნას. არ დამავიწყდება, ერთხელ, როდესაც ჟურნალისტური სიუჟეტის გასაკეთებლად «ცსკ»–ს ვსტუმრობდი, ოპოზიციური ქვოტით დანიშნული თანამშრომლისა და უცხოელი დამკვირვებლის ასეთ საუბარს შევესწარი:
    – ვერ გამიგია, რას იკლავთ თავს და რატომ ხარჯავთ ამდენ რესურსს ამ გაუთავებელი გადათვლა–გადმოთვლისთვის. რა მნიშვნელობა აქვს ამას არჩევნების სამართლიანობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით? – განცვიფრებით კითხულობდა გულუბრყვილო უცხოელი
    – კი მაგრამ, როგორ ვერ ხვდებით: თუ სია არ იქნება ზუსტი, მაშინ იქ მკვდარი სულებიც მოხვდებიან, ანუ გარდაცვლილი ან ქვეყანაში არმყოფი ადამიანები
    – ვერ გავიგე, – მერე რა, თუ მკვდარი სულები მოხვდებიან. ამას არჩევნებთან რა კავშირი აქვს? მოხვდებიან და მოხვდნენ: არჩევნებში ხომ ცოცხლები იღებენ მონაწილეობას და არა მკვდრები?
    – ჭკვიანი კაცი მგონიხართ და ასეთ ნაივურ კითხვებს როგორ სვამთ: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ იმ მკვდრის ნაცვლად საარჩევნო უბანზე ხელისუფლების ცოცხალი წარმომადგენელი მივა და ხმას სახელისუფლებო პარტიას მისცემს?!
    – როგორ მისცემს ხმას – მკვდრის პასპორტით და პირადობის მოწმობით?
    – რა თქმა უნდა! იმ პირადობის მოწმობით, რომელსაც სპეციალურად დაუმზადებენ ამ მიზნით
    – მაშინ ხელისუფლებამ ათეულობით ათასი ამგვარი მოწმობა უნდა დაამზადოს და ნუთუ ეს ამბავი არსად გამომჟღავნდება? ამ ლოგიკით მაშინ მკვდრის პირადობის მოწმობით ყველაფრის გაკეთება შეიძლება: ქონების გადაფორმება–გადმოფორმება, გადასახადების გადახდა და ა.შ. ბოლოს და ბოლოს მარკირება ხომ ტარდება და ორჯერ როგორ მისცემს ერთი და იგივე ადამიანი ხმას?
    ამ ბოლო არგუმენტს ოპოზიციონერის მწარე ღიმილი მოჰყვა, რასაც ევროპელმა მხრების აჩეჩვით უპასუხა, თითქოს ჩაიბურტყუნა: «მაშინ თქვენ ქვეყანა და სახელმწიფო საერთოდ არ ყოფილხართ და რა გაგვიჭირეთო საქმე».
    ევროპაში რომ არანაირი «კარდაკარი» არ ტარდება, სულაც არ ნიშნავს, თითქოს მოსახლეობას არ ითვლიან. როგორ არ ითვლიან, – დაახლეობით 10 წელიწადში ერთხელ ტარდება საყოველთაო აღწერა – მაგრამ არა საარჩევნო სიების შესადგენად. თუ ადამიანი ცოცხალია, არჩევნების დღეს ქვეყანში იმყოფება, იგი მივა უბანზე, წარადგენს პირადობის მოწმობას და მისცემს ხმას. მორჩა და გათავდა!
    განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში წარმოუდეგნელია სიტუაცია, როდესაც ადამიანი მიდის უბანზე, ადასტურებს თავის მოქალაქეობას, მაგრამ რაკი სპეციალურად შედგენილ საარჩევნო სიაში შეცდომით ვერ მოხვდა, ამის გამო ხმის უფლებას ართმევენ და ბიულეტენს აღარ აძლევენ.
    ე.წ. «დამატებითი სიები» რა არის – ევროპელს საერთოდ ვერ აუხსნი. რას ნიშნავს «დამატებითი სია?» 2003 წლის რევოლუციის წინ პარლამენტმა ასეთი სიები აკრძალა. შემდეგ ადამიანები მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე, ვერ პოულობდნენ საკუთარ თავს სიებში და ხმასაც ვერ აძლევდნენ, რაც მოქალაქეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევდა. რევოლუციის შემდეგ დამატებითი სია აღდგა, ანუ თუ ძირითად სიაში არ ხარ, დამატებითში შეგიყვანენ, რაც კიდევ უფრო დიდი აბსურდია: მაშინ საერთოდ რა საჭიროა ეს საარჩევნო სიები, მათი კარდაკარ შემოწმება. ამდენი დროის, ფულის და ნერვების ხარჯვა?
    ეს ყოველივე კი დასრულდა აბსურდის აპოგეით, როდესაც ერთ–ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ თითის ანაბეჭდებისა და თვალის გუგის სკანირებით მოითხოვა არჩენების ჩატარება, ესე იგი იმ სირთულის პროცედურით, რითაც სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ან ვიზის გაცემისას თუ საზღვრის გადაკვეთისას ხდება ადამიანის ზუსტი იდენტიფიცირება.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    და მაინც, მოდიან და მოდიან, უჭირავთ ხელში უზარმაზარი საქაღალდეები, გიშლიან ნერვებს, გართმევენ დროს, ითვლიან, ითვლიან, ადგენენ, ადგენენ და ვერაფრით შეადგინეს.
    ბოლოს და ბოლოს რა გვჭირს ასეთი უშველებელი და შეუდგენელ–დაუდგენელი ამ ქართველებს. რით ვეღარ დავითვალეთ საკუთარი თავი?
    რა გვჭირს და გვჭირს პოლიტიკური ელიტის ავადმყოფობა, რაც ჩვენი საერთო ეროვნული ავადმყოფობის გამოხატულებაა: საარჩევნი სია ხომ მხოლოდ «პაროლია», რომლითაც პოლიტიკური პარტიები არჩევნებში საკუთარი მარცხის გადაფარვას ცდილობენ ხოლმე. რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ მარტივ ეშმაკობებზე, როგორიცაა სიის შემდგენი კომისიის სათავეში კონკრეტული პარტიის წარმომადგენლის ყოფნა, რის შედეგადაც, კარდაკარ მოსიარულე აქტივისტები უკვე ამ პარტიის წარმომადგენლებად აღქიმებიან, ხოლო თვით ეს პარტია ამომრჩევლებს ბევრად სერიოზულად ეჩვენებათ, ვიდრე არის სინამდვილეში.
    იმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, თუ რამდენჯერ შეიცვალა ეს ჩვენი საარჩევნო კოდექსი, რამდენჯერ გადაკეთდა, გადმოკეთდა, ახლიდან დაიწერა და ა.შ. საქმეს მაინც არაფერი ეშველა და არც ეშველება მანამ, სანამ საქართველოში არ გაჩნდება სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, გამორიცხავს ყოველგვარ მანიპულაციას არჩევნებზე და უზრუნველყოფს ისეთ ატმოსფეროს, როდესაც ვერც ერთ ჩინოსანს ვერ მოუვა თავში, ვერც კი გაბედავს და წარმოიდგენს რაიმე გაყალბებას. ისევე, როგორც ვერც ერთი პოლიტიკოსი (მათ შორის ოპოზიციონერი) ვერ ისპეკულირებს საარჩევნო სიებისა და გულისგამაწვრილებელი კარდაკარის თემით.
    რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, მისი მშვიდობიანი დასრულებისთვის (განურჩევლად იმისა, ოპოზიცია მოიგებს თუ ხელისუფლება) კარდაკარ სიარულსა და საარჩევნო სიის შედეგნას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
    გააჩნია, პოლიტიკურ ძალებს რეალურად რა ძალა და რესურსები ექნებათ.

მთელ გვერდზე