წმინდად ქართული მკვლელობა

    «ილიაუნში» დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, სხვა მრავალ კითხვასთან ერთად ასეთიც გაისმოდა: დაიხურება თუ არა ამიერიდან «ილიას უნივერსიტეტი» შემსვლელებისათვის, გაგრძელდება თუ არა «ღია კარის» რეჟიმი და დაიწყებენ თუ არა შემომსვლელთა ჩხრეკას ისევე, როგორც საბუთების შემოწმებას?
    რატომღაც მგონია, «ილიაუნის» რექტორი საკმარისად ადეკვატური პიროვნებაა, ასეთი იდიოტური გადაწყვეტილება არ მიიღოს, რადგან ჯერ ერთი, არავითარი კავშირი ამ საზარელ მკვლელობას «ილიაუნის ღია კართან» არა აქვს და, გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით «ილიას უნივერსიტეტი» სამარცხვინოდ იტყვის, რომ ეს საზოგადო პრობლემა, რაც საშინელ მკვლელობაში გამოიხატა, მისი პრობლემა არ არის და ოღონდ მის კედლებში არ მოხდეს – «სხვა ყველაფერი წყალს წაუღია».
    კიდევ უფრო დიდი საოცრებაა, მომხდარის დაკავშირება რუსი ბლოგერის, მაქსიმ შევჩნკოს ვიზიტთან თბილისში, რომელიც მართლა იმყოფებოდა აქ ჟურნალისტურ ფორუმზე დასასწრებად. აინშტაინი კი ამბობდა, «ადამიანურ იდიოტიზმს, სამყაროსაგან განსხვავებით, სასრული არა აქვსო», მაგრამ რაღაც ისეთი მაინც ხომ უნდა ითქვას, კედელზე თავის ხლის სურვილი არ გაგიჩნდეს ადამიანს? რა შუაშია მაქსიმ შევჩენკო, პუტინი და რუსეთი მაკა წივწივაძის მკვლელობასთან?
    თუ ის იგულისხმება, რომ რუსეთიდან მოდის ეს რეაქცია, სიბნელე და ქალებისადმი შეუწყნარებლობა, საქმე, ნუ გაგიკვირდებათ და, სწორედ პირიქითაა: რუსული საზოგადოება ამ მხრივ ბევრად მეტად შემწყნარებელია, ვიდრე ქართული - რუსულ საზოგადოებაში ქალი ბევრად მეტად და უკეთ არის დაცული, რუსეთში ქალი ბევრად თავისუფალია (ამ აზრით) და ბევრად ნაკლებადაა შეზღუდული ცალმხრივი, დისკრიმინაციული, მხოლოდ ქალისათვის განკუთვნილი აკრძალვებით. რუსული სახელმწიფოც, აქედან გამომდინარე, ბევრად უკეთ და მტკიცედ იცავს ქალის უფლებებს, ვიდრე ქართული. შეადარეთ შესაბამისი კანონდებლობა (პრაქტიკაც!) და ამაში იოლად დარწმუნდებით.
    ასე რომ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა ჩანდეს და როგორც არ უნდა გვძულდეს «ოკუპანტი რუსეთი» ან თუნდაც იგივე «დერჟავნიკი შევჩენკო», თუ საზოგადოების მხრიდან ქალის უფლებებისა და მისი თავისუფალი არჩევანის პატივისცემაზეა ლაპარაკი, მაშინ სწორედ იმ საზოგადოებრივი ნორმების გადმოღებაზე უნდა ვზრუნავდეთ, რომლითაც, რუსეთი ბევრად ახლოა შვედეთან და ევროკავშირთან ზოგადად, ვიდრე საქართველო. ამ მხრივ რუსეთი სწორედაც ბევრად უფრო «ევროპაა», ვიდრე ევროპასთან «ასოცირებული» საქართველო.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ იმ საცოდავ ქალს, რომლის სასოწარკვეთილი «მიშველეთ» ქართული საზოგადოების განაჩენია. ვერავინ უშველიდა. მათ შორის ვერც პოლიცია, როგორი «ორდერიც» არ უნდა გამოეწერა!
    «შემაკავებელი ორდერი» მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ყოფილ ქმარს მაკასთან მიახლოებას იურიდიულად აუკრძალავდა. მაგრამ არამც და არამც არ გულისხმობს რაიმე სადღეღამისო დაცვის გამოყოფას, მით უმეტეს პოტენციური მკვლელის დაპატიმრებას – უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევით.
    რის საფუძველზე უნდა დაეპატიმრებინათ, SMS-ებს რომ წერდა? მერე და, თუ იმ შეტყობინებებში პირდაპირ არ იყო მკვლელობის მუქარა (დარწმუნებული ვარ, არ იქნებოდა) პოლიციას რა უნდა ეღონა? «შემაკავებელი ორდერი» როგორ და რა მექანიზმით შეუშლიდა ხელს მკვლელს, წაეღო იარაღი, მისულიყო მსხვერპლთან, მოეკლა და მერე თავში ეხალა ტყვია, თუ მას ამის ჩადენა გადაწყვეტილი ჰქონდა და თუ მაკაც სადმე არ გადაიკარგებოდა, ანუ მთლიანად არ იტყოდა უარს საკუთარ ცხოვრებაზე?
    სხვა შემთხვევაში, მკვლელობა აბსოლუტურად გარდაუვალი იყო, ხოლო მაკა – განწირული!
    «იარაღთან წვდომაო». კარგით რა ხალხო, რა შუაშია აქ იარაღი? ისევ და ისევ, თუ მკვლელობა გადაწყვეტილი ჰქონდა, დანით მოკლავდა ბოლოს და ბოლოს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რაც შეეხება სირღმისეულ მიზეზს, სირღმისეული მიზეზია თვით ქართული საზოგადოება, - «ოჯახისა» და «ქორწინების» ინსტიტუტებისადმი მისი ბნელი და რეტროგრადული, შუასაუკუნოვანი დამოკიდებულება.
    მივაქციოთ ყურადღება დეტალებს, რომლებიც პრობლემისა და ტრაგედიის არსს მთლიანად «ხსნიან»: მაკა ქმარს ქორწინებიდან ერთ წელიწადში დაშორდა. ესე იგი, საკუთარი შეცდომა მხოლოდ მას შემდეგ გააცნობიერა (აღმოაჩინა), რაც დაუწერელი «კონტრაქტი» გააფორმა.
    ერთდროს იტალიაში ქორწინებას «სისხლით კონტრაქტს» უწოდებდნენ. მაგრამ ეს იყო მაშინ და იმ დროს, როდესაც რომის «ვარდების მოედნებზე» წვავდნენ ქალებს. მას შემდეგ ევროპულ მდინარეებში ბევრმა წყალმა ჩაიარა, საზოგადოება განვითარდა და ახალი სოციალური ინსტიტუტები შეიქმნა.
    აი, მაგალითად: ჩვენში გავრცელებული ბრიყვული სტერეოტიპის თანახმად, იტალიური, ფრანგული, ინგლისური, ერთი სიტყვით «ევროპული ოჯახი» ბევრად მყიფეა, ვიდრე ქართული – გრანდიოზული ქორწილით, სვეტიცხოველში ჯვრისწერით, დიდი ყანწითა და «დედმამიშვილების» სადღეგრძელოთი განმტკიცებული. სინამდვილეში პირიქითაა: იქ ძალიან იშვიათია ამგვარი შემთხვევა, რომ ქალი გათხოვდეს და სულ ერთ წელიწადში «გამოთხოვდეს», რაკი განიხიბლოს და გული აეყაროს. იმიტომ, რომ ნორმალურ, ცივილურ საზოგადოებებში არსებობს ისეთი სოციალური ინსტიტუტი, როგორიცაა ქორწინებამდე ხანგრძლივი თანაცხოვრება, როდესაც ქალ–ვაჟი წლობით ცხოვრობენ ერთად, ესე იგი სრულად გაიცნობენ და «გამოცდიან» ერთმანეთს მანამ, სანამ ნამდვილ ოჯახს შექმნიან, ესე იგი ბავშვს გააჩენენ და საქორწინო კონტრაქტსაც გააფორმებენ.
    გავისხენოთ, რამდენად ხშირია იქ შემთხვევა, როდესაც «სელებრითები» სიახლოვის მეხუთე – მეათე წელს (!) აფორმებენ ქორწინებას და ქმნიან ნამდვილ ოჯახს, ესე იგი აჩენენ შვილებს. სინამდვილეში, ეს გავრცელებული საზოგადო პრაქტიკაა და არა გამონაკლისი.
    ჩვენში ამგვარი რამ თითქმის გამორიცხულია. იმიტომ, რომ საზოგადოებისთვისაა მიუღებელი – «რას იტყვის ხალხი და ნათესაობა?!!!» ჰოდა, «ხალხი» რომ, ტრადიციულად ბნელია და «ხლისტების სოფელი» რომ ვართ, სწორედ ამის მსხვერპლი გახდა მაკა წივწივაძე!
    მეორე მიზეზი (პირველთან მჭიდროდ დაკავშირებული) «მარიტას სინდრომია»: არ დაიჯეროთ, თითქოს მკვლელს თურმე «ისეთი გარდარეული სიყვარული ჰქონდა, მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო» და ასე შემდეგ. სინამდვილეში, შელახული მამაკაცური თავმოყვარეობა ამოძრავებდა: «ზურგს უკან ძმაკაცებიც კი დამცინებენ, ჩემზე იხითხითებენ – ცოლი სხვა კაცთან წაუვიდაო»
    ბავშვები არა ვართ და გვესმის: როცა ახალგაზრდა ქალი ქმარს შორდება, ადრე თუ გვიან ეს სწორედ ამას ნიშნავს, ხოლო მკვლელმა, რომლის დასახელებაც კი არ ღირს, ასეთი სასტიკი ხერხითა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თავისი მამაკაცური ღირსება დაიცვა, როგორც თავად ესმოდა და სწამდა ეს ღირებულება! ანუ სიცოცხლეს გამოასალმა საცოდავი ქალი, რომელსაც ქმარი არ მოუტყუებია, ესე იგი, ამ აზრით, არ უღალატია და მასთან ბოლომდე გულწრფელი იყო – უბრალოდ გაშორდა! რა ექნა სხვა?
    ახლა უკვე აღარც ერთს ეშველება რაიმე და არც მეორეს. მაგრამ ის ორი მიზეზი, რაც ამგვარ ტრაგედიებს განაპირობებს, კვლავ ძალაშია და, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ტრაგედიის მოწმე გავხდებით, რასაც არავითარი კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, მიშასთან, ბიძინასთან, შევჩენკოსთან, «ოცნებასთან», «ნაციონალებთან», ეკა ბესელიასთან, აკო მინაშვილთან, ნანა კაკაბაძესთან, თემურ შაშიაშვილთან, შალვა ნათელაშვილთან, უკრაინის ომთან, კრემლთან, ჯანდაბასთან . . . . რაკი ის ცნობიერი მექანიზმები, რამაც მკვლელს სასტიკი გადაწყვეტილება მიაღებინა, ქართული საზოგადოების პროდუქტია და არათუ «ოცნება–ნაციონალები», არამედ ყბადაღებული «ამნისტიაც» არაფერ შუაშია.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თეა წულუკიანს  შეუძლებელია არ დაეთანხმო, რომ «ქმრების მიერ ცოლების ხოცვა» სულაც არ კორელირებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან.
    რა თქმა უნდა დანაშაულია და კრიმინალია, მაგრამ მაინც «სხვაა», რაკი ანგარებითი საფუძველი კი არა აქვს, არამედ სწორედაც მახინჯ საზოგადოებრივ ღირებულებათა ერთგულების გამოხატულებაა.
    და სანამ თვით საზოგადოება არ შეიცვლება, სანამ სქესთა ურთიერთობისა და ქორწინების ინსტიტუტთა სოციო–ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია არ მოხდება, მანამ კიდევ ბევრ მაკა–მარიტას გამოასალმებენ სიცოცხლეს.

მთელ გვერდზე